საქართველო, როგორც მრავალეთნიკური ქვეყანა, ყოველთვის მგრძნობიარეა მეზობელ სახელმწიფოებში მიმდინარე პროცესების მიმართ, განსაკუთრებით თუ საქმე შეიარაღებულ დაპირისპირებას ეხება. 2020 წლის ​12 ივლისს, იმ დროს, როდესაც მთელი მსოფლიო კორონავირუსის მსოფლიო პანდემიას ებრძვის, აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე სროლები გაისმა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. გაისმა ურთიერთბრალდებებიც, სომხეთიც და აზერბაიჯანიც პროვოკაციულ ქმედებებში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აზერბაიჯანმა 12 ივლისის დაპირისპირებაზე პასუხისმგებლობას აზერბაიჯანს აკისრებს და აცხადებს, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა არტილერიის გამოყენებით სომხეთის საგუშაგოებზე თავდასხმა სცადეს. აზერბაიჯანის ხელისუფლების განცხადებით, სომხეთმა, ქვეყნებს შორის საზღვარზე, თოვუზის მიმართულებით, ცეცხლი ტერიტორიების ხელში ჩაგდების მიზნით გახსნა.

სალომე ზურაბიშვილი

ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის დაპირისპირებას საქართველოც გამოეხმაურა. ქვეყნის პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მომხდართან დაკავშირებით წუხილი გამოთქვა და განაცხადა, რომ დღეს, როცა ყველა ერთად უხილავი მტრის წინააღმდეგ ვიბრძვით, უდიდესი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო სოლიდარობას და გლობალური სტაბილურობის შენარჩუნებას. იგი იმედოვნებს, რომ საჭირო ზომები დროულად იქნება მიღებული და მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით ვითარების შემდგომ ესკალაცია თავიდან იქნება აცილებული.

“ჩვენი რეგიონის მშვიდობა და უსაფრთხოება მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოს, ასევე, ჩვენი მეგობარი და პარტნიორი სახელმწიფოების – აზერბაიჯანისა და სომხეთის მომავალი განვითარებისა და კეთილდღეობისათვის”, – ნათქვამია პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

“არა ომს!” – ეს იყო სომხურ-აზერბაიჯანული დაპირისპირების გამოძახილი საქართველოდან. საქართველოს ერთ-ერთ მრავალეთნიკურ რეგიონ სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებმა სომეხმა ახალგაზრდებმა მშვიდობიანი აქცია გამართეს და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს, მეზობელ სახელმწიფოებს შორის კონფლიქტში არ ჩაერიოს.

აქციის მონაწილეების შეფასებით, “საქართველო არის ქვეყანა, სადაც დღემდე, არავითარი ეროვნული კონფლიქტი არ ყოფილა, სადაც კანონისა და ხელისუფლებისთვის მნიშვნელობა არ აქვს, რა ეროვნების, რასის და სარწმუნოების არის მისი მოქალაქე”.

“ჩვენ სამხედრო ქმედებებისა და ძალადობის წინააღმდეგნი ვართ, რადგან კვდებიან ახალგაზრდა ადამიანები, როგორც ერთ, ასევე მეორე მხარეს”, – განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ აზერბაიჯანელებსაც და სომხებსაც მშვიდობა სურთ. ისინი ორივე ქვეყნის ხელისუფლებებს მოუწოდებენ არ იომონ, არ დაღვარონ სისხლი. თუმცა, პროვოკაციებს კვლავაც ელიან. რამდენიმე არასასურველი ფაქტი, ბოლო ხანებში საქართველოშიც მოხდა. არის შემთხვევები, როდესაც საქართველოში მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანელი და სომეხი ახალგაზრდები ერთმანეთს თავს ესხმიან, უზიანებენ ავტომობილებს, რაც ხულიგნობას უფრო ჰგავს, ვიდრე ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის საქართველოს ტერიტორიაზე გადმოტანის მცდელობას. ცხადია, მსგავსი ხულიგნური ფაქტები განსაკუთრებით საფრთხილო ხდება მაშინ, როცა ჩვენს მეზობლად საომარი მოქმედებები პერიოდულად იჩენს ხოლმე თავს.

საქართველოში მცხოვრები, როგორც სომხური, ისე აზერბაიჯანული მხარე ერთ აზრზე არიან, – მსგავსი ხულიგნობები სამართალდამცველებმა დროულად უნდა აღკვეთონ, რომ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფებისთვის პროვოკაციის გასაღვივებლად სასურველ ლუკმად არ იქცეს.

