სტრასბურგის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, რომელმაც ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის საქმეზე ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა, ტელეკომპანიისთვის ბრძოლა აქტიურ ფაზაში გადავიდა. სტრასბურგის სასამართლომ “რუსთავი 2”-ზე უფლების მოსაპოვებლად ბრძოლაში ხელ-ფეხი გაუხსნა, “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების მიერ რეპრესირებულ ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ბევრი არ აღუფრთოვანებია. ევროპული სასამართლოს მიუკერძოებლობაში ეჭვი განსაკუთრებით იმ ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეიტანეს, რომლებიც თავს ევროპული ღირებულებების დამცველად ასაღებდნენ. სასამართლო გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებისთვის მათ სამთვიანი ვადა აქვთ, ამის შემდეგ კი, ის ძალაში შევა.

ცხოვრება პარადოქსებით არის სავსე. ადამიანები, რომლებიც წლების წინ სიტყვის თავისუფლებას ებრძოდნენ, მედიასაშუალებებს ერთმანეთის მიყოლებით ხურავდნენ, ტელეკომპანიებს ითვისებდნენ, ჟურნალისტებს სამსახურებიდან უშვებდნენ, დღეს დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების დამცველებად გვევლინებიან. თუმცა ესეც შერჩევით აქვთ. მხოლოდ მათი სიტყვა უნდა ჟღერდეს თავისუფლად, მათ ველზე განსხვავებულ აზრს არც კი გააჭაჭანებენ. მხოლოდ მათი მოსაზრება უნდა მიიღოს საზოგადოებამ, თუმდაც სახელმწიფო დაუმორჩილებლობას ქადაგებდნენ და საწინააღმდეგოს მთქმელს ჯვარზეც გააკრავენ.

ერთი სიტყვით, ქართულ მედიასივრცეში როლები შეიცვალა. “რუსთავი 2”- ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, რომელიც იმდენად იყო დარწმუნებული თავის ხელშეუხებლობაში, რომ მისთვის, ლამის ტრაგედიის ტოლფასი აღმოჩნდა ის, რომ სწორედ ევროპული ინსტიტუტების დახმარებით დაატოვებინეს, საქართველოს მთავარი არხის (როგორც მას “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტები მოიხსენიებენ) სადავეები.

ქიბარ ხალვაშს

ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა, რომელიც რუსთავი 2-ის საკონტროლო პაკეტს 2004-2006 წლებში ფლობდა, დავა ტელეკომპანიის დასაბრუნებლად 2015 წლის აგვისტოში წამოიწყო. საქართველოში მან საქალაქო, სააპელაციო და უზენაეს სასამართლოების ინსტანციები გაიარა და საბოლოო გადაწყვეტილებით არხი ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნეს. 2004 წლის ზაფხულში ხალვაშმა რუსთავი 2-ის 10%-იანი წილი ნიკა ტაბატაძისგან შეიძინა, 30%-იანი ეროსი კიწმარიშვილისგან და 60%-იანი ვინმე პაატა კარსანიძისგან (კარსანიძეს “რუსთავი 2”-ის საკონტროლო პაკეტი, მას შემდეგ ჩაუვარდა ხელში, რაც დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს კუთვნილი 30-30%-იანი წილის დათმობა მოუწიათ).

ქიბარ ხალვაში აცხადებს, რომ ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვლება და ის დარჩება თავისუფალი სიტყვის სამსახურში. ცვლილებები შეეხება მხოლოდ ერთ ადამიანს, ნიკა გვარამიას. თავად “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტები ფიქრობენ, რომ ბიზნესმენი ხელისუფლების დავალებით მოქმედებს და მისი მთავარი მიზანი ოპოზიციური ტელეარხის დადუმებაა. მმართველ პარტია “ქართულ ოცნებაში” კი აცხადებენ, რომ ეს ორ კერძო სუბიექტს შორის მიმდინარე კერძო ქონებრივი დავაა და ხელისუფლება არაფერში ერევა.

