საქართველოში, დღეს მოქმედ პოლიტიკურ პარტიებს შორის, “პატრიოტთა ალიანსი”, შეიძლება ითქვას, ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომელიც ქართულ-რუსული დიალოგის აღდგენას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს და მოსკოვში ვიზიტებზე უარს არ ამბობს. უფრო მეტიც, უკვე წლებია, პატრიოტები ითხოვენ, რომ მათ დელეგაციას, რომელიც ძირითადად, პარლამენტის დეპუტატებისგან შედგება, ოფიციალური სტატუსი მიენიჭოს. მათი აზრით, 30 წლის შემდეგაც კი, ამ თვალსაზრისით საქართველოსთვის უკეთესობისკენ არაფერი შეცვლილა, პირიქით, მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა.

ცხელი ზაფხულის კიდევ უფრო ცხელი პოლიტიკური სეზონი “პატრიოტთა ალიანსმა” 28 ივლისს, ბათუმში, შემაჯამებელი, მრავალათასიანი მიტინგით დაასრულა. მანამდე, პატრიოტების ლიდერებმა საინფორმაციო მიტინგები ქვეყნის სხვა რეგიონებშიც გამართეს და საკუთარ მხარდამჭერებს, კიდევ ერთხელ მოავლეს თვალი.

“ჩვენ გვინდა მშვიდობა, შედეგის მომტანი დიალოგი, გულწრფელი ურთიერთობის აღდგენა მოსკოვთან, სოხუმთან, ცხინვალთან, ანკარასთანაც კი, რომელმაც აქაურობა დაიპყრო. გვინდა ტურისტი, იმპორტი და ექსპორტი, რაც ჩვენს ცხოვრებას გააუმჯობესებს”, – განაცხადა ალიანსის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით თარხან-მოურავმა, 28 ივლისს, ბათუმში გამართულ მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას.

პატრიოტების ბათუმურ შეხვედრას სხვადასხვა მედიასაშუალებების მხრიდან ქილიკი მოჰყვა, რომ ირმა ინაშვილმა ვერ შეკრიბა საჭირო რაოდენობის ხალხი და ბათუმის მიტინგზე მხარდამჭერები, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებიდან ჩაიყვანეს. ტელევიზიებმა, არც ბათუმის ცენტრში შეკრებილი ხალხის რეალური რაოდენობა ასახეს. ამ ფაქტს, სოციალური ქსელით, “ერეკლე მეორის საზოგადოების” თავმჯდომარე არჩილ ჭყოიძე გამოეხმაურა. ამბობს, რომ თავად, პატრიოტების მომხრე არ არის, თუმცა არ აპირებს, ამის გამო, სიმართლეს არ გაუსწოროს თვალი.

არჩილ ჭყოიძე

“პატრიოტთა ალიანსის” მომხრე რომ არ ვარ და მათ ხშირად ვაკრიტიკებ, ეს ჩემმა ფეისბუქმეგობრებმა კარგად იციან, მაგრამ ამის გამო ადამიანმა ობიექტურობა არ უნდა დაკარგო. ბათუმში ჩატარებული პატრიოტების მიტინგის კადრები ვნახე, სადაც, რამდენიმე ათასი ადამიანი იყო გამოსული და ამ დროს ჟურნალისტები ურცხვად ამბობენ, რომ ეს არის რაღაცა მცირე ჯგუფი და მათი მცირერიცხოვანი მომხრეები. თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მაქსიმუმ 50 კაცი დგას და ჟურნალისტებმა, ტელევიზიებმა გაიწყვიტეს შუბლის ძარღვი და ყოველდღე ჩასჩიჩინებენ საზოგადოებას, რომ იქ, თურმე, მთელი ქართული საზოგადოებაა და თითქოს მთელი საქართველო მათ უჭერს მხარს. სირცხვილია ჟურნალისტებო! არ შეიძლება ასე! გასაგებია, რომ თქვენი დამკვეთები მაგ ინფორმაციაში გიხდიან ფულს, მაგრამ ზუსტად ეგრე გადაუხადეს 30 ვერცხლი თავის დროზე იუდასაც”, – წერს არჩილ ჭყოიძე.

