Ниеа Мелия на акции протеста

პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, რომ ერთპარტიული მმართველობის დრო დასრულდა და საქართველოს დედაქალაქს კოალიციურ მთავრობას ჰპირდებიან. მათი აზრით ორპოლუსიანობის დასრულების გასაღებიც სწორედ კოალიციური მმართველობაა და ეს არის ის, რაც, მათივე რწმენით, ბიძინა ივანიშვილის პარტიას ყველაზე მეტად აშინებს. მაგრამ ეს იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე, ისიც იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების მეორე ტურში,  “ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატი გაიმარჯვებს.

კოალიციას წარმოადგენენ: ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, ზურაბ ჯაფარიძე, ირაკლი აბესაძე, მამუკა ხაზარაძე, – ანუ უკანასკნელის გარდა, ყველა “ნაციონალური მოძრაობის” წიაღიდან ამოზრდილი. მათ, 2012 წლის შემდეგ, ნაწილ-ნაწილ დაიწყეს სააკაშვილის ჩრდილიდან გამოსვლა და ცალკე პოლიტიკური პარტიების შექმნა. ახლა კი, ამომრჩეველს არწმუნებენ, რომ სხვადასხვანი არიან, მაგრამ ერთად დგანან, ერთ კოალიციაში თბილისელების სასიკეთოდ. რაც მთავარია, თავს “მრავალფეროვან ოპოზიციურ კოალიციას” უწოდებენ.

დანარჩენების ინტერესი გასაგებია, მაგრამ “თიბისი ბანკის” დამფუძნებელი და „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე, აშკარად გაუგებრობაშია მოხვედრილი. კოალიციის ლიდერები ამბობენ, ამბიციები და ვიწრო პარტიული ინტერესები დავთმეთო. ცნობილი ბანკირი მელიას მოადგილეობას თანხმდება იმ იმედით, რომ თბილისის არჩევნებით ქვეყანაში ორხელისუფლებიანობა დაიწყება, ანუ მინისტრთა კაბინეტი და პარლამენტი “ქართული ოცნების” უმრავლესობით, დედაქალაქის მთავრობა – ოპოზიციურ კოალიციას.

30 ოქტომბერს თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერობის კანდიდატებს შორის მეორე ტურები 64-დან 20 შემთხვევაში გაიმართება. მმართველი პარტია “ქართული ოცნების” მიერ დასახელებული კანდიდატების კონკურენტი 3 შემთხვევის გარდა, ყველგან “ნაციონალური მოძრაობაა”. ოპოზიცია გამარჯვებაზე ლაპარაკობს. “გამარჯვების ბოლომდე მიყვანა” სურს „ქართულ ოცნებას“ და საკუთარ ამომრჩეველს არჩევნების დღეს აქტიურობისკენ მოუწოდებს.

ნიკა მელია და მისი კოალიციური გუნდი

იმ შემთხვევაში თუ, ნიკა მელია კალაძესთან ორთაბრძოლაში გაიმარჯვებს და თბილისის მერი გახდება, “ენმ”-ს თავმჯდომარის თანამდებობას დატოვებს. მან უკვე გადაანაწილა ადგილები თბილისის მთავრობაში, რომელიც იდეის თანახმად კოალიციური უნდა იყოს. დედაქალაქის მერის მოადგილეები იქნებიან: მამუკა ხაზარაძე (“ლელო”), ზურაბ ჯაფარიძე (“გირჩი მეტი თავისუფლება”), ელენე ხოშტარია (“დროა”) და ირაკლი აბესაძე (“ევროპული საქართველო”). მერიის სხვადასხვა საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელი თანამდებობები გამგეობების სავარძლებიც პარტიული ნიშნით გადაინაწილეს. შესყიდვების სამსახური ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრს შეხვდა.

ამგვარად შექმნეს განწყობა, რომ თბილისის მთავრობაში ერთპიროვნული მმართველობის სივრცე აღარ დარჩება, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წიაღიდან წამოსული ლიდერები ერთმანეთის მაკონტროლებლები იქნებიან. აღარ დარჩება სივრცე აღარც კორუფციისა და ნეპოტიზმისთვის და არც უკანონო ტენდერებისთვის.