ამასობაში ქიბარ ხალვაში ტელეკომპანიის ფინანსური მდგომარეობით დაინტერესდა. აღმოჩნდა, რომ არხის შემოსავლები ვერ ფარავდა ხარჯებს, რაც ბადებს ეჭვს, რომ რაღაც ისე არ არის, როგორც უნდა იყოს. პროკურატურამ ნიკა გვარამიას გამოკითხვა ჩანიშნა. როგორც უწყებაში განმარტავენ, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო, “რუსთავის 2”-ის 9%-იანი წილის ყოფილი მფლობელის ნინო ნიჟარაძის ადვოკატის განცხადება ტელეკომპანიის ხელმძღვანელების მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის თაობაზე. ასევე, სისხლის სამართლის საქმეს დაერთო “რუსთავის 2”-ის ამჟამინდელი დირექტორის, პაატა სალიას განცხადება, შესაძლო დანაშაულის თაობაზე, რამაც სავარაუდოდ დიდი ოდენობით ზიანი მიაყენა სამაუწყებლო კომპანიას. ახალი გენდირექტორი ტელეკომპანიაში საერთაშორისო აუდიტის ჩატარებას გეგმავს.

ატყდა ერთი ვაი ვიში და მოთქმა. “რუსთავი2”-ის ყველა საინფორმაციო გამოშვების მთავარ თემად ნიკა გვარამია იქცა. სიუჟეტები – სიუჟეტებზე, კომენტარები – კომენტარებზე და გვარამიამ ტელეეთერი დაიპყრო. პროკურატურაში გამოსაკითხად დაბარებული გვარამია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილის პირად პატიმრად მონათლეს. დაპატიმრების შიშით გვარამიამ, რომელიც მანამდე “რუსთავი 2”-ის ეთერით ამაყად ბილწსიტყვაობდა და საზოგადოებას მოძღვრავდა, პროკურატურაში მისვლაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით ყოფილი გენდირექტორის გამოკითხვის მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.

ნიკა გვარამია

“ჩემი არსებობა ამ ქვეყანაში უკვე, ზოგადად, არ შეიძლება, როგორც ჩანს. მე, როგორც მედასავლეთე ქართველ პატრიოტს, ჩემი არჩევანი დიდი ხანია გაკეთებული მაქვს…”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

“რუსთავი 2”-ის ყოფილი გენერალური დირექტორი საბოლოოდ საქალაქო სასამართლოში მივიდა. როგორც დაკითხვიდან გამოსულმა ჟურნალისტებს განუცხადა, კითხვები ფინანსურ დოკუმენტაციებს და ფინანსებს შეეხებოდა, რაშიც ის კომპეტენტური არ არის.

“მომისმინეს. ალბათ, დაიბარებენ ჩვენს ფინანსურ სამსახურებს. მობრძანდეს ქიბარ ხალვაში, მისი ყადაღით დანგრეულ კომპანიას მიხედოს, ჩაასხას ფული, გაისტუმროს ვალები და გაისტუმრონ ხელფასები. მეც მაქვს ჩემი პრეტენზიები “რუსთავი 2″-ის მიმართ, ოღონდ ის განიხილება ლონდონის არბიტრაჟში. იმიტომაც იხილავენ სისხლის სამართლის წესით, რადგან ნებისმიერი სამოქალაქო დავა ჩემთან საქართველოში შეუძლებელია”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მთავარმა პროკურატურამ, გასულ კვირას, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ყოფილ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას, თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, ტელეკომპანიისთვის ფინანსური ზარალის მიყენებაში დასდო ბრალი. თბილისის საქალაქო სასამართლომ კი გვარამიას 40 ათასი ლარის (დაახლოებით 12 000 აშშ დოლარის) გირაო დააკისრა გამოძიების მიმდინარეობისას.

ამ პროცესის პარალელურად, 12 აგვისტოს, ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა განაცხადა, რომ გადაწყვიტა, აუქციონზე სასწრაფოდ გაყიდოს “რუსთავი 2”, რადგან დაფაროს ტელეკომპანიის დავალიანებები. მისი ინფორმაციით, “რუსთავი 2”-ს 70 მლნ ლარის (დაახლოებით 23 მლნ აშშ დოლარის) საკრედიტო დავალიანება აქვს.

გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე მიიჩნევს, რომ საქართველოში გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლებას დღეს, არანაირი საფრთხე არ ემუქრება და გვარამიას უსუსური მცდელობა, რომ თავი გმირად წარმოადგინოს, წარუმატებელი აღმოჩნდება.

