კორონავირუსის ეპიდემიით გამოწვეული ქარიშხალი მედიცინის, ეკონომიკის და პოლიტიკის სფეროებს სერიოზულად არყევს. თუ გავითვალისწინებთ ამ ქარიშხლის შედეგად მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების ძლიერ რყევას, ადვილად წარმოვიდგენთ რა სირთულეებთან უწევს გამკლავება ქართული სახელმწიფოს სათავეებთან მდგომთ.

საქართველოს ხელისუფლებამ კრიზისთან დაკავშირებით თავის მისამართით არაერთი კომპლიმენტი მოისმინა შექმნილ ვითარებაში სწორად რეაგირების, ზომიერი და დაბალანსებული ზომების მიღების გამო. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლებას ეიფორიის განსაკუთრებული საფუძველი არ აქვს. მოჭადრაკეების ტერნიმოლოგია რომ მოვიშველიოთ, მან თავის დებიუტს თავი კარგად გაართვა, თუმცა ეპიდემია სულ უფრო ძლიერდება და გავრცელების პიკისკენ მიიწევს. ნამდვილი გამოცდა ჯერ კიდევ წინ არის.

21 მარტს, საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე საგანგებო ვითარების შემოღების შესახებ განაცხადა. საგანგებო ვითარებით გათვალისწინებული ზომები თავდაპირველად მსუბუქი ხასიათის იყო. ასე ხდება ხოლმე, როდესაც აუცილებელი აკრძალვების საჭიროებაა, მაგრამ ცხოვრების ძალიან გართულება არ გსურს. კეთილი სურვილები, როგორც წესი, არც ისე ეფექტიანია და საბოლოოდ მაინც მკაცრი ზომების მიღებაა საჭირო.

23 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მკაცრი კარანტინის რეჟიმი გამოაცხადა. მუნიციპალიტეტებში შესვლა და გამოსვლა მკაცრად კონტროლდება, დაიკეტა ყველა ობიექტი პროდუქტების მაღაზიის, აფთიაქების და კრიტიკული ინფრასტრუქტურის გარდა. დაწესდა შეზღუდვები ჟურნალისტებისთვის. მუშაობს მხოლოდ ადგილობრივი მედია და ინფორმაციის მიღება, მხოლოდ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლით არის შესაძლებელი. აიკრძალა ყველა საზოგადოებრივი ღონისძიება, 10-ზე მეტი ადამიანის ერთ სივრცეში თავშეყრა, ქორწილები და პანაშვიდები.

აღნიშნული ზომების გატარება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც მარნეულის ერთ-ერთ მკვიდრს, 62 წლის ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა. ეპიდემიოლოგები ვარაუდობენ, რომ იგი ერთ-ერთ სარიტუალო ღონისძიებაზე დაინფიცირდა. აღნიშნული ქალბატონი ადგილობრივ მაღაზიაში მუშაობდა და ბევრ ადამიანთან ჰქონდა ურთიერთობა. ჯანმრთელობის დაცვის საპარლამენტო კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე აკაკი ზოიძის თქმით, დაავადებულთან პირდაპირი კონტაქტი 90 ადამიანს ჰქონდა, ხოლო შემდეგ ტალღაში 1700 ადამიანს ითვლიან. ყველა ეს ადამიანი იზოლირებულია და მათზე შესაბამისი ტესტები ტარდება.

ხელისუფლებას დამატებით სირთულეს უქმნის ის, რომ მარნეულის რაიონში ასი ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, ხოლო ბოლნისში, სადაც მჭიდროდ დასახლებული აზერბაიჯანულენოვანი მოსახლეობაა, – 50 ათასზე მეტი. სააკაშვილის „ნაციონალები“ ადგილობრივ აქტივებზე დაყრდნობით, რეგულარულად ცდილობენ აღნიშნულ მუნიციპალიტეტში პროვოკაციების მოწყობას, რაც ხშირად ხელჩართულ შეხლა-შემოხლაში გადაიზრდება ხოლმე.

სტატიის მომზადების პერიოდში საქართველოს შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია 1996 წელს დაბადებული ბ.ბ. და 1999 წელს დაბადებული გ.ხ, რომლებიც არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, წინააღმდეგობა გაუწიოს პოლიციას და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს სამართალდამცველებს, რომლებიც საგანგებო ვითარებით გათვალისწინებულ თავიანთ მოვალეობებს ასრულებდნენ. აღნიშნული დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე.

წესრიგის დამყარების აუცილებლობაზე საქართველოს პირველი არხის ეთერით, ასევე, ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ისაუბრა.

“ეპიდემიის შედარებით ძლიერი აფეთქება მომდევნო ორ კვირაშია მოსალოდნელი. სწორედ ამიტომ გადაწყდა, წინა კვირას საგანგებო ვითარების გამოცხადება. ჩვენი მოქალაქეებისთვის ეს იმის ნიშანი უნდა იყოს, თუ, რამდენად მნიშვნელოვანია ყველა იმ რეკომენდაციის დაცვა, რომლებსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და ჯანდაცვის სამინისტრო გვაძლევენ. თუ ყველა მითითებას ზუსტად დავიცავთ, მაშინ ეპიდაფეთქებას ევროპის სხვა, ნებისმიერ ქვეყანასთან შედარებით უკეთესად გადავიტანთ”, – განაცხადა ტიკარაძემ.

როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლებისთვის საკმაოდ მოულოდნელი იყო ადგილობრივი მართლმადიდებლური ეკლესიის პოზიცია, რომელმაც წინასააღდგომო დღესასწაულებზე ეკლესიებში ხალხმრავალი რიტუალების ჩატარებაზე უარი არ თქვა. თუმცა, ეს უკვე საუბრის სულ სხვა თემაა.

ერთ-ერთი ყველაზე დიდი სირთულე, ალბათ, ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნაა, რომელმაც დოლართან მიმართებაში ისტორიულ რეკორდს – 3,3 ლარს მიაღწია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ არსებულ ვითარებაზე ობიექტური ფაქტორები მოქმედებს, რომლებსაც საქართველო ვერ აკონტროლებს. ეროვნული ვალუტები რეგიონშიც უფასურდება და მთელ მსოფლიოშიც, მაგრამ მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ შეამციროს დევალვაცია. შეირჩა ცხრა ძირითადი სამომხმარებლო საქონელი, რომლებიც, ლარის გაუფასურების მიუხედავად, ფიქსირებულ ფასად გაიყიდება.

არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკების” მართვის ხელმძღვანელი, გიორგი კეპულაძე აცხადებს, რომ საბანკო სექტორი სერიოზულ ზეწოლას განიცდის. შეჩერებულმა ეკონომიკამ ბევრს საარსებო წყარო წაართვა, მოსახლეობის ნაწილმა ბანკებიდან თავისი დანაზოგი გაიტანა, ქვეყანაში უცხოური ვალუტა აღარ შემოდის და ექსპორტი პრაქტიკულად განულდა. საბოლოო ჯამში, საერთაშორისო დონორებისთვის დახმარების თხოვნა გარდაუვალია, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში კრიზისისგან თავის დაღწევა ძალიან რთული იქნება. ეროვნული ბანკი ირწმუნება, რომ საბანკო სექტორი სტაბილურობას შეინარჩუნებს მანამ, სანამ პანდემიის შედეგად გამოწვეული საგარეო დარტყმები არ იქნება დაძლეული.

სავალუტო ბაზრის მხარდასაჭერად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 25 მარტს, აუქციონზე 40 მილიონი აშშ. დოლარი გაყიდა. ქვეყანაშ შექმნილი ვითარება, როგორც წესი, ხელს უწყობს დესტაბილიზაციას და კრიმინალის გაძლიერებას. ამასთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ ქვეყანაში დანაშაულებრივი ქმედებები აშკარად შემცირდა. ჟურნალისტებთან საუბარში მან აღნიშნა, რომ ამის მიზეზი პოლიციის ბოლოდროინდელი გაორმაგებული მობილიზებაა.

”შინაგან საქმეთა სამინისტრო საგანგებო მდგომარეობაზე 3 კვირის წინ გადავიდა და პოლიციელების რაოდენობა გაორმაგდა. დღეის მდგომარეობით, დანაშაულებრივი ქმედებების შემცირება ფიქსირდება. ვფიქრობ, რომ პოლიციელთა რაოდენობის გაორმაგებამ დანაშაულის შემცირება გამოიწვია,” – განაცხადა გომელაურმა.

ნოემბერში საქართველოში საპარლამენტო არჩევნებია დაგეგმილი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ დღეს ყველაზე კომპეტენტურ ექსპერტსაც უჭირს კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებული მოვლენების ზუსტად შეფასება, გამორიცხული არ არის, რომ არჩევნების პროცესში გარკვეული ცვლილებები შევიდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, ოპოზიცია, რომელიც ძალაუფლების კანონიერი გზით დაბრუნებას იმუქრება, ყურადღებით აკვირდება მმართველი პარტიის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, რათა მისი ნებისმიერი შეცდომა თავის სასარგებლოდ გამოიყენოს. ჯერჯერობით, “ქართული ოცნება” საკმაოდ ღირსეულად მოქმედებს და აშკარა შეცდომებს არ უშვებს. ეს ასევე გავლენას ახდენს ოპოზიციის ქცევაზეც, რომელიც ხელისუფლებას დიდი თავშეკავებით აკრიტიკებს. როგორც ჩანს, აშკარად აცნობიერებს, რომ ამ ფორსმაჟორულ ვითარებაში მისმა მიკერძოებულმა კრიტიკამ შეიძლება საპირისპირო ეფექტი გამოიწვიოს. შეძლებს თუ არა მმართველი პარტია თავისი ელექტორატის შენარჩუნებასა და გაზრდას, უახლოესი თვეები აჩვენებს. ჯერჯერობით, მას გარანტირებული წარმატების ყველა შანსი აქვს.

P.S. კორონავირუსული პანდემიის შესახებ საუბრისას და მისი სამედიცინო, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ასპექტში გაანალიზების გარდა, არანაკლებ მნიშვნელოვანია – ფილოსოფიური განსაზღვრებაც. ბოროტმა ვირუსმა კაცობრიობა ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე: ცხოვრებაზე, სიცოცხლესა და სიკვდილზე დააფიქრა. ამის ფონზე, ყველა პოლიტიკური თამაში და ნებისმიერ ფასად ძალაუფლებისთვის ბრძოლა, მხოლოდ და მხოლოდ ამაოებაა. იქნებ, ჩვენი პოლიტიკოსები ბევრ რამეს ახლა მაინც მიხვდნენ და სწორი დასკვნები გააკეთონ.

დავით კუპატაძე (ბათუმი)