ბათუმელებს მიტინგზე “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა, ირმა ინაშვილმაც მიმართ. მისი შეფასებით, ქართული საზოგადოება ბოლო წლების განმავლობაში ერთ დიდ სერიალს უყურებს, რომელიც ერთი ძირითადი სცენარით ვითარდება – დაუსრულებელი კოჰაბიტაცია.

ირმა ინაშვილის თქმით, ამ სერიალის ყოველი ახალი სერია წინააღმდეგობრივი და სიურპრიზებით სავსეა. სერია ერთი – სადაც ამბობენ, რომ სააკაშვილი და “ნაცმოძრაობა” ცუდია. მეორე სერია – სადაც ბოკერია ამბობს, – მე არ ვარ “ნაცმოძრაობა”, კარგი ბიჭი ვარო. ინაშვილს კი მიაჩნია, რომ ჭეშმარიტი “ნაცმოძრაობა” სწორედ ბოკერიაა და ეს ადამიანები უნდა გასამართლდნენ.

კიდევ ერთი სერია, სადაც პარტია “ქართული ოცნება” დადებითი გმირია, – ქვეყანას ვაშენებთ, ეკონომიკა იზრდება…

ირმა ინაშვილი

“მაშინ, რატომ არის ჩვენი მაცივრები ცარიელი, გვითხრან, ხალხს ასე რატომ უჭირს?! ხალხი მშიერია და ამაზე “ქართული ოცნებაა” პასუხისმგებელი”, – ამბობს ირმა ინაშვილი.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ ქართულ საზოგადოებას, ბოლო ხანებში კიდევ ერთი საინტერესო სერია შესთავაზა სადაც, პროქართულად მოაზროვნე ადამიანებს რუსეთის აგენტებად ნათლავენ. ქვეყანა ანტირუსულ ისტერიკაში იძირება, ამასობაში კი, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრობლემამ უკიდურესად უკანა პლანზე გადაინაცვლა.

“შემდეგი სერია რა არის? რომ მთელი ქვეყანა გამოაცხადონ რუსეთის აგენტებად. გარეჯს თუ იცავ, რუსეთის აგენტი ხარ, ქართულ მიწებს თუ იცავ, რუსეთის აგენტი ხარ, ლგბტ პროპაგანდა თუ არ გვინდა, თურმე რუსეთის აგენტები ვართ, სადამდე მიდის სიგიჟე. ახალი ლოზუნგი შემოაგდეს, ყველაფერი პროქართული რუსეთია და რუსეთის პროპაგანდააო, ქართული არის ქართული და ყოველთვის იქნება ქართული. ქვეყნის გაერთიანებაზე ჩვენს გარდა ვინმე ლაპარაკობს? ვერ მოვისმინე ვერავისგან. დიახ, უნდა ჩავიდეთ ყველგან, ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

  • პოლიტიკური გაერთიანება “პატრიოტთა ალიანსის” ლოზუნგებს – “არა ნაცმოძრაობას” და “არა ქართულ ოცნებას”, კიდევ ერთი ლოზუნგი – “დავით გარეჯი საქართველოა” დაემატა. პატრიოტების ლიდერებს მიაჩნიათ, რომ 20 ივნისის მოვლენების შემდეგ, მთლიანად ქვეყანაში და მათ შორის ბათუმში, ტურისტული სეზონი ფაქტობრივად ჩავარდა, რითაც დაზარალდნენ რიგითი მოქალაქეები. მმართველმა პარტიამ, ვერ შეძლო მოსახლეობის პოლიტიკური რისკებისგან დაცვა. როდესაც საქართველო – რუსეთს შორის ურთიერთობებში კრიზისი გამწვავდა, “ოცნებამ” ვერ აიღო ვითარების კონტროლი ხელში, ამიტომ ის უნდა წავიდეს.

“პატრიოტთა ალიანსის” კიდევ ერთი ლიდერი, პარლამენტი დეპუტატი გიორგი ლომია მოსკოვში გამართული შეხვედრების შედეგებზე საუბრობს და აცხადებს, რომ რუსულ მხარესთან დიალოგისას განიხილავენ კრიზისიდან გამოსვლის გზებს. შედეგად, მოიხსნა აკრძალვა ქართული პროდუქციის შეტანაზე, ტურისტული სააგენტოებიც ნელ-ნელა აქტიურდებიან, მაგრამ სამწუხაროდ, წლევანდელი სეზონი უკვე ჩავარდნილია და ამას აღარაფერი ეშველება. დეკემბრიდან სავიზო რეჟიმი გამარტივდება, მომავალი წლის მაის-ივნისში კი, დიდი ალბათობით, საერთოდ გაუქმდება.

