ე.წ გავრილოვის ღამის შემდეგ, საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად, როცა საპარლამენტო ოპოზიციამ ქუჩის აქციები დაიწყო და რევანშისტულმა ძალებმა (ნაციონალური მოძრაობის სახით)პარლამენტში შეჭრა განიზრახეს, ხელისუფლებამ ცვლილებები დააანონსა. მმართველი პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა, ოპოზიციას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით და ნულოვანი ბარიერით ჩატარება შესთავაზა. თუმცა, ცარიელი იდეა საკმარისი არ არის, თუ მას არ მოჰყვა გამყარება საკანონმდებლო დონეზე.

მომზადდა საკანონმდებლო ცვლილება, როგორც მმართველი გუნდის, ისე ოპოზიციის მიერ და 5 თვის თავზე, როცა პარლამენტს ცვლილება უნდა მიეღო, “ქართული ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობის ერთიანობა დაშლის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მაჟორიტარმა დეპუტატებმა, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციაში მანამდე შეტანილი ცვლილების წყალობით, 2024 წლიდან ისედაც კარგავენ მაჟორიტარის მანდატს, პარტიის თავმჯდომარის იდეის წინააღმდეგ გაილაშქრეს და 4 ნოემბერს, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩავარდა. მის მისაღებად საჭირო 113 ხმა ვერ შეგროვდა.

5 თვის თავზე, საპარლამენტო ოპოზიცია კვლავ ქუჩაში გავიდა და სხვა არასაპარლამენტო პარტიები შემოიკრიბა. საპარლამენტო უმრავლესობა და საპარლამენტო თანამდებობები ერთმანეთის მიყოლებით, რამდენიმე დეპუტატმა დატოვა. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ მაჟორიტარი დეპუტატები ბიძინა ივანიშვილის ნების წინააღმდეგ ვერ წავიდოდნენ, ამიტომ მომხდარს “ოცნების” მიერ დადგმულ სპექტაკლს უწოდებენ და ამ ვერსიაში  მხარდამჭერებსაც არწმუნებენ.

თბილისი კვლავ მოიცვა საპროტესტო გამოსვლებმა. “ნაციონალებს” ექსპრეზიდენტ სააკაშვილთან მწვავედ იყო დაპირისპირებული ნინო ბურჯანაძეც კი შეუერთდა.   ლოზუნგის – “ყველა ერთის წინააღმდეგ” ქვეშ გაერთიანებულმა, განსხვავებული პოლიტიკური კურსის მქონე პარტიებმა, საერთო სამიზნედ ბიძინა ივანიშვილი და მისი „ოცნება“ ამოიღეს და გარდამავალი მთავრობის დანიშვნა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მოითხოვეს.

რამდენიმედღიანი პროტესტის შემდეგ, “ნაციონალური მოძრაობა” რადიკალურ ქმედებაზე გადავიდა. 17-18 ნოემბერს, პარლამენტის შენობასთან ვითარება დაიძაბა. 22 პარტიის 5500-მდე მხარდამჭერმა, საკანონმდებლო ორგანოს სამივე შესასვლელის ბლოკირება მოახდინეს და დეპუტატებს შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ. სამი გაფრთხილების შემდეგ ძალოვანებმა პარლამენტთან აქცია წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს. სამართალდამცველებმა 37 პირი, მათ შორის პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მხარეებს შორის დაპირისპირების შედეგად 5 მომიტინგე და 2 პოლიციელი დაშავდა.

იმ 22 პარტიის გვერდით, რომლებიც ივანიშვილს ქართველი ამომრჩევლისა და საერთაშორისო საზოგადოების მოტყუებაში ადანაშაულებენ, არ დადგნენ “პატრიოტთა ალიანსის” წევრები, თუმცა მხარდაჭერა არც “ქართულ ოცნებას” გამოუცხადეს. ალიანსის ლიდერებმა 17 ნოემბერს, ასევე გამართეს საპროტესტო აქცია, სადაც მკვეთრად გაემიჯნენ ხელისუფლებასაც და დანარჩენ ოპოზიციასაც.

“როცა ყველა პარტია გარეთ გამოდის და ყველა პოლიტიკური ძალა მიტინგს მართავს ან ემზადება მიტინგის გასამართად, სრულიად არ ნიშნავს ერთად მოქმედებას. უბრალოდ, ხელისუფლებამ იმდენი მზაკვრობა ჩაიდინა, რომ საკუთარ თავს დაუნთო პროტესტის არა ერთი კერა. მთელი საქართველო გამოვა გარეთ და ამათი ხრიკები არ გაამართლებს”, – განაცხადა “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ინაშვილმა.

