კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის გამო, ქართული ეკონომიკის დაზარალებული სექტორების რიგში “რთველი 2020” დგას. საქართველოში ყურძნის გაზრდილ მოსავალს ელიან, რაც, წინასწარი დათვლით, 300 ათას ტონამდე იქნება.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მევენახეები დაამშვიდა და მსოფლიო პანდემიის ფონზე მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, ყურძნის მოსავლის ბიუჯეტიდან სუბსიდირებას დაჰპირდა, უკიდურეს შემთხვევაში მთავრობა შესყიდვებშიც ჩაერთვება. ყურძნის ჯიშებზე – რქაწითელსა და კახურ მწვანეზე მთავრობის მიერ დადგენილი მინიმალური ფასი 80 თეთრით განისაზღვრა.

მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებაზე საქართველოში წლეულს, 80 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება. აქედან 60 მლნ კონკრეტულად ყურძნის ფასის სუბსიდირებას უნდა მოხმარდეს. საქართველოს მთავრობაში ფიქრობენ, რომ პანდემიის გამო, ღვინის ქართული კომპანიები ეკონომიას გასწევენ და ტრადიციულზე ნაკლებ ყურძენს შეიძენენ, რაც ფასზეც აისახება. პრობლემებს სწორედ რქაწითელის რეალიზაციის მიმართულებით ელოდებიან, ხოლო საფერავთან დაკავშირებით ჩაბარების მექანიზმების მოფიქრების საჭიროებას ვერ ხედავენ.

პრემიერის თქმით, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ერთ-ერთი სამიზნე არის სოფელი, ფერმერი, ქართველი გლეხი დ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ სხვადასხვა ინსტრუმენტით ამ ადამიანებს დახმარებოდნენ, კრიზისის პირობებში ქართველი ფერმერი გაეძლიერებინათ.

ყურძნის მოსავლის მხრივ რეკორდული იყო 2019 წელს, როდესაც საქართველოდან 94 მილიონი ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდა. იზრდება შიდა მოხმარებაც. მეღვინეობა ქართულ ექსპორტში 2012 წელს დაახლოებით 2,5% იყო, დღეის მონაცემებით კი 6%-ია. ​ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კორონავირსუსი გამო, ღვინის რეალიზაციის მზარდი ტენდენცია საქართველოში წლეულს, 10-15%-ით შემცირდა. მიზეზი მარტივია, ღვინის გაყიდვა მჭიდროდ არის დაკავშირებული სასტუმრო და რესტორნების ბიზნესთან. ამ სექტორზე გაყიდვების დაახლოებით 30% მოდის.

საქართველოს მთავრობა ბოლო წლებში, ყურძნის ფასში სუბსიდირებას აღარ ახდენდა, თუმცა მევენახეებს “სუპერ ფასების” მოლოდინი, არც წლეულს უნდა ჰქონდეთ.

“ყურძენი მალფუჭებადი პროდუქტია და მყისიერად უნდა დაბინავდეს. რესურსები შეზღუდულია და ყველაფერს ყურძნის შესაძენად ვერ დავხარჯავთ”, – აცხადებს სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი.

გიორგი ცუცქირიძე

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში გიორგი ცუცქირიძე მიიჩნევს, რომ ყურძნის სუბსიდირება საქართველოსთვის სიახლე არ არის, უფრო მეტიც, აგროსფეროს დაფინანსება ევროკავშირში მიღებული პრაქტიკაა. ერთი მხრივ ყურძენი საქართველოში სტრატეგიული მნიშვნელობის პროდუქტია, მეორე მხრივ კი, ეკონომიკის ამა თუ იმ სეგმენტის გაჩერება და შემდგომ მათი აღდგენა, ქვეყნისთვის უფრო დიდი ზარალის მომტანი იქნება, ვიდრე ის, რომ შენარჩუნდეს გარკვეული რენტაბელობის ზღვარზე. ექსპერტის მოსაზრებით, სწორედ რენტაბელობის შესანარჩუნებლად გადაწყდა რთველის სუბსიდირება. საუბარია ყურძენზე, არა როგორც ხილზე, არამედ პროდუქტზე, რომელიც პირდაპირ აისახება ქართული ღვინისა და მისგან დამზადებული სხვა სასმელების ხარისხზე – საკონიაკე მასალაზე, ჭაჭაზე, რომელიც ბოლო წლებში კარგად გადის.

“იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ პანდემიის პერიოდში მთელს მსოფლიოში ხდება ბევრი რამის სუბსიდირება, იმიტომ, რომ რისკის წინაშე დგას ეკონომიკის ესა თუ ის სეგმენტი, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება მართებულია”, – განუცხადა Dalma News-ს გიორგი ცუცქირიძემ.

