ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის 91 %-იანი წილის მფლობელები ოფიციალურ განცხადებას ავრცელებენ და შემაშფოთებელს უწოდებენ იმ ფაქტს, რომ სასამართლო დავის ფარგლებში დაყადაყდა არა მათი წილი, არამედ ტელეკომპანიის ქონება, “რამაც, დიდი ალბათობით, შესაძლოა გამოიწვიოს მისი გაკოტრება”.

“ჩვენს წინააღმდეგ დავის ფარგლებში შესაძლებელია მხოლოდ ჩვენი ქონების (რუსთავი 2-ის წილების) დაყადაღება, ხოლო რუსთავი 2-ის ქონება წარმოადგენს არა ჩვენს, არამედ დამოუკიდებელი იურიდიული პირის, შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის საკუთრებას.

შესაბამისად, სწორედ რუსთავი 2-ის ქონებაზე და ფინანსურ დამოუკიდებლობაზე შეტევა გვაფიქრებინებს, რომ მთელი ეს სამართლებრივად უშინაარსო და უპერსპექტივო დავა მიმართულია თავისუფალი მედიის ფლაგმანის – რუსთავი 2-ის გასანადგურებლად, რაც, თავის მხრივ, უმძიმეს ზიანს მიაყენებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

„რუსთავი 2“-ის მფლობელები მიმართავენ არასამთავრობო სექტორსა და დიპლომატიურ კორპუსს, თვალყური მიადევნონ ტელეკომპანიის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს და მაქსიმალური თანადგომა გაუწიონ.