ბათუმში უახლესი ევროსტანდარტების შესაბამისი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს აშენება იგეგმება. პროექტის ავტორად კი კომპანია “Multiplex” დასახელდა.

“Multiplex”-ს საკუთარი ინფრასტრუქტურა აქვს, რომლის საშუალებით ახორციელებს სატრანსპორტო, საჰაერო, საზღვაო, სახმელეთო და სარკინიგზო გადაზიდვებს საქართველოდან და საქართველოს გავლით. კომპანია აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ახორციელებს ბაქოს ჰოვსანის პორტის და ყაზახეთის ქალაქ აქტაუს საკონტეინერო ტერმინალის “კასპიან გლობალის” ოპერირებას. “მულტიპლექს ჯგუფის” სახელი უკავშირდება ასევე ჩინურ-ყაზახური “ახალი აბრეშუმის გზის” პროექტსაც, რომელიც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო კორიდორი გახდება. Multiplex-ი აქტურად არის ჩართული პროექტის ტრანსკასპიური მიმართულების დერეფნის განვითარებაში”, – წერს გაზეთი “ახალი თაობა”.

როგორც პროექტის ერთ-ერთი ავტორი, კომპანია “New Art Way”-ის ხელმძღვანელი, ბიზნესმენი გია შავდია აცხადებს, ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, შესაძელებელი გახდა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტზე ფიქრი. მისმა კომპანიამ “Multiplex”თან ერთად, დეტალურად შეისწავლეს საქართველოს შავიზღვისპირეთის ინფრასტრუქტურა და მთავრობას წარუდგინეს ბათუმში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საშუალო ზომის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის პროექტი, რომელშიც ასევე ჩაერთვებიან ევროპული საინვესტიციო ჯგუფები.

როგორც ბიზნესმენი აცხადებს, ქარხანაში ინვესტირება ორ ეტაპად განხორციელდება. საწარმოში 150 მლნ აშშ დოლარის ინვესტირება იგეგმება, წელიწადში კი 2 მლნ ტონა პროდუქციის წარმოება. დადებითი ტენდენციის შემთხვევაში გეგმის მეორე ეტაპი ამუშავდება – წარმადობის გაზრდა, რომელიც ასევე დამატებით 150-200 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციას ითვალისწინებს. დასაქმდება 200- მდე ადამიანი. სრული ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩასატარების მზადყოფნას გამოთქვამს კომპანია “გამა”.