ლევანი და ნატალი უკვე 2 წელია ერთმანეთს ხვდებიან. თავის პროფესიაში ორივე შემდგარი ადამიანია, აქვთ საკუთარი შემოსავალი და ერთი შეხედვით მყარად დგანან ფეხზე, მაგრამ ოჯახის შექმნას არ ჩქარობენ. ერთი პროგრამისტია, მეორე კი დიზაინერი. ამბობენ, რომ ოჯახს ადამიანი ერთხელ ქმნის და ამისთვის სათანადოდ უნდა იყოს მზად. ოჯახის შექმნა ნიშნავს შვილების გაჩენას, ხოლო იყო მშობელი, ეს დიდი პასუხისმგებლობაა. ახალგაზრდა წყვილის აზრით, დღეს, ოჯახის დამოუკიდებლად რჩენა ძნელია, ამის მიუხედავად, სურთ მშობლებისგან დამოუკიდებლად იცხოვრონ და ყოფით პრობლემებს ერთობლივად გაუმკლავდნენ.

ლევანი ფიქრობს, რომ ნატალი ზედმეტად არაეკონომიურია, შეუძლია მთელი თვის ხელფასი ერთბაშად დახარჯოს, არ უყვარს ფულის გადადება, ამის გარეშე კი, ოჯახს თვიდან თვემდე თავის გატანა გაუჭირდება. საყვარელი ადამიანის კრიტიკას ნატალი იღებს, თუმცა ამბობს, რომ ის მშობლებისგან ფინანსურად დამოუკიდებელია და სანამ საკუთარ ოჯახს შექმნის, სურს თავისი შემოსავალი პროფესიულ განვითარებას მოახმაროს და თავისუფალ დროს, მეგობრებთან გართობით ისიამოვნოს.

ფინანსური ნაწილის გარდა, ოჯახი ორი სამყაროს ერთობლიობაა. ცნობილი ფაქტია, რომ ურთიერთპატივისცემა და სიყვარული წყვილს ბევრი სირთულის გადალახვაში ეხმარება. მაგრამ არიან ისეთი ოჯახებიც, რომლებსაც ფინანსურ საკითხებს მშობლები უგვარებენ, მაგრამ ახალგაზრდა წყვილი, რამდენიმე წელიწადში, მაინც შორდება.

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა შემაშფოთებელი ციფრები გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, საქართველოში ყოველი მეორე ქორწინება განქორწინებით მთავრდება. განქორწინებულთა რაოდენობა რადიკალურად 2014 წლიდან იზრდება. ამ ციფრმა 9 ათასს პირველად 5 წლის წინ გადააჭარბა, მაშინ როცა, მძიმე 90-იანებში ეს მაჩვენებელი 1500-2000-ს არ სცილდებოდა. დემოგრაფების თქმით, გაცილებით ცუდი მდგომარეობაა სხვა ქვეყნებში, მაგალითად, თუ საქართველოში განქორწინების კოეფიციენტი ათას კაცზე 2.8 არის (2018 წ.), რუსეთში ის 4.4-ს, აშშ კი – 3.2-ს უტოლდება.

მათი აზრით, განქორწინებას ხელს უწყობს ეკონომიკური კრიზისი, ინფლაცია, მომავლის მიმართ რწმენის დაკარგვა, ემიგრაცია… მილიონზე მეტი ადამიანი, სამუშაოს საძებნელად ქვეყნიდან არის გასული, ხშირ შემთხვევაში ქალები. მეუღლეები, რომლებიც წლების განმავლობაში ერთმანეთს ვერ ხედავენ, უცხოვდებიან ერთმანეთის მიმართ, რაც განქორწინებით მთავრდება. ბოლო წლებში ჩატარებულ კვლევებში, განქორწინების მიზეზად ხშირად გრძნობის გაქრობას ასახელებენ, არცთუ იშვიათად კი, მამაკაცის მხრიდან ღალატს. ძველად, ადრე რაც უფრო მეტი ბავშვი იყო ოჯახში, განქორწინების ალბათობაც კლებულობდა. ახლა აღარც ეს არის დაბრკოლება.

ფსიქოლოგების აზრით, შეიცვალა დრო და საზოგადოების პრობლემისადმი დამოკიდებულებაც. ცხოვრების მიმართ სხვა მოთხოვნები გაჩნდა. თუ მანამდე ქალი ბედს ეგუებოდა, ახლა უკვე ეს საკითხი ქალთა უფლებებთან არის დაკავშირებული. როგორც ფსიქოლოგები განმარტავენ, ოჯახის შენარჩუნების ყველაზე კრიზისული პერიოდია პირველი 4 წელი და 20 წლის შემდეგ, სადაც სტატისტიკური კვლევაც მოწმობს. საქართველოში, ყველაზე ხშირად ის წყვილები შორდებიან, რომლებსაც ერთად ოთხ წელზე მეტი არ უცხოვრიათ. ასევე, შორდებიან 20-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, როდესაც შვილები გაზრდილები არიან და ცოლ-ქმარი ერთმანეთის პირისპირ რჩება. ამ დროს, ან ხელახლა უნდა შეეჩვიონ ერთმანეთს, ან დაშორდნენ.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2017 და 2018 წლებში, ამ მხრივ თითქმის იდენტური მდგომარეობაა. ოჯახები ყველაზე ხშირად ინგრევა 0-დან 4-მდე, 5-დან 9-მდე და 20 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ. გაცილებით იშვიათად 10-14 და 15-19 წლიანი თანაცხოვრებისას. ფსიქოლოგების აზრით, განქორწინების მიზეზი შესაძლოა იყოს ოჯახური მოვალეობების მიმართ უპასუხისმგებლო დამოკიდებულება.

