როდესაც დღესასწაულის პირველი ეიფორია ჩაივლის, ახალი წლის აღნიშვნის ტრადიციებზე საუბარი შესაძლებელიც არის და საინტერესოც იმ ადამიანებთან, რომლებიც არ ივიწყებენ ფესვებს და შორეული წარსულიდან შემორჩენილ ტრადიციებს პატივს სცემენ. მოგითხრობთ იმის შესახებ, თუ როგორ ხვდებოდნენ ახალ წელს ჩვენი წინაპრები და დროსთან ერთად რა შეიცვალა.

მსუბუქი ფეხი და იარაღის ჯერი

გულწრფელად რომ გითხრათ, არ მახსოვს, ჩემს ბავშვობაში ახალი წლის პირველ დილას სახლის ზღურბლს პირველი ვინ გადმოაბიჯებდა ხოლმე. თუმცა მოზარდობის ასაკიდან მახსოვს, რომ ეს ადამიანი ყოველთვის მეცხრე სართულზე მცხოვრები ჩვენი მეზობელი იყო. არ ვიცი, რატომ მაინცადამაინც ის ქალი, მაგრამ დედა ამბობდა, რომ იას “მსუბუქი” ფეხი ჰქონდა და ამას არავინ აპროტესტებდა.

როგორც კი საათი 12-ს ჩამოჰკრავდა, ქალაქის ცას ფოიერვერკები გაანათებდა, ჭიქებში ალკოჰოლურ სასმელს ჩავასხამდით, მეკვლე ტრადიციისამებრ უკვე კარზე აკაკუნებდა. ის ხელდამშვენებული შემოდიოდა და ჩვენც განსაკუთრებულ საჩუქარს ვახვედრებდით. წლების განმავლობაში ჩვენმა მეკვლემ “პროფესიული უნარები” გაიუმჯობესა: დახელოვნდა სადღეგრძელოების წარმოთქმაში, დაუგროვდა საინტერესო ისტორიები და გვიყვებოდა სხვა ოჯახებში მის თავს გადამხდარ ამბებს.

“კარგი გული მაქვს, ამიტომაც არის ჩემზე დიდი მოთხოვნა”, – ამბობდა მეზობელი თავის თავზე.

სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ იგი უბრალო, უშუალო და კეთილი ადამიანი იყო. შემდეგ ჩვენი მეზობელი სხვა ბინაში გადავიდა და მეკვლედ უკვე ოჯახში გაზრდილი ვაჟების მეგობრები მოდიოდნენ. მომავალში, ესტაფეტა მომავალმა თაობამ ჩაიბარა და ა.შ. შენარჩუნდა ტრადიცია ცოტაოდენი ცვლილებებით. ამგვარი ტრადიციების არსი საერთო ჯამში, უცვლელი რჩება.

“იცით, ასი წლის წინათ მეკვლე თავის მილოცვას როგორ იწყებდა? კარზე სამჯერ დააკაკუნებდა, მასპინძელიც სამჯერ ეტყოდა: მობრძანდიო. შემდეგ სახლში შეაბიჯებდა და მოჰყვებოდა დალოცვას. ოჯახს უსურვებდა მშვიდობას, ქორწილებს და ბავშვების დაბადებას. თან აქეთ-იქით ტკბილეულობას მოაბნევდა”, – ამბობს ეთნოგრაფი თამილა ცაგარეიშვილი.

ამას იმიტომ აკეთებდნენ, რომ ახალ წელს ოჯახს ხვავი და ბარაქა ჰქონოდა. მეკვლეს თითოეული ოჯახი დიდ პატივს სცემდა. ძირითადად, მეკვლეს წინასწარ უთანხმდებოდნენ და ცდილობდნენ წარმატებული ადამიანი აერჩიათ, რადგანაც მას ოჯახისთვის კეთილდღეობა უნდა მოეტანა.

ახალი წელი საქართველოში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მუშაობის გააქტიურებასაც ნიშნავს. რა ხდება ამ დროს? – ვხსნით შამპანურს, ჩავუთქვამთ სურვილებს და ცაში ფოიერვერკებს ვუშვებთ. ეს უკანასკნელი კი ხშირად უბედური შემთხვევებით, დამწვრობით და სხეულის დაზიანებებით სრულდება. შედეგად, დაზარალებულები ახალ წელს საავადმყოფოებში ხვდებიან. პიროტექნიკის მოხმარებისას დიდი სიფრთხილეა საჭირო, რასაც ჩვენ უგულებელვყოფთ. ფოიერვერკების ცაში გაშვებას ვერავინ ვერასოდეს აკრძალავს, რადგანაც ეს საახალწლოდ ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ტრადიციაა. საერთოდაც, ჩვენ კი არ ვართ დამნაშავეები, ეს უძველესი ტრადიციაა, როდესაც ჯერ კიდევ ფოიერვერკის გამოგონებამდე, ოჯახის უფროსი ზუსტად ღამის 12 საათზე გამოდიოდა გარეთ და თავისი ეზოდან, ან აივნიდან ცეცხლსასროლი იარაღით ისროდა. ქალაქში ისეთი ხმაური ტყდებოდა და ისეთი დენთის სუნი იგრძნობოდა, რომ უცხო ადამიანს ეგონებოდა ომი დაიწყოო.