ყურძნის მოსავლის გაზრდა, ერთი შეხედვით ​შხამ-ქიმიკატების დიდი რაოდენობით და აქტიურ გამოყენებას უკავშირდება. ეს საკითხი თავად კახელ მევენახეებსაც აწუხებთ. ისინი ჯანსაღი კონკურენციის მომხრენი არიან, რომ ყურძნის ღირებულება მისი ხარისხის შესაბამისი იყოს და არა რაოდენობის. ეს საკითხი მწვავედ დგება დღის წესრიგში მაშინაც, როცა ქართული პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე შედის. იქ ძალიან მაღალ სტანდარტებზეა მოთხოვნა, მათ შორის, შხამ-ქიმიკატებსა და სხვადასხვა დაბინძურებაზე. საჭიროა განვითარდეს მეორე მიმართულება – ბიოპროდუქტის პოპულარიზაცია.

“ეკოლოგიურად სუფთა ღვინო 10-ჯერ მეტი ღირს ვიდრე ჩვეულებრივი. ანუ გამოვიყენოთ ორგანული სასუქები და არა ჰიბრიდული. ეს არის ორმხრივი მოძრაობა. ქარხანა, რომელიც ბიო-პროდუქციას აწარმოებს, ამოწმებს ყველა ხარისხის ყურძენს. თუ უფრო აქტიური გახდება ამ მიმართულების მხარდაჭერა ექსპორტიც გაიზრდება და გლეხიც ბიოპროდუქციის წარმოებაზე გადავა. სხვა შემთხვევაში ღვინის ქარხანა იქნება, თუ გადამამუშავებელი საწარმო, არ ჩაიბარებს გლეხის პროდუქციას, მაგრამ მეორე საკითხია ის, რომ ქარხნებს თავად აქვთ ჰექტრობით ვენახები”, – ამბობს გიორგი ცუცქირიძე.

მისივე თქმით, ამ მიმართულებით საჭიროა გლეხების მეტად ინფორმირებულობა, ხელისუფლებამ უფრო აქტიურად მოახდინოს ამ თემის პოპულარიზაცია. საჭიროა მომზადდეს სპეციალური სატელევიზიო გადაცემები, დარიგდეს ბუკლეტები, ჩატარდეს ტრენინგები, როგორც ეს ევროპის ქვეყნებშია მიღებული.

“ტურზიმის განვითარებაში დიდი მნიშვნელობა აქვს ღვინოს. გლობალურმა პანდემიამ ერთი კარგი გაკვეთილი ჩაგვიტარა – ტურიზმის დივერსიფიკაცია გვჭირდება. ჩვენ გვჭირდება სამედიცინო და ეკოტურიზმი. სხვადასხვა კურორტებზე ადამიანების მიღება. როცა ამ ტიპის ტურისტი ჩამოდის, ის ითვლება მაღალმხარჯველობით ტურისტულ ფენად. მაღალხარჯიანი ტურისტი, ყოველთვის ბიოპროდუქციას ყიდულობს. ტურიზმის ამ მიმართულების განვითარება თუ გვინდა, აუცილებლად მოგვიწევს ბიოპროდუქციის წარმოება და ღვინო, აუცილებლად ხარისხიანი უნდა იყოს. არა მარტო ბოთლის ღვინო, გლეხის “ჩამოსასხმელი ღვინოც” უნდა იყოს პოპულარული”, – განუცხადა Dalma News-ს გიორგი ცუცქირიძემ.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაილულის მკვიდრი, 56 წლის ბადრი, გამოცდილი მევენახეა. მიაჩნია, რომ ვაზს, როგორც ბავშვს უნდა მოვლა – დაწყებიდან მოსავლის აღებამდე. მისივე თქმით, თანამედროვე მევენახეები დიდი რაოდენობით შხამ-ქიმიკატებს იყენებენ, ზოგჯერ ამას მოსავლის გაზრდის მიზნით აკეთებენ, ზოგჯერ კი მიზეზი არაინფორმირებულობაა.

აღარ არსებობს საცდელი მეურნეობები, სადაც ამა თუ იმ დაავადების საწინააღმდეგო პრეპარატები მუშავდებოდა და გამოიცდებოდა. უცხოეთიდან შემოტანილი, ვაზის საწამლი მასალის უმეტესობა არ არის მორგებული საქართველოს ბუნებრივ გარემოზე, გარდა ამისა, წამალი შესაძლოა კარგი ხარისხის იყოს მაგრამ, მაღაზიაში შეძენისას მენეჯერმა მისი ზუსტი დანიშნულება და დოზები არ იცოდეს, წამლის არასწორმა გამოყენებამ კი შეიძლება მცენარე დააზიანოს. ასევე, უხვად იყენებენ ბალახის საწინააღმდეგო წამალს, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან საშიშია. უკონტროლოდ მიდის ეს პროცესი. ნიტრატებით გაჯერებული სოფლის მეურნეობის პროდუქცია საზიანოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

რაც შეეხება “გვარჯილას”, რასაც კახეთში ყველა სახის ნარგავზე აქტიურად იყენებენ, როგორც ბატონმა ბადრიმ განმარტა, ის მცენარეს იმ შემთხვევაში შეიძლება მისცენ, თუ ადგილი გვალვიანი და ისიც, ადრე გაზაფხულზე, სანამ მცენარე ყვავილობაში შევა. გაცილებით უკეთესია ბუნებრივი სასუქები, რაც უკვე ძალიან იშვიათად გამოიყენება. ქიმიური სასუქით მოყვანილი პროდუქტი სიმსივნურ დაავადებებს იწვევს.

