საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული თავდაცვის აკადემიაში იუნკერთა პირველი ნაკადის, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის 105 კურსდამთავრებულ “იუნკერს” ოფიცრის ფიცის დადება მიულოცა და ხუთ წარჩინებულ კურსდამთავრებულს დიპლომები გადასცა.

ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა კურსდამთავრებულებსა და მათ ოჯახებს მადლობა გადაუხადა მათ მიერ გაკეთებული მნიშვნელოვანი არჩევენისათვის, რომელიც  საამაყო და ამავდროულად ყველაზე მძიმე მისია არის.

“ამ არჩევანს ემსახურებოდით თქვენ, როდესაც იმაღლებდით კვალიფიკაციას და ეუფლებოდით საჭირო უნარებს. თქვენს ამ არჩევანს, ცოდნას და უნარებს ეფუძნება საქართველოს სახელმწიფოს სიძლიერე, მისი საზღვრების ურყევობა და მისი საზოგადოების სტაბილურობა. იყო ეროვნული თავდაცვის აკადემიის პირველი კურსდამთავრებული ძალიან მნიშვნელოვანი მისია და მნიშვნელოვანი ვალდებულებაა. თქვენ ყოველთვის იამაყებთ ამით! ქართველი ჯარისკაცი, სიმამაცისა და ძლიერების გარდა, ყოველთვის იყო ინტელექტის მქონე ჯარისკაცი. სხვაგვარად ჩვენი წინაპარი ვერ გაუმკლავდებოდა უამრავ მტერთან ბრძოლას. დღეს თქვენ დგახართ თქვენი წინაპრების გზაზე – დაიცვათ თქვენი სამშობლო, ღმერთი გფარავდეთ ამ გზაზე!” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას.

იუნკერებმა და მოწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლისას და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას.

დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ოფიცრის საწყისი სამხედრო განათლების ოთხწლიანი პროგრამა 2011 წელს განახლდა. 2013 წლიდან კი, ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო ბატალიონის მსმენელებს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში 1921 წელს გმირულად დაღუპული იუნკერების ხსოვნის პატივსაცემად, ისტორიული სახელი – “იუნკერი” დაუბრუნდათ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის, მთავრობის, საკანონმდებლო ორგანოს, გენერალური შტაბის, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და კურსდამთავრებულთა მშობლები.