არჩევნების მეორე ტურის წინ თბილისის ქუჩებში ნიკა მელიას ახალი ბანერები გამოჩნდა ახალი დაპირებებით: ყოველ წელს 100-თბილისელ სტუდენტს „მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში” სწავლა დაუფინანსდებათ, თბილისელი პენსიონერები ყოველთვიურად 100 ლარის დანამატს მიიღებენ, თბილისელი მოსწავლეები კი სკოლებში უფასოდ შეჭამენ. მართალია მელიას დაპირებები ცოტათი სცილდება ქალაქის მმართველობის ფარგლებს, მაგრამ ამბობს, რომ მომავალში ექნება საშუალება ახსნას, როგორ აპირებს ამ მიზნების მიღწევას მერის თანამდებობაზე.

“იმ ხალხს, რომლებიც ახლა მოვდივართ ქალაქის მმართველობაში, დაშვებული გვაქვს სერიოზული შეცდომები ქალაქის ურბანულ განვითარებაში, მათ შორის მშენებლობის თვალსაზრისით. ამიტომ, ჩვენ ვართ მოვალეები ამ ჯგუფებს ავუხსნათ, რომ ჩვენ ძველი მიდგომებით არ მოვდივართ. შეუძლებელია, სადაც ადგილი შეგხვდება ყველგან შენობა ჩადგა, რაც მოხდა წლების განმავლობაში”, – აცხადებს ელენე ხოშტარია.

მან ასევე ერთგვარად აღიარებს მისი ყოფილი პარტიის – “ენმ”-ს მიერ თბილისი განვითარებაში დაშვებულ უხეშ შეცდომებს, რის შედეგებსაც დედაქალაქის მოსახლეობა დღემდე იმკის.

ამირან სალუქვაძე

ექსპერტი ამირან სალუქვაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციური კოალიცია არ ჰქვია იმას, როცა ყოფილი ნაციონალები დაიშალნენ, სხვადასხვა პარტია შექმნეს და როცა დასჭირდებათ, ისევ ერთიანდებიან. არც პრორუსული ორიენტაციის ნინო ბურჯანაძეს ივიწყებენ, რომელიც მისივე აზრით, არასდროს წასულა მათგან,

“ის ნაციონალების მიერ არის შექმნილი კრემლთან სასაუბროდ. კოალიციაშიც ამიტომ შეიყვანეს”.

სალუქვაძის შეფასებით, კოალიციური მთავრობა მმართველობის ევროპული მოდელი კი არა არის, არამედ ამა თუ იმ დემოკრატიულ ქვეყანაში დამდგარი პოლიტიკური საჭიროება. როცა  არჩევნებში ერთი პარტია უმრავლესობას ვერ მოიპოვებს და იძულებული ხდება კოალიცია შექმნას.

“ვინც ახლა ბუტაფორიულ კოალიციად მოგვევლინენ, წაგებული საკრებულოს და მერის წაგებული პირველი და მოსაგები მეორე ტურის პირობებში, ყველანი ერთი ყოფილი მთავრობის, ერთი პარტიის, ერთი ღირებულებების არიან. როგორ დაწვრილმანებულან, არარსებული თანამდებობების განაწილებაში?! ნინო ბურჯანაძეს შესყიდვების სამსახური ერგო. ამას ეძახიან კოალიციას და ერთმანეთის კონტროლს? ეს იყო წმინდა წყლის ვაჭრობა”, – აცხადებს ამირან სალუქვაძე.

მისივე თქმით, ნაცმოძრაობის ლიდერებს დაშვებული შეცდომებისთვის, სისტემური თუ ორგანიზებული დანაშაულებისთვის პოლიტიკური ფასი არასდროს გადაუხდიათ, რადგან პოლიტიკური ფასის გადახდა პოლიტიკის დატოვებას ნიშნავს. ისინი კი, ყველა დანაშაულს თუ შეცდომას უარყოფენ, იმუქრებიან, შავ სიებს წერენ.

როგორც ამირან სალუქვაძემ Dalma News-სთან საუბარში აღნიშნა, სახელმწიფოს ინტერესებშია, რომ „ქართული ოცნების“ შემდეგ მოსული ხელისუფლება მასზე უკეთესი იყოს. მაგრამ, ოპოზიციური პარტიები, როცა იმ პოლიტიკურ ძალასთან დგებიან, რომელიც პირდაპირ ჭამს ოპოზიციურ ფლანგს იმისთვის, რომ თვითონ იყოს დომინანტი, ვერასდროს განვითარდებიან.