როგორც Dalma News-სთან საუბრისას აბაშიძემ განაცხადა, თუ “რუსთავი 2”-ის აქციების მფლობელი აცხადებს, რომ შემოსავლები გაიფლანგა, ბუნებრივია უნდა გამოიძიოს პროკურატურამ. იგი დადებითად აფასებს ტელეკომპანიაში, საერთაშორისო აუდიტის შესვლის გადაწყვეტილებას, თუმცა სამწუხაროდ მიაჩნია, რომ საქართველო იძულებულია საერთაშორისო ორგანიზაციებზე იყოს დამოკიდებული, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სამართლიანობის ეჭვები აღარ გაჩნდეს.

ამასობაში ნიკა გვარამიამ ახალი ტელევიზიის გახსნა დააანონსა.

“თანამედროვე ტექნოლოგიების სამყაროში ტელევიზია შეიძლება მარტივად გახსნა, თუნდაც ფეისბუქით, ასე, რომ გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლებას საქართველოში, არანირი საფრთხე არ ემუქრება. სხვა საკითხია, გვარამია, მიშა მშვილდაძე და კეზერაშვილი რაზე ვერ თანხმდებიან. ვხედავთ, რომ გვარამიას უნდა პორტირება “იბერიაზე”, მიშა მშვილდაძეს კი კეზერაშვილის ფულებით უნდა ახალი არხი, სავარაუდოდ “ტაბულას” აღდგენა. აშშ-შიც კი არსებობენ კომუნისტური ტელეარხები. ასე, რომ დღეს, საქართველოს ხელისუფლებას სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა დააბრალო, სასაცილოა”, – განუცხადა Dalma News-ს გია აბაშიძემ.

მისივე თქმით, მაშინ როცა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება დააყენეს კითხვის ნიშნის ქვეშ, არ არის გამორიცხული, ამ ადამიანებმა არც საერთაშორისო აუდიტის დასკვნას გამოუცხადონ ნდობა.

“ძალიან ვწუხვარ რომ ე.წ. პროდასავლურად აღზრდილები დასავლეთს ებრძვიან და ასეთ გზავნილებს აკეთებენ”, – აცხადებს ანალიტიკოსი და ქიბარ ხალვაშს ურჩევს, “რუსთავი 2” მართლაც გახდეს თავისუფალი მედიასაშუალება. მაყურებელი დაიცვას ყალბი ნიუსებისგან, რაც დიდი ხანია ამ ტელეკომპანიის მუშაობის სტილს წარმოადგენს.

“წლების განმავლობაში, “რუსთავი 2”-მა გვანახა, რომ შეუძლიათ ყალბი ამბების ტირაჟირება. დროა იზრუნოს საკუთარ პრესტიჟზე, რომ საბოლოოდ არ დაკარგოს მაყურებლის ნდობა. ამასთანავე, მოქმედ ხელისუფლებას არ აქვს ის პოტენციალი, რომ ყალბი ამბების საწინააღმდეგო რეალობის შესახებ გვითხრას. ყალბი ამბების ტირაჟირებაზე კომენტარებს ვერ ვხედავთ სიტუაციური მოკავშირე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდანაც. ორგანიზაციები, რომლებიც ხელისუფლების ნებისმიერ გადაცდომაზე კომენტარებს აკეთებენ, არაფერს ამბობენ “რუსთავი 2″-ის ყალბ ამბებზე. ეს მოსახლეობაში კიდევ უფრო ზრდის იმ ტენდენციას, რასაც ჰქვია უნდობლობა არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ. მაშინ, როცა, არასამთავრობო ორგანიზაციები სამოქალაქო საზოგადოების ინტერესების სადარაჯოზე უნდა იყვნენ”, – აცხადებს გია აბაშიძე.