ანა თანდარიანი

იყო ხულიგნობის სხვა ფაქტებიც, მაგალითად, როგორც მარნეულის მცხოვრებმა, ანა თანდარიანმა გვითხრა, დაახლოებით ერთი კვირის წინ, საქართველოს მოქალაქე, ეთნიკური აზერბაიჯანელები თავს დაესხნენ სომხურ ნომრებიან სატვირთოებს, რომლის მძღოლებიც, ასევე ადგილობრივი მცხოვრებლები არიან. სავარაუდოდ, აგრესიის მიზეზი უცხო ქვეყნის ნომრები გახდა, რადგან ადგილობრივებმა ჩათვალეს, რომ სატვირთოს მძღოლები სომხეთის მოქალაქეები იყვნენ. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არანაირად არ ამართლებს თავდასხმის ფაქტს.

“სამი დღის წინ, ჩემს თანაკლასელს სადახლოში, დაუდგენელმა პირებმა ავტომობილი დაუმტვრიეს, მხოლოდ იმიტომ, რომ სომხური ნომრები აქვს. მას სხვა ავტომობილი დაეჯახა და ადგილიდან მიიმალა. ესეც პროვოკაციის ერთ-ერთი ნიშანია. მარნეულის სომეხი მოსახლეობის უმეტესობას, ავტომანქანები სომხური ნომრებით ჰყავთ, რადგან ხშირად უწევთ სავაჭროდ სომხეთში გადასვლა (რედ. სომხეთში, უცხო ქვეყნის სანომრე ნიშნებიან ავტომობილზე გადასახადია დაწესებული. ანალოგიური კანონი საქართველოში, თითქმის ერთი წელია ამოქმედდა). ადგილობრივ აზერბაიჯანელებს ისინი სომხეთის მოქალაქეები ჰგონიათ და აგრესიას ავლენენ, თორემ ადგილობრივ სომხებსა და აზერბაიჯანელებს არასდროს, არანაირი პრობლემა არ გვაქვს ერთმანეთთან”, – გვითხრა ანა თანდარიანმა.

მისივე თქმით, არც ერთ ამ ფაქტს ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან რეაგირება, თუნდაც განცხადების დონეზე, არ მოჰყოლია, მით უმეტეს, მარნეული ერთ-ერთი მრავალეთნიკური რაიონია.

“2016 წლის აპრილის, 4-დღიანი ომის დროსაც არ ყოფილა ადგილობრივ მოსახლეობაში დაპირისპირება. სკოლაში, სადაც აზერბაიჯენელებიც და სომხებიც სწავლობენ, მახსოვს, მაშინ ჩემი მეგობარი მასწავლებელი ამბობდა, რომ სამასწავლებლოში ცდილობდნენ, ერთმანეთთან თვალითაც კი არ ჰქონოდათ კონტაქტი, რომ რაიმე პროვოკაციის მცდელობა არ ყოფილიყო”, – ამბობს ანა თანდარიანი.

მისივე თქმით, ახალი თაობის სურვილია მშვიდობა. ამაში კი ძალიან დიდი როლი განათლებას ეკისრება. სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირების საქართველოს ტერიტორიაზე გადმოტანა დაუშვებელია. ახალგაზრდებს შორის უნდა იყოს, რაც შეიძლება მეტი კონტაქტი, სომეხი და აზერბაიჯანელი ახალგაზრდები უნდა ექცეოდნენ საერთო სივრცეში.

“ჩვენც გვსურს, რომ მომავალმა თაობამ ჩვენი პოზიტიური წვლილი შევიტანოთ ამ კონფლიქტის მოგვარებაში, თუნდაც მოწოდებებით”, – ამბობს იგი.

სამირა ბაირამოვა

მარნეულის მკვიდრის, ეთნიკური აზერბაიჯანელი სამირა ბაირამოვას მოსაზრებით საქართველო, ფაქტობრივად, ვერ ასრულებს თავის ფუნქციას ეთნიკური უმცირესობების მიმართ. როცა ხელისუფლება თავის მოქალაქეს სხვა სახელმწიფოსთან აკავშირებს და მის კუთვნილებად მიიჩნევს, ამით ხელს უწყობს იმას, რომ საქართველოში უცხო ქვეყნის ინტერესები გაჩნდეს.