როგორც გიორგი ლომია აცხადებს, მხარეები მივიდნენ დასკვნამდე, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის საჭიროა რიტორიკის შეცვლა, ხოლო დიალოგი – გარდაუვალია.

“ჩვენი ძირითადი მიმართულება იყო, ურთიერთობის აღდგენა. ვისაუბრეთ სავიზო რეჟიმზე და დეკემბრიდან, საქართველოს მოქალაქეებისთვის, ვიზების აღება გამარტივდება. ისევ ვაპირებთ ამ საკითხზე ჩასვლას და საუბარს. დღეს ვიზის მიღება შეგიძლიათ თუ რუსეთში, გყავთ ნათესავი ან სამკურნალოდ, ან კიდევ ოფიციალური მიწვევით მიდიხართ. გამარტივება იმას გულისხმობს, რომ ნათესავის იქ ყოლა საჭირო აღარ იქნება. შეგეძლებათ ტურისტულად ჩახვიდეთ. 20 ივნისის ღამე, რომ არა, ჩვენ თითქმის მივაღწიეთ სავიზო რეჟიმის გაუქმებას, მაგრამ გარწმუნებთ, რომ, თუ უფრო მეტად არ დავძაბავთ ურთიერთობას, სავიზო რეჟიმი, ალბათ, მომავალი წლის მაის-ივნისში გაუქმდება”, – აცხადებს გიორგი ლომია.

როგორც “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერები Dalma News-სთან საუბრისას აცხადებენ, ქართულ საზოგადოებაში არსებობს განწყობა, თითქოს, მოსკოვში, საქართველოდან ჩასულ დელეგაციას ხელგაშლილები ელოდებიან. სინამდვილეში კი ამ შეხვედრების ორგანიზებას დიდი ძალისხმევა სჭირდება, რადგან ქართულ-რუსული დიალოგის მოწინააღმდეგენი, რუსეთის პოლიტიკურ ელიტაშიც მრავლად არიან. მათივე მოსაზრებით, 20-21 ივლისის პროვოკაციას (როცა რუსეთის სათათბიროს წევრის, სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში განთავსებას ქვეყნის მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა), ხელისუფლებაში არსებულმა გარკვეულმა ჯგუფმა შეუწყეს ხელი. ეს ფსევდოლიბერალების შტოა, რომელთა მიზანია პოლიტიკური ქულები დაიწერონ დასავლეთის თვალში.

პატრიოტებს მიაჩნია, რომ რუსეთთან დიალოგის დალაგებით, ქართული მხარე დიალოგს ალაგებს სოხუმთან და ცხინვალთან.

“სულ მცირე კიდევ, 30 წელი დასჭირდება იმას, რომ მდგომარეობა სტატუს-ქვომდე მივიყვანოთ. როცა ჩვენ გლეხს უადვილდება პროდუქციის გატანა, როცა ტურისტები ჩამოდიან და მოქალაქეები ხსნიან სასტუმროებს, მიმაჩნია, რომ ჩვენი რუსეთში ჩასვლა არის შედეგიანი. “ნაცმოძრაობა” და “ევროპული საქართველო” რუსოფობიური განწყობით ცდილობს ევროპის გარკვეულ ჯგუფში ქულების დაწერას”, – აცხადებენ ალიანსში.

გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე მიიჩნევს, რომ “პატრიოტთა ალიანსს” აქვს საიმისო რესურსი, რომ ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში, არც თუ მცირე მასშტაბის მიტინგები შეკრიბონ (საზოგადოებას კარგად ახსოვს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, თბილისში, პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად გამართული პატრიოტების მრავალათასიანი მიტინგი). მათ შეუძლიათ, თუნდაც ცხელ ზაფხულში, ბათუმში, მრავალათასიანი მიტინგი შეკრიბონ, “ნაციონალური მოძრაობისა” და მისი სატელიტებისგან განსხვავებით, რომლებიც ხალხს ვეღარ კრებენ დედაქალაქში, რუსთაველის გამზირზე და იძულებულები არიან ხულიგნური ქმედებებით, შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის (მმართველი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე) რეზიდენციასთან იხმაურონ ღამის საათებში, დაარღვიონ კანონი, რითაც სურთ სამართალდამცველების პროვოცირება, რომ ისინი დააკავონ.

