საქართველოს მთავრობა ოლიმპიურ სოფელში დევნილებისთვის ახალი კორპუსების შეძენაზე მოლაპარაკებებს მართავს. აღნიშნული საკითხი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და “ჰუალინგ ჯგუფის” პრეზიდენტ მი ენჰუას შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.

შეხვედრაზე “ჰუალინგ ჯგუფის” პრეზიდენტმა ღარიბაშვილს საქართველოში თავისუფალი ბიზნესგარემოს უზრუნველყოფისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ “ჰუალინგი” საქართველოში ახალი საინვესტიციო პროექტების განხორციელებას გეგმავს. თავის მხრივ, პრემიერი ინვესტორს მაქსიმალურ მხარდაჭერას დაჰპირდა.

მთავრობამ ოლიმპიურ სოფელში 8 კორპუსი უკვე შეიძინა, რომელიც დევნილ ოჯახებს საკუთრებაში გადაეცემათ. დამატებითი კორპუსების შეძენაზე კი მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში დასრულდება, – აღნიშნავენ პრემიერის პრესსამსახურში.