წინასაარჩევნოდ პოლიტიკური რეიტინგების აქტუალობა ბუნებრივი მოვლენაა, მაგრამ ახლა საკითხი სხვაგვარად დგას: ენდობა თუ არა საქართველოს მოსახლეობა ასეთ კვლევებს? რომელი პოლიკიტიკური ჯგუფის ინტერესების შესაბამისად ნაწილდება პროცენტული მაჩვენებლები? სოციალურ ქსელებსა, თუ რეალურ ყოველდღიურობაში ხშირად მოისმენთ რიგითი მოქალაქეების კომენტარებს, რომ უამრავი კვლევები ტარდება, მაგრამ მათთვის, არც ერთხელ არაფერი უკითხავთ.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) ამ დღეებში საზოგადოებრივი აზრის კვლევის მორიგი შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც მოქმედ და ყოფილ სახელისუფლებო პარტიებს შორის გამოკითხულთა სიმპათიები – 14% 15%-ის წინააღმდეგ გადანაწილდა. NDI-ი გვარწმუნებს, რომ მოსახლეობას ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ კვლავ გაუჩნდა სიმპათიები.

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემთ ხმას: 30% – “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, 26% – “ქართულ ოცნებას”, 11% -არცერთ პარტიას. – ასეთია NDI-ის კვლევის საველე სამუშაოების ერთთვიანი შედეგები, რომლის დროსაც საქართველოს მასშტაბით 4 448 ადამიანი გამოკითხეს. NDI-ის სხვა საინტერესო კითხვებიც აქვს: კერძოდ, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, გამოკითხულთა 14% პასუხობს, რომ “ქართული ოცნება“. 2012 წლის ნოემბრის კვლევის მიხედვით კი ამგვარად 63% ფიქრობდა.

შეგახსენებთ, რომ NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და ატარებს CRRC–საქართველო. ამ ორგანიზაციის მიმართ უნდობლობა მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ მთავრობამ დიდი ხნის წინათ გამოხატა. ხელისუფლების წევრები აცხადებენ, რომ პოზიცია დღესაც არ შეუცვლიათ და მიაჩნიათ, რომ მართალია NDI საერთაშორისო ორგანიზაციაა, მისი ოფისი საქართველოში გარკვეული ხარვეზებით მუშაობს და კონკრეტული პარტიის ინტერესებს ემსახურება.

ვიცე-პრემიერი კახა კალაძე აღიარებს, რომ ქვეყანაში პრობლემები რეალურად არსებობს, ძალიან მძიმე სოციალური ფონია შექმნილი. მაგრამ თავს იმით იმართლებს, რომ ეს პრობლემები გუშინ და გუშინწინ არ დაწყებულა.

“ამ სამი წლის განმავლობაში ხელისუფლებამ ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელა, რაც მთავარია ხალხს აქვს იმედი, რომ ყველა პროექტი განხორციელდება, რათა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას პრობლემები შევუმსუბუქოთ. ყველაფერს არჩევნები აჩვენებს და ქართველი ხალხი გადაწყვეტს, ვინ მოიგებს 2016 წლის არჩევნებს. რა თქმა უნდა ქვეყანაში პრობლემები არსებობს და ხელისუფლება ამაზე საუბარს არ ერიდება”, – განაცხადა კალაძემ.

NDI-ის კვლევებისთვის “სერიოზულ კომენტარს“ ვერ იმეტებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მიაჩნია, რომ ეს არც მოსახლეობისთვის არის საინტერესო. მისი თქმით, NDI-ის მიმართ ძალიან ბევრი კითხვის ნიშნები დაგროვდა და ის ადამიანები, რომლებიც წლების გამავლობაში უშუალოდ ახორციელებენ ამ კვლევებს, პირდაპირ არიან დაკავშირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“. მოსახლეობას აინტერესებს რას ჰპირდება და რას აკეთებს მთავრობა? ღარიბაშვილის აზრით, ყველაზე მთავარი კვლევა არჩევნების დღეა.

აინტერესებს თუ არა მოსახლეობას NDI-ის კვლევები, ამის გარკვევას არასამთავრობო ორგანიზაცია “პოზიცია“ შეეცადა. მათ ერთგვარი საპასუხო სოციოლოგიური გამოკითხვა ჩაატარეს სამი მიმართულებით: ვიდეო და სატელეფონო გამოკითხვა და ანკეტის შევსება. სამი დღის განმავლობაში 325 ადამიანი გამოკითხეს, აქედან ყველაზე მეტ, 200 ადამიანს ტელეფონით ესაუბრნენ, 98-ს ანკეტა შეავსებინეს და მიიღეს შედეგი, რომ გამოკითხულთა უმეტესობა 212 ადამიანი არ ენდობა NDI-ის.

