მესამე წელიწადია საქართველოში მეცნიერებისა და ინოვაციის საერთაშორისო ფესტივალი იმართება, რომლის მიზანია, ახალგაზრდა თაობის დაინტერესება მეცნიერებით. ფესტივალს საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა და ერთგვარად საცდელი პროექტის სახით, კვირეული მოეწყო. როდესაც ორგანიზატორები დარწმუნდნენ, რომ ამ სფეროს მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს, ღონისძიების მასშტაბები გაზარდეს და წელს უკვე, ფესტივალის გაფართოებული პროგრამა წარმოადგინეს. გაიზარდა ღონისძიების კალენდარიც. ფესტივალის ორგანიზატორია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

“მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2017”, 24 სექტემბერს, თბილისის ერთ-ერთ ისტორიულ ნაწილში, რიყეზე გაიხსნა და ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონი მოიცვა. 14 დღის განმავლობაში 150-ზე მეტი ღონისძიება გაიმართა, განათლების, კულტურის, ლიტერატურისა, თუ ინოვაციის სფეროში.

როგორც Dalma News-ს ფესტივალის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნატა ასათიანმა განუცხადა, ფესტივალის მიზანია, ერთი მხრივ, ქვეყნის სამეცნიერო და ინოვაციური პოტენციალის წარმოჩენა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება, მეორე მხრივ, სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების პოპულარიზაცია. მეცნიერებაში ინოვაციური მიდგომების წახალისება და დანერგვა, მკვლევართა მოტივაციის გაზრდა. ახალგაზრდების, სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეების დაინტერესება სამეცნიერო კვლევებითა და ინოვაციებით.

მისივე შეფასებით, ფესტივალის დაარსებიდან სამი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი პროგრესი შეინიშნება. იზრდება ახალგაზრდების დაინტერესება მეცნიერებით. სკოლის მოსწავლეებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოავლინეს ქიმიისა და ფიზიკის მიმართულებით გამართულ გამოფენებზე, მონაწილეობდნენ სამეცნიერო ცდებში.

“ბოლო წლებში გვაქვს წარმატებები სკოლის მოსწავლეებს შორის. გვყავს როგორც ათასწლეულის გამოწვევების ფონდის, ასევე, ადგილობრივ კონკურსებში გამარჯვებულები. მათ შორის არის, შოთა რუსთაველის სახელობის სამეცნიერო ფონდის ყოველწლიური კონკურსი “ლეონარდო დავინჩი”, რომელიც სწორედ გამომგონებელი მოსწავლეების კონკურსია, რათა ახალ გამოგონებებს სკოლის ბაზაზე შევუწყოთ ხელი”, – აცხადებს ნატა ასათიანი.

წლევანდელი ფესტივალი მართლაც მრავალფეროვანი გამოდგა: გამოფენები, საჯარო ლექციები, კონფერენციები, ტრენინგები, ვორკშოპები, ღია კარის დღეები, უახლესი სამეცნიერო გამოცემებისა და პროექტების პრეზენტაციები. სკოლის მოსწავლეებისათვის გაიმართება სხვადასხვა სახის საბავშვო გასართობი და შემეცნებითი აქტივობები, სამეცნიერო ექსპერიმენტები და ა.შ. რაც მთავარია, ფესტივალის ფარგლებში წელს, პირველად, სამეცნიერო პიკნიკები მოეწყო საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, მათ შორის, ახალციხეში, გორში, თელავში, ბათუმში, ქუთაისში.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, 5 დღის განმავლობაში, ფიზიკის სტრანდარტული ჩარჩოებიდან გასვლისა და მეცნიერების ამ დარგში ჩაღრმავების საშუალება ჰქონდათ. მოისმინეს ბონის, ზიგენის და ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტების პროფესორების ლექციები. ასევე გაიმართა “ქართულ -გერმანული სამეცნიერო ხიდი”, რომელიც იულიხის კვლევითი ცენტრისა და ქართული უნივერსიტეტების კონსორციუმის წარმომადგენელთა მოხსენებებსა და სამეცნიერო კვლევებზე დამყარებულ დისკუსიას დაეთმო.

კულტურათა ურთიერთობების აქტუალურ პრობლემებს მიეძღვნა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართული საერთაშორისო კონფერენცია „საქართველო-ბიზანტია – ქრისტიანული აღმოსავლეთი.

IMG_42333 ოქტომბერი კი, მთლიანად დაეთმო აგრარულ სფეროს. აგრარული მეცნიერების თემაზე გაიმართა კონფერენცია-სემინარები, საჯარო ლექცია-პრეზენტაციები ისეთ თემებზე, როგორიც არის აგრობიზნესის განვითარების ხელშესაწყობა, აგრარული სექტორის საინჟინრო – ტექნიკური მომსახურების სრულყოფა, ნანოტექნოლოგიების დანერგვა აგრარულ სექტორში, საქართველოს სოფლის მეურნეობის ინტეგრაცია მსოფლიო აგრარულ სფეროში და სხვა.

მეცნიერების დოქტორმა ია ფიფიამ, მსოფლიო მევენახეობის ისტორიაში ქართული ვაზის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა. განიხილეს ქართული ხორბლის წინამორბედი გენეტიკა, რა ვირუსები უტევენ მოსავალს და წარმოადგენენ თუ არა ისინი საფრთხეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში მოეწყო სასტენდო გამოფენები, სადაც წარმოდგენილი იყო სიმინდის ახალი ჯიში “სახამებლიანი შავი” და შვრიის ახალი ჯიში – “არგო”, ლობიოს ახალი ჯიშები: “კუტი საპარკე”, “წილკანი”, “მოსავლიანი”, “საპარკე”, ხახვის ჯიში – “საშემოდგომო”, ნიორის ჯიში – “ხანდო”, კარტოფილის ჯიში – “დიკო”.

ფესტივალისთვის საკმაოდ დატვირთული პროგრამა ჰქონდა კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს. სკოლის მოსწავლეებისთვის გაიმართა სასწავლო-შემეცნებითი გაკვეთილები, იმის შესახებ, თუ როგორ იქმნებოდა ხელნაწერი წიგნი შუა საუკუნეების საქართველოში.

გაიმართა ვორკშოფები, სადაც ახალგაზრდებმა შეისწავლეს ქაღალდის დამზადება, დამზადებულ ქაღალდზე ტექსტის გადაწერა ძველი ქართული კალიგრაფიული ნიმუშების მიხედვით, ქაღალდისა და ძაფის ღებვა ძველი ტრადიციული ქართული ტექნოლოგიითა და მცენარეული საღებავებით; წიგნის აკინძვა. ყდის მხატვრული გაფორმება ოქრომელნითა და ძვირფასი ქვების იმიტაციით, ასევე, “როგორ იქმნებოდა ხელნაწერი წიგნი” – კომპიუტერული შემეცნებითი პროგრამა ანიმაციის ელემენტებით და ტესტით.

DSC_7421ქართული ხელნაწერების გამოფენაზე ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ ენახათ ქართული დამწერლობის უნიკალური ნიმუშები ორიგინალების სახით, რომელთა ქრონოლოგიური ჩარჩო X-XVII საუკუნეებით თარიღდება. წარმოდგენილი იყო უნიკალური ქართული დამწერლობის სამივე სახეობის ