ცნობილი ქართველი დირიჟორის, ჯემალ გოკიელის დაბადებიდან სულ მალე 100 წელი შესრულდება. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მან მთელი ცხოვრება მიუძღვნა საქართველოს სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრს, ჩაატარა 1200 კონცერტზე მეტი, აქედან პირველი -1948 წელს, ბოლი კი – 1991 წლის თებერვალს, გარდაცვალებამდე ორი თვით ადრე.

თავისი საქმის უაღრესად დიდი პროფესიონალი, ასევე გულისხმიერი მამა და მოსიყვარულე მეუღლე იყო. სწორედ ჯემალ გოკიელის ხელში გაიარა მისი ეპოქის ყველა იმ ქართველი კომპოზიტორის ნაწარმოებმა, რომლებიც შემდგომ, თავიანთი პოპულარობით საქართველოს საზღვრებსაც კი გასცდნენ. ყველაზე მეტად, რაზეც მის შვილებს სწყდებათ გული ის არის, რომ მისი დირიჟორობით შესრულებული მუსიკალური ნაწარმოების ძალიან ცოტა აუდიო ჩანაწერი არსებობს, ვიდეო მასალა ხომ საერთოდ არ შემონახულა და ჯემალ გოკიელს უმთავრესად ზეპირი მოგონებებით ვიხსენებთ, როგორც ხელოვანსა და პიროვნებას. Dalma News-ს მუსიკოსის ვაჟი გია გოკიელი ესაუბრა.

-გვიამბეთ მამათქვენის შესახებ…

– დირიჟორი, კომპოზიტორის, მწერლისა თუ მხატვრისგან განსხვავებით, გარდაცვალების შემდგომ არც პარტიტურას ტოვებს, არც წიგნს და არც ნახატს, რჩება მხოლოდ მოგონებები, იმათი, ვინც მის კონცერტებს დასწრებია და მას პირადად იცნობდა. თანდათან ამ ხალხის რიცხვიც მცირდება. მამაჩემის შესახებ ბევრი რამ, არც მე ვიცი, გარდა იმისა, რომ მუსიკასა და ჩვენს სიმფონიურ ორკესტრს შეალია ცხოვრება.

ჩემმა ბავშვობამაც საკონცერტო დარბაზებსა და მის კულისებში ჩაიარა. მამა არ იყო, რომ იტყვიან ფხიანი კაცი, როცა საქმე თანამდებობის მოპოვებას, ან უცხოეთში გასტროლებს ეხებოდა. ორკესტრის მთავარ დირიჟორად არასოდეს დაუნიშნავთ და საზღვარგარეთაც სულ სამჯერ იყო: იუგოსლავიაში, პოლონეთსა და რუმინეთში. მიუხედავად ამისა, გასული საუკუნის 50-60-იან წლებში მაინც ერთ-ერთი უმთავრესი ფიგურა იყო “პოდიუმზე”. მას თავისი დროის საუკეთესო მუსიკოსებთან მოუწია სცენაზე გამოსვლა, როგორც საბჭოთა ეპოქის, ისე უცხოელებთან. თითოეული კონცერტის შემდეგ ჩანაწერს აკეთებდა დღიურებში, სადაც აღნუსხული ჰქონდა ყოველი დეტალი, რა სრულდებოდა, ვინ იყო სოლისტი…

​- მამის კვალს შვილები არ გაჰყევით, რატომ?

– ძალიან მზრუნველი მამა იყო. უახლოესი მეგობრები ვიყავით. მან გამოიჩინა ასეთი ეშმაკობა. მუსიკაზე მატარა, მაგრამ ისეთ მასწავლებელთან, რომელიც ნამდვილად არ მომეწონებოდა. მეც სულ ოთხი წელი ვისწავლე.

17198121_10209019530468735_367297174_n
გია გოკიელი

წლების შემდეგ შევიტყვე, რომ თვითონ მამას არ სურდა მე და ჩემი დაც მუსიკოსები გამოვსულიყავით, რადგან მიაჩნდა, რომ ეს ძალიან ძნელი და უმადური საქმეა. შესაძლოა მას სურდა ჩვენი დაცვა იმ წნეხისგან, ინტრიგებისა თუ სხვა სირთულეებისგან, რომლებსაც მუსიკოსი აწყდებოდა თავის გზაზე. მიუხედავად იმისა, რომ მამა წარმატებული იყო, არაჩვეულებრივ ადამიანებს ხვდებოდა, ძალიან ბევრ დიდ შემსრულებელთან ერთად გამოსულა სცენაზე, მიაჩნდა, რომ ეს სანერვიულო და მძიმე პროფესიაა, რომ შეიძლება უფრო ადვილად იცხოვროს ადამიანმა.

– ამის შემდეგ რა გზა აირჩიეთ შვილებმა?

– არ ვიცი, უფრო იოლი გზა ავირჩიეთ, თუ არა. ჩემი და ხელოვნებათმცოდნეა, მაგრამ ახლა უძრავი ქონების აგენტად მუშაობს. მე ლიტერატურის მთარგმნელი ვარ. ჩემი პროფესია მიყვარს, მაგრამ ვნანობ, რომელიმე ინსტრუმენტზე დაკვრა რომ არ ვიცი.

