საბერძნეთში საქართველოს ელჩის იოსებ ნანობაშვილის ინფორმაციით, საბერძნეთში მუშაობის უფლება შარშან 14 000-მა ქართველმა მიიღო და უახლოეს მომავალში ბევრი ქართველი არალეგალი საბერძნეთში ლეგალური მოქალაქე გახდება.

საბერძნეთში მცხოვრები ქართველების რაოდენობის შესახებ ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა არაოფიციალური მონაცემებით ქვეყანაში დაახლოებით 150 000 ქართველი ცხოვრობს.

როგორც იოსებ ნანობაშვილმა “აიპრესთან” საუბრისას განაცხადა, საბერძნეთში ახალი კანონი მიიღეს, რომელიც დაახლოებით 1000-მდე ქართველს საბერძნეთის მოქალაქეობას მიანიჭებს, თუმცა არსებობს მეორე პრობლემა, ეს ადამიანები დაკარგავენ საქართველოს მოქალაქეობას.

“ჩვენი მხრიდან უნდა იყოს საუბარი, რომ ამ 1000 ადამიანს შეუნარჩუნდეს საქართველოს მოქალაქეობა. უნდა არსებობდეს მოქნილი მექანიზმი, რომელიც  საშუალებას მოგვცემს ჩვენი სისხლი და ხორცი, რომელიც არის საბერძნეთში, დარჩნენ საქართველოს მოქალაქეებად”, – მიაჩნია ელჩს.

ბერძნების ქართული დიასპორისადმი დამოკიდებულებას ქართველი დიპლომატი დადებითად აფასებს, თუმცა, ამბობს, რომ კეთილგანწყობას სამწუხაროდ ხშირად აყენებს ჩრდილს ქართველებთან დაკავშირებული კრიმინალური ფაქტები.

“დანაშუალს არ აქვს ნაციონალობა და ასეთი ფაქტები ვერ მიაყენებენ ჩრდილს ჩვენს შორის ტრადიციულ, ისტორიულად ჩამოყალიბებულ კავშირებსა და მეგობრულ ურთიერთობებს. ის ფაქტი, რომ ამ კრიზისის პერიოდში, ჩვენს საკონსულოებს, არც სალონიკში და არც ათენში არ ჰქონია არცერთი მიმართვა, რომელიც საქართველოში დაბრუნებას ეხებოდა, მიუთითებს იმაზე, რომ ქართველებს მეტნაკლებად ნორმალური ფონი აქვთ შექმნილი საბერძნეთში საცხოვრებლად,” – აცხადებს ქართველი დიპლომატი.