გურამ ადამაშვილი

როგორც Dalma News-ს ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გურამ ადამაშვილმა განუცხადა, გამოკითხულთა 10%-მა პასუხის გაცემას თავი აარიდა, ზოგმა კი საერთოდ არაფერი იცოდა NDI-ის შესახებ. ხოლო კითხვაზე, თუ რით არის განპირობებული მათი უნდობლობა, მოსახლეობის მხრიდან ისმოდა არგუმენტი, რომ 2012 წელს NDI-ის წინასაარჩევნო გამოკითხვებში ძალიან დაბალი მაჩვენებელი ჰქონდა კოალიცია “ქართულ ოცნებას“, ხოლო მაღალი პროცენტი მიიღეს “ნაციონალებმა“, არჩევნების შემდეგ კი სრულებით საწინააღმდეგო შედეგი დადგა, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ოცნებამ“ გაიმარჯვა.

“შესაბამისად მოსახლეობის რეაქცია ეფრუძნება წარსულს და მათი ძირითადი დამოკიდებულება არის, რომ NDI კონკრეტულ პარტიაზე “ნაციონალური მოძრაობაზე“ მუშაობს, თითქოს მოსახლეობას სურს, “ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნება. თუ ვინმეს ეჭვი ეპარება ჩვენს სიმართლეში, მათთან ერთად გავალ ნებისმიერ დროს ქუჩაში და გამოვკითხავ მოსახლეობას,“ – განაცხადა გურამ ადამაშვილმა.

რამაზ საყვარელიძე

NDI-ის მიმართ უნდობლობით ცნობილი ექსპერტი რამაზ საყვარელიძე, არც ბოლო კვლევებს ტოვებს უყურადღებოდ და მას „მოდელირებულ სოციოლოგიურ კვლევას“ უწოდებს. მისი აზრით, ბოლო პერიოდში ისეთი არაფერი მომხდარა, რასაც შესაძლოა „ქართული ოცნების“ რეიტინგის ამგვარი ვარდნა გამოეწვია. ამდენად „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესშია, თუ მეტი არა, „ქართულ ოცნებასთან“ გათანაბრებული რეიტინგი მაინც ჰქონდეს.

რამაზ საყვარელიძის თქმით, მოცემული ციფრები მეტნაკლებად თუ დაიჯერა მოსახლეობამ, უნდა გაჩნდეს ის აზრიც, რომ მათი პასიურობის შემთხვევაში, 2016 წლის პარლამენტში “ქართული ოცნება“ და “ნაციონალური მოძრაობა“ დაახლოებით თანაბარი მანდატებით იქნებიან წარმოდგენილნი. ამ შემთხვევაში შეიქმნება სურათი, რომ მოსახლეობა ნელ-ნელა იბრუნებს “ნაციონალურ მოძრაობას“, რაც უკვე საგანგაშოა. თუმცა, საყვარელიძე არც იმას გამორიცხავს, რომ კონკრეტული გამოკითხვების მიმართ უნდობლობის გამო მოქალაქეები საკუთარ პოზიციას არ ასაჯაროვებდნენ.

სხვაგვარად ფიქრობენ “ნაციონალურ მოძრაობაში“ და NDI-ის მიმართ მაღალი ნდობის დემონსტრირებასთან ერთად, არჩევნებისთვის აქტიურად მზადების სტიმულზე საუბრობენ. მათი თქმით, “ქართულმა ოცნებამ“ დაკარგა მოსახლეობის ნდობა და ექსპრემიერ ივანიშვილის გუნდი მინიმალურად დემოკრატიულ არჩევნებშიც ვერ გაიმარჯვებს, რაც აძლევთ სტიმულს ამომრჩეველთა გულებისთვის იბრძოლონ, ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის შანსი ხომ ახლა, მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობის“ ხელშია. “ჩვენ ვისწავლეთ საკუთარ შეცდომებზე,“ – აცხადებენ “ნაციონალები“.

NDI-ის კვლევას თუ დავუჯერებთ, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს, რესპონდენტთა მხოლოდ 49% მივიდოდა არჩევნებზე. სულ ორიოდე თვის წინათ კი არჩევნებში მონაწილეობის სურვილს NDI-ის მიერ გამოკითხული რესპოდენტების 56% გამოთქვამდა.

შორენა პაპაშვილი