12 აგვისტოს, მთელი საქართველო, ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ და სახალხო დღესასწაულს – დიდგორობას აღნიშნავს. 1121 წელს, დიდგორის ველზე ქართველების გამარჯვება დღემდე, ქართული საბრძოლო ისტორიის კულმინაცია და მისი სამხედრო დიდების აპოგეაა. ზედმეტი ნამდვილად არ იქნება მეფე დავით მეოთხე აღმაშენებლის თურქ დამპყრობლებზე გამარჯვებას თუ გავიხსენებთ. ეს ის პერიოდია, როდესაც ქართული სახელმწიფოებრიობა ჭეშმარიტად სუვერენულად და დამოუკიდებელად არსებობის ისტორიას იწყებდა.

16 წლის მეფემ ქვეყანა „დიდ თურქობად“ წოდებულ ისტორიულ პერიოდში ჩაიბარა. ეს ის პერიოდია, როდესაც თურქი დამპყრობლები, მხოლოდ ქვეყნის დაპყრობით და მასზე ხარკის დაკისრებით კი არ შემოიფარგლებოდნენ, არამედ ანადგურებდნენ ყველაფერს, რაც გზად შეხვდებოდათ. მიწასთან ასწორებდნენ სოფლებს, ვენახებს, ადგილობრივ მეურნეობას. სამეურნეო ინფრასტრუქტურის განადგურება ეჭვქვეშ აყენებდა ქართული ერის არსებობას, რადგანაც მთაში გახიზნული ქართველებისთვის შეუძლებელი იყო უკან დაბრუნება და ქვეყნის აღორძინება.

ახალგაზრდა მეფე სამეფო ტახტზე მაშინ ავიდა, როდესაც სამეფოს კედლებთან მგლები ყმუოდნენ, ყაჩაღები ვაჭრებს და მოგზაურებს ძარცვავდნენ. მრავალწლიანი ტიტანური შრომის, კარგად მოფიქრებული რეფორმების, სახელმწიფოს ბრძნული საშინაო და საგარეო პოლიტიკის შედეგად, დავით აღმაშენებელმა ქვეყნის აღორძინება შეძლო. ამ პერიოდისთვის თურქ-სელჩუკების იმპერია ცალკეულ საემიროებად დაიყო. გარდა ამისა, დაიწყო ჯვაროსნული ლაშქრობები და თურქთა სამხედრო ძალები ევროპელი ჯვაროსანი-რაინდების მონობაში მოხვდნენ.

1099 წლიდან, დავით აღმაშენებელმა ხარკის გადახდაზე უარი განაცხადა და ამით თავისი ქვეყანა ჭეშმარიტად სუვერენულად აქცია. მაჰმადიანი მმართველების გაერთიანებული ძალები საქართველოზე ბატონობის აღდგენას ცდილობდნენ. სწორედ ეს საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო დიდგორის ველზე. ისტორიკოსებმა მეტ-ნაკლები სიზუსტით დაადგინეს, რომ ქართულ ჯარში 40 ათასი ქართველი, საქართველოში ჩამოსახლებული 15 ათასი ყივჩაღი, ასევე ალანი (ოსი) და ფრანგი მეომრები იყვნენ.

რაც შეეხება თურქ-სელჩუკების რაოდენობას, მათი ციფრი 300, 500 და 800 ათასს შორის მერყეობს. ცხადია, ეს ციფრები ძალიან არის გადაჭარბებული, მაგრამ ერთი რამ ცხადია – დიდგორის ველზე თურქ – სელჩუკები ქართველებს, რაოდენობრივად ბევრად სჭარბობდნენ.

ცხადია, დიდგორის ბრძოლის მიმდინარეობას დეტალურად აქ ვერ მოვყვებით, მაგრამ ერთი რამ უნდა ითქვას, ბრძოლა დამპყრობელი არმიის სრული კრახით დასრულდა და ქართველებმა ფიზიკური არსებობის, სახელმწიფოებრიობის და კაცობრიობის ისტორიაში, თავიანთი ადგილის ქონის უფლება დაიცვეს და შეინარჩუნეს.

რას ნიშნავს დიდგორი ქართველებისთვის?

ქვეყნის მოსახლეობას დღესასწაული საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მიულოცა.

მამუკა ბახტაძე

“მე, როგორც რიგითი, ქართველი და თითოეული თქვენგანი ყოველთვის განსაკუთრებულ კავშირს გრძნობს ამ ველთან. ერთი მხრივ, დიდგორის გამარჯვება პატრიოტიზმის უდიდესი გამოვლინება იყო, მეორე მხრივ – სწორი და ეფექტიანი სტრატეგიის რეალიზაცია, რომელიც საუკუნეების შემდგომაც კი სანიმუშოა. საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის დიდგორის ბრძოლა გრძელდება, ეს არის მუხლჩაუხრელი ბრძოლა და უანგარო მსახური ჩვენი ქვეყნისთვის. ეს ბრძოლა გრძელდება, დარწმუნებული ვარ, სწორი სტრატეგიით, ერთსულოვნების დიდი სიყვარულით, მუხლჩაუხრელი შრომით და ერთსულოვნებით ჩვენ აუცილებლად გვექნება ერთიანი და წარმატებული სახელმწიფო, ისეთი ევროპული ყაიდის სახელმწიფო, რომლისთვისაც ჩვენი წინაპრები და დავით აღმაშენებელი იბრძოდნენ. სრულიად საქართველოს ვულოცავ ეროვნულ დღესასწაულს, გისურვებთ მშვიდობას და ჩვენი სამშობლოს სიძლიერეს”, – განაცხადა პრემიერმა.

