კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის ფონზე, ქართული პოლიტიკური სპექტრი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება. რამდენიმეთვიანი ჭიდილის შემდეგ, მმართველი პარტია “ქართული ოცნება” და გაერთიანებული ოპოზიცია საპარლამენტო მანდატების 120/30-ზე განაწილებაზე შეთანხმებისკენ მიდიან, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალ პარლამენტში 120 დეპუტატი პროპორციული სიით, ხოლო 30 – მაჟორიტარულ ოლქებში არჩევით შევა.

პარლამენტში მოხვედრის შანსისთვის, სხვა პოლიტიკურ პარტიებთან ერთად პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, პრეზიდენტის მოვალეობის ორჯერ შემსრულებელი, ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური ორგანიზაცია “დემოკრატიული მოძრაობაც” იბრძოლებს, მაგრამ მარტო, სხვა პარტიებთან ყოველგვარი კოალიციის გარეშე. ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით ეს განწყობაა ბურჯანაძის პარტიაში. ასევე, გამორიცხავენ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას და მასთან, წინასაარჩევნოდ, რაიმე პოლიტიკურ გარიგებაზე წასვლას.

ნინო ბურჯანაძე

ნინო ბურჯანაძე, რომელიც, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ხელისუფლებას 9-10 წლის წინ, დაუპირისპირდა, დღეს იმ ბანაკში აღმოჩნდა, სადაც პოლიტიკურ ამინდს სწორედ სააკაშვილთან დაახლოებული პირები ქმნიან.

ბურჯანაძეს დღემდე საყვედურობენ იმას, რომ 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევის დროს, არ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან და სააკაშვილის ხელისუფლებაში დარჩა. თუმცა, მას შემდეგ რაც, 2008 წელს, “ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სიაში ნინო ბურჯანაძის ფავორიტები ვერ მოხვდნენ, პრეზიდენტსა და სპიკერს შორის დაპირისპირება გაღრმავდა და ბურჯანაძე “ენმ”-ს წინააღმდეგ გაერთიანებულ ოპოზიციას შეუერთდა. შექმნა “სახალხო კრება”, სადაც ნაციონალების წინააღმდეგ საზოგადოების სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ცნობილი სახეები და რიგითი მოქალაქეები გაერთიანდნენ. 2011 წლის 26 მაისს, ნაციონალების ხელისუფლებამ ბურჯანაძის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია სასტიკად დაარბია, რასაც მშვიდობიან მომიტინგეებს შორის მსხვერპლი მოჰყვა. ნინო ბურჯანაძე დღეს ისევ გაერთიანებულ ოპოზიციაშია, თუმცა ამჯერად ნაციონალების გვერდით და სხვა ხელისუფლების წინააღმდეგ.

გიგლა ბარამიძე

“პარტია “ქართულ ოცნებასთან” ჩვენი შეთანხმება აღარ გამოვა, მით უმეტეს არჩევნების წინ. ჩვენ ოპოზიციაში ვართ. „ოცნების“ ნდობა არ შეიძლება, ისინი მზად არიან ტყუილისთვის. ხელისუფლების მიზანია პარლამენტში შეინარჩუნოს ერთპარტიული დიქტატურა, ჩვენ გვინდა კოალიციური მთავრობა, მრავალპარტიული პარლამენტი და ის, რომ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ერთ კაცზე მთელი სახელმწიფოს ცხოვრების აწყობა. ასე იყო შევარდნაძისა და სააკაშვილის დროს, და ასეა ახლაც”, – განუცხადა Dalma News-ს “დემოკრატიული მოძრაობის” პოლიტიკურმა მდივანმა, გიგლა ბარამიძემ.

მისივე თქმით, პარტია შექმნის დღიდან, არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ მიკედლებია და არც ამჯერად აპირებენ, თუნდაც დროებით, რომელიმე კოალიციაში შესვლას.

20-მდე პოლიტიკურ პარტიასთან, მათ შორის “ნაციონალურ მოძრაობასა” და მისგან აღმოცენებულ პარტიებთან ბურჯანაძეს მხოლოდ ერთი აქვს საერთო – პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. ამ ერთობის შესანარჩუნებლად კი მზად არის კომპრომისებზეც წავიდეს და მაჟორიტარულ ოლქებში ოპოზიციის კანდიდატს კონკურენცია არ გაუწიოს.

მიზეზიც და მიზანიც, არჩევნებია. საერთო მიზანმა, რომელიც საშუალებას ამართლებს, წლების წინ რადიკალურად დაპირისპირებული პოლიტიკური ლიდერები ერთად შეყარა. ბურჯანაძის პარტიის წევრები ბიძინა ივანიშვილს 2016 წლის არჩევნების გაყალბებაში, მათთვის ხმების 3-ჯერ შემცირებასა და ნაციონალებთან ბრძოლაში ბურჯანაძის გამარჯვების მითვისებაში ადანაშაულებენ.

