საქართველოში ორდღიანი ვიზიტით მყოფი ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, ნორვეგიელი ტერორისტის ანდრეს ბრეივიკის მიერ მოკლული ქართველი გოგონას, თამთა ლიპარტელიანის მშობლებს შეხვდა, რათა სამძიმარი პირადად გამოეცხადებინა.

როგორც იენს სტოლტენბერმა განაცხადა, მას მრავალი ინფორმაცია წაუკითხავს თამთა ლიპარტელიანის შესახებ. “მინდა გამოგიცხადოთ გულწრფელი სამძიმარი და თანადგომა, მიგულეთ თქვენ გვერდით. მრავალი ინფორმაცია წამიკითხავს პრესით თქვენი ქალიშვილის შესახებ. ჩვენ ნორვეგიაში გავხსენით ადგილი, სადაც პატივს მივაგებთ გარდაცვლილთა ხსოვნას და ვიხსენებთ მათ, მათ შორის თქვენს ქალიშვილს. გმადლობთ, რომ გამონახეთ დრო შეხვედრისთვის, რათა ჩემი სამძიმარი პირადად გადმომეცა,”- აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მადლობა გადაუხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ამ შეხვედრის ორგანიზებისთვის.

ანდერს ბრეივიკმა 2011 წლის 22 ივლისს ნორვეგიაში, ორსაათიანი ინტერვალით ორი ტერორისტული აქტი განახორციელა. პირველი ოსლოს სამთავრობო რაიონში, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იენს სტოლტენბერგის ოფისთან მოხდა, სადაც ავტომობილში დამონტაჟებული ყუმბარა აფეთქდა და რვა ადამიანი იმსხვერპლა. მეორე თავდასხმის სამიზნე კუნძულ უტოიაზე მდებარე ახალგაზრდული ბანაკი იყო, სადაც პოლიციის ფორმაში გადაცმულმა შეიარაღებულმა ბრეივიკმა ცეცხლი გაუხსნა დამსვენებლებს და 68 ადამიანი მოკლა, მათ შორის იყო ქართველი სტუდენტი გოგონა თამთა ლიპარტელიანი.

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს 26 აგვისტოს ესტუმრა და ეროვნულ სასწავლო ცენტრ “კრწანისის” ტერიტორიაზე, ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის ოფიციალური გახსნის ცერემონიალს დაესწრო.  იენს სტოლტენბერგი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ გააცილა.