ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალის ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი “ნატვრის ხე” და კომპანია SOCAR-ი, მსოფლიოს ვარსკვლავების მონაწილეობით 13 სექტემბერს, 21:00 საათზე, თბილისში, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გრანდიოზულ კონცერტ-მარათონს გამართავენ.

როგორც Dalma News-ს ნინო სურგულაძემ განუცხადა, მარათონში მონაწილეობას მიიღებენ 21-ე საუკუნის უდიდესი მსოფლიო ტენორი ფაბიო არმილიატო, რომელიც მსოფლიო ტენორების ხუთეულშია შესული და ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა ვუდი ალენის ფილმში “სიყვარულით რომში”; მსოფლიო დონის სოპრანო დანიელა დესი; უდიდესი მსოფლიო ბარიტონი ალბერტო გაძალე; დირიჟორი დანიელე რუსტიონი; მევიოლინე ფრანჩესკა დეგო, რომელიც თანამშრომლობს “დოიჩე გრამაფონთან”, გამოშვებული აქვს უამრავი მუსიკალური დისკი და მონაწილეობდა ფილმში, რომელმაც ბევერლი ჰილსის პრესტიჟულ კინოფესტივალზე “ოქროს პალმა” აიღო.

ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი “ნატვრის ხე” 2014 წელს დაფუძნდა. ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით, ფონდს წელს საქველმოქმედო სტატუსი მიენიჭა. “ნატვრის ხემ” 2014 წელს ორი საქველმოქმედო მასშტაბური ღონისძიება გამართა. ღონისძიებებიდან შემოსული თანხით ათეულობით ბავშვს საზღვარგარეთ მკურნალობა დაუფინანსდა.