“შეგვიძლია „ნაციონალურ მოძრაობას“ პირდაპირ ვუწოდოთ ოპოზიციური პარტიების მღრღნელი ორგანიზაცია. ის პირდაპირ ჭამს ოპოზიციურ ფლანგს. ამის შედეგები ვნახეთ კიდეც ბოლო პერიოდში ჩატარებულ არჩევნებზე. საპარლამენტო არჩევნებში ვნახეთ მძიმე სურათი, როცა არჩევნებში მონაწილე 48 პარტიიდან 9-მ გადალახა 1 %-იანი ბარიერი. ნინო ბურჯანაძე 1%-ზე ქვემოთ აღმოჩნდა. არადა წინა არჩევნებში ცოტათი მეტ შედეგებს აჩვენებდა და ისიც დაკარგა “ნაცმოძრაობასთან” სიახლოვით”, – ამბობს ამირან სალუქვაძე.

იგი მეორე ტურში მელიას გამარჯვების შანსს ვერ ხედავს და დარწმუნებულია, რომ 30 ოქტომბერს მოსახლეობის მაღალი აქტივობა იქნება.

ლევან ალაფიშვილი

განსხვავებული პოზიცია აქვს ანალიტიკოს ლევან ალაფიშვილს. მისი აზრით, მელიას მიერ შემოთავაზებული კოალიცია ის სიახლეა, რომელიც ამომრჩეველს ახალ ხედვას სთავაზობს. ახალი ხედვის არსი კი ის არის, რომ უმრავლესობაში მყოფი პოლიტიკური ძალა მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სხვასაც რთავს, რაც მრავალ აზრს შორის საუკეთესოს ამორჩევის საშუალებას ზრდის.

ალაფიშვილის აზრით, „ქართულ ოცნებას“ მანამდე კი, „ენმ“-ს ჰქონდათ უმრავლესობა და ერთპიროვნულად აკომპლექტებდნენ მთავრობას, რაც დამღუპველია გარდამავალი დემოკრატიისთვის. ამ ორივე პარტიამ საკუთარ გემოვნებას მოარგო კონსტიტუცია.

“ქართული პოლიტიკა სისხლიან კორიდას დაემსგავსა, სადაც გამარჯვებულმა უნდა გაანადგუროს კონკურენტი. როგორ გინდა გააქრო „ნაციონალური მოძრაობა“, როცა მას ნახევარი მილიონი ამომრჩეველი უჭერს მხარს. ის ხალხი უნდა დახვრიტო? რანაირად უნდა დაამთავრო? ზეგ შეიძლება „ქართული ოცნება“ იყოს უმცირესობაში, მის მხარდამჭერებს რას უშვრები? განადგურების მოწოდება, ხომ ძალადობის წახალისებაა? ეს არის გზა სახელმწიფოებრიობის დასრულებისკენ. დასრულდება თუ არა ეს პოლიტიკური პარტია, ამას წყვეტს ამომრჩეველი“, – აცხადებს ლევან ალაფიშვილი.

მისივე თქმით, საქართველოში პრობლემა არის არა საარჩევნო ბარიერში, არამედ იმაში, რომ ზოგადად პარტიული სისტემაა მოშლილი. არც ერთ პარტიაში არ არსებობს პარტიული დემოკრატია. პარტიის წევრებს არავინ ეკითხება მის კანდიდატურას სად წარადგენენ. პარტიის წევრებს აქვთ ინფორმაცია პარტიის ფინანსების შესახებ; პარტიული ფინანსები არ არის გამჭვირვალე და პოლიტიკური კორუფციის წყაროდ არის ქცეული.

“მმართველ პოლიტიკურ ძალას, აწყობს შექმნას ისეთი კანონმდებლობა და ისე გაანაწილოს ჩვენი, გადასახადების გადამხდელთა ფული ბიუჯეტიდან, რომ შეინარჩუნოს მისთვის მისაღები პოლიტიკური პარტიები და არა პარტიები, რომლებსაც აქვთ ელექტორალური მხარდაჭერა. ეს 2 სხვადასხვა რამეა”, – განუცხადა Dalma News-ს ლევან ალაფიშვილმა.

მმართველი პარტიის ლიდერები დარწმუნებულნი არიან, რომ 30 ოქტომბრის მეორე ტურის შემდეგ ქვეყანა არჩევნებისგან 3 წლით დაისვენებს. 9 წელია საქართველო წინასაარჩევნო და შემდგომი პოლიტიკური კრიზისების რეჟიმში ცხოვრობს და წლებია ყურადღების მიღმა რჩება ბევრი მნიშვნელოვანი პრობლემა. ექსპერტების აზრით, საქართველოს წინ მძიმე ზამთარი და კიდევ უფრო გაძვირებული გაზაფხული ელის. მანამდე კი, წინ გრილი შემოდგომა და ცხელი არჩევნების მეორე ტურია.

შორენა პაპაშვილი