თბილისური ზაფხულის, ერთი ჩვეულებრივი დღე, 20 ივნისი, საქართველოს ისტორიაში კიდევ ერთ მძიმე თარიღად ჩაიწერება. მას შემდეგ, რაც ქართული მხარის მოთხოვნით, მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეა თბილისში ჩატარდა, ქვეყნის მოსახლეობა საპროტესტოდ პარლამენტის შენობასთან აღმოჩნდა. მიზეზი, რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოს უმაღლესი კანონმდებლის სავარძელში განთავსება გახდა. ამ ფაქტს ქართული საზოგადოების პროტესტი მოჰყვა.

“მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიომ კიდევ ერთხელ გაიგოს ინფორმაცია საქართველოზე, როგორც ქრისტიანული კულტურის უძველეს ქვეყანაზე, ქვეყანაში განვითარდეს რელიგიური ტურიზმი”, – ასეთი იყო დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის მიერ დაანონსებული ასამბლეის მიზანი.

მისივე თქმით, მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქრისტიანულ სამყაროში არსებული სხვადასხვა გეოპოლიტიკური თუ სხვა სახის პრობლემების მოგვარებას.

ასამბლეას, რომელიც თბილისში 19 ივნისს გაიხსნა, საქართველო პირველად მასპინძლობდა. მასში მსოფლიოს 4 კონტინენტის 23 დელეგაცია მონაწილეობდა, მათ შორის, რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებიც. რუსულ მხარეს “კომუნისტური პარტიის” წევრი სერგეი გავრილოვი წარმოადგენდა. რუსი დეპუტატის ინფორმაციით, ასამბლეის ყველა მონაწილის უსაფრთხოებაზე ქართული მხარისგან წერილობითი გარანტიები მიიღეს. დელეგატები 20 ივნისს, პარლამენტის შენობაში მიიწვიეს, სადაც გავრილოვს ადგილის პრეზიდიუმში დაკავება შესთავაზეს. მას შემდეგ, რაც გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის სავარძელი დაიკავა და რუსულ ენაზე სიტყვით გამოვიდა, თბილისში საპროტესტო აქციები დაიწყო.

დედაქალაქის ცენტრალურ მოედანზე ვითარება დაიძაბა, სერგეი გავრილოვმა და რუსმა დეპუტატებმა საქართველო იმ დღესვე დატოვეს. საპროტესტო აქციის სათავეში მალევე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები და ყოფილი მაღალჩინოსნები აღმოჩნდნენ. აქციის მონაწილეები კობახიძის გადადგომას მოითხოვდნენ. თვალნათლივ ჩანდა პარლამენტის შენობის შტურმით აღების მცდელობა, რასაც ხელს, შენობის ცენტრალურ შესასვლელთან ძალოვანების კორდონი უშლიდა.

ნაციონალებმა აქციის მონაწილეებს სამოქალაქო დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდეს. ქართულმა საინფორმაციო ტელეარხებმა ჩვეულ რეჟიმში მაუწყებლობა შეწყვიტეს და პარლამენტის შენობასთან მიმდინარე მოვლენების საგანგებო რეჟიმში გაშუქებას შეუდგნენ.

“გადავკეტავთ ხიდებს, გზებს, რკინიგზასაც. ხელისუფლებას ვურჩევთ დროზე მოახდინოს რეაგირება იმიტომ, რომ მე რომ აქედან წავიდე, გიგი რომ აქედან წავიდეს, ნიკა მელია რომ აქედან წავიდეს, ეს ხალხი არ დაიშლება. აქედან ეს პატრიოტები არ დაიშლებიან. ჩვენ ვაპირებთ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მოქმედებების დაწყებას”, – განაცხადა აქციაზე მისულმა პრეზიდენტობის ექს-კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ.

აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის წინააღმდეგობა გრძელდებოდა. ხელისუფლების ლიდერებმა ქართული საზოგადოების საპროტესტო განწყობას სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს და უსიამოვნო ფაქტის გამო ბოდიში მოიხადეს. ოპოზიციის ლიდერები კი, დიალოგისთვის პარლამენტში დაპატიჟეს. პროტესტანტების წინააღმდეგობა არ ცხრებოდა, ისინი სულ უფრო აგრესიულები ჩანდნენ. პარლამენტის შენობასთან მდგარ პოლიციელებს პერიოდულად ანიარაღებდნენ – ფარებსა და ხელკეტებს ართმევდნენ, ქვებს, წყლით სავსე ბოთლებსა და ხელკეტებს ესროდნენ, შედეგად რამდენიმე ათეული პოლიციელი და მოქალაქეები დაშავდნენ. აქციის დასაშლელად ხელისუფლებამ სპეციალური დანიშნულების რაზმი, რეზინის ტყვიები, ხელკეტები, წყლის ჭავლი და მომწამლავი გაზი გამოიყენეს.

როგორც მოგვიანებით შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განმარტა, პოლიციის თანამშრომლებმა მაქსიმალურად გამოიყენეს თმენის ვალდებულება, სანამ საფრთხე ადამიანების სიცოცხლეს არ დაემუქრა.

“განხორციელდა ჯგუფური თავდასხმები პოლიციაზე, პარლამენტში შეღწევის მიზნით. ყველაფერს გავხდით საჯაროს, თუ წუთებისა და წამების მიხედვით როგორ ვითარდებოდა მოვლენები რუსთაველის გამზირზე. პოლიტიკოსებმა დააპროვოცირეს ადამიანები და შემდეგ მოულოდნელად გაქრნენ. უმკაცრესად დაისჯება ყველა, ვინც საკუთარი მოწოდებით ეს პროვოკაცია მოაწყო. ვინც შეძლო, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების სამართლიანი პროტესტი ძალადობაში გადაზრდილიყო”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პროფესორი თორნიკე შარაშენიძე Dalma News-სთან საუბრისას 20 ივნისის საღამოს იხსენებს და მომხდარს, ნაციონალების ხელისუფლების დროს, 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევას ადარებს.

“განმეორდა ის, რაც 12 წლის წინ იყო. 20 ივნისის დარბევა 7 ნოემბრის დარბევას ერთი ერთში ჰგავდა. ყველაფერი იგივე იყო, მათ შორის ხმოვანი მანქანაც. ვერ გავიგე რაში დასჭირდათ ეს? რა მოხდა? ვის უმტყუნა ნერვებმა და რატომ მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება? ძალიან მიჭირს ამ კითხვებზე პასუხი. “ქართულმა ოცნებამ” არაადეკვატურობაში “ნაცმოძრაობის” ზოგიერთ ლიდერს აჯობა. მე იქ ვიყავი საღამომდე. პარლამენტში შეჭრა სრულიად უკანონო გადაწყვეტილება იყო. ოპოზიციის ჩანაფიქრი სახელმწიფო გადატრიალებაში თუ მდგომარეობდა, ეს იყო დიდი სისულელე. თუნდაც შევარდნილიყვნენ პარლამენტში, რას მიაღწევდნენ ამით? თუ ივანიშვილის პროვოცირება უნდოდა ოპოზიციას, მაშინ მათ მიზანს მიაღწიეს. გაცილებით გონივრული იქნებოდა პარლამენტისა და მთავრობის კანცელარიის შენობების მშვიდობიანი პიკეტირება, რასაც მეც მხარს ვუჭერდი. ამ დროს პარლამენტთან ვნახე შეჭრის მცდელობა, რაც მე არ მომეწონა და წამოვედი აქციიდან”, – აცხადებს თორნიკე შარაშენიძე.

მისივე თქმით, პარლამენტის კვლავ თბილისში გადმოტანით “ოცნებამ” შეცდომა დაუშვა, რადგან, თავის დროზე, ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა ის ქუთაისში იმ მიზნით გადაიტანა, რომ თავიდან აეცილებინა საპროტესტო გამოსვლები თბილისში.

ვინ წააგო და ვინ მოიგო…

20-21 ივნისის მოვლენებისა და სპეცრაზმთან დაპირისპირების შედეგად მოქალაქეებმა მძიმე ტრავმები მიიღეს. ორ ახალგაზრდას რეზინის ტყვია თვალის არეში მოხვდა. ექიმებმა სასწაულებრივად შეძლეს მათთვის თვალის გადარჩენა. გავრცელდა ინფორმაცია ერთი პირის დაღუპვის შესახებაც, თუმცა, ეს ინფორმაცია გადაუდებელი დახმარების ცენტრში, კატეგორიულად უარყვეს. მეორე დღეს კლინიკებში 50-ზე მეტი პაციენტი რჩებოდა, მათგან 2 რეანიმაციულ განყოფილებაში.

ოპოზიციამ საპროტესტო აქცია მეორე დღესაც დააანონსა. 21 ივნისს, თანამდებობა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დატოვა. მმართველი პარტიის ლიდერები საზოგადოებას, დამნაშავეების საკუთარ რიგებში გამოვლენას და დასჯას დაჰპირდნენ. “ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭო, ბიძინა ივანიშვილის თავმჯდომარეობით სათათბიროდ შეიკრიბა. “ნაციონალურმა მოძრაობამ” და “ევროპულმა საქართველომ” სტუდენტების მობილიზება დაიწყეს.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე მიიჩნევს, რომ 20 -21 ივნისის პროცესების გამო, თავისი წილი პასუხი უნდა მოეთხოვოს, როგორც მმართველი გუნდის წევრებს, ისე ოპოზიციის ლიდერებს, რომლებიც ხალხს უკანონობისკენ მოუწოდებდნენ. მეორე მხრივ, მისივე შეფასებით, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილება დაგვიანებული იყო. მას თანამდებობა 20 ივნისს რომ დაეტოვებინა, საპროტესტოდ განწყობილი მოქალაქეები აღარ დაშავდებოდნენ.

გია აბაშიძე

“პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე, როცა ვსაუბრობთ, საჭიროა დროული პასუხისმგებლობის აღება. კობახიძე ერთი დღით ადრე რომ გადამდგარიყო, ჩვენ აღარ მივიღებდით დასახიჩრებულ მოქალაქეებს. როდესაც მმართველი გუნდი მართავს ქვეყანას, საჭიროა ყოველთვის პოლიტიკური ხანძრების პრევენცია და არა იმ ხანძრებზე რეაგირება. დროულად აღკვეთონ დესტაბილიზაციის ნებისმიერი მცდელობა. თავად ხელისუფლება, რამდენი ხანია ამბობს, რომ დესტრუქციული “ნაცმოძრაობა” აპირებს ვითარების არევას ქვეყანაში და ამას არ დავუშვებთო. ხელისუფლება უნდა იყოს ისეთ სიმაღლეზე, რომ აღკვეთოს ნებისმიერი ასეთი წაქეზება, თუნდაც პოლიტიკოსის დაპატიმრება გახდეს საჭირო. კანონმა უნდა იკანონოს. რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს ის გადაცდომები კანონიდან და უფლებამოსილებიდან, როცა სპეცრაზმელები ესროდნენ ხალხს და დაასახიჩრეს ისინი. ჩვენ გვინდა კონკრეტული პასუხი, ვინ გამოიყენა არამართლზომიერად ძალა და ვინ, როგორ დაისაჯა”, – განუცხადა Dalma News-ს გია აბაშიძემ.

მისივე თქმით, როგორც ოპოზიციაში, ისე მმართველ გუნდში ცდილობენ, ყველა პასუხისმგებლობა, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს ჩამოჰკიდონ. ეს უკანასკნელი კი, თავისი პოტენციიდან გამომდინარე, ყველაფერში ჩახედული ვერ იქნება, ამისთვის არსებობს მთავრობა, ცალკეული სამინისტროები, უწყებები, პარლამენტი, მმართველი პარტია და ა.შ.

“ხელისუფლებამ დროულად უნდა აირიდოს თავიდან პოლიტიკური ხანძრები. პოლიტიკური მეხანძრის როლი არ არის გახარიას ამპლუა, მისი მოვალეობაა წესრიგის დაცვაა”, – მიაჩნია ანალიტიკოსს.

ვახტანგ მაისაია

სუპერ გადაცდომა…

სამხედრო ექსპერტ ვახტანგ მაისაიას შეფასებით, პარლამენტის შენობის აღება სახელმწიფო გადატრიალების პირდაპირი სცენარი იყო და ის, შტურმის მთავარ ობიექტად შემთხვევით არ შეირჩა. კერძოდ, ახალი კონსტიტუციის თანახმად პარლამენტს გაზრდილი ფუნქცია აქვს, ის აყალიბებს მთავრობას.