როგორც Dalma News-ს გიგლა ბარამიძემ განუცხადა, ბურჯანაძის ბრძოლით მიღწეული გამარჯვება “ქართულმა ოცნებამ” დედის რძესავით შეირგო, რადგან 8 წლის წინ, ნინო ბურჯანაძეს, რომ არ ემხილა “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობა, ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება” დღეს, ხელისუფლებაში ვერ იქნებოდნენ.

“ჩვენ გადავტეხეთ წელში და მთელს მსოფლიოს ვაჩვენეთ “ნაციონალური მოძრაობის” რეალური სახე. იმ დღიდან დაიწყო “ენმ”-ს რღვევა და დასუსტება, რადგან დასავლეთი მათ უკვე აღარ უჭერდა მხარს. დედის რძესავით შეირგო ეს ბიძინა ივანიშვილმა და საფრთხობელასავით შეინარჩუნა “ნაციონალური მოძრაობა”. იმიტომ არ მოსწონთ მათ 26 მაისი და აქეთ გვადანაშაულებენ, რომ თითქოს ჩვენ არ დავინდეთ ხალხი და გამოვიყვანეთ გარეთ, თითქოს წინასწარ ვიცოდით დარბევის შესახებ. ეს არის აბსოლუტური ცინიზმი”, – აცხადებს გიგლა ბარამიძე და “ქართულ ოცნებას” მონების პარტიას უწოდებს.

ბარამიძის თქმით, 2011 წლის 26 მაისის შემდეგ, პირველად მოუწიათ სხვა დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებთან ერთ მაგიდასთან დასხდომა, რაც მათთვის ადვილი არ ყოფილა, რადგან მიაჩნიათ, რომ ნაციონალები, არა მხოლოდ მათი პოლიტიკური მოწინააღმდეგენი, არამედ მტრები არიან. ცალკეული მათგანის მიმართ, პიროვნულადაც ძალიან ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ, მაგრამ, გიგლა ბარამიძის მოსაზრებით, პოლიტიკოსობა ის არის, რომ მაღალი მიზნებისა და სახელმწიფოებრივი იდეალებისთვის ბრძოლისას, პირადულზე მაღლა დადგე.

“ამ მიზნით გადავწყვიტეთ ერთად დავმდგარიყავით, რათა ვაიძულოთ ხელისუფლება, გადადგას ნაბიჯი პროპორციული არჩევნებისთვის. ივნისში მივიღებთ საკონსტიტუციო ცვლილებებს და საარჩევნო კოდექსშიც იქნება ცვლილებები. ეს ძალიან დიდი წარმატება იქნება. ამან განაპირობა იმ პოლიტიკურ პარტიასთან ერთ მაგიდასთან დაჯდომა, რომელთანაც ჩვენ ძალიან ცივი, მკაცრი და ანტაგონისტური დამოკიდებულება გვქონდა. მაგრამ საზოგადოებრივი მოთხოვნა იყო, რომ გავერთიანებულიყავით”, – აცხადებს ბურჯანაძის პარტიის პოლიტიკური მდივანი გიგლა ბარამიძე.

ნინო ბურჯანაძისა და მისი პარტიის პოლიტიკურ მომავალს ბუნდოვანსა და უპერსპექტივოს უწოდებენ ექსპერტები. ფაქტია, რომ წლებთან ერთად მისი პარტია წევრებს, ხოლო თავად პარტიის ლიდერი ამომრჩევლის ნდობის ყველა აქტივს გზადაგზა კარგავს. ამ დღეებში პარტია გიორგი ახვლედიანმაც დატოვა. თუმცა, როგორც თავად ახვლედიანი ამბობს, ეს გააკეთა არა პარტიის პოლიტიკის, არამედ მისი რეპუტაციის გადასარჩენად. ბურჯანაძის გუნდიდან წასვლას ახვლედიანი ერთ-ერთი ტელეარხით გასულ სიუჟეტს უკავშირებს, რომელშიც გამოთქმული იყო ვარაუდი, რომ იგი “ქართული ოცნების” ე.წ. გარე სპიკერია. ახვლედიანმა წასვლით პარტია დააზღვია თავის მართლების რეჟიმისაგან.

გია აბაშიძე

ანალიტიკოს გია აბაშიძის მოსაზრებით, ნინო ბურჯანაძეს პოლიტიკური მომავალი საერთოდ აღარ აქვს და ურჩევს სხვა სფეროში დაიწყოს მოღვაწეობა, მისი პარტიის რეიტინგი – 1%-ზეა.

“მას შემდეგ, რაც ბოკერიასთან და უგულავასთან დაიწყო პოლიტიკური ფლირტი, მისმა პარტიამ ნდობა დაკარგა. “სახალხო კრების” წარმომადგენლებიც საჯაროდ ამბობენ, რომ დანაშაულია ის, რომ 26 მაისის შემოქმედებთან ბურჯანაძე თანამშრომლობს”, – აცხადებს გია აბაშიძე.

ანალიტიკოსი გაერთიანებულ ოპოზიციას, ლეიბორისტების ლიდერის, შალვა ნათელაშვილის ეზოს ოპოზიციას უწოდებს, სადაც თავი მოუყრია ერთმანეთის მიმართ მტრულად განწყობილ ძალებს.

“ეს არის ტოქსიკური გაერთიანება, რომელსაც არ ახასიათებს კონსტრუქციულობა”, – განუცხადა Dalma News-ს გია აბაშიძემ.

ექსპერტები ნინო ბურჯანაძეს მოსკოვში განცდილ ფიასკოსაც ახსენებენ, რაც იმას მოწმობს, რომ მას მოსკოვი არ ენდობა.

“ბურჯანაძე შეარცხვინა კრემლის ისტაბლიშმენტმა, როდესაც დაჰპირდნენ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის გამოშვებას და არ გამოუშვეს. მოსკოვში მის სიტყვას აღარ აქვს ფასი. აქ კი გამოჩნდა, რომ ბურჯანაძე მხოლოდ მანდატისთვის იბრძვის და არა ხალხისთვის. ​ბურჯანაძის პარტიის, რომელიმე პროექტი, ან გეგმა დამისახელოს ვინმემ – განათლებაზე, მედიცინაზე, ან სოფლის მეურნეობაზე. მსგავსი არაფერია. პარტიას თუ არ აქვს ალტერნატიული გეგმები და მხოლოდ დესტრუქციულ ოპონირებაზეა გადასული, პარტია კი არა სექტაა”, – აცხადებს ანალიტიკოსი გია აბაშიძე.

მისივე თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ნინო ბურჯანაძეს მაჟორიტარად არავინ აირჩევს, შესაძლოა პარლამენტში პროპორციული სიით შევიდეს, ამგვარად საკუთარი პარტიისთვის სახელმწიფო დაფინანსებას შეინარჩუნებს.

ზაალ ანჯაფარიძე

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე კი მიიჩნევს, რომ ნინო ბურჯანაძის პარტია ამომრჩეველთა ნდობის ველშიც კი აღარ ფიქსირდება. “დემოკრატიული მოძრაობის” ლეიბორისტების ოფისში შეკრებილ ოპოზიციასთან მიერთებამ, იმ ადამიანების გვერდით ყოფნამ და თუნდაც საარჩევნო საკითხებზე მათთან თანამშრომლობამ, საზოგადოებაში საკმაოდ ნეგატიური რეაქცია გამოიწვია. გარდა ამისა, არც მისი მოსკოვში ბოლო ვიზიტი იყო წარმატებული, სადაც საკმაოდ ცივად დახვდნენ. ამის დამადასტურებელია ის ფიასკო, რაც ცხინვალის რეჟიმის მიერ გატაცებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებების შემდეგ განიცადა.

“როგორ თამამად და თავმომწონედ აცხადებდა, რომ მისი ვიზიტის მეორე დღეს გაფრინდაშვილი თავისუფალი იქნებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ყოველივე ამან მისი საარჩევნო შანსები ძალიან დასწია, რაც, არც მანამდე იყო მაინცადამაინც მაღალი”, – განუცხადა Dalma News-ს ზაალ ანჯაფარიძემ.

ექსპერტის შეფასებით, ნინო ბურჯანაძის პარტია არ გამოირჩევა დიდი ელექტორალური რესურსით. ბურჯანაძის ყველაზე დიდი მიღწევა იყო 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიღებული ხმების 10-11%. მას შემდეგ, ქართველ ამომრჩეველს, მისი პოლიტიკური პარტიისგან რაიმე ღირებული აქცია და ინიციატივა არ ახსოვს. არც პარტიაში ჰყავთ ახალი სახეები, საზოგადოებისთვის ცნობილი ყველა სახე შემოეცალათ. ამასობაში წინა პლანზე წამოიწია ბურჯანაძის ვაჟმა ანზორ ბიწაძემ, რომელიც ადვილი შესაძლებელია მალე, “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერად მოგვევლინოს.

ზაალ ანჯაფარიძის თქმით, ბურჯანაძს შვილმა უდაოდ კარგი განათლება მიიღო, მაგრამ რამდენად შეუძლია მას ჩამოყალიბდეს ლიდერად, დრო გვაჩვენებს

“საკუთარი მემკვიდრეების დემონსტრაციულ წამოწევას პროვინციონალიზმის ელფერი დაჰკრავს და თანამედროვეობისგან შორს არის. პოლიტიკურ პარტიებსა და მათ ლიდერებს ურჩევნიათ გარედან მოიზიდონ ლიდერობის პოტენციალის მქონე, პერსპექტიული ადამიანები, ვიდრე საკუთარ ოჯახსა და საახლობლო წრეში ეძებონ პარტიის ხელმძღვანელი ბირთვი. ეს გაცილებით უკეთესია ნებისმიერი პოლიტიკური ორგანიზაციის ზრდისთვის”, – მიაჩნია ზაალ ანჯაფარიძეს.

რაც შეეხება ოპოზიციის გაერთიანებას, ექსპერტების აზრით, პარტიებმა დასავლეთის დასანახად შექმნეს ერთობა, მაგრამ სინამდვილეში არანაირი ერთობა და სოლიდარობა იქ არ არის.

შორენა პაპაშვილი