მას შემდეგ რაც პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის, უკრაინის რადამ საქართველოს მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე დამტკიცებაზე უარი უთხრა, სააკაშვილს ხელისუფლებაში სხვა თანამდებობა გამოუძებნეს. უკრაინის პრეზიდენტმა 7 მაისს იგი, რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა. საქართველოს ექსპრეზიდენტი და ქალაქ ოდესის ექსგუბერნატორი სააკაშვილი უკრაინას გლობალური ეკონომიკური კრიზისის ფონზე ფულადი სახსრების მოძიებას ჰპირდება. მომხდარის გამო, საქართველოს მმართველ პარტიაში უკმაყოფილება ვერ დამალეს და ხელისუფლებამ უკრაინიდან ელჩი კონსულტაციებისთვის გამოიწვია. რამდენად მნიშვნელოვანი “მონაპოვარი” იქნება სააკაშვილი უკრაინისთვის და როგორ განვითარდება ორ ქვეყანას შორის შემდგომი ურთიერთობები, ამასთან დაკავშირებით Dalma News-ი ექსპერტებს – გია აბაშიძესა და არჩილ სიხარულიძეს ესაუბრა.

გია აბაშიძე

გია აბაშიძე: ეს არის დიდი შეცდომა, რომელიც დაუშვა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სააკაშვილის კანდიდატურის შერჩევისას. უკრაინის რადაში არიან გამოცდილი პოლიტიკოსები და მშვენივრად იციან სააკაშვილის აქაური კრიმინალური წარსულიც და იქ დაშვებული არაერთი შეცდომაც. აქედან გამომდინარე, ხალხის მიერ არჩეული რადა, უფრო შორსმჭვრეტელი აღმოჩნდა, ვიდრე პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაცია. უკრაინის პარლამენტმა არ დაამტკიცა ის ვიცე-პრემიერად. როგორც ვვარაუდობდით, ეს უკვე აისახა ორი ქვეყნის ურთიერთობებზე, ის ოდნავ გაცივდება, მაგრამ საბოლოოდ არ გაწყდება. გამოიწვიეს საქართველოს ელჩი, თუმცა კიევი არ გაიწვევს თავის ელჩს. სააკაშვილი დროებითი თავმჯდომარეა, მისი საქმიანობა განწირულია წარუმატებლობისთვის.

არჩილ სიხარულიძე: ჩემთვის მიუღებელია ის, რომ ადამიანი, რომელიც ჩემს ქვეყანაში, რამდენიმე დანაშაულის გამო არის გასამართლებული, უკრაინაში რაიმე თანამდებობაზე დაინიშნოს. ეს ცუდად დამთავრდება უკრაინისთვის, რომელმაც სამწუხაროდ ვერა და ვერ ისწავლა, როგორც უნდა აშენდეს ქვეყანა. მეორე საკითხია სტრატეგიული მოკავშირეობა. ჩვენი მოკავშირეობა რუსეთის ფაქტორით თუ არის განპირობებული, მაშინ დავხუჭოთ თვალი და ვიმეგობროთ იქამდე, სანამ რუსეთი საფრთხობელად გვეყოლება. არ ვიზიარებ მითს, რომ საქართველო და უკრაინა ლამის ასწლეულების ძმაკაცები და სტრატეგიული მოკავშირეები ვართ, ეს უბრალოდ რეალობას არ შეესაბამება.

ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეობა დაიწყო სააკაშვილთან და იუშენკოსთან ერთად. იმაზე საუბარი, რომ უკრაინელები ჩვენი გულ-ღვიძლი ძმები არიან, ეს არც დასტურდება  ისტორიული ფაქტებით. ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ჩემმა ღვიძლმა ძმამ თქვას, – არ მადარდებს შენი სამართალიო. სააკაშვილს ლობირებენ აღმოსავლეთ ევროპისა და აშშ-ს ინტერესთა ჯგუფები. სააკაშვილმა საქართველოში შეცვალა კონსტიტუცია, ჩამოაყალიბა საპრეზიდენტო მმართველობა, სადაც პარლამენტს არანაირი ფუნქცია აღარ ჰქონდა, ამის უფლებას მას უკრაინაში არავინ მისცემს. უკრაინაში მთელი ძალაუფლება ოლიგარქების ხელშია. სააკაშვილს კორუფციის დაბალ ფენებში აღმოფხვრის უფლებასაც არ მისცემენ.  გამოჩნდა, რომ უკრაინულ ელიტაში საერთოდ არ მიაჩნიათ საჭიროდ, საქართველოს მოსაზრების გათვალისწინება იმ საკითხში, სადაც საქართველოსა და უკრაინის ადმინისტრაციებს შორის გაიყო მოსაზრებები. ძალიან მარტივია გაეროში გამოხვიდე და რუსეთის წინააღდეგ მისცე ხმა, ამას მოკავშირეობა არ სჭირდება.

როგორი იქნება საქართველოუკრაინის ურთიერთობა სააკაშვილის დანიშვნის ფონზე?

გია აბაშიძე: ვფიქრობ ურთიერთობა გაგრძელდება, განსაკუთრებით სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში. ორივე ქვეყანას მოუწევს სხვადასხვა ფორმატებში თანამშრომლობა, უწინარესად ეს არის ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატი და სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმები. თუმცა, ალბათ, სანამ სააკაშვილი იქნება იქ რომელიმე პოლიტიკურ თანამდებობაზე, ორ ქვეყანას შორის სრულფასოვანი ურთიერთობა ვერ იარსებებს, განსაკუთრებით პოლიტიკური და აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილში. ეს არ შეეხება ტურიზმს. შესაძლოა ქვეყნებს შორის ოფიციალური ვიზიტებიც არ იყოს, მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციების ფორმატში პარტნიორებად დავრჩებით.

არჩილ სიხარულიძე

არჩილ სიხარულიძე: არანაირი პერსპექტივა არ გვაქვს, მე ძალიან პრაგმატულად ვუყურებ ამას. საქართველო-უკრაინის ურთიერთობა დამყარებული იყო რევოლუციურ მოსაზრებებზე და იმავე დონეზე დარჩა. დანარჩენი არის უბრალოდ ინერცია. აღმოჩნდა, რომ ურთიერთპატივისცემაში გვაქვს პრობლემა. მას შემდეგ, რაც სააკაშვილი წავიდა ხელისუფლებიდან და ოდესის გუბერნატორად დაინიშნა, 7 წლის განმავლობაში საქართველოსა და უკრაინის უმაღლესი თანამდებობის პირებს შორის შეხვედრები არ ყოფილა. ეს იყო ძალიან ცივი პერიოდი ჩვენს ურთიერთობაში. არ გამიკვირდება, თუ ასეთივე სიცივე მომდევნო 7 წლის განმავლობაში გაგრძელდება, თუმცა არ მგონია, ზელენსკი იმ თანამდებობაზე კიდევ დიდხანს დარჩეს. უკრაინას სჭირს სენი – ტოტალური კორუფცია და ოლიგარქების ინტერესები. ამ მხრივ მართლაც ესაჭიროება უკრაინას რეფორმები, მაგრამ არა ზელენსკისა და სააკაშვილის გამოცდილებით.

– როგორ აისახება სააკაშვილის მოღვაწეობა უკრაინაში, საქართველოს საშინაო საქმეებზე?

გია აბაშიძე: სააკაშვილს საქართველოს საშინაო პოლიტიკისთვის ნამდვილად აღარ ეცლება, მაგრამ თუ მოიცლის, თბილისს აქვს ოფიციალური უფლება, საერთაშორისო ასპარეზზე ხელმეორედ დააყენოს დღის წესრიგში საკითხი, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე ერევა საქართველოს საშინაო პოლიტიკაში, რომელიც იმავე დროს უკრაინის მაღალი თანამდებობის პირია. ამით საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდება სააკაშვილიც და პრეზიდენტი ზელენსკიც.  ერთი ფეისბუქმიმართვაც კი საკმარისია, რომ თბილისს ჰქონდეს ამის გაპროტესტების საფუძველი.