– როგორც ვიცით, შვილიშვილები დაუბრუნდნენ მუსიკას?

– შვილიშვილებს ბუნებრივად აღმოაჩნდათ მუსიკის ნიჭი, ბაბუისა და დიდი ბაბუისგან გადაეცათ. სამიდან ორი მუსიკოსია. ჩემი დის შვილი, ელენე ხონელიძე კი, ოპერის მომღერალია. ამჟამად ბერლინის კონსერვატორიაში სწავლობს.

ელენე ხონელიძე
ელენე ხონელიძე

ჩემს ქალიშვილებს რაც შეეხებათ, ანანო წარმატებული პიანისტია. იგი ბერლინში ცხოვრობს და პედაგოგიურ საქმიანობასთან ერთად, აქვს საკმაოდ წარმატებული კარიერა. გამოდის ევროპის დიდ დარბაზებში და პლანეტის სხვა კონტინენტებზეც უწევს გასტროლებით წასვლა. საქართველოს ეროვნული ორკესტრის გარდა, სოლისტად დაუკრავს კონცერტებზე ჩილეს და პერუს ეროვნულ ორკესტრებთან ერთად. ასევე, არის ბერლინის ხელოვნების უნივერსიტეტის დოცენტი.

17160746_10209019551829269_88911418_n
ანანო და ლელიკო გოკიელი

მეორე ქალიშვილი, ლელიკო გოკიელი, ფლეიტისტია. ამჟამად ბერლინის ხელოვნების უნივერსიტეტის ასპირანტურაში სწავლობს და პარალელურად სხვადასხვა ორკესტრებში უკრავს. ჰქონდა საკონცერტო ტურნე გუსტავ მალერის ახალგაზრდულ ორკესტრში, რომელიც ევროპაში საუკეთესო ახალგაზრდულ ორკესტრად მიიჩნევა. მასში მოხვედრა საკმაოდ რთულია, მუსიკოსებს წინასწარი მოსმენის საფუძველზე, მთელს ევროპაში არჩევენ. ლელიკო პირველია ჩასაბერ ინსტრუმენტებზე ქართველ შემსრულებელთა შორის, რომელსაც ამ ორკესტრში დაკვრის პატივი ერგო. ის ასევე იყო ბრანდენბურგის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის აკადემისტი-პრაქტიკანტი.

– დღეს, ქართველი ახალგაზრდა მუსიკოსები ძირითადად საზღვარგარეთ აგრძელებენ მოღვაწეობას და არ რჩებიან სამშობლოში, თქვენი აზრით რატომ?

– ამ სფეროში საქართველოში შეიძლება ძალიან კარგი პროფესორ-მასწავლებლები გვყავს, მაგრამ ახალგაზრდა მუსიკოსებს ჩვენთან აღარ აქვთ ფართო ასპარეზი, დაბალია აქტივობა, მოტივაცია-ნაკლები. ევროპაში კლასიკური მუსიკის დიდი კულტურა არსებობს, ჩვენთან ფაქტობრივად დარბაზებიც ცარიელია, ძალიან იშვიათი შემთხვევების გარდა. ევროპაში კი, იგივე ბერლინში, ყოველდღიურად კლასიკური მუსიკის, დაახლოებით 15-20 კონცერტი იმართება. ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა თავისი ბიუჯეტიდან გამომდინარე შეარჩიოს დარბაზი, სულაც უფასო კონცერტებს დაესწროს, რომელშიც მონაწილეობენ კონსერვატორიის სტუდენტები, პროფესორები, არის კამერული ანსამბლები. ასევე ახალგაზრდები უკრავენ სპეციალური პროგრამებით ისეთი ადამიანებისთვის, რომლებიც დარბაზებში ვერ მიდიან. იმართება მუსიკალური საღამოები ძველი ქარხნების შენობებში, ბიბლიოთეკებში, წიგნის მაღაზიებში, ეკლესიებში, ეს მათი კარიერისთვისაც კარგია…

– მაგრამ იყო პერიოდები, როდესაც ჯემალ გოკიელის დამსახურებით, საქართველოში ასეთი ღია კონცერტები მრავლად იმართებოდა…

– ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ დასცილდა კლასიკური მუსიკა ადამიანების ფართო მასებს, ჩემი აზრით, არის ის, რომ ჩვენში ღია ესტრადებზე კონცერტების გამართვის კულტურა თითქმის აღარ არსებობს. ევროპაში ბევრია ისეთი ღია სცენები, სადაც იმართება უმაღლესი დონის კონცერტები. საქართველოშიც არსებობდა ღია ესტრადები: თბილისში, ვაკის პარკის, მთაწმინდის პარკის და მუშტაიდის ბაღის ამფითეატრები; ბორჯომში, ბათუმში, სოხუმში, გაგრასა და ბიჭვინთაში.

ღია ცის ქვეშ გამართულ უფასო კონცერტებზე საუკეთესო შემსრულებლებიც გამოდიოდნენ, მაგალითად, ელისო ვირსალაძე, ლიანა ისაკაძე, მარინე იაშვილი და სხვა წამყვანი ქართველი მუსიკოსები. პარკებში ძალიან ბევრი ადამიანი საგანგებოდ მიდიოდა მუსიკის მოსასმენად, მათი ყური ეჩვეოდა კლასიკურ მუსიკას და შემდეგ ისინი უფრო დიდ დარბაზებსაც ავსებდნენ. რაც შეეხება ბავშვებს, ყველა მუსიკალურ სასწავლებელს, წელიწადში ერთხელ საქართველოს სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრთან ერთად უნდა გაემართად კონცერტი. ეს იყო უზარმაზარი სტიმული მომავალი თაობისთვის და იმისთვის, რომ კლასიკური მუსიკით დაინტერესებულიყვნენ ბავშვები. დღეს კი, ეს ყველაფერი, გაქრა.

– რა არის ამის მიზეზი, მძიმე სოციალური მდგომარეობა, გემოვნების დაქვეითება, თუ ის, რომ სახელმწიფო არ ზრუნავს სათანადოდ ამ სფეროს განვითარებაზე?

– ჩემის აზრით, ყველაფერი, რაც თქვენ ჩამოთვალეთ. სახელმწიფომაც, შესაბამისმა უწყებებმა მეტად უნდა იზრუნონ ამაზე. მსმენელის უფულობა და მძიმე სოციალური მდგომარეობა თავის როლს თამაშობს, მაგრამ შეიძლება უფასო კონცერტების გამართვა. ჩვენთან ხშირად იმართება უფასო კონცერტები, მაგრამ სამწუხაროდ კლასიკური მუსიკის არა. ტელევიზიასა და რადიოშიც ძალიან არასაკმარისად ხდება ამის პოპულარიზაცია, ადამიანის ყურს სისტემატურად უნდა ესმოდეს კლასიკური მუსიკა.

– ბევრი დამწყები კომპოზიტორის ნაწარმოები პირველად, სწორედ ჯემალ გოკიელის დირიჟორობით შესრულებულა და ბევრი ცნობილი ნაწარმოების თანაავტორიც ყოფილა?

– ახალგაზრდა კომპოზიტორებს იმ დროს მეტი სტიმული ჰქონდათ, რადგან იცოდნენ, რომ მათი ახალი ნაწარმოებები შესრულდებოდა და თაროზე არ შემოიდებოდა. კომპოზიტორთა კავშირი მართავდა ასეთი კონცერტების სერიებს. მამა, არა მხოლოდ დირიჟორობდა, ხშირად ის იყო თანაავტორი. ორკესტრისთვის გადაჰქონდა ფორტეპიანოსთვის დაწერილი ნაწარმოები. მსოფლიო მუსიკაში არსებული პრაქტიკის მიხედვით, ნაწარმოების გამაორკესტრებელი თანაავტორად სახელდება. მაგალითად, მორის რაველმა საორკესტრო ხმებად გადაანაწილა მოდესტ მუსორგსკის “სურათები გამოფენიდან” (მუსორგსკიმ ეს ნაწარმოები საფორტეპიანო ციკლად შექმნა). როცა ეს ნაწარმოები სრულდება საორკესტრო ვარიანტად, ავტორებად ორივე გვარი იწერება.

ჩვენთან კი, კომპოზიტორი შეკვეთას აძლევდა, რამდენიმე ადამიანს, ვისაც გაორკესტრება ხელეწიფებოდა, თუმცა შემდეგ გამაორკესტრებელის ვინაობა აღარ აფიშირდებოდა. მეც კი არ ვიცი იმ ნაწარმოებების უმრავლესობა, რომლებიც მამაჩემმა გააორკესტრა. თუმცა ვიცი, რომ ერთ-ერთია რეზო ლაღიძის ცნობილი საორკესტრო პიესა “საჭიდაო”. მისი სიცოცხლის ბოლო კონცერტებზე უკვე ცხადდებოდა: ლაღიძე-გოკიელი.

– თქვენის აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვისთვის აღზრდის პროცესში მუსიკასთან სიახლოვე?

– ვფიქრობ, ეს ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ზიარება ხელოვნების სხვა დარგებთან, ​ლიტერატურასთან, წიგნთან. მუსიკალური კულტურა ადამიანის აღზრდის განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს, ვგულისხმობ არა მხოლოდ კლასიკურს, არამედ ხალხურ მუსიკასაც. სკოლებში მუსიკა სავალდებულო საგნად უნდა ისწავლებოდეს. ის ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბავშვის განვითარებაში. უყალიბებს გემოვნებას, გარემოს აღქმის უნარს, დადებით პიროვნულ თვისებებს. ხელს უწყობს ადამიანში შინაგანი ჰარმონიულობის დამკვიდრებას. მუსიკის როლი შეუფასებელია პიროვნების ჩამოყალიბებაში. მუსიკასთან დაახლოებული ადამიანი უფრო გახსნილია გარემოს მიმართ.

ესაუბრა შორენა პაპაშვილი