მარტის დასაწყისი თბილისისთვის დაძაბული და საპროტესტო აქციებით დატვირთული თვე გამოდგა. მას შემდეგ, რაც 9 მარტს “უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტის” წინააღმდეგ ახალგაზრდების პროტესტი დასრულებულად გამოცხადდა, 11 მარტს, პარლამენტის შენობის წინ, ახალგაზრდები პარტია “გირჩმა” თავდაცვის ახალი კოდექსის პროექტის გასაპროტესტებლად შეკრიბა. „გირჩი“ ახალგაზრდების ჯარში სავალდებულო გაწვევის წინააღმდეგია და მოითხოვს ჯარი მხოლოდ სახელშეკრულებო პრინციპით დაკომპლექტდეს.

მათი შეფასებით, სახელმწიფო ახალგაზრდებს 125 ლარად „საჯარო დაწესებულებაში მონური შრომისთვის“ – „ღილაკზე თითის დამჭერებად და შლაგბაუმების ამწევ-დამწევებად” იმეტებს, ქართველ ახალგაზრდებს ჯარისკაცად მომზადების ნაცვლად, იაფფასიან მომსახურე პერსონალად იყენებენ.

“მონობა ვერასდროს იქნება კარგი, როგორი იდეოლოგიითაც არ უნდა შეინიღბოს ის. 1991 წელს დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, მაგრამ თავისუფლების დაცვა დღემდე მონური სისტემის ხარჯზე გვსურს“, – ასეთია “გირჩის” ლიდერების პოზიცია.

მათივე აზრით, მონობის ერთ-ერთი ფორმაა ის, რომ “ადამიანის იძულებული იყოს, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, იარაღით დაიცვას სხვა ადამიანები”.

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული “თავდაცვის კოდექსის” პროექტის თანახმად, სავალდებულო სამხედრო სამსახურს ეწოდება – “წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური”.

საკანონმდებლო პაკეტი არაერთ სიახლეს ითვალისწინებს, მათ შორის, სასულიერო პირი სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით ვეღარ ისარგებლებს. სასულიერო პირი გაწვევას დაექვემდებარება არასამხედრო ალტერნატიულ შრომით სამსახურში. გადავადების საფუძველი რჩება სტუდენტის სტატუსი. სტუდენტები მხოლოდ სურვილის შემთხვევაში იმსახურებენ და მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში. მათ ნებაყოფლობით შეეძლებათ აირჩიონ მათთვის მისაღები პირობები სამი ვარიანტიდან:

  • სამხედრო მომზადება ყოველწლიურად, ზაფხულში, წელიწადში 1 სრული თვე, 4 წლის განმავლობაში;
  • 2-წლიანი უმცროს ოფიცერთა მომზადების პროგრამა, საბაზისო სწავლების პარალელურად;
  • “ფასიანი ტერიტორიული რეზერვში“ მიღება, ყოველწლიურად 45 დღე, 4-წლიანი პროგრამა.

წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის ასაკი საქართველოში 18-27 წელია. ვადის შემცირება – 12-თვიანი ვადის ნაცვლად, შემოთავაზებულია:

  • საბრძოლო ქვედანაყოფში სამსახურისათვის – 6 თვე;
  • დაცვის ან უზრუნველყოფის ქვედანაყოფში სამსახურისათვის – 8 თვე;
  • ხოლო უმცროს სამეთაურო თანამდებობებზე და წინასწარ განსაზღვრულ სპეციალობებზე სამსახურისათვის – 11 თვე;

სამხედრო სამსახურის გავლის შესაძლებლობები წვევამდელებს მხოლოდ თავდაცვის უწყებაში შეეძლებათ. დოკუმენტში ნათქვამია, რომ “გაწვევა განხორციელდება სამინისტროს პრიორიტეტების გათვალისწინებით”.

სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების მოსაკრებლის ოდენობის ზრდა – 2000 ლარის ნაცვლად (18 თვით გადავადებისთვის), იქნება 10 000 ლარი (ერთი წლის მანძილზე გადავადებისათვის);

2024 წლის 1 იანვრიდან მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვა და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში თუ სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვევა თავდაცვის სამინისტროს პრეროგატივა ხდება. მანამდე ეს ფუნქცია ინფრასტრუქტურის სამინისტროს ჰქონდა.

მთავრობის მიერ ინიციირებული საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, „გირჩის“ რელიგიურ ორგანიზაციას („საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია – ბიბლიური თავისუფლება”) აღარ ექნება საშუალება, რომ ახალგაზრდები სამხედრო სამსახურიდან დაიხსნას, რასაც ის წლების განმავლობაში აკეთებდა.

ირაკლი ღარიბაშვილი

სავალდებულო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. სანამ პრემიერის თანამდებობას მეორედ დაიკავებდა, ის თავდაცვის მინისტრი იყო. როგორც ამბობს, ახალ კოდექსზე მუშაობა მისი მინისტრობის პერიოდში დაიწყო და მთავარი ამოცანა, ძლიერი რეზერვის შექმნაა.

“ჩვენ ვართ მდიდარი სამხედრო ტრადიციების ქვეყანა. არ გვინდა, ქვეყანაში გავრცელდეს მავნე პოლიტიკა, რომელიც აწარმოვა “გირჩმა”. ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია იყო “გირჩის” გამოწვევის დაძლევა. ანტიქართული მოვლენაა, როცა ახალგაზრდა ადამიანს ეუბნები, რომ სახელმწიფოს არ უნდა ემსახუროთო. ათიათასობით ადამიანია შეცდომაში შეყვანილი. ჯარი დღეს არის ყველაზე რეიტინგული ინსტიტუცია ეკლესიასთან  ერთად”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა “იმედის” ეთერში, სატელევიზიო ინტერვიუში.

მისივე თქმით, აქამდე, სამხედრო სავალდებულო სამსახურებში მყოფი ახალგაზრდები ციხეებსა და სხვადასხვა ობიექტებზე ყარაულებად ჰყავდათ, რაც უნდა შეიცვალოს.

“ჩვენ გვინდა მოვამზადოთ ჯანსაღი პატრიოტები, შევთავაზოთ მათ თანამედროვე სამხედრო მომზადება, მინიმუმ 6-თვიანი. სადაც დაგხვდება კარგი პირობები და მაგარი მომზადება, იქიდან გამოხვალ ჩამოყალიბებული, მომზადებული ახალგაზრდა”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

“გირჩის” პოზიციას მოწინააღმდეგეები ოპოზიციურ ფლანგზეც ჰყავს. როგორც საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის – “მოქალაქეების” თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი აცხადებს, საქართველოს მსგავს პატარა ქვეყანას, ისეთ უმძიმეს რეგიონში, რომელშიც ვიმყოფებით, აუცილებელია, საკონტრაქტო ჯართან ერთად დიდი რაოდენობით მომზადებული რეზერვი ჰყავდეს, ეს კი, მხოლოდ სავალდებულო გაწვევის აღდგენით არის შესაძლებელი.

“თუ გვინდა, რომ გვქონდეს უსაფრთხო ქვეყანა, უნდა დავაბრუნოთ გაწვევის სისტემა, მაგრამ ეს გაწვევა უნდა იყოს სამართლიანი, სწორი და ყველასთვის”, – აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

ამირან სალუქვაძე

ბრიგადის გენერალი ამირან სალუქვაძე სავალდებულო სამხედრო სამსახურის აღდგენას დადებითად აფასებს, განსაკუთრებით უკრაინის ომის ფონზე. მისივე თქმით, ადამიანური რესურსის მზადყოფნა გულისხმობს ომისთვის მზადყოფნას. ხარისხიანი რეზერვის შექმნის ყველაზე სწრაფი მეთოდი კი, სწორედ სავალდებულო სამხედრო სამსახურია.