18 ნოემბრის აქციის დაშლის შემდეგ, როცა რაიონებიდან ჩამოყვანილი ადამიანებიც სახლებში დააბრუნეს, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო მუხტიც მინელდა. ოპოზიციური პარტიების ლიდერები წერტილოვან დარტყმებზე გადავიდნენ და პერმანენტული აქციები დააანონსეს – სახელმწიფო სტრუქტურებისთვის დისკომფორტის შექმნა, შენობების პიკეტირება და კარზე ბოქლომების დადება.

ექსპერტთა ნაწილი შორს არის იმ მოსაზრებისგან, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება თავად ბიძინა ივანიშვილის მითითებით ჩააგდეს. ვითარებისთვის ნათელის მოფენა სცადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და განაცხადა, რომ თავად ესწრებოდა “ოცნების” თათბირს, სადაც ივანიშვილს ხუნდაძე, ოქრიაშვილი და სხვა მაჟორიტარები დაუპირისპირდნენ.

წულუკიანის თქმით, 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების იდეა ბიძინა ივანიშვილისგან მომდინარეობს, მაგრამ მისი სურვილი არ გაიზიარეს “ოცნების” მაჟორიტარმა დეპუტატებმა. თქვეს, რომ საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების იდეა არ მოსწონდათ, იყო ცხარე კამათი. მისივე თქმით, დღეს ის დეპუტატი რომ ყოფილიყო,  იმ ჯგუფში იქნებოდი, რომელიც იტყოდა, რომ მაჟორიტარობა შესანარჩუნებელია და ეს ქვეყანას სჭირდება.

ამირან სალუქვაძე

ექსპერტი ამირან სალუქვაძე არ იზიარებს მოსაზრებას, რომ ეს იყო ბიძინა ივანიშვილის “ტრიუკი”, რადგან თუ ვინმე დაზარალდა ამის გამო, პირველ რიგში “ქართული ოცნების” იმიჯი და ბიძინა ივანიშვილის პრესტიჟი. მისივე თქმით,  2 დღის განმავლობაში, საკმაოდ მძიმე კონსულტაციები მიდიოდა, კენჭისყრაც კი გადადეს ერთი დღით, რომ საკითხი რისკის ქვეშ არ დაეყენებინათ.

“ხელისუფლებისთვის ეს წამგებიანი რომ იყო დავინახეთ. ბიძინა ივანიშვილის იმიჯისთვის საზიანო რომ არის, თავადაც ხვდებიან ამას, მაგრამ არც პროპორციული სისტემის მიმართ აქვს უამრავ ადამიანს დადებითი დამოკიდებულება მისი რისკებიდან გამომდინარე. წლების წინ, დავინტერესდი და ჩავუღრმავდი იმ ქვეყნების გამოცდილებას, სადაც მაღალი სტანდარტების პოლიტიკური კულტურა აქვთ. პროპორციული სისტემა იმდენად არასტაბილურ პოლიტიკურ პროცესებს იწვევს, განსაკუთრებით საპარლამენტო და სამთავრობო კრიზისებს, რომ დავრწმუნდი, საჭიროა ამ სისტემის დაბალანსება. სრულად პროპორციული სისტემა, შესაძლოა სერიოზული რისკების გამომწვევი აღმოჩნდეს, მით უმეტეს იმ პირობებში, როცა ჩვენთან პარტიები არ ყალიბდება იდეოლოგიაზე, ღირებულებებზე, პრინციპებზე და იყოფიან 2 ჯგუფად – პროდასავლურ და პრორუსული პარტიებად”, – განაცხადა Dalma News-სთან საუბრისას ამირან სალუქვაძემ.

ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ მომავალ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოსაპოვებლად “ქართულ ოცნებას” პრორუსულ ძალებთან ერთ კოალიციაში გაერთიანება მოუწიოს, ისევე, როგორც “ნაციონალურ მოძრაობას” ნინო ბურჯანაძის პარტიასთან. შესაბამისად დიდი ალბათობაა, რომ პარტიებს შორის გაერთიანება ღირებულებების გარეშე შედგეს.

“ხალხი სიცრუეს და თამაშს არ იღებს. ეს ოპოზიციასაც დაანახეს, მათაც სტრატეგია და ტაქტიკა “შეცვალეს”. გადავიდნენ წერტილოვან დარტყმებზე, ბოქლომების ჩამოკიდებაზე, რაც ასევე წამგებიანია. არც პოლიციასთან “ქაჩაობა” გამოიყურება ლამაზად და საკუთარი თავი, რაც არ უნდა მაღალი დონის პოლიტიკოსებად მიაჩნდეთ, ეს არ არის მაღალი სტანდარტი. ეს ყოველივე მოსახლეობას რომ მოსწონდეს და  მათთვის პროპორციული სისტემა პრიორიტეტი იყოს, ოპოზიციას სხვა მუხტი და სხვა მხარდაჭერა ექნებოდა. ხელისუფლების გადაყენება ან სერიოზული ცვლილებები რომ მოითხოვო, თუნდაც ის 20 000 მხარდამჭერი, (რა ციფრსაც თავად ასახელებენ) ერთი კვირა მაინც უნდა გყავდეს ქუჩაში და ხელისუფლებას აგრძნობინო, რომ მოსახლეობაში არის შესაბამისი განწყობა და მუხტი”, – აცხადებს ამირან სალუქვაძე.