არჩილ სიხარულიძე: სააკაშვილი ძალიან აქტიური ადამიანია. როგორც რევოლუციონერს, მას აქვს უსაზღვრო ენერგია. საუბარია იმაზე, რამდენად კარგად წაუვა საქმე. ჩვენი ოპოზიცია აუცილებლად გამოიყენებს სააკაშვილის გამო უკრაინა-საქართველოს შორის ურთიერთობის დაძაბვას იმისთვის, რომ თქვან, – ხელისუფლება არის პრორუსულიო.  საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია ოპოზიციასაც და ხელისუფლებასაც უკვე დაწყებული აქვთ. ოპოზიციის ყველაზე დიდი ბერკეტი სააკაშვილია, რაიმე ახალ ეკონომიკურ პოლიტიკაზე საუბარი ზედმეტია, ასევე, იმაზე, რომ ეს ხალხი ნატო-ში ან ევროკავშირში შეგვიყვანს. მივხვდით, რომ აქ საუბარი აღარ არის სურვილზე.

 

მიხეილ სააკაშვილი

რა საერთო და რა განსხვავებაა უკრაინასა და საქართველოს შორის?

გია აბაშიძე: უკრაინისგან განსხვავებით საქართველო წარმატებით უმკლავდება პანდემიას. ამას არაერთი საერთაშორისო აქტორი ღიად აფასებს და გვიგზავნიან უფრო მეტ დახმარებას, ვიდრე ველოდით. უკრაინას აქვს ძალიან ბევრი პრობლემა. არა მხოლოდ პანდემიის მასშტაბების გამო, არამედ კორუფციის მასშტაბებიდან გამომდინარეც. ათწლეულებია იქ რეფორმები არ განხორციელებულა, აქედან გამომდინარე, არის საკმაოდ რთული ვითარება. თითქმის ორჯერ არის დაცემული ზელენსკის რეიტინგი, ეს მაშინ, როცა ჯერ მხოლოდ ერთი წელია გასული მისი მმართველობიდან. ის ცდილობს, ქვეყანა უდანაკარგოდ გამოვიდეს პანდემიიდან, განახორციელოს რეფორმები, მაგრამ საინტერესო იქნება, სააკაშვილი თუ შეძლებს საერთაშორისო დონორებისგან მრავალი მილიარდის ჩატანას უკრაინაში, რასაც პოპულისტურად აცხადებს.

უკრაინაში დიდია ოლიგარქების გავლენა, თითქმის ფეოდალების დონეზე არის აყვავებული უკრაინის ოლქებში მათი ბიზნესი, სააკაშვილს ჰყავს დიდი ოპონენტი უკრაინის შს მინისტრ ავაკოვის სახით. წლების წინ, მათი საჯარო დაპირისპირება ზუსტად რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე გვახსოვს, მაშინ პრეზიდენტი პოროშენკო იყო. საინტერესო იქნება ავაკოვისა და სააკაშვილის მომდევნო შეხვედრაც.

არჩილ სიხარულიძე: უკრაინაში არაერთხელ ვარ ნამყოფი და გეტყვით, რომ იქ არის ერთი სულისკვეთება –  ყველას ყელში ამოუვიდა კორუფცია, სახელმწიფოს ძალადობა საზოგადოებაზე. ყველას გვსურს ერთ დღეს გავიღვიძოთ და მთავრობა კი არ გვატყუებდეს, არამედ სიმართლეს გვეუბნებოდეს. სასამართლომ კი არ გადაგვაგდოს, არამედ მხარში ამოგვიდგეს, პოლიციის მიზანი ის კი არ იყოს დაგვიჭიროს, რათა პრემია მიიღოს. ამ მხრივ უკრაინასა და საქართველოს შორის განსხვავება იმაშია, რომ გაგვიმართლა საქართველო პატარა ქვეყანაა.

ესაუბრა შორენა პაპაშვილი