საქართველოს ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული და მაღალმთიანი რეგიონების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა ტერიტორიულ ორგანოებში დასაქმებული პირების გადამზადება ორი პროგრამის, სახელმწიფო ენის სწავლებისა და სასჯარო მმართველობის ფარგლებში მიმდინარეობს.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორ ქეთი ჯაყელის განმარტებით, სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამა, რომლის განხორციელებაც სკოლის პრიორიტეტს წარმოადგენს, ხორციელდება 2014 წლის 14 აპრილიდან ენის ფლობის სამ დონეზე (A1, A2 და B1) და მის ფარგლებში 2014 – 2015 წლებში უკვე 2 000– ზე მეტი საჯარო მოხელე გადამზადდა.

მეორე პროგრამა არის საჯარო მმართველობისა და ადმინისტრირება, რომელიც მოიცავს დარგობრივ კურსებს: საჯარო ორგანიზაციების მართვა; ფინანსური მენეჯმენტი და შიდა აუდიტი საჯარო სექტორში; სახელმწიფო შესყიდვები; ადამიანური რესურსების მართვა და საქმისწარმოება საჯარო სექტორში; საზოგადოებასთან ურთიერთობა და კომუნიკაცია.

პროგრამის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის და მის დაქვემდებარებაში მყოფი სამსახურების, სხვადასხვა საჯარო სექტორში დასაქმებულ საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლება, საჯარო სექტორში მომუშავე პირთა პროფესიული განვითარება, როგორც თეორიული ცოდნის, ასევე პრაქტიკული უნარების გაუმჯობესება.

ქეთი ჯაყელის ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში წარმატებულ კურსდამთავრებულთა რიცხვი 30%–ს შეადგენს, მათ საჯარო მმართველობისა და ადმინისტრირების პროგრამის დასრულების შემდეგ წარმატებით გაიარეს ატესტაცია-კონკურსი თავიანთ სამსახურებში და დაწინაურდნენ კიდეც.

“ენის პროგრამის სწავლების მიზანია სახელმწიფო მართვის სფეროში დასაქმებულ საჯარო მოხელეებს ენობრივი ბარიერი მოეხსნათ და თანაბარ პირობებში მუშაობის შესაძლებლობა ჰქონდეთ. სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მსმენელები შეძლებენ ქართულად წერა – კითხვას, კომუნიკაციას, ყოველდღიურ ცხოვრებაში საჭირო თემებზე საუბარს, ასევე შეძლებენ სხვადასხვა ტიპის ტექსტების გაგებასა და შექმნას, საქმისწარმოების მიზნით დოკუმენტაციის ქართულად შედგენას. სკოლა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს. სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამა ხორციელდება სკოლის 8 რეგიონულ სასწავლო ცენტრში: ახალქალაქი, ნინოწმინდა, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, წალკა, დმანისი, ლამბალო. აქედან გამომდინარე, პროგრამის მთავარ მიზანს ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში მათი ინტეგრაცია წარმოადგენს,”- აცხადებს სკოლის დირექტორი.

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა 10 წელზე მეტია ფუნქციონირებს. განსაკუთრებული მნიშვნელობა სკოლამ 2014 წლიდან შეიძინა, განახლდა სასწავლო პროგრამები, რათა უკეთ მორგებოდა იმ საჭიროებებს, რომელიც საჯარო მოხელეთა მუდმივ გადამზადებასთანაა დაკავშირებული. 2015 წლის ბოლომდე იგეგმება სამი ახალი დარგობრივი კურსის დამატება.