გია მელაძე

დემოგრაფი გია მელაძე განქორწინების სხვა მიზეზებზე საუბრობს. მისი აზრით, განქორწინებაზე გავლენას ახდენს ასაკიც, კერძოდ, თუ ოჯახი 20-წლამდე ან 30 წლის მერე შეიქმნა, განქორწინების შანსი მეტია. პირველ შემთხვევაში მიზეზი გამოუცდელობაა, მეორე შემთხვევაში კი ჩამოყალიბებული ხასიათი, რომლის შეცვლა ცოლ-ქმარს უკვე უძნელდება.

გარდა ამისა, ოჯახი მით უფრო მყარია, რაც უფრო მაღალია მამაკაცის ანაზღაურება ან განათლების ხარისხი. ქალის შემთხვევაში კი, პირიქით, – აღმოჩნდა, რომ თუ ქალს მამაკაცზე მეტი შემოსავალი აქვს ან უფრო განათლებულია, განქორწინების რისკი მატულობს. ამას მოწმობს სტატისტიკაც. განქორწინების ინიციატორები, გლობალურად, უფრო ხშირად ქალები არიან. ნამდვილ მიზეზს კი, როგორც წესი არ ამხელენ და შეუთავსებლობას ასახელებენ.

მისივე თქმით, დღესდღეობით ძირითადად, 1993 წლის შემდეგ დაბადებული თაობა ქორწინდება, შემდეგ წლებში შობადობა კლებულობდა. შესაბამისად, იმის მოლოდინი, რომ ქორწინებების რაოდენობა გაიზრდება, არ უნდა გვქონდეს.

ანზორ თოთაძე

დემოგრაფი ანზორ თოთაძე Dalma News-სთან საუბრისას აცხადებს, რომ განქორწინებების რიცხვი თანამედროვე სამყაროში, განსაკუთრებით ეკონომიკურად და კულტურულად განვითარებულ ქვეყნებში, ყველგან იზრდება. თუმცა საქართველოს თავისი სპეციფიკა აქვს. ახალგაზრდები ძალიან ზერელედ ეკიდებიან ოჯახის შექმნის საკითხს. სქესობრივი დებიუტი ძალიან ადრე იწყება, ამან გამოიწვია სქესობრივ ცხოვრებაში არევ-დარევა. ახალგაზრდები ოჯახის შექმნის საკითხს, პასუხისმგებლობის გარეშე ეკიდებიან. ხშირია შემთხვევები, როცა 17 წლის ახალგაზრდებს უკვე შვილები ჰყავთ. გაიზარდა ნაადრევი ქორწინებების რიცხვი. ნაადრევი ქორწინება არის გატაცება და არა სიყვარული. რამდენიმე წელიწადში აღმოჩნდება, რომ 2 სხვადასხვა სამყარო შეხვდა ერთმანეთს. გაიზარდა ახალგაზრდა ოჯახების დანგრევის ფაქტები.

ანზორ თოთაძის მოსაზრებით, საქართველოში ოჯახის ინსტიტუტი ღრმა კრიზისს განიცდის. ნახევარი საუკუნის წინანდელ პერიოდს თუ ავიღებთ, მაგალითად XX საუკუნის 70-იან წლებში, 50 ქორწინებაზე ერთი, ხოლო სოფლებში 200-300 ქორწინებაზე ერთი განქორწინება მოდიოდა. დღეის მდგომარეობით, ქორწინებებისა და განქორწინებების დონე ფაქტობრივად გათანაბრდა.

“თბილისში კიდევ უფრო ცუდი მდგომარეობაა, თუ ასე გაგრძელდა, ყოველი ქორწინება განქორწინებით დამთავრდება. ეს მოქმედებს საზოგადოებაზე, იცვლება ადამიანებს შორის დამოკიდებულება, მცირდება შობადობა. ყველაზე მეტი განქორწინებები მოდის უშვილო ოჯახებზე ან ვისაც ერთი ბავშვი ჰყავს. საბოლოო ჯამში შობადობას ამცირებს წყვილების 8 %. ეს საზოგადოების განვითარებაზე ცუდ გავლენას ახდენს, რადგან ქორწინება ისეთი გადაწყვეტილებების რიგს მიეკუთვნება, რომელიც ადამიანმა, ყველაზე უკეთეს შემთხვევაში, თავისი ცხოვრების განმავლობაში ერთხელ უნდა მიიღოს. მეორე ფაქტორია, როგორ აწვდის ჩვენი მედია ამ საკითხებს მოსახლეობას. ტელევიზიები მაყურებელს არ აწვდის შემეცნებით გადაცემებს იგივე სქესობრივ და ოჯახურ თანაცხოვრებაზე. მეორე პლანზე გადადის ადამიანური ფასეულობები”, – აცხადებს ანზორ თოთაძე.

