ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის დამფუძნებლები და ყოფილი მფლობელები, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე საზოგადოებას, ქართულ და უცხოურ პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს მოუწოდებენ, თვალი გაუსწორონ რეალობას, რადგან მათი აზრით, ტელეკომპანია “რუსთავი 2” დღეს არის “ნაციონალური მოძრაობის” მიერ მკაცრად კონტროლირებადი პარტიული ტელევიზია, ასრულებს მის პოლიტიკურ დაკვეთას და საერთო არაფერი აქვს დამოუკედებელ მედიასთან.

ტელეკომპანიაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ სპეციალური განცხცადება გაავრცელეს, სადაც აცხადებენ, რომ სამართლებრივ პროცესს ალტერნატივა არ აქვს და ამორალობად მიაჩნიათ ყოფილი სახელისუფლებო პარტიის მცდელობა, „მედიასაშუალების მიმართ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება მიიჩქმალოს და თავისუფალ მედიაზე ზემოქმედებად გასაღდეს.

მათივე თქმით, ორმაგად ცინიკურია ამგვარი განცხადებების მოსმენა იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებისგან, რომლებმაც თავისი მმართველობის პერიოდში ძალ-ღონე არ დაიშურეს ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება მოესპოთ.

“ბოლო დროს სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი2”-ის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟის გამო უამრავი ადამიანი და მედიასაშუალება გვიკავშირდება, გვთხოვს კომენტარს თუ პოზიციის დაფიქსირებას. აქედან გამომდინარე, თავს ვალდებულად მივიჩნევთ განვაცხადოთ შემდეგი:

სამართლებრივ პროცესს ალტერნატივა არ გააჩნია. დემოკრატიულ საზოგადოებაში ის ჭეშმარიტების დადგენის და სამართლიანობის აღდგენის ერთადერთ გზას წარმოადგენს.

იმედი გვაქვს სასამართლო პროცესი იქნება აბსოლუტურად გამჭვირვალე და მიუკერძოებელი. ის შეძლებს გამოავლინოს და სამართლებრივი შეფასება მისცეს “რუსთავი2”-ის სახით მედიის თავისუფლებაზე ძალადობის და მანიპულირების დანაშაულებრივ სისტემას, რომელსაც 2004 წლიდან სახელმწიფო თანმიმდევრულად ახორციელებდა. ამ პროცესმა გადამწყვეტი დარტყმა მიაყენა დემოკრატიას და სიტყვის თავისუფლებას საქართველოში. შედეგად, თავისუფალი ტელევიზიის ნაცვლად საზოგადოებამ ერთი პარტიის საკუთრებაში არსებული პროპაგანდისტული მანქანა მიიღო. ამ პოლიტიკური ძალადობის და პარტიული ტერორის ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი, როგორც “რუსთავი 2″-ის დამფუძნებლები, ჩვენ აღმოვჩნდით,” – ნათქვამია ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის განცხადებაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here