რაც შეეხება პატრიოტების მიერ ბათუმში გაკეთებულ გზავნილებს, ანალიტიკოსის მოსაზრებით, ეს “პატრიოტთა ალიანსის” უცვლელი პოლიტიკური ხაზია. მათ რუსეთთან პირდაპირი დიალოგი სურთ და დიდი ხანია ითხოვენ, მათ დელეგაციას საპარლამენტო სტატუსი მიენიჭოს, რასაც მმართველი უმრავლესობა ჯერჯერობით არ ჩქარობს.

გია აბაშიძის შეფასებით, რუსეთთან დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, მაგრამ კარგი იქნებოდა, ორმხრივ ფორმატში აქტიურად მონაწილეობდნენ დასავლეთელი მაღალჩინოსნები.

“რუსეთთან ურთიერთობა, რომ უნდა დალაგდეს, ამაზე ვთანხმდებით თბილისშიც, ბრიუსელშიც და ვაშინგტონშიც. ნორმალური ურთიერთობა აუცილებელია. ხელისუფლების მხრიდანაც გვესმის მსგავსი განცხადებები. 20-21 ივნისის მოვლენების შედეგად, საკმაოდ გართულებულია ქართულ-რუსული ურთიერთობა, ახლა გავიგეთ, რომ კარასინი სხვა დიპლომატმა უნდა ჩაანაცვლოს”, – აცხადებს გია აბაშიძე.

ერთი მხრივ ხელისუფლება ამბობს, რომ საჭიროა რუსეთთან დიალოგი. მმართველი პარტია “ქართული ოცნების” ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირებაც რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება იყო. მეორე მხრივ კი, ქვეყანა ისტერიულმა რუსოფობიურმა კამპანიამ მოიცვა და თითქოს, ქვეყნის ხელისუფლებაც ამ ისტერიის ტყვეობაშია.

როგორც Dalma News-სთან საუბრისას გია აბაშიძე აცხადებს, საზოგადოება პოლარიზებულია ევროპაშიც და ამერიკაშიც. თანამედროვე მსოფლიოში, ექსტრემალური პოლიტიკა და პოლარიზაცია სამწუხაროდ, ერთგვარ პოლიტიკურ სახადად იქცა. საქართველოს შემთხვევაში განწყობების პოლარიზებას მრავალი მიზეზი აქვს.

“საზოგადოების ნაწილი პუტინთან დიალოგის მოწინააღმდეგეა და რატომღაც ისეთი ცრუ წარმოდგენა აქვთ, რომ საქართველოს სამხედრო პოტენციალით შეუძლია რაღაც შეძლოს, რაც მითია. დიალოგისკენ გზავნილი ხელისუფლებისგანაც მოდის და ეს დამაიმედებელია, ასევე, ევროპა და აშშ მუდმივად მოუწოდებენ საქართველოს კონსტრუქციული დიალოგისკენ. ეს გზავნილი 2008 წლის აგვისტოს შემდეგ, ყველა დონეზე გაისმის და იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ადრე თუ გვიან, პროცესები კონსტრუქციული ნორმალიზებისკენ დაიძვრება. გავრილოვის ვიზიტამდე პოზიტიური ნიშნები გვქონდა სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობაში, რაც დროებით შეწყდა, მაგრამ იმედია ისევ გამოიკვეთება პოზიტიური ნიშნები”, – მიაჩნია ანალიტიკოსს.

ადვილი შესაძლებელია 20-21 ივნისის მოვლენებმა შოკური თერაპიის ეფექტი იქონიოს ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე და გარდატეხა შეიტანოს. ორივე მხარეს სჭირდება დაფიქრება და პრობლემის ახლებურად გაანალიზება. როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, კონფლიქტებს კონსტრუქციული და დესტრუქციული მხარე აქვთ. იმედია კონსტრუქციული განწყობები გაიმარჯვებს. ამასობაში “პატრიოტთა ალიანსის” ელექტორატი ნელი ტემპით, მაგრამ სტაბილურად იმატებს და მომავალ პარლამენტში, შესაძლოა, იმაზე მეტი ადგილები მოიპოვონ, ვიდრე დღეს აქვთ.

გიორგი ქართველი