მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებების დასაწყისში საქართველოს ხელისუფლებამ თავისი ნეიტრალური პოზიცია დააფიქსირა და კონფლიქტურ მხარეებს მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომისკენ მოუწოდა. იმის შესახებ, თუ რამდენად ეფექტიანია საქართველოს ეს პოზიცია ახლო მეზობლებთან მიმართებაში და რა საფრთხეს შეუქმნის მას რეგიონში თურქეთის გავლენის შესაძლო გაძლიერება, მოგვითხრობს Dalma News-ის მუდმივი ავტორი თბილისიდან.

მთიან ყარაბაღში ომი უკვე თვეზე მეტია მიმდინარეობს. ეს ომი სომხებისთვის თვითგადარჩენის ტოლფასია. სამი მილიონი ათმილიონიანი აზერბაიჯანის წინააღმდეგ – ამას რიცხობრივ უპირატესობას ვერ ვუწოდებთ, ეს უფრო ეგზისტენციალური ხასიათის საკითხია. როდესაც დიდის მიერ პატარის შთანთქმის საშიშროება იზრდება. გარდა ამისა, აზერბაიჯანის მხარეს სირიის ტერორისტული ორგანიზაციებიდან დაქირავებული პირები და თურქი სპეც.რაზმელები იბრძვიან. ამასთან აზერბაიჯანის არმიის შეიარაღება ბევრად უფრო უკეთესია, ვიდრე სომხეთის და მთიანი ყარაბაღის.

აზერბაიჯანისთვის ეს ომი რეგიონალური პრესტიჟის საკითხია. ყარაბაღში შესვლის შემდეგ, ილჰამ ალიევი ენერგორესურსების ქვეყნის პრეზიდენტიდან აზერბაიჯანული მიწების შემგროვებლად იქცევა. ეს კი ამბიციური და ავტორიტარული ლიდერისთვის თვისობრივად განსხვავებული დონეა. ბოლოს და ბოლოს, რა ხდებოდა კონფლიქტის ზონაში ბოლო 30 წლის განმავლობაში? – მუდმივი სროლები და ვითარების ხანმოკლე გამწვავებები, როგორც მაგალითად, 2016 წელს. სრულმასშტაბიან ომში გამარჯვება კი მას პოლიტიკურ არენაზე სრულიად განსხვავებულ წონა შესძენს. ამრიგად, აზერბაიჯანის ლიდერი დიდი ძმის – თურქეთის მხარდაჭერის იმედად, სამხედრო ოპერაციებს იწყებს და მთიან ყარაბაღში სამხედრო შეჭრას იმით ხსნის, რომ 30 წლის განმავლობაში კონფლიქტის მოგვარების თაობაზე სამშვიდობო მოლაპარაკებებს შედეგი არ მოუტანიათ. თითქოს, აზერბაიჯანს ომის გარდა სხვა გზა არ დარჩენია. შედეგად, აზერბაიჯანის ლიდერმა არაერთხელ განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის ხელისუფლება თავის ტერიტორიებს ოკუპანტებისგან გაათავისუფლებს, არაღიარებული რესპუბლიკის მცხოვრებლები მშვიდობიანად იცხოვრებენ აზერბაიჯანელ მოსახლეობასთან ერთად, რომლებიც თავიანთ მიწას დაუბრუნდებიან.

თუ ეს ტერიტორია აზერბაიჯანს ეკუთვნის, როგორც აზერბაიჯანის ლიდერი ამტკიცებს, მაშინ ამ ტერიტორიაზე მდებარე ქალაქების მკვიდრნი მისი სახელმწიფოს მოქალაქეები არიან. მაშ, რატომ ანადგურებენ სამოქალაქო ობიექტებს ჭურვებით და საფრთხეს უქმნიან საკუთარი ხალხის სიცოცხლეს? ეს ორი საკითხი ურთიერთწინააღმდეგობაში მოდის.