ამგვარად, საინტერესოა, როგორია „სწორი და ეფექტიანი სტრატეგიის“ რეალიზების პროცესი? რამდენად სწორად ჩამოაყალიბა ის ქართულმა პოლიტიკურმა ელიტამ? განა, უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჯერ კიდევ 2017 წლის აპრილში, როდესაც მმართველი პარტიის დეპუტატმა დიდგორის გამარჯვების სახელმწიფო დღესასწაულად გამოცხადების შესახებ კანონპროექტი წარადგინა, საკითხი იქვე დაიხურა. თუმცა მოგვიანებით, საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი ერთი მოსმენით დაამტკიცა.

საინტერესოა, რა იყო ამ სასწაულის მიზეზი? როგორც აღმოჩნდა, საქართველოში, თურქეთის მაშინდელი ელჩის მკვეთრი კრიტიკა და უკმაყოფილება საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ საელჩოს „მეგობრული“ თხოვნის ნიადაგზე პარლამენტს კანონპროექტი მაშინდელი ფორმით არ განეხილა. როგორც ჩანს, მსგავსი გადაწყვეტილება ცუდად იმოქმედებდა ქართულ-თურქულ ორმხრივ ურთიერთობებზე. თურქეთის საელჩოს პოზიცია შესაძლოა გასაკვირიც იყოს, რადგანაც დღევანდელი თურქები თურქ-ოსმალების შთამომავლები არიან, დიდგორის ომში კი თურქ-სელჩუკები დამარცხდნენ. როგორც ჩანს, აქ საკვანძო სიტყვა არის “თურქი”. სწორედ აქედან მომდინარეობს თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ერდოღანის ნეოოსმანური ამბიციები, რომელიც არ მალავს ხმელთაშუა ზღვიდან წყნარ ოკეანემდე გადაჭიმული დიდი თურქეთის შექმნის ოცნებას.

თურქი დამპყრობლების წინააღმდეგ ქართველი ხალხი საუკუნეების განმავლობაში იბრძოდა. ამან ძალიან დიდი მსხვერპლი და სისხლი მოიტანა ქართველ ერს. მოსწონს ვინმეს, თუ არა, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო მაშინ ყვაოდა, როცა მას “იცავდა ძალა ძმური ხიშტების” (ლერმონტოვის – “მწირი” – რედ.).

დღეისთვის თურქები საქართველოში იმ დონეზე ბატონობენ, რომ ქვეყანაში სახელმწიფო დღესასწაულების კორექტირებასაც კი ახდენენ. ამ ყველაფრის პარალელურად, იბეჭდება რუკები, სადაც საქართველოს ტერიტორიები თურქეთის ტერიტორიებად არის აღნიშნული, ისტორიის სახელმძღვანელოებშიც ანალოგიური ინფორმაციაა გადმოცემული, ხორციელდება ეკონომიკური ექსპანსია და სხვა მრავალი მიზეზია იმისთვის, რომ თანამედროვე საქართველოს პოლიტიკურმა ელიტამ “განგაშის ზარი ჩამოჰკრას”. ისინი ვერ ხვდებიან, რომ დიდგორის მემკვიდრეობა, მაღალფარდოვანი ფრაზების გაჟღერების მიუხედავად, რეალურად ნადგურდება. ქართველი სამხედროების ერთ-ერთი, ასევე დიდი გამარჯვება იყო, 1945 წელს, სერჟანტ მელიტონ ქანთარიას მიერ რაიხსტაგის თავზე, დიდებული გამარჯვების დროშის აფრიალება. ამ გამარჯვების გაუფასურებასაც ცდილობენ, მაგრამ ცხოვრება ყველაფერს თავის ადგილს უჩენს.

ცოტა ხნის წინათ. ევროპულ ტურნირზე, თბილისის “დინამოს” და როტერდამის “ფეიენორდომს” შორის ერთგვარი ორთაბრძოლა შედგა. შეხვედრა ნოსტალგიური იყო, რადგანაც ეს გუნდები პირველად ერთმანეთს XX საუკუნის 80-იან წლებში, ევროპული თასის გათამაშებაზე შეხვდნენ, რაც მაშინდელი, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გუნდის “ფეიენორდომის” დამარცხებით დასრულდა. შეგახსენებთ, რომ მაშინ, საქართველო “კოლონია” იყო, ხოლო ქართველები – “მონები”. გამოდის, “მონები” მწვერვალებს იპყრობდნენ და თავიანთ პატარა სამშობლოს ასახელებდნენ. სიმბოლურია ისიც, რომ გადამწყვეტი გოლები ოსური წარმოშობის ფეხბურთელმა, გუცაევმა და აფხაზეთის მიწაზე გაზრდილმა – დარასელიამ გაიტანეს. ქართული ფეხბურთის დღევანდელი გულშემატკივარი გულს მხოლოდ იმით იმშვიდებს, რომ “დინამო” ასპარეზობას წინასწარი შესარჩევი ტურის პირველივე ეტაპზე არ გამოეთიშა.

ამგვარად, სწორი და ეფექტიანი სტრატეგიის შემთხვევაში, ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში, დიდებული წარსული საცოდავი აწმყოთი, რატომ იცვლება? იქნებ, დადგა დრო, როდესაც თვალები უნდა გავახილოთ და მივხვდეთ, რამდენად არასწორი და არაეფექტიანია დღევანდელი სტრატეგია, რათა არსებული ვითარების გამოსწორება შევძლოთ?!

ჩვენ შევძელით დიდებული წარსულის გასაცოდავებულ აწმყოდ შეცვლა, რაღას ვუზამთ მომავალს? ასე, ხომ შესაძლოა ის საერთოდ არ დაგვიდგეს.

დავით კუპატაძე

თარგმანი: ხათუნა პაპაშვილი