ორღანი არის ინსტრუმენტი, რომელიც კლასიკური მუსიკის შექმნის ისტორიის საწყისებს უკავშირდება და მისი განუყოფელი ნაწილია. ორღანისთვის მუსიკას ბახი, ჰენდელი, ჰაიდნი და ბედჰოვენი წერდნენ. ქართული კლასიკური მუსიკის ფესვებიც ორღანთან იკვეთება. დიდებული ქართველი კომპოზიტორი, თბილისის კონსერვატორიის რექტორი ზაქარია ფალიაშვილი, რომლის სახელობისაც არის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი, ცნობილი ორღანისტი იყო.

123ვ.სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში, ორღანის დიდებული ხმის მოსმენის შესაძლებლობა არსებობს. ალბათ, სირცხვილი იქნებოდა მიაბიჯებდე გრიბოედოვის ქუჩაზე და არ იცოდე, რომ ყოველდღიურად, 6 საათის განმავლობაში, დიდ დარბაზს ორღანი თავისი აკუსტიკური რესურსებით ავსებს.

საქართველოში ორღანის პოპულარიზაციის საქმეს ემსახურება პროექტი “ერთი საათი ორგანთან”, რომელსაც თბილისის კონსერვატორიის ორღანის კლასის პედაგოგი ლია ბაიდოშვილი ხელმძღვანელობს. პროექტის მეშვეობით ნებისმიერ მსურველს შეუძლია ინსტრუმენტის დიაპაზონს, მის რეპერტუარსა და უშრეტ შესაძლებლობებს გაეცნოს. ორღანის შესახებ ცოდნის დეტალური შესწავლა და გავრცელება, ქალბატონი ლიას მიზანია.

სოციალურ ქსელ facebook-ზე შევამჩნიე განცხადება: “თქვენი მეგობარი ესწრება ღონისძიებას “ერთი საათი ორღანთან”. თქვენც ხომ არ ისურვებდით?”. ღონისძიების გვერდზე შესვლა გადავწყვიტე, სადაც მითითებული იყო დრო 14:00-15:00.

მაყურებელი სცენაზე მოთავსდა. ვირტუოზული შესრულების გარდა, ღონისძიების ორგანიზატორი ინსტრუმენტის ისტორიასა და თეორიაზეც საუბრობდა. აღმოჩნდა, რომ ინსტრუმენტი გერმანულია და, რამდენიმე წლის განმავლობაში უფუნქციოდ იყო. საუბრობდნენ ორღანზე შესრულების სირთულეებზე, კონკრეტულად ამ ისტრუმენტისთვის შექმნილი ნაწარმოებების სიმბოლოზე, კლასიკური კომპოზიტორების შთაგონების წყაროებზე, საეკლესიო, უმეტეს შემთხვევაში კათოლიკურ და საერო შესრულებებს შორის განსხვავებაზე და ასევე იმაზე, თუ როგორ ხდება სხვადასხვა რეგისტრში დაკვრა.

423ღონისძიებაზე დასწრება უფასო იყო, შესვლა – თავისუფალი. ეს სწორედ იმას ადასტურებს, რომ ქალბატონ ლიასთვის მთავარი კულტურაა და არა კომერცია. საღამო მშვიდი და მხიარული გამოდგა. მუსიკოსებს გავყევი და ქალბატონ ლიასთან გასაუბრება გადავწყვიტე.

– რა არის ორღანი თქვენთვის?

– ჩემთვის ის, რა თქმა უნდა, უსაზღვრო და მიუწვდომელი შესაძლებლობების ინსტრუმენტია, რომელსაც უდიდესი პოტენციალი და გასაოცარი რესურსი აქვს… მასზე შესაძლებელია შუა საუკუნეების მუსიკის გაცოცხლება და მათი ტექნიკურად გასრულყოფილება.

– როგორია თქვენი საავტორო კონცეფცია და რას გულისხმობს თქვენი პროექტი?

– პროექტი დაახლოებით ორი თვის წინ შევქმენი. მისი განხორციელებისა და პროექტირების საკითხებზე თბილისის კონსერვატორიის დიდი დარბაზის ადმინისტრაციასთან შეთანხმება გადავყვიტე. ეს ძირითადად შეეხებოდა ტექნიკურ დახმარებას, ღონისძიების ჩასატარებლად დროისა და ადგილის გამოყოფას. ადმინისტრაცია დიდი სიამოვნებით დამთანხმდა და გვერდში დამიდგა. თქვენი ნებართვით, ვიტყვი რომ ეს არის ნატა მეცხოვრიშვილი და სხვები. გულწრფელად მჯერა, რომ ჩვენი პროექტი დიდხანს იარსებებს და ბევრ სასიამოვნო სიურპრიზს მოგვიმზადებს.

– რა არის ღონისძიების მიზანი?

– ასეთი შეხვედრების მიზანია, კიდევ უფრო მეტი სტუდენტისა და ორღანზე შესრულებული მუსიკის მოყვარულთა დიდი წრის მოზიდვა. ეს ჩვენთვის, როგორც ღონისძიების ორგანიზატორებისთვისაც სასარგებლო და ნაყოფიერი საქმეა. ამით ჩვენს რეპერტუარსაც ვაფართოვებთ. შესაბამისად, ეს ხელს შეუწყობს ორღანზე შესრულებული მუსიკის მოყვარულთა გარკვეული წრის შექმნას. შემდგომი ნაბიჯია ჩვენი მსმენელის დაინტერესების გაზრდა და გემოვნების გასრულყოფილება. გარდა ამისა, მინდა აღვნიშნო მონაწილეებსა და ორგანიზატორებს შორის ურთიერთობის შედეგად არსებული შთაბეჭდილებებიც, რაც ძალზედ დიდი პლიუსია.

– როგორი დამოკიდებულებაა საქართველოში ორღანზე შესრულებული მუსიკის მიმართ?

– ჩვენი ინსტრუმენტი 1963 წელს საგანგებოდ ერთი ადამიანისთვის, პედაგოგისა და მაესტრო ეთერ მგალობლიშვილისთვის აიწყო. სწორედ ქალბატონი ეთერი ხელმძღვანელობდა ორღანის კლასს, მისი დაარსების დღიდან. თითქმის 50 წლის განმავლობაში იგი შესანიშნავ და გასაოცარ კონცერტებს მართავდა. მისი მოსწავლეები, მთელს მსოფლიოში არიან გაფანტულები და დღესაც მუსიკას ემსახურებიან. მათ შორის ვარ მეც. ქალბატონ ეთერთან 17-18 წლის განმავლობაში ვთანამშრომლობდით.

კონსერვატორიაში ეს ერთადერთი ინსტრუმენტია, რომლითაც ვსარგებლობთ და რომელზეც მოსწავლეები უკრავენ. ჩვენს ქვეყანაში ორღანზე შესრულებულ მუსიკაზე საუბარი რთულია. ორღანის კლასს უკვე სამი წელია ვხელმძღვანელობ. გამომდინარე იქიდან, რომ სასწავლებელში ორღანის შესწავლა არჩევითია, მოთხოვნა მაინც საკმარისად მაღალია – დაახლოებით 20 სტუდენტი გვყავს, რომლებიც დილის 8 საათიდან, დღის ორ საათამდე მეცადინეობენ. გარდა ამისა, საკმაოდ საინტერესო გეგმები გვაქვს. ვმართავთ კონცერტებს. ჩემს პროექტში “ერთი საათი ორგანთან” სტუდენტებიც მონაწილეობენ. შესაბამისად, ორღანის ხელოვნება თანდათან აღორძინდება, ჩვენც ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

– როგორია თქვენი პროექტის პერსპექტივები?

– ეს და მისი მსგავსი პროექტები, აუცილებლად გაგრძელდება. გულწრფელად მსურს ამის იმედი მქონდეს. არსებობს ამოუწურავი თემები და მიზეზები იმისთვის, რომ კონცერტებში მივიღოთ მონაწილეობა. გარდა ამისა, გვსურს ორღანის კამერულ, ან შესაძლოა ვოკალურ მუსიკაში ჩართვაც. ამგვარად, გეგმა ბევრია, მაგრამ მათ ჯერ-ჯერობით საიდუმლოდ შევინახავ. მსურველებისთვის კი ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა!

34ორღანი მართლაც უცნაური და ჭირვეული ინსტრუმენტია. მას მუდმივად მაღალტენიანი ჰაერი სჭირდება. მით უმეტეს, თუ მასზე ყოველდღიურად სულ მცირე 6 საათს უკრავენ. ამასთანავე იგი ლამაზი და გამორჩეულია. ინსტრუმენტის რესურსი და ქალბატონი ლიას პროექტი „ერთი საათი ორღანთან“ – უჩვეულოდ წარმატებული სინთეზი და იღბლიანი კომბინაციაა, რომელიც აუცილებლად მიაღწევს წარმატებას.

რავილ ალაზოვი, სპეციალურად Dalma News-ისთვის