კრწანისის სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი  ოფიციალურ ვითარებაში გაიხსნა. ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, ხელისუფლების მაღალი რანგის წევრები, ნატო-ს გენერალური მდივანი და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

ცენტრი ოფიციალურად ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგმა და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნეს.

“ცენტრი არ არის მხოლოდ შენობა და მხოლოდ ოფისები, – განაცხადა სტოლტენბერგმა, – მასში შედის პოლიგონები, სხვადასხვა ობიექტები მთელი საქართველოს მასშტაბით. ქართული და ალიანსის პერსონალი ერთად იმუშავებს იმისთვის, რომ ერთობლივი წვლილი შეიტანონ საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის. საქართველო გახდება უფრო მეტად თავსებადი ნატო-სთან, ნატო უფრო ფართოდ იქნება წარმოდგენილი საქართველოში და ჩვენი ხილვადობა უფრო ამაღლდება ქვეყანაში. საქართველოს წვლილი საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების სფეროში კიდევ უფრო გაიზრდება.

საზეიმო ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ქართველ ჯარისკაცებს მადლობა გადაუხადა.

“დღეს ჩვენ ამაყად ვდგავართ აქ, საქართველოს მიწაზე, რადგან ვაძლიერებთ ჩვენს თავდაცვისუნარიანობას, ვაძლიერებთ იმ ღირებულებების დაცვას, რისთვისაც ყოველთვის ვიბრძოდით – ჩვენი, როგორც თავისუფალი, დამოკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობას და ჩვენ ვიცავთ ამ ღირებულებებს არა მარტო ჩვენს მიწა-წყალზე, არამედ გლობალური მასშტაბით. ჩვენი ახალი სასწავლო ცენტრი კიდევ უფრო დახვეწს თქვენს უნარებს, რომლებსაც თქვენ გამოიყენებთ მხოლოდ ერთი მიზნისთვის, დაიცვათ თავისუფლება და ის ღირებულებები, რის ირგვლივაც ჩვენ ვართ გაერთიანებულნი”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის შეფასებით, ცენტრის გახსნა კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საქართველოს არჩევანია – დემოკრატიული ქვეყნების ოჯახში გაწევრიანდეს.

“დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი გზავნილია საქართველოს ევროატლანტიკური სივრცისკენ სწრაფვის უკუქცევადობის, ჩვენი არჩევანის ურყევობისთვის და პარტნიორების თანადგომის დემონსტრირებისთვის. საქართველოს არჩევანი ცხადზე უცხადესია, ვიღწვით დემოკრატიული, განვითარებული, სტაბილური და მშვიდობიანი ქვეყნების ოჯახის წევრობისთვის. ნატო დღევანდელ მსოფლიოში უსაფრთხოების არქიტექტურის თვალსაზრისით მშვიდობის უზრუნველყოფის ყველაზე მძლავრი და ეფექტური მექანიზმია. ნატო-ს გაფართოებით ფართოვდება თავისუფლების საზღვრები, ძლიერდება უსაფრთხოების რკალი და დედამიწის უფრო მეტ სეგმენტზე ისადგურებს მშვიდობა. ნატო-ს მოაქვს მშვიდობა”, – განაცხადა ხიდაშელმა.

შეგახსენებთ, რომ წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნა უელსის სამიტზე, საქართველოსთვის არსებითი პაკეტის გადაცემასთან ერთად გადაწყდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here