ვახტანგ მაისაია

ექსპერტი ვახტანგ მაისაია, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჟურნალისტურ საქმიანობას ეწეოდა, აცხადებს, რომ “რუსთავი 2” თავიდანვე პროპაგანდისტული ორგანიზაცია იყო. ამ ტელეკომპანიის პოლიტიზაცია აწ გარდაცვლილმა პრემიერმა, ზურაბ ჟვანიამ მოახდინა. შემდგომში კი, მისმა მოწაფემ, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და მისმა შეგირდებმა “რუსთავი 2” პროპაგანდისტულ არხად აქციეს. “ვარდების რევოლუციის” შემდეგ ის სახელმწიფო ავტორიტარიზმის პირდაპირი რუპორი გახდა. 2012 წლიდან კი ის სააკაშვილის პირადი ტელევიზია იყო, სადაც პროპაგანდისტ ჟურნალისტებს ყველაზე მაღალ ჰონორარებს უხდიდნენ.

მაისაია არ გამორიცხავს, რომ “რუსთავი 2” შავი ფულის გათეთრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო ყოფილიყო. აღნიშნული ტელეკომპანია აფინანსებდა თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებს, სადაც შსს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას და საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციას მოითხოვენ.

“ნიკა გვარამია, რომელიც იყო პროკურორის მოადგილე და 2007 წელს, “იმედის” დარბევის მთავარი ავტორი, რომლისგანაც ცინიკურ განცხადებებს ვისმენდით, პირწავარდნილი ავტოკრატია. პროკურატურამ სერიოზული ფინანსური დარღვევები აღმოაჩინა და ეს ბუნებრივიც არის. ასტრონომიული ხელფასები დაინიშნეს. ნიკა გვარამია ფაშასავით იჯდა და დაუსჯელობის განცდა ჰქონდა. ვის ენიშნება მაღალი ხელფასები, ძალიან კარგად ვიცით”, – განუცხადა Dalma News-ს ვახტანგ მაისაიამ.

მისივე თქმით, “რუსთავი2” თავის დაძვრენას ყოველთვის ახერხებდა. ჯერ კიდევ, ექსპრეზიდენტ შევარდნაძის დროს, როცა ტელეკომპანიაში ფინანსური პოლიცია შევიდა, საზოგადოების ემოციებით მანიპულირებით მოახერხეს თავის დაძვრენა.

“შევარდნაძის დროს, ერთადერთი ღირებულება, რაც კორუფციისა და უკიდურესი გაჭირვების პირობებში არსებობდა, სიტყვის თავისუფლება იყო. შევარდნაძე თავს იკავებდა იმ რეპრესიული ღონისძიებებისგან, რომლებიც შემდგომ, სააკაშვილმა გაატარა. “რუსთავი 2″-ზე უბინძურესი შეკვეთილი რეპორტაჟები კეთდებოდა. მათ გადაუხვიეს სიტყვის თავისუფლებას, მაგრამ საზოგადოება იმდენად სძულდა შევარდნაძის კორუმპირებული ხელისუფლება, რომ ბინძური სიუჟეტებიც კი, მათთვის სიტყვის თავისუფლების განმსაზღვრელი იყო. ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში, ასეთ ტელეკომპანიას დახურავდნენ”, – აცხადებს ექსპერტი.

დღეისთვის “რუსთავი 2”, რევანშისტულ ტელევიზიად იქცა, რომლის მიზანია ქვეყანაში სააკაშვილის მმართველობა აღადგინოს. არსებობს ვერსია, რომ ნიკა გვარამიას მიერ დაანონსებული ახალი ტელევიზია ტელეკომპანია “იბერიას” ბაზაზე შეიქმნას (რომელიც 2018 წლის შემოდგომით, “ომეგა” ჯგუფის გარშემო შექმნილი სკანდალის შედეგად). კიდევ ერთი ტელევიზიის შექმნა დაანონსდა – TV “ფორმულა”, რომელსაც, მომავალი ტელეარხის გენდირექტორის, ზუკა გუმბარიძის ინფორმაციით, სააკაშვილის ხელისუფლების თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი დააფინანსებს. რა სახელწოდება ექნება გვარამიას ახალ ტელეარხს, შეიქმნება თუ არა TV “ფორმულა” და რა ფორმატით განაგრძობს მუშაობას “რუსთავი 2”, დრო გვიჩვენებს. მანამდე, ქართული საზოგადოება მოთმინებით ადევნებს თვალს ნიკა გვარამიას საქმეზე მიმდინარე გამოძიებას და ელოდება შედეგებს.

გიორგი ქართველი