ქორწინება და შობადობა ისეთ რიგებს მიეკუთვნება, რაშიც პიროვნება თავისუფალია და მას სახელმწიფო ვერაფერს აიძულებს. მაგრამ უნდა არსებობდეს ინსტიტუტები, რომელიც ახალგაზრდებს სწორ გზაზე დააყენებს. ოჯახის შექმნისთვის ყველაზე კარგი ასაკი არის 20-30 წლების პერიოდი, ეს კარგია ბავშვის ჯანმრთელობისთვისაც. 30 წელს გადაცილებული ადამიანები, რთულად იღებენ ოჯახის შექმნის გადაწყვეტილებას, უჭირს პარტნიორის მონახვა.

Dalma News-ის კითხვაზე, გაშორებული დედ-მამის შვილები არიან თუ არა განწირულები იმისთვის, რომ თავადაც დაენგრევათ ოჯახი, ანზორ თოთაძე აცხადებს, რომ გაშორებული ოჯახი არასრულყოფილია, შესაბამისად ეს აისახება ბავშვის ფსიქიკაზე.

“ათასობით და 10 ათასობით ბავშვი იზრდება ერთი მშობლის, უმეტესად დედის ამარა. ბევრ ოჯახში მამა არ არის, ამ დროს, ბავშვს სჭირდება მამასთან ყოფნა, მისგან ბევრ რამეს ისწავლის. ქალი და კაცი ერთი არ არის. გაცილებულ ოჯახში ბავშვს ზრდიან დედა და ბებია, ანუ ქალები. სკოლაში მასწავლებლების 80 % ქალია. ამდენად ბავშვს ნაკლები შეხება აქვს მამაკაცთან, ის მამისგან ვერ იღებს საჭირო ცოდნას, როგორ უნდა ებრძოლოს სიძნელეებს. ბავშვიც იტანჯება, მამას როცა ვერ ხედავს. ოჯახში აუცილებლად უნდა იყოს მამის კულტი, დედამ ყოველთვის წინა პლანზე უნდა დააყენოს მამის ფაქტორი”, – აცხადებს დემოგრაფი.

რაც შეეხება შობადობას, ანზორ თოთაძის აზრით, ეს ყველა განათლებული საზოგადოების პრობლემაა. ახალგაზრდები ზრუნავენ საკუთარ კარიერაზე და არ აჩენენ შვილებს. არის მეორე უკიდურესობაც, როცა ქალს 10 და მეტი შვილი ჰყავს. ასეთ შემთხვევაში, ქალს საკუთარი ცხოვრებისთვის ხაზი აქვს გადასმული, თავს ბავშვების გაზრდას უძღვნის.

როგორც ანზორ თოთაძე განმარტავს 10-შვილიანობა დემოგრაფიულ სურათს ვერ ცვლის, რადგან ასეთები თითო-ოროლა არიან. თუ წელიწადში მეხუთე ბავშვი 600-700-ზე მეტი არ იბადება, 25 ათასი არის მეორე შვილი.

“საქართველოში, სამი შვილის გაჩენა სავალდებულო უნდა იყოს. უნდა მიდიოდეს ამის პროპაგანდა. ამ შემთხვევაში ჩვენი ერი გამრავლდება. ჩვენთან ისტორიულად არ ყოფილა მაღალი შობადობა. მრავალშვილიანები იშვიათი შემთხვევები იყვნენ”, – აცხადებს ანზორ თოთაძე.

დასასრულს კიდევ ერთი წყვილის ისტორიას გაგაცნობთ. ირაკლის და ქეთევანს 17 წლის ოჯახი აქვთ. ისინი 2002 წელს შეუღლდნენ. ამბობენ, რომ სწორედ იმ ასაკში იყვნენ, როცა გააზრებული ჰქონდათ ოჯახური თანაცხოვრების პასუხისმგებლობა. როგორც ქეთევანი იხსენებს, მათ ცხოვრებაშიც იყო კრიზისული პერიოდი, კონფლიქტები ოჯახის სხვა წევრებთან, განსაკუთრებით პირველი 5-6 წლის განმავლობაში, მაგრამ წყვილი ოჯახის შესანარჩუნებლად ძალ-ღონეს არ იშურებდა. მიაჩნიათ, რომ ოჯახის ინსტიტუტს პოპულარიზაცია, ტრადიციებს კი გადახედვა სჭირდება. ბავშვი სრულყოფილ ოჯახში უნდა იზრდებოდეს, ოჯახი კი მაშინ არის ძლიერი, როცა მშობლებს შორის მყარი კავშირი, ურთიერთპატივისცემა და სიყვარულია.

შორენა პაპაშვილი