Ваграм Багдасарян/Photolure/ТАСС

ყარაბაღის კონფლიქტი ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე არსებულ კონფლიქტებს შორის ერთ-ერთი პირველია, თუმცა არა – ერთადერთი. მსგავსი ტერიტორიული პრობლემა ამ რეგიონში საქართველოსაც აქვს. დაკარგული ტერიტორიების საკითხი საქართველოს მოქალაქეებისთვის ყველაზე მტკივნეული თემაა, ხოლო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ეროვნულ დოქტრინად იქცა. გარდა ამისა, აზერბაიჯანი საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მთავარი მიმწოდებელია. ამიტომ, ეკონომიკური დამოკიდებულების და მსგავსი ტერიტორიული პრობლემის გათვალისწინებით, საქართველოს სიმპათიები ამ ომში აზერბაიჯანის მხარესაა. თუმცა, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებების დაწყების პირველივე დღეებიდან საქართველოს ხელისუფლებამ, ოფიციალურ დონეზე, თავისი ნეიტრალური პოზიცია დააფიქსირა და თავისი ტერიტორია მშვიდობიანი მოლაპარაკებების პლატფორმად შესთავაზა. რეგიონში ყველაზე მეტად მას სჭირდება მშვიდობა.

საქართველოში სომხები და აზერბაიჯანელები საუკუნეების განმავლობაში მშვიდად თანაცხოვრობენ. ამიტომ, ერთ – ერთი კონფლიქტური მხარისადმი გადახრა საქართველოში ეთნიკურ და პოლიტიკურ პრობლემებს გამოიწვევს. გარდა ამისა, მთიანი ყარაბაღის საომარი მოქმედებები საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდს დაემთხვა და ომის თემა შიდა პოლიტიკურმა პროცესებმა ჯერ უკან გადასწია, შემდეგ კი დღის წესრიგიდანაც ამოვარდა.

არჩილ სიხარულიძე

პოლიტოლოგის არჩილ სიხარულიძის თქმით, ქართული ნეიტრალიტეტი გულგრილობას ესაზღვრება.

“თუ ჩვენი პოზიცია ერთ-ერთი ტოლერანტული ქვეყნის პოზიციაა, სადაც სხვადასხვა აღმსარებლობისა და რელიგიური ჯგუფის ხალხი ცხოვრობს, მაშინ რატომ არ ვთავაზობთ საქართველოს, როგორც მოლაპარაკებების პლატფორმას, – ამბობს ექსპერტი. – გავიგეთ, რომ საქართველო მხარეების მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას უჭერს მხარს. მაგრამ, ამავე დროს, აქტიური ნაბიჯები არ გადაგვიდგამს. არც მარნეულში და არც სამცხე-ჯავახეთში შეხვედრები არ ჩატარებულა”.

ამ მომენტისთვის საქართველო კონფლიქტის არცერთ დაინტერესებულ მხარეს არ წარმოადგენს, მას რეგიონში მშვიდობა სჭირდება. პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველოს კარგი პოლიტიკური იმიჯი აქვს. ეს ძალზედ მნიშვნელოვანია იმ ხელისუფლებების პირობებში, რომლებიც ერთმანეთს არ ენდობიან. ისინი ვერ შეიკრიბებიან თურქეთში, რადგანაც ეს უკანასკნელი მხარს აზერბაიჯანს უჭერს. ვერც მოსკოვში შეიკრიბებიან,რადგანაც იქ რუსეთთან სომხეთის და აზერბაიჯანის ურთიერთქმედებების ფაქტორი არსებობს. საქართველო სამხრეთ კავკასიაში მთავარი ქვეყანაა.

რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ის სამხედრო კონფლიქტის მოგვარების ადგილად. ზოგჯერ მოლაპარაკებების ადგილი საბოლოო შედეგზე ახდენს გავლენას. რატომ არ უნდა დავურეკოთ ბატონ ფაშინიანს და ალიევს და არ შევთავაზოთ თბილისში შეხვედრა. მით უფრო, რომ ადამიანური თვალსაზრისით, ორივესთან შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. ეს ხომ კავკასიაა და აქ ბევრი რამ სხვაგვარად წყდება. ნდობა – ეს არის მთავარი ფაქტორი, რომელიც კავკასიაში მოქმედებს და რომელიც ყველა ფორმალურ პირობაზე მნიშვნელოვანია. მაგრამ ასე არ ხდება. ერთის მხრივ, მათ წინასაარჩევნო კამპანია უშლით ხელს. მეორე მხრივ, ქართული ელიტის ორიენტაცია დასავლეთისკენ სრული და აბსოლუტურია”.

სიხარულიძის თქმით, საქართველო ევროპისკენ მიდის და სამხრეთ კავკასიაში, ისევე როგორც პოსტსაბჭოთა სივრცეში, აქტიურ პოლიტიკას არ აწარმოებს, ამიტომ მხედველობის არეალიდან სომხეთსა და აზერბაიჯანს მთლიანად კარგავს.

”ჩვენთვის ისინი შორეული გალაქტიკებია. მაშინ ვრეაგირებთ, როდესაც იქ ისეთი ცვლილებები ხდება, რამაც შეიძლება გეოპოლიტიკური ცვლილებები გამოიწვიოს. მაგალითად, ქვეყნის ხელისუფლებაში პროდასავლელი ფაშინიანი მოვიდა და საქართველო მოულოდნელად მეზობელი ქვეყნით დაინტერესდა. ჩვენთვის სომხეთი აქტუალური მხოლოდ მას შემდეგ გახდა, რაც იქ ამერიკულმა, ან ევროპულმა ინტერესებმა მოიკიდეს ფეხი. საქართველოს პოლიტიკური ელიტა დაკავებულია ევროპულ ოჯახში დაბრუნების იდეით. აღნიშნულ კონფლიქტში ორიენტირი დასავლეთისკენ არის მიმართული: რას იტყვის, ან როგორ რეაგირებას მოახდენს. თუმცა, დასავლეთს ამჟამად სამხრეთ კავკასიისთვის არ სცალია. ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნებით არიან დაკავებული, ევროპაში მთელი რიგი ტერაქტები მოხდა, რის შედეგადაც უდანაშაულო ადამიანები დაიღუპნენ და დაშავდნენ”, – დასძინა ექსპერტმა.

საშიში მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორი

ომის პირველივე დღეებიდან აშკარა იყო, რომ კონფლიქტი სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირების საზღვრებს სცდებოდა და უფრო ფართო მასშტაბებს იძენდა. ანკარამ ღიად დაუჭირა მხარი ბაქოს და მიანიშნა, რომ ის კონფლიქტის მხარეს წარმოადგენს. ამასთანავე, მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ აგრესიის გამოვლინება სომხეთის მოკავშირე – რუსეთის ფედერაციის გამოწვევად შეიძლება ჩაითვალოს. ერთხელ ალიევმა განაცხადა: “თურქეთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა რეგიონში, აზერბაიჯანის მეზობელი, სომხეთის მეზობელი. სამომავლო სამშვიდობო პროცესში, რომელიც დადგება, ჩემი აზრით, თურქეთის როლი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება”.

ზაალ ანჯაფარიძე

“თუ თურქეთს ამ კონფლიქტის წამოწყება კავკასიაში საკუთარი პოზიციის განმტკიცების მიზნით სჭირდებოდა, მაშინ საქართველო დაუცველ მდგომარეობაშია”, – ამბობს პოლიტიკური ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე. “რეგიონში თურქეთის გავლენის გავრცელების პირობებში, პრო-ისლამური განწყობა გაიზრდება. თურქეთი ქვეყნის შიგნით აქტიურად შექმნის პრო-თურქულ ლობს, რომელსაც პოლიტიკურ წრეებში მისი ხალხი წარმოადგენს. დაიწყება შიდა კონფლიქტი. თურქეთის ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული და სამხედრო დომინირების პირობებში რა დაემართება ჩვენს კულტურულ და რელიგიურ იდენტობას? მოგვიწევს არჩევანის გაკეთება – ვისთან ერთად გავაგრძელოთ გზა”, – განაგრძობს პოლიტოლოგი.

ანჯაფარიძის თქმით, მომავალში საქართველოში შეიძლება გაძლიერდეს ყველა ის პოლიტიკური ძალა, რომლებიც ჩრდილოეთელ მეზობელთან, ერთმორწმუნე რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავების მომხრენი არიან.

“ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოს სერიოზული გამოცდები ელის. იგი რუსეთის და თურქეთის წინაშე მარტო რჩება. როგორც ამბობენ: “ისტორია ორჯერ მეორდება, პირველად ტრაგედიის, მეორედ ფარსის სახით. ისტორიას განმეორება სჩვევია. ასე რომ, ჩვენ ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშე აღმოვჩნდებით. თუ დასავლეთი უფრო ფართოდ გაახელს თვალს, მაშინ საქართველოს ნატოში მიიღებს. თუნდაც იმ საზღვრებით, რომელშიც იგი დღეს არსებობს. მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს სუსტი არგუმენტია. საქართველოს ევროპასთან საერთო საზღვარი არ აქვს,იგი არ ჯდება მის მენტალურ რუკასა და დასავლური ღირებულებების არქიტექტურაში”, – დასძინა პოლიტოლოგმა.

თვალების ფართოდ გახელა დასავლეთს აუცილებლად სჭირდება. ომის დასაწყისში სომხურმა მხარემ არაერთხელ დაადანაშაულა თურქეთი იმაში, რომ იგი საბრძოლო მოქმედებების ზონაში სირიელ დაქირავებულ მებრძოლებს აგზავნის, რომლებიც აზერბაიჯანის მხარეს იბრძვიან. თუმცა, მსოფლიოს ამის დაჯერება ჯიუტად არ სურდა, მაგრა, ქსელში გამოჩნდა ბოევიკების დაკითხვის ჩანაწერები. ახლაც კი, სირიელი ლიდერი ბაშარ ასადის, რუსი პოლიტიკოსების და კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის ხელმძღვანელობის მიერ გაკეთებული განცხადებების არავის სჯერა.

ჯერ კიდევ ოქტომბრის დასაწყისში, სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გერმანული გამოცემის “ბილდ”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ სომხები მთიან ყარაბაღში იბრძვიან არა მხოლოდ აზერბაიჯანელებთან, არამედ თურქეთის მიერ გადაბირებულ სირიელ ტერორისტებთან. მთიანი ყარაბაღი და სომხეთი დღეს ცივილიზაციის ფრონტზე არიან და თუ ამ ფაქტზე მსოფლიო საზოგადოება სათანადო რეაგირებას არ მოახდენს, მაშინ თურქებს ვენის მახლობლად უნდა ველოდოთ. ავსტრიის დედაქალაქის ცენტრში ტერაქტი ერთი თვის შემდეგ მოხდა. უცნობმა პირებმა ქალაქის რამდენიმე ადგილას ერთდროულად გახსნეს ცეცხლი, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა. რამდენიმე დღით ადრე, ტერაქტი ნიცაში მოხდა, სადაც ტერორისტმა დანით სამი ადამიანი მოკლა და ნოტრდამის ეკლესიის რამდენიმე სტუმარი დაჭრა. მანამდე, პარიზის გარეუბანში, ერთ-ერთ ლიცეუმში სასტიკად მოკლეს მასწავლებელი, რომელმაც სიტყვის თავისუფლების გაკვეთილზე წინასწარმეტყველი მუჰამედის კარიკატურა აჩვენა.

დღეს სამხრეთ კავკასიაში ომია, სადაც ერთ-ერთი მოწინააღმდეგის მხარეს ტერორისტული ორგანიზაციებიდან დაქირავებული პირები იბრძვიან. მათი მონაწილეობის ინიციატორი, არც მეტი,არც ნაკლები, თურქეთია. ის უძლიერესი ქვეყანა და სხვათა შორის, ნატოს წევრია. დასავლეთი ამას უყურებს და დუმს. ან იქნებ იმიტომ დუმს, რომ კონფლიქტის მხარეს ერთ-ერთი “მისიანია”? ჩუმად არის, სანამ, ტერიტორიული მთლიანობის შესახებ საერთაშორისო სამართლის პრინციპებს ამოფარებული ადამიანები უკანონობას სჩადიან. იქნებ, არსებობს რაიმე კანონი, რომელიც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით ტერორიზმის ლეგიტიმაციას ახდენს? ან იქნებ, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით არსებობს უფლება, რომელიც უშვებს იძულებით შეჭრას და მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის მოსპობას? მსოფლიო ლიდერებს ან საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის ვინმეს თუ მართლა სჯერა, რომ ამ აგრესიის შემდეგ, ორივე მხარის წარმომადგენელი ადამიანები ერთმანეთის გვერდიგვერდ ცხოვრებას შეძლებენ?!

ეკატერინე მიქარიძე (თბილისი)