თბილისის პოლიტიკურად ცხელმა ზაფხულმა, უარყოფითი კვალი ქვეყნის ეკონომიკის თითქმის ყველა სფეროზე დატოვა. რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტში სტუმრობას და 20-21 ივნისის საპროტესტო აქციების ფონზე ქვეყნიდან მის სასწრაფო წესით გასტუმრებას, ჩავარდნილი ტურისტული სეზონი და რუსეთში, ქართული ღვინის ექსპორტის შემცირება მოჰყვა. ექსპორტის კლება განსაკუთრებით თვალსაჩინო ივლისში იყო.

სტატისტიკა

როგორც Dalma News–ს სსიპ ღვინის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, საქართველოდან რუსეთში, მიმდინარე წლის მაისში ექსპორტირებული იყო 4 მლნ 522 250 ბოთლი ღვინო. ივნისში 4 მლნ 209 866 ბოთლი, ხოლო ივლისში ექსპორტი შემცირდა 3 მლნ 550 264 ბოთლამდე, რაც 27 %-ით ნაკლებია წინა წლის ივლისის ექსპორტის მაჩვენებელზე, 28 %-ით ნაკლებია 2019 წლის მაისის მონაცემებზე და 18 %-ით ნაკლები 2019 წლის ივნისის მაჩვენებელზე.

“რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტი შეუფერხებლად ხორციელდება, თუმცა, კლება მაინც დაფიქსირდა”, – აცხადებენ სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, უკანასკნელი 7 თვის განმავლობაში, საქართველოდან მსოფლიოს 47 ქვეყანაში 47,2 მლნ-მდე ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის ამავე მაჩვენებელს 4%-ით აღემატება. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 114,2 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს, რაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6%-ით მეტია.

ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე. მათ შორის, ყველაზე ნაკლები, 2 %-იანი ზრდა არის რუსეთის ბაზარზე, თუმცა ყველაზე მეტი ღვინო – 29 მილიონ ბოთლზე მეტი, მაინც რუსეთში გავიდა. ქართული ღვინის ექსპორტი 21%-ით გაიზარდა ჩინეთის ბაზარზე და ექსპორტირებული ბოთლების რაოდენობით, რაც 4 249 687-ს შეადგენს, მესამე ადგილზეა. მას უსწრებს უკრაინა, სადაც, უკანასკნელი 7 თვის განმავლობაში ქართული ღვინის 4 893 304 ბოთლი გავიდა. ჩინეთს მოსდევს პოლონეთი, ყაზახეთი, ბელარუსი, ლატვია, აშშ, ლიეტუვა და ესტონეთი.

როგორც Dalma News-ს ღვინის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, ქართული ღვინის ექსპორტი გაიზარდა აშშ-ში – 60%-ით, დიდ ბრიტანეთში 39%-ით, საფრანგეთში 143% -ით, ისრაელში 51%-ით, მოლდოვაში 4 386%-ით, შვედეთში 1 734 %-ით. სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 343-მა კომპანიამ განახორციელა. ამასთან მსოფლიოს 18 ქვეყანაში, ექსპორტირებულია 14,5 მლნ ბოთლი ბრენდი, რაც 46% -ით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 31,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (ზრდა 57%). ასევე, მსოფლიოს 24 ქვეყანაში 306,2000 ბოთლი ჭაჭაა ექსპორტირებული. ექსპორტის ზრდამ 40% შეადგინა.

ქართული ღვინის ხარისხს რაც შეეხება, როგორც სააგენტოში განმარტავენ, ინსპექტირებისას აღებული საექსპორტო 100 ნიმუშიდან, ლაბორატორიის ოქმში მოცემული ღვინოების ფიზიკო-ქიმიურ მახასიათებლებს ყველა შეესაბამებოდა. შედეგად, სელთიფიკატის გაცემაზე თანხმობა ყველა მათგანმა მიიღო. ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელის ხარისხის კონტროლის მიზნით, მიმდინარე წლის ივლისში, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ, ალკოჰოლური სასმელების კომპანიებში 20 საინსპექციო კონტროლი განახორციელა.

“ერეკლე მეორის საზოგადოების” თავმჯდომარე არჩილ ჭყოიძე მიიჩნევს, რომ 20-21 ივნისის მოვლენების გამო, წლეულს, არა მხოლოდ ქართული ღვინო, მთლიანად საქართველოს ეკონომიკა დაზარალდა. თუმცა ეს ზარალი ყველაზე მცირე და ნაკლებ უმტკივნეულო, მაინც ქართული ღვინისა და “ბორჯომისთვის” იყო. მიზეზი მარტივია და იმაში მდგომარეობს, რომ ამ სფეროს განვითარებისთვის მნიშვნელოვანი რაოდენობის რუსული ფული იხარჯება.

როგორც Dalma News-ს არჩილ ჭყოიძემ განუცხადა, დღეისთვის, საქართველოში ძალიან ბევრია ღვინის ქარხანა, რომელთა მოწილე სწორედ რუსი ბიზნესმენები არიან. რაც შეეხება “ბორჯომს”, ის პირდაპირ რუსული კომპანიაა. ამ თვალსაზრისით თუ შევხედავთ საკითხს, არ არის გამორიცხული, რომ ზოგ რუს ბიზნესმენს დაეჭირა თადარიგი, რომ ქართულ ღვინოსა და მინერალურ წყალზე, პოლიტიკური მიზეზების გამო, ემბარგო არ დაეწესებინათ.

არჩილ ჭყოიძე

“თამამად შეიძლება ითქვას, რომ რუსმა ბიზნესმენებმა გარკვეული როლი ითამაშეს და საქართველოს ეკონომიკური სანქციები ააცილეს. ჩემი ინფორმაციით, მარტო კახეთში, ღვინის 6-7, საკმაოდ დიდი ქარხანაა, რომელიც რუსული ინვესტიციებით ამოქმედდა. ასევე, მაქვს ინფორმაცია, რომ ზოგი ქარხანა შესაძლოა რუსული ინვესტიციით არ იყოს აშენებული, მაგრამ გარკვეული წილი რუს ბიზნესმენებსაც აქვთ. სასტუმრო ბიზნესსაც თუ ავიღებთ, როგორიც არის მაგალითად, კაჭრეთის „ამბასადორი“, ძალიან ბევრი მათი მფლობელი რუსეთის მოქალაქეა. შესაძლოა, მათ მოძებნეს გარკვეული გზები, რომ მათი ბიზნესი არ დაბლოკილიყო”, – მიაჩნია არჩილ ჭყოიძეს.

წლების წინ, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დროს, რუსეთის ხელისუფლებამ ქართულ ღვინის ხარისხი დაიწუნა და მისი რუსულ ბაზარზე მისი გაყიდვა აკრძალა. ამას თან დაერთო რუსეთ-საქართველოს შორის გართულებული პოლიტიკური ურთიერთობებიც. დღეს, სფეროს სპეციალისტები ხშირად აღიარებენ, რომ მაშინდელმა რუსულმა ემბარგომ დადებითი გავლენა იქონია ქართულ ღვინოზე. მისი ხარიხის კონტროლი სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხად იქცა. ღვინის ფალსიფიკატორებს ნამდვილი ომი გამოუცხადეს.

პარალელურად ქვეყანამ ალტერნატიული ბაზრების ძიება დაიწო. დღეს უკვე, ქართველი მეღვინეებიც ამბობენ, რომ წლების წინ, რუსეთში, მართლაც უხარისხო ღვინო გადიოდა, ტოტალური ფალსიფიკაცია ხორციელდებოდა. მართალია ეს პრობლემა დღესაც არსებობს, მაგრამ ფალსიფიცირება ყოველთვის პროდუქტის დაბალ ხარისხს როდი ნიშნავს, ის ღვინის სახეობის შეცვლაშიც გამოიხატება. მაგალითად, ხშირია შემთხვევები, როდესაც „საფერავის“ ეტიკეტიან ბოთლში სხვა ჯიშის ყურძნისგან დამზადებული ღვინო ასხია. თავად ღვინო კარგი ხარისხისაა, მაგრამ ადვილი შესაძლებელია არ იყოს სწორედ საფერავი და სულ სხვა წითელი-შავი ყურძნისგან დამზადებული ღვინოს ესხას. ამ შემთხვევაში ფალსიფიცირება ფასის გამო ხდება.

ცხადია, როცა ღვინო ძვირადღირებულია და ერთი ბოთლის ფასი 150-200 აშშ დოლარს აღწევს, არაკეთილსინდისიერი მწარმოებლები ეცდებიან მომხმარებელს, რომელიც კარგად ვერ ერკვევა ღვინის სახეობებში, შედარებით დაბალი ხარისხის ღვინო შეაპარონ. ცალკე პრობლემაა ჩამოსასხმელი ღვინო, რომელიც საშუალო დონის მომხმარებელზეა გათვლილი და ნაკლებად კონტროლდება.

“ძვირადღირებულ ღვინოებში ფალსიფიცირება არ ნიშნავს, რომ ვიღაც ღვინოში სპირტს ურევს, უბრალოდ უფრო დაბალი ხარისხის სხვა ყურძნისგან დამზადებული ღვინოა და მიახლოებული გემო აქვს. სააკაშვილის დროსაც და დღესაც, ბოთლის ღვინისგან განსხვავებით, ჩამოსასხმელი ღვინოები საქართველოში ძალიან ფალსიფიცირებულია. ნებისმიერი ღვინო, რომლებიც იყიდება სუპერმარკეტებში, 3 და 5 ლიტრიან ქილებში, მათი 99% პრაქტიკულად ფალსიფიცირებულია და რამდენად სამწუხაროც არ უნდა იყოს, არც სააკაშვილის დროს არ ებრძოდა ამას არავინ და არც დღეს. ჩამოსასხმელ ღვინოს მოსახლეობის საშუალოდ 80 % მოიხმარს. ბოთლის ღვინის ყველაზე მიზერული ფასი 7 ლარია. კარგი ხარისხის ქართული ღვინო მარტო უცხოელებისთვის არ უნდა იყოს განკუთვნილი”, – მიაჩნია არჩილ ჭყოიძეს.