“მაღაზიებში არ არიან პროფესიონალი აგრონომები. წამლის ანოტაციაზე მეტი არ იციან. არასწორი შეწამვლის გამო გაუფუჭდა ხალხს ვენახები. იყო პერიოდი, როცა საქართველოში, სოფლის მეურნეობის პროდუქცია მკაცრად კონტროლდებოდა. კახეთიდან წამოსულ პროდუქციას ბაზარზე მანამდე არ უშვებდნენ, სანამ ნიტრატებზე არ შემოწმდებოდა. ნიტრატებს აძლევენ ყურძენსაც. ძველად, აგრონომები მოდიოდნენ, ამოწმებდნენ ვენახებს, ახლა ეს აღარავის აინტერესებს, უკონტროლო ქვეყანაა. ხალხს არ აინტერესებს ხარისხი. მიაყრიან დიდი რაოდენობით ქიმიურ სასუქს და, რამდენიმე წლის შემდეგ ვენახი გაფუჭდება”, – გვითხრა კახელმა მევენახემ.

მისივე თქმით, კარგი მოსავლის შემთხვევაში 1ჰა-ზე მაქსიმუმ 10-12 ტონა ყურძენი უნდა მოვიდეს. გაზრდილი მოსავალი ყურძნის ხარისხზე უარყოფითად მოქმედებს. ამიტომ, უკეთესია ფასი ხარიხის მიხედვით განისაზღვროს და არა რაოდენობით.

“კირისა და შაბიამნის გარდა, ყურძენს სხვა წამალს არ ვასხამ. ბიოყურძენი 1 ლარზე ნაკლები არ უნდა ღირდეს”, – ამბობს ბატონი ბადრი.

გვალვისა და სეტყვის გარდა, კახელ გლეხებს მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა აწუხებთ. ვენახის დროულად მორწყვა კახეთში მარადიული პრობლემაა.

როგორც ყვარლელი მევენახე, 68 წლის ვახტანგი ამბობს, არის ადგილები, სადაც ხალხი ვერ რწყავს ვენახებს. თავის დროზე, ყვარელში “ილიას ტბა” ამ მიზნით აშენდა, რომ იქ დაგროვებული წყალი ადგილობრივ მოსახლეობას ვენახებისა და ბაღ-ბოსტნის მოსარწყავად გამოეყენებინა. მაგრამ “ილიას ტბის” დღევანდელი ფუნქცია ტურისტების მომსახურებაა, ის წლებია, საბანაო აუზად არის ქცეული.

კახეთის მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელ სოფლებშია შემორჩენილი მერუის პრაქტიკა, რომელიც რიგის მიხედვით აწვდიდა მოსახლეობას წყალს მოსარწყავად. დღეს კი, მოსახლეობა რუების არქონის გამო სწუხს.

“ხელისუფლებაში რომ მოვლენ და თანამდებობებს დაიკავებენ, პირად ინტერესებზე უფრო ფიქრობენ, ვიდრე ხალხის ბედზე. მოსავლის დაზღვევაც ერთი დიდი აფიორაა და მეტი არაფერი. ჩემს დისშვილს თელავში, ვენახები დაესეტყვა. მთლიანად გაუნადგურდათ წლევანდელი მოსავალი. დაზღვეული ჰქონდათ, მაგრამ ჯერ არავინ მისულა სადაზღვევოდან, ყალბათ მაინც დაპირებოდნენ დახმარებას. 3 წლის წინ დამესეტყვა ბაღი, მაგრამ კაციშვილი არ მოსულა. ფურცლებზე კი ისე წერენ, თითქოს ხალხის ბედზე სწუხან”, – ამბობს ბატონი ვახტანგი.

ყოველწლიურად ყურძნის მზარდ მოსავალს რაც შეეხება, როგორც Dalma News-ს ადგილობრივმა გლეხებმა განუცხადეს, მათი მოსავალი, არც ერთი ზედმეტი კილოგრამი ყურძნით არ იმატებს. მიწებს მდიდარი ბიზნესმენები, ან ხელისუფლების წარმომადგენლები ყიდულობენ და ასობით ჰექტარ ვენახებს აშენებენ, შესაბამისად ბიუჯეტის დახმარებაც მათ სასარგებლოდ იმუშავებს.

ასეთი ასობით ჰექტარი ვენახები გაშენდა კახეთში. ყოველდღიურად ახალ-ახალი მასივები შენდება. გლეხი, ისევ გლეხად დარჩა. ღვინის ქარხნებს მილიონრები იშენებენ, სუბსიდიით გამოყოფილი თანხაც, ისევ ელიტარულ წრეში წავაო, – ამბობენ კახელი მევენახეები.

შორენა პაპაშვილი