ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი გუშინ ჩამოფრინდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მაღალი რანგის სტუმარს საგარეო საქმეთა მინისტრო თამარ ბერუჩაშვილი და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ დახვდნენ.

პირველი არაოფიციალური შეხვედრა სტოლტენბერგმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან გამართა, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პროცესში მიღწეული პროგრესი შეაფასა, ისაუბრა “ე.წ.  ოკუპირებული ტერიტორიების ბორდერიზაციის” პროცესზე და ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე.

იენს სტოლტენბერგს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც უმასპინძლეს. უწყების პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა განიხილეს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებულ საკითხთა სრული სპექტრი და ამ მიმართულებით დაგეგმილი შემდგომი ნაბიჯები, უელსის სამიტზე მიღებული არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის მიმდინარეობისა და ვარშავის 2016 წლის ნატო-ს სამიტისთვის მზადების პროცესი.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ნატო-ს გენერალური მდივანი, თამარ ბერუჩაშვილთან და გენშტაბის უფროს ვახტანგ კაპანაძესთან ერთად გმირთა მოედანზე მივიდა და საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

მოგვიანებით, იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.

“ნატო-ს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტი მორიგი დადასტურებაა იმის, რომ საქართველო–ნატოს ურთიერთობები და თანამშრომლობა წარმატებით ვითარდება”, – განაცხადა ღარიბაშვილმა პირისპირ შეხვედრაზე.

თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელთან გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო უელსის სამიტზე მიღებული არსებითი პაკეტის იმპლემენტაციასა და ვარშავის 2016 წლის ნატოს სამიტისთვის მზადების პროცესს.

ხიდაშელმა აღნიშნა, რომ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ეფექტური და დროული განხორციელება ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, რადგან ის ეხმარება საქართველოს ნატოს წევრობისთვის მოემზადოს.

შეგახსენებთ, რომ ნატოს გენერალური მდივნის საქართველო ვიზიტის მთავარი მიზანი – ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნაა. ოფიციალური ცერემონია დღეს, კრწანისის  სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე გაიმართება.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ალასანიას შეფასებით, აღნიშნული ცენტრი საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაძლიერებისკენ, თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისკენ, პროფესიული არმიის ჩამოყალიბებისკენ გადადგმული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია.