საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პროვოკაციული ქმედებებითა და უსარგებლო ხმაურით ყოფილი სახელისუფლებო პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” კახეთს დანარჩენ რეგიონებთან აპირისპირებს.

“ასეთი პროვოკაციული ქმედებებით, ასეთი უსარგებლო ხმაურით და აჟიოტაჟით, ეს ადამიანები, ვგულისხმობ, ე.წ. ოპოზიციას, “ნაციონალურ მოძრაობას”, აპირისპირებენ კახელ გლეხს დანარჩენ რეგიონებთან. შეგახსენებთ, რომ შარშან ვაშლი განადგურდა, იმის წინათ ციტრუსების მოსავალი გაუფუჭდა ხალხს, ასევე თხილის მოსავალი სამეგრელოში. ეს, რა ხდება, რა აჟიოტაჟია? გასაგებია, რომ ჩვენ ვთქვით, რომ მევენახეობა არის სტრატეგიული მიმართულება და ამდენი ხელშეწყობის შედეგად, 4 000 ჰექტარზე მეტია გაშენებული ახალი ვაზი, ნუთუ ეს საქმე არ არის?”, – განაცხადა პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე რთველთან დაკავშირებით საუბრისას და გლეხებსა და ფერმერებს მიმართა, შეცდომაში არ შევიდნენ და ვინმეს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის არ გამოაყენებინონ თავი.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ბირჟაზე 20-30 კაცი დააყენეს იმ დროს, როდესაც გლეხს ბირჟაზე არაფერი ესაქმება და ყურძენი აქვს მოსაკრეფი. წლეულს ყურძნის მოსავალი, თითქმის 30%-ით გაიზარდა. პრემიერმის ინფორმაციით, რთველისთვის შექმნილი შტაბი გამართულად მუშაობას და მოსახლეობას ყურძნის ჩაბარების მხრივ არავითარი პრობლემა არ ექნება.