მისი აზრით, ეს სფერო უნდა გაკონტროლდეს, ქვეყანამ საკუთარ იმიჯზე იზრუნოს და დამკვიდრდეს განწყობა, რომ ქართული ღვინო ნამდვილად კარგია, არ არის ფალსიფიცირებული და მთელს მსოფლიოში, მის მიმართ მაღალი სანდოობა არსებობდეს. საქართველოს სჭირდება როგორც რუსული, ისე ევროპული და აზიური ბაზრები.

“ძალიან ცუდი ტენდენცია ჩამოყალიბდა ქვეყანაში, საზოგადოება დაყოფილია პრორუსებად და პროდასავლელებად. ერთი ამბობს, – ჩვენ მარტო რუსული ბაზარი გვჭირდება, ევროპაში მაინც არავინ ჩვენსას არაფერს იყიდისო. მეორე მხარე ამბობს, – 500-მილიონიანი ევროპის ბაზრის გვერდით რად გვინდა რუსული ბაზარიო. ორივე ძალიან მცდარი შეხედულებაა. ღვინის გარდა ბევრი სხვა პროდუქტია, რომელიც შეგვიძლია, როგორც რუსეთში გავყიდოთ, ისე ევროპაში. ყველანაირად უნდა შევეცადოთ, რაც შეიძლება მეტი სარგებელი მივიღოთ რუსული ბაზრისგან და სავაჭრო ურთიერთობები არ დავაზიანოთ. მეორე მხრივ დიპლომატებმა უნდა იმუშაონ პოლიტიკური ურთიერთობის გაუმჯობესებაზე. ჩვენ ყველა ბაზარი გვჭირდება, რუსულიც, ევროპულიც და აზიურიც, საიდანაც რაიმე სახის ვალუტის შემოდინებას შევძლებთ”, – აცხადებს არჩილ ჭყოიძე.

საქართველოს დედაქალაქში მიმდინარე პოლიტიკური შინაარსის საპროტესტო აქციების გამო დაზარალებული ქართველი მეღვინეები წლეულს, ბათუმში, “შავი ზღვის ღვინის საერთაშორისო ფესტივალზე” მიიწვიეს. ფესტივალი 16-18 აგვისტოს გაიმართა და 100-მდე ღვინის მარანი, ქართული ღვინისა და ჭაჭის 100-ეულობით სახეობა იყო წარმოდგენილი. შესაძლებელი იყო ქართული ღვინის უფასო დეგუსტაცია, გაყიდვების ფორმატით. გაიმართა ერთნოკულინარიული გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო ქართული ყველის, ჩირისა და ჩურჩხელის ნაირსახეობები. გემრიელი სამზარეულოს მოყვარულებისთვის ტრადიციული კერძების მასტერკლასი ჩატარდა. გამოიფინა ტრადიციული სამოსელი. ქართული რეწვის პროდუქტების 40 მწარმოებლის – თექა, მინანქარი, თიხა და ა.შ და 30 თანამედროვე ქართველი მხატვრის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.

აღნიშნული ფესტივალი ახალშექმნილი “ქართული ღვინის ფონდის” პირველი მასშტაბური ღონისძიებაა. როგორც Dalma News-ს პროექტის მენეჯერმა ლაშა ლაშხმა განუცხადა, ფონდის მიზანია ღვინის ინდუსტრიაში მოღვაწე ადამიანებს მოემსახუროს, ხელი შეუწყოს მცირე მარნების განვითარებას.

“ქართველმა მეღვინეებმა საკუთარი პროდუქცია წარმოადგინეს. სამი დღის განმავლობაში მათ ფართო სარეკლამო სივრცით ისარგებლეს. იყო შემოთავაზება დიდი მარნებისგან, მაგრამ ჩვენი ძირითადი მიზანი იყო მცირე მარნების ხელშეწყობა. მათ ფინანსური რესურსიც გაცილებით ნაკლები აქვთ, ამიტომ ფონდი ეხმარება ამ ფინანსების მოპოვებაში. ქართულ ბაზარზე საერთო მოცემულობას ვხედავთ, რომ რამდენიმე ინციდენტმა ცუდი მოლოდინები შექმნა, რამაც არა მარტო ღვინოზე, მთლიანად ბიზნესზე იქონია გავლენა”, – აცხადებს ლაშა ლაშხი.

„შავი ზღვის ღვინის საერთაშორისო“ ფესტივალი 18 აგვისტოს ნიაზ დიასამიძის კონცერტით დაიხურა. საქართველო ყურძნის ახალი მოსავლისთვის ემზადება. ქართველი გლეხი კარგ ბუნებრივ პირობებთან ერთად, სტაბილურ პოლიტიკურ გარემოს და მზარდ ეკონომიკას ელის.

შ.ქარჩავა