“აქ მცხოვრები აზერბაიჯანელები, ყოველთვის უკმაყოფილონი არიან იმით, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი ამბობს, რომ ჩვენი ისტორიული სამშობლო არის სხვა ქვეყანა – აზერბაიჯანი. ეს არის სრულიად სხვა ქვეყანა, უბრალოდ იქ ჩვენს ენაზე საუბრობენ. ჩვენი სამშობლო აქ არის. პრობლემის თავი ის არის, რომ საქართველო თავის მოქალაქეზე არ ზრუნავს და ამის გაკეთების უფლებას სხვა ქვეყანას, ჩვენს შემთხვევაში, აზერბაიჯანს აძლევს”, – აცხადებს სამირა ბაირამოვა.

მისივე თქმით, საქართველოში სახელმწიფო ენა უფასოდ უნდა ისწავლებოდეს, მათ კი ქართული ენის შესწავლაში უცხო ქვეყანა ეხმარება.

“ჩვენ ვართ საქართველოს მოქალაქეები, მაგრამ საქართველოში ჩვენს ინტეგრაციაზე აზერბაიჯანი უფრო მეტად ზრუნავს, ვიდრე ადგილობრივი ხელისუფლება. აზერბაიჯანულმა კომპანია ”სოკარმა“ გახსნა ცენტრი, სადაც აზერბაიჯანელებს შეუძლიათ მიიღონ არაფორმალური განათლება, ისწავლონ ქართული ენა, ანუ საქართველოს მოქალაქე ფულს იხდის იმაში, რომ საქართველოში ქართული ენა ისწავლოს. ეს ასე არ უნდა იყოს. საქართველოში სახელმწიფო ენის სწავლა არ უნდა იყოს ფასიანი”, – აცხადებს მან.

სომხურაზერბაიჯანული კონფლიქტი და მრავალეთნიკური საქართველო

ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, გიორგი მჭედლიშვილის თქმით, საქართველოს გააჩნია ურთიერთობა ორივე სახელმწიფოსთან, გარდა ამისა, აზერბაიჯანთან და თურქეთთან ერთად საქართველო, რამდენიმე მნიშვნელოვან ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პროექტში მონაწილეობს. მისივე თქმით, საქართველო ინარჩუნებს ამ კონფლიქტში ნეიტრალურ პოზიციას და ყოველთვის არის მშვიდობის მომხრე, რადგან ნებისმიერი დაძაბულობა ჩვენი ქვეყნისთვისაც შესაძლოა სახიფათო აღმოჩნდეს.

გიორგი მჭედლიშვილის

“რამდენადაც ვიცი ჯერჯერობით არანაირი შეტაკება ეთნიკურ ნიადაგზე საქართველოში არ ყოფილა. მე პირადად ვიცნობ, რამდენიმე სომეხსა და აზერბაიჯანელს, თან ისეთებსაც, რომლებიც ერთმანეთთან მეგობრობენ და იმედია არასოდეს მოხდება საქართველოში ის, რაც მოხდა მოსკოვში და ევროპის, რამდენიმე დედაქალაქში, როდესაც ეთნიკურმა სომხებმა და აზერბაიჯანელებმა ხელჩართული ჩხუბი გამართეს. ჯერჯერობით კონფლიქტმა ძალზე მცირე გავლენა მოახდინა თბილისში მცხოვრებ ეთნიკურ აზერბაიჯანელებზე და სომხებზე”, – აცხადებს გიორგი მჭედლიშვლი.

მისივე მოსაზრებით, საქართველოს ხელისუფლება უნდა მუშაობდეს ყველა ეთნიკურ უმცირესობაში საქართველოს მოქალაქეობრიობის დამკვიდრებაზე და იმის გაცნობიერებაზე, რომ, რადგან ისინი საქართველოს მოქალაქეები და შესაბამისი ერთი საზოგადოების ნაწილი არიან, მათი საერთო სამშობლოს საკეთილდღეოდ უნდა იმუშაონ ერთად და მათი ეთნიკური კუთვნილების გამო, სახელმწიფოებს შორის კონფლიქტი არ უნდა მოხდეს. უფრო მეტიც, სომხებმაც და აზერბაიჯანელებმაც უნდა იმუშაონ იმ მიმართულებით, რომ თავიანთ ერებს, საქართველოში თანამშრომლობის მაგალითი აჩვენონ.

შორენა პაპაშვილი