“ამ ბურატინოს, ირაკლი კობახიძის და მისი გუნდის მიერ ახალი კონსტიტუციის მიღებას ვეწინააღმდეგებოდი, რადგან მთავარი სახელისუფლებო ორგანო ხდება არა პრეზიდენტის სასახლე, ან მთავრობის ადმინისტრაცია, არამედ პარლამენტი. ჩვენ გვაქვს უკვე საპარლამენტო მართვის მოდელი. პარლამენტის შენობის, თუნდაც სიმბოლურად აღება, ნიშნავდა ხელისუფლების ხელში ჩაგდების რეალური სცენარის განხორციელებას. პარლამენტში შეჭრით, ოპოზიცია მთავარ პოლიტიკურ ორგანოს დაბლოკავდა”, – განმარტავს ვახტანგ მაისაია.

მისივე ინფორმაციით, 20 ივნისის აქციაზე საკმაოდ კარგად მომზადებული, 5-10 კაციანი “ბოევიკების” ჯგუფები მუშაობდა, რომლებიც პერიოდულად შეტევაზე გადადიოდნენ, შემდეგ კი იცვლებოდნენ. ეს ჯაჭვი საკმაოდ კარგად იყო დაფიქსირებული.

რაც შეეხება სპეცრაზმის მხრიდან გადაცდომას, როგორც ვახტანგ მაისაიამ Dalma News-ს განუცხადა, დღეს არსებული სპეცრაზმი “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროს არის შექმნილი. “ქართულ ოცნებას” სპეცრაზმელების დემოკრატიული სახელმწიფოს კანონების მიხედვით გადამზადებაზე და სისტემის რეფორმირებაზე არ უზრუნია.

ექსპერტს ექმნება შთაბეჭდილება, რომ შსს-ს არ გააჩნდა დემონტრაციის დაშლის, რამდენიმე ვარიანტი, თუ რა უნდა მოხდეს სხვადასხვა ტიპის დემონსტრაციების დროს.

“4 ეტაპი უნდა გამოვყოთ. პირველი არის პარლამენტზე შტურმის მიტანა, რაც იყო გადატრიალების მთავარი კომპონენტი. აქ პოლიციამ და სპეცდანიშნულების რაზმმა კონსტიტუციით მინიჭებული სრული ძალაუფლება გამოიყენა და გადაცდომას ადგილი არ ჰქონია. იგივე რეზინის ტყვიების გამოყენება ჯდებოდა მოდელის ფორმაში. მეორე – იყოს პერიმეტრის დაკავება, სადაც სერიოზულ გადაცდომას ჰქონდა ადგილი, მესამე – ტერიტორიის გამაგრება და მეოთხე – კვადრატების გასუფთავების ოპერაცია. მეხუთე იყო აქტიური წევრების დაკავება. ის გეგმა, რომელიც არსებობდა სააკაშვილის დროს, სრულად იყო შენარჩუნებული. ტყვიების გამოყენების საჭიროება ნამდვილად არ იყო. შტურმის შემდეგ, მასის დაშლა შეიძლებოდა წყლის ჭავლის, ხელკეტების, ფსიქოლოგიური იარაღისა და გაზის ელემენტების გამოყენებით, რეზინის ტყვიების გამოყენება იყო სუპერ გადაცდომა”, – მიაჩნია ვახტანგ მაისაიას.

21 ივნისს, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია კვლავ განახლდა. ახლა, აქციის მონაწილეები თანამდებობიდან შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვდნენ, მათი მთავარი ლოზუნგი კი “კულტურული რევოლუცია” – cultural revolution იყო. ოპოზიციონერმა ლიდერებმა დღის ბოლოს, აქციის ოფიციალური ნაწილი და სიტყვით გამოსვლები დასრულებულად გამოაცხადეს და მოქალაქეებს, მეორე დღეს, იმავე დროს, იმავე ადგილას შეკრებისკენ მოუწოდეს. მათი განმარტებით, საჭიროა კონსოლიდირებული, ორგანიზებული მოქმედება და ძალების დაზოგვა, რათა ყოველ მომდევნო დღეს, პარლამენტის შენობის წინ, კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა შეძლოს გამოსვლა.

შორენა პაპაშვილი