ქართული უკიდურესობა და მიხაკის არომატიანი ბასილი

საქართველო უკიდურესობების ქვეყანაა. ჩვენთან იშვიათად შეხვდები ნახევარ ტონს. ან თეთრი – ან შავი. საქმეს ნახევარი ძალით არავინ აკეთებს. ამ მხრივ, სადღესასწაულო სუფრაც განსაკუთრებულია, თავისი ტრადიციული და სავალდებულო კერძებით.

თბილისის საახალწლო-სადღესასწაულო სუფრის აუცილებელი კერძი ყოველთვის ტოლმა იყო. მნიშვნელობა არ ჰქონდა, არც ოჯახის წარმომავლობას და არც იმას, თუ რომელი ქვეყანა იყო ამ კერძის სამშობლო. ამას არავინ კითხულობდა, თბილისი უბრალოდ ერთი დიდი ოჯახი იყო ყველა ეროვნების ადამიანისთვის და ისე ცხოვრობდნენ ამ დიდ ოჯახში, რომ არავინ ისაკუთრებდა არც ტოლმას, არც საცივს და არც ხალადეცს. ასევე ვერც ერთ თბილისურ სუფრას ვერ ნახავდით თხილის, ან ნიგვზის გოზინაყის გარეშე.

საქართველო, გარკვეულწილად, უნიკალური ქვეყანაა. საოცრად მგრძნობიარე ახალი ტენდენციების და საკმაოდ კონსერვატიული დეტალების მიმართ. ასი წლის წინათ, როგორც ამზადებდნენ ტოლმასა და გოზინაყს, დღესაც მათ საახალწლო სუფრაზე საპატიო და სავალდებულო ადგილი უკავიათ. ძველ ტიფლისში გოზინაყთან ერთად სუფრაზე პატარა ნამცხვარი – ბასილი იდებოდა. ბასილი ერთ-ერთი წმინდანის სახელია, რომელსაც პირველ იანვარს იხსენიებდნენ. ნამცხვარს პატარა ადამიანის ფორმა ჰქონდა. მიხაკის არომატით და ქიშმიშით მზადდებოდა.

“ახალი წლის დადგომამდე ტიფლისის თითქმის ყველა ოჯახში განსაკუთრებული სამზადისი იწყებოდა. დიასახლისები გენერალურ დალაგებებს აწყობდნენ. ძველ და გამოუსადეგარ ნივთებს და ავეჯს მემაწვნეებს და მენახშირეებს აძლევდნენ, რომლებიც თავის მხრივ, მადლიერებას გამოხატავდნენ და მაწონსა და ნახშირს ჩუქნიდნენ. აი, ასეთი წინასაახალწლო გაცვლები ხდებოდა. საინტერესოა კიდევ ერთი ტრადიცია. ოჯახის უფროსი იღებდა ნახშირს და ახალი წლის ღამით იატაკზე აბნევდა. შედეგად, რაც უფრო მეტი ნაპერწკალი წარმოიქმნება, ახალი წელი მით უფრო მეტად მდიდარი იქნებოდა”, – ამბობს ისტორიკოსი ცირა ელისაშვილი.

ბევრი სხვა დავიწყებული საახალწლო ტრადიციაც არსებობს. ასევე, დღემდე შემონახული ტრადიციაც. მაგალითად, ასეთია თხილის ხისგან გამოთლილი ჩიჩილაკი. არ არსებობს ერთმნიშვნელოვანი პასუხი იმაზე, საჭიროა თუ არა წინაპრების მიერ გადმოცემული ტრადიციების დაცვა-არდაცვა. ტრადიციებს გავაგრძელებთ, თუ არ გავაგრძელებთ – პირადი გადასაწყვეტია. თუ გეჩვენება, რომ ტრადიცია გაფერხებს, უკან გაბრუნებს და წინსვლაში ხელს გიშლის, უარს იტყვი, მაგრამ თუ მიგაჩნია, რომ ეს ფუნდამენტი, რომელზეც პირადი თვითიდენტიფიკაციის აღქმაა აგებული, შთამომავლობას მემკვიდრეობად გადასცემ.

ეკატერინე მინასიანი