შეჭრას, ხელისუფლების დამხობას, ნგრევას და რევოლუციას საქართველოში დიდი ხანია აღარ აქვს ფართომასშტაბიანი მხარდაჭერა. ბრძოლის რადიკალურმა მეთოდებმა – პარლამენტში შეჭრის თუ მისი ბლოკირების გეგმამ, შედეგი ვერ გამოიღო.

გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე მიიჩნევს, რომ ამ ისტორიული ინიციატივის ჩაგდებით “ქართული ოცნების” იმიჯი საკმაოდ დაზიანდა, როგორც ამომრჩევლის თვალში, ისე საერთაშორისო ასპარეზზე. ამაში კი, ბრალი იმ უპასუხისმგებლო მაჟორიტარ დეპუტატებს მიუძღვით, რომლებმაც კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს.

“რა ბერკეტები ჰქონდა ივანიშვილის იმისთვის, რომ ეს ჯიუტები გადაერწმუნებინა? ტერორი მოეწყო, როგორც “ნაცმოძრაობის” დროს ხდებოდა, საკუთარ თანაგუნდელებზეც კი? პროტესტი არის სამართლიანი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო უკლებლივ ყველა ოპოზიციურმა პარტიამ. პირველ დღეს აქციაზე “ქართული ოცნების” მხარდამჭერებიც იყვნენ, მაგრამ, როგორც კი, პროტესტი დესტრუქციაში (რაც ახასიათებს რევანშისტულ “ნაცმოძრაობას” და მის განშტოებებს) გადაიზარდა, იყო საერთაშორისო გამოხმაურებები, რომ ამას არ უჭერდნენ მხარს. დემონსტრანტებს არც აშშ-ში კონგრესის და არც ლონდონში პარლამენტის შენობის დაბლოკვას და დაბოქლომებას, არც ერთი პოლიციელი არც ერთ პარტიას არ შეარჩენს. შედეგად, ჩვენ ვხედავთ, რომ ანტიკონსტიტუციური მოქმედებების შემდეგ, “ნაცმოძრაობის” მხარდამჭერები ქუჩაში შემცირდნენ, ვიდრე პირველ დღეს იყო. ამიტომ გადავიდნენ წერტილოვან დარტყმებზე”, – განუცხადა Dalma News-ს გია აბაშიძემ.

მისივე თქმით, დაპირისპირებული მხარეები ჯერჯერობით არ აპირებენ კონსტრუქციულ დიალოგს. ამასობაში პარლამენტს მისაღები აქვს 2020 წლის ბიუჯეტი. საკანონმდებლო ორაგანომ გამართულად უნდა იმუშაოს იმისთვის, რომ ქვეყანამ წინ წაიწიოს.

“მე უფრო მზერა დასავლეთზე მიჭირავს, თუ როგორი გამოხმაურება იქნება იქიდან”, – აცხადებს ანალატიკოსი.

14 ნოემბრის შემდეგ, 115 მანდატის ნაცვლად “ქართულ ოცნებას” ახლა 93 მანდატი აქვს.  ჰქონდათ საკონსტიტუციო უმრავლესობა, რაც ახალი კონსტიტუციის მისაღებად ნაყოფიერად გამოიყენეს, სადაც ჩაიწერა, რომ 2024 წელს, არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდებოდა. ამის შემდეგ “ოცნებამ”, საკონსტიტუციო უმრავლესობა კენჭისყრამდე დაკარგა. საჭირო იყო ოპოზიციის მხარდაჭერა. რადგან აღარ იყო საკონსტიტუციო უმრავლესობა, კანონპროექტიც ჩავარდა.

მთავარი ამბის ეს ვერსია არ მოსწონს ოპოზიციას, რომელიც ჯიუტად იმეორებს, რომ ივანიშვილმა მოატყუა ქართული და საერთაშორისო საზოგადოება; რომ სურს, 2020 წელსაც, პარლამენტში უმრავლესობით შევიდეს. დეპუტატების ნაწილი კი, რომლებმაც მმართველი გუნდი დატოვეს, მიიჩნევენ, რომ “ოცნება” 2020 წლის არჩევნებში პროპორციული სისტემითაც დამაჯერებელი უპირატესობით გაიმარჯვებდა.

შორენა პაპაშვილი