“ის მოდელი, რომელიც არის შემოთავაზებული, სწორედ ამას ემსახურება, რომ 6 თვით გაიწვიონ ახალგაზრდა, გაწვრთნან 9-კვირიანი ამერიკული პროგრამით, დანარჩენი პერიოდის განმავლობაში კი, გრძელდება წვრთნები ათეულებისა და ოცეულების შემადგენლობაში. რეზერვისტები ირიცხებიან უკვე საკუთარ ქვედანაყოფებში, სადაც გაივლიან სავალდებულო სამსახურს. ეს არის ერთ-ერთი კარგი მოდელი”, – განუცხადა Dalma News-ს გენერალმა ამირან სალუქვაძემ.

მისივე თქმით, რუსეთ-უკრაინის სამხედრო დაპირისპირების ფონზე, გერმანიამაც კი, გადაწყვიტა დაუბრუნდეს სამხედრო სამსახურის სავალდებულო ფორმას, თუმცა, უკვე განადგურებული და მოშლილი ინფრასტრუქტურის თავიდან აღდგენა ხანგრძლივი პროცესი იქნება. გერმანიის მხრიდან უკვე დასახელდა ერთ-ერთ პრობლემად გაუქმებული ინფრასტრუქტურის თავიდან შექმნა.

ამირან სალუქვაძის მოსაზრებით, საქართველოს უნდა ჰქონდეს, როგორც სავალდებულო, ისე საკონტრაქტო სისტემები. მეორე საკითხია წვევამდელების სამხედრო სამსახურის პენიტენციარულ სისტემაში გავლა. მისი აზრით, სავალდებულო სამსახურში მყოფ 18-20 წლის ახალგაზრდას პატიმრებთან არ უნდა ჰქონდეს შეხება. ეს პრობლემა ყველა ხელისუფლების დროს არსებობდა. „ქართული ოცნების“ პირობებში კი, გარკვეული საკითხები გადაწყდა, დარჩა დაცვის პოლიცია, თუმცა, იქაც 2025 წლიდან წვევამდელებს აღარ ამსახურებენ.

“სამხედრო ქალაქებს სხვა ამოცანებიც აქვთ. ყარაული ხელწამოსაკრავი არ არის. სამხედრო ტექნიკა, რომელიც მშვიდობიან პერიოდში აბარია ჯარს, რომლითაც უნდა იომოს, იმას ვერ დაიცავს დაცვის სხვა სამსახურები, უნდა დაიცვას თვითონ ჯარმა. უნდა იყოს გარანტირებული, რომ საბრძოლო ტექნიკა არის გამართულ მდგომარეობაში და მზადყოფნის შემთხვევაში არ უმტყუნებთ”, – აცხადებს ამირან სალუქვაძე.

მისი თქმით, სამხედრო ტექნიკის დაცვა, მშვიდობიან პერიოდში, კანონმდებლობით არის საბრძოლო ამოცანის შესრულება, იმიტომ, რომ მაღალია პასუხისმგებლობა.

“სანგრებში უწყვეტი სროლები კი არ არის, იქაც მორიგეობაა, რომ ვიღაც სანგარში მუდმივად ფხიზლად იყოს. არის კიდევ ზურგის ობიექტები, რომლებიც უზრუნველყოფენ წინა ხაზზე მყოფი მებრძოლების მომარაგებას. საწვავის, ტყვია-წამლის საცავებისა თუ მართვის პუნქტების. ამ ყველაფრის დაცვას სამხედრო მოსამსახურე მშვიდობის პერიოდში სწავლობს. მოუმზადებელი ჯარისკაცის ფრონტზე გაწვევა ნიშნავს, რომ ასეთი ახალგაზრდა გაუშვა სიკვდილზე. მომზადებული ჯარისკაცი კი, ომობს”, – აცხადებს გენერალი სალუქვაძე.

მისივე შეფასებით, 6-თვიანი ვადა, რეზერვის მოსამზადებლად საკმარისია.

რაც შეეხება ჯარში არსებულ პირობებს, როგორც Dalma News-ს ამირან სალუქვაძემ განუცხადა, პირობების პრობლემა ფაქტობრივად მოხსნილია.

“კვებას რაც შეეხება, სადაც მომიკითხავს და ვყოფილვარ, ჩემი თვალით მინახავს, მოგვარებულია. არც ულუფებია შეზღუდული. რჩება წვრთნების საკითხი. ბოლო 3 წელია, თავდაცვის სამინისტრო გადასულია ახალ მოდელზე. სავალდებულო სამსახურში მყოფი იმავე პროგრამით გაივლის წვრთნებს, რასაც საკონტრაქტო პირობებზე მყოფი სამხედროები გადიან”, – ამბობს იგი.

ქართულ ჯარში მსახურების მიმართ ინტერესს ბოლო დროს ქალებიც იჩენენ, თუმცა საქართველოში ეს კანონით არ არის განსაზღვრული.

“არ მგონია, რომ ისრაელივით, მთელი ერი სავალდებულო სამხედრო სამსახურში უნდა ჩავერთოთ. მამაკაცები ვერ ჩაგვირთავს, ამდენი წინააღმდეგობებია. გოგონები დიდი ხანია ინტერესს იჩენენ და მსახურობენ კიდეც”, – ამბობს სალუქვაძე.

უნდა ითქვას, რომ ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრობის პერიოდში თავდაცვის უწყებაში არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა: შემუშავდა თავდაცვის ძალების აღმშენებლობის 10-წლიანი გეგმა; განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შეიარაღებისა და აღჭურვილობის მოდერნიზაციას; განვითარდა საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები; მოძველებული ტექნიკა უახლესი ბრენდების ტექნიკით ჩანაცვლდა; 250-მდე სამხედრო ობიექტი გარემონტდა და ჩაუტარდა რეაბილიტაცია; გაუმჯობესდა სამხედრო მოსამსახურეების ეკიპირება და თავდაცვის ძალები აღიჭურვა ნატოს სტანდარტის უმაღლესი ხარისხის ფორმებითა და ფეხსაცმლით; გაუმჯობესდა კვების რაციონი და ჯანმრთელობის დაცვის პირობები.

დიმიტრი ლორთქიფანიძე

უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა სამ საყრდენზე აიგება – რეგულარული არმია, აქტიური რეზერვი, სამოქალაქო თავდაცვა. თუმცა, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველომ რეგულარული არმია ერთი მესამედით შეამცირა, ქვეყანას არ ჰყავს აქტიური რეზერვი, არ გააჩნია სამოქალაქო თავდაცვის კანონი, სამოქალაქო თავდაცვის ობიექტების პრივატიზაციის გზით ინფრასტრუქტურა სრულიად მოშლილი და განადგურებულია, მარტო თბილისში 447 სამოქალაქო თავდაცვის ობიექტის – მიწისქვეშა თავშესაფრის პრივატიზაცია მოხდა განხორციელდა 2003-2011 წლებში. სამოქალაქო თავდაცვის ამოცანების შესრულება საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურს დაეკისრა. მოშლილია სტრატეგიული სასურსათო მარაგის ინფრასტრუქტურა, ეკონომიკის სამინისტროში გაუქმებულია შესაბამისი რგოლი (ბენდუქიძის რეფორმა).

“დღეს, უკრაინის კრიზისის ფონზე საქართველო განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დგას. დღითი-დღე იზრდება ფორმა და შინაარსი იმ გზავნილებისა დასავლელი პარტნიორების მხრიდან, რაც საქართველოსგან ცალსახად ითხოვს მათ საყრდენ სამხედრო პლაცდარმად გადაქცევაზე პოლიტიკური ნების არსებობას და მტკიცე თანხმობას ხელისუფლების მხრიდან, – ზვარაკად შესწიროს ქვეყანა მათ გლობალურ გეოპოლიტიკურ ამბიციებს”, – აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე.

მისივე თქმით, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლება დღეს, უმთავრესი პრიორიტეტია.

შ. ქარჩავა