“საქართველოს პურის მრეწველთა კავშირი” პურის ფასზე რეფერენტული ფასების დაწესებას ითხოვს და აცხადებენ, რომ “სოციალურ პურზე” დღეს არსებული ფასი არის არა წარმოების მიერ ნაკარნახევი, არამედ მაღაზიები თავად განსაზღვრავენ. ე.წ რეფერენტული ფასების დაწესების შემთხვევაში კი, სახელმწიფო მაღაზიებს თავად განუსაზღვრავს სარეალიზაციო თანხის მაქსიმუმს და მაღაზიები ფასს თვითნებურად ვეღარ გაზრდიან. საუბარია პურის 10 თეთრით გაიაფებაზე.

ფქვილის მწარმოებლები ამბობენ, რომ მსოფლიო ბაზარზე ფქვილის ფასების კლების ტენდენცია შეინიშნება და ეს პურზეც უნდა აისახოს.

“მე რომ მაღაზიას პური მივაწოდე, მან ეს თანხა თავის მოგებაში კი არ უნდა ასახოს, არამედ მოსახლეობას იმ ფასად მიაწოდოს, რა ფასადაც მიწოდებულია. რა თმა უნდა, შიგნით თავის მოგება უნდა ჩადოს, მაგრამ არა ისეთი მაღალი, რომ მოსახლეობაზე აისახოს”, – განაცხადა “პურის მრეწველთა კავშირის” დირექტორმა მალხაზ დოლიძემ პრესკონფერენციაზე.

ლევან სილაგავა

“ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა პურის მწარმოებელთა პოზიციას იზიარებს და აცხადებს, რომ რადგან ამოსავალი წერტილი “სოციალური პური” და მძიმე სოციალური ფონია, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს პურის ფასის გაკონტროლებაზე.

მისივე თქმით, მაშინ, როდესაც მთავრობამ დააანონსა ე.წ რეფერენტული ფასები წამალზე, რატომ არ შეიძლება იგივე მექანიზმი პურზეც მუშაობდეს. მექანიზმი კი ასეთია: 60-მდე დასახელების მოტანილ წამალზე ფასის ზედა ზღვარს სახელმწიფო გააკონტროლებს.

“ჩვენმა დარგმა მსოფლიო ბაზარზე ხორბლის გაიაფების შესაბამისად ფქვილის გაიაფება დაიწყო, ბოლო 2-კვირაში 1 ტომარა ფქვილი 5 ლარით არის გაიაფებული, შესაბამისად, ტენდენცია გაიაფებისკენ მიდის. მაგრამ მომხმარებელმა ეს რომ იგრძნოს, უნდა აისახოს მაღაზიაში ფასებზე. ჩვენ ვართ პირველი წერტილი ხორბლის შემდეგ, შესაბამისად ჩვენ ფასები დაკლებული გვაქვს და კიდევ ქვემოთ მოდის. ჯაჭვის შემდგომი 2 რგოლი პურის ქარხანა და მარკეტია, ამ სამმა რგოლმა სინქრონულად უნდა იმუშაოს”, – განაცხადა Dalma News-სთან საუბრისას ლევან სილაგავამ.

თუმცა დღეს, რეალურად ვხედავთ, რომ ეს სინქრონი არ არის. გარდა ამისა, საქართველოში მოსახლეობა “შეჩვეულია” ფასების მხოლოდ მატებას და არა კლებას.

რაც შეეხება ხორბლის ფასზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ზემოქმედებას, როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, ამას შესაძლოა საქართველოსთვის ჰქონდეს, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი შედეგი. კერძოდ, თუ რუსეთი ვერ გაყიდის ხორბლის საჭირო რაოდენობას, ასევე, შეფერხებებია რუსული გემების გატარებაზე, ამან შესაძლოა რეგიონალურ ბაზარზე ხორბლის ფასი გააიაფოს. მეორე მხრივ შესაძლებელია პირიქით, მსოფლიო ბაზარზე ხორბლის დეფიციტი შეიქმნას და ფასმა რუსული ხორბლის მიწოდების შემცირების ხარჯზე მოიმატოს.

საქართველო მცირემიწიანი ქვეყანაა და ხორბალი ძირითადად 50 ათას ჰექტარზე ითესება, თუმცა, მოყვანილი ხორბლიდან ყველა არ არის სასურსათო. ერთი წლის განმავლობაში კი საქართველო 650 ათას ტონა ხორბალს მოიხმარს. ჯერ კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის, შემდეგ კი, რუსეთ-უკრაინის შეიარაღებული კონფლიქტის გამო, ადგილობრივმა ფერმერებმა ხორბლის ფართობების გაზრდაზე იზრუნეს, თუმცა, გვალვებისა თუ სეტყვის გამო, მოსავალი გლეხამდე სრულფასოვნად ვეღარ აღწევს. როგორც ფქვილის ადგილობრივი მწარმოებლები ამბობენ, საქართველოში ადგილობრივი ხორბლის რაოდენობა მნიშვნელოვნად არ იზრდება და 100-დან 130 ათას ტონამდე მერყეობს.

ნიკა შენგელია

ეკონომიკის ქსპერტი ნიკა შენგელია მიიჩნევს, რომ პური მანამდე არ გაიაფდება, სანამ არ დარეგულირდება საწვავის ფასი. მნიშვნელოვანი გაიაფება, არც პურის ფქვილზე შეინიშნება, რადგან რეგიონებში ერთი ტომარა ფქვილი დღეისათვის 100 ლარი ღირს. გარდა ამისა, ფქვილის ძველი ფასით ამოყიდვას გარკვეული დრო სჭირდება.

“პურის ფქვილი თუ გაიაფდა, აქვე აშშ დოლარი გაუფასურდა. რას აკეთებს ეროვნული ბანკის პოლიტიკა? პური ვერ გაიაფდება თუ არ გაიაფდა საწვავი. თუ გახდება დიზელის საწვავის ფასი 3,30 ლარი, მაშინ ვიტყვი, რომ ფასებმა დაიწია. დიზელის საწვავის ფასი 5 ლარზე აიყვანეს, ამ ფასს მიაჩვიეს მოსახლეობის თვალი და შემდეგ ჩამოსწიეს, მალე 4,50 ლარზე აიყვანენ”, – განუცხადა Dalma News-ს ნიკა შენგელიამ.

მისივე თქმით, როცა რეგიონში საომარი ვითარებაა, საქართველოს მთავრობას უნდა ეყოს გონიერება და ასეთ დროს გარკვეული რეგულაციები დაუწესოს ყველა მაღაზიას. არ შეიძლება პური ზოგან 1,3 ლარი ღირდეს და ზოგან კი – 1,6 ლარი.

“მთელი ზემო და ქვემო იმერეთი, მთელი სამეგრელო და კახეთი გადაახმო გვალვამ. გლეხი, საუკეთესო შემთხვევაში, სიმინდის მოსავლის 50 %-ს თუ აიღებენ მხოლოდ. ვამბობთ ამ დროს, რომ პურის ფასის მატება მაღაზიების ბრალია. გამომცხვარ პურს მაღაზიამდე უნდა მიტანა. მეორე საკითხია, რა ხარისხის პური ცხვება. პურს იყიდი და მეორე დღეს უკვე ფუჭდება. პური უკონტროლოდ იკლებს წონაში”, – აცხადებს ექსპერტი.

ნიკა შენგელიას თქმით, ქვეყანაში ეკონომიკა თუ გაიზარდა, ისევ ტურიზმის წყალობით. ისტორიულ ფასად გაქირავდა წლეულს საკურორტო რეგიონებში ბინები.

როგორც ცნობილია ხორბლის ქართული ჯიშები არ გამოირჩევა მაღალმოსავლიანობით და როგორც ექსპერტები ამბობენ, სასურველია მას სამრეწველოზე მეტად, საგემოვნო კატეგორია მიენიჭოს, რაც უფრო მაღალი კატეგორიაა და მნიშვნელოვანია ტურიზმის თვალსაზრისითაც. აშშ-ს გლობალური უსაფრთხოების დეპარტამენტი საქართველოს ხორბლის მოსავლიანობის გაზრდაში დახმარებას ჰპირდება. კერძოდ, თუ ამჟამად საქართველოში 1 ჰა-ზე 2,3 ტონა ხორბალი მოდის, დიდი სურვილი აქვთ, რომ ეს რაოდენობა 6-5 ტონამდე გაზარდონ.

აღსანიშნავია, რომ ხორბლის მსოფლიო 28 ჯიშიდან საქართველოში 14 ჯიში არსებობს, აქედან 8 აბორიგენული ჯიშია.

შორენა პაპაშვილი