ოჯახური ძალადობის შესახებ კანონმდებლობა შესაძლოა, კიდევ უფრო გამკაცრდეს. მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის განხილვა იუსტიციის სახლში გაიმართა.

როგორც იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, მომზადებული ცვლილებების მიზანია ოჯახში ქალზე, მამაკაცზე თუ ბავშვზე ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა, ქალთა უფლებების დაცვა და ქალთა მიმართ ძალადობრივი დანაშაულის პრევენციაა. ცვლილებათა პროექტი ახალ მიდგომებს ითვალისწინებს მსხვერპლთა დაცვისა და რეაბილიტაციის კუთხითაც.

“სწორედ ამ ცვლილებების მიღების პირობებში უნდა მოახდინოს საქართველოს პარლამენტმა სტამბულის კონვენციის რატიფიკაცია, რომელსაც 2014 წლის 19 ივნისს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან ერთად სტრასბურგში მოაწერა ხელი”, – აცხადებენ უწყებაში.

ცვლილებების მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსში შემოდის ახალი ცნება − ადევნება, რომელიც დასჯადი ქმედება ხდება. ის მოიცავს უკანონო თვალთვალს, სატელეფონო, ელექტრონული ან სხვა საშუალებებით არასასურველ კომუნიკაციას, რომელსაც სისტემატური ხასიათი აქვს, შეიცავს მუქარას ან შეურაცხყოფას მსხვერპლის (განურჩევლად სქესისა) ან მისი ოჯახის წევრების მიმართ და აიძულებს პირს, მნიშვნელოვნად შეცვალოს ცხოვრების წესი. მაქსიმალურ სასჯელად ამ ქმედებისათვის ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა განისაზღვრება.

აბორტის იძულებასთან ერთად, რომელსაც სისხლის სამართლის მოქმედი კოდექსი დანაშაულად აცხადებს, სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება სტერილიზაციის იძულებაც.

იზრდება ქალთა მიმართ ძალადობრივი დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებათა ჩამონათვალი. ის მოიცავს ქმედებებს, რომლებიც მიმართულია მეუღლის ან ყოფილი მეუღლის, ან პარტნიორის მიმართ; უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ; არასრულწლოვნის თანდასწრებით ან მის მიმართ; განმეორებით; ჯგუფურად; იარაღის მუქარით ან იარაღის გამოყენებით; ფიზიკური ან ფსიქიკური ზიანის მიყენებით; განსაკუთრებული სისასტიკით; მსგავსი დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ.

“ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ” სტამბულის კონვენცია 2011 წლიდან მოქმედებს. საქართველო კონვენციას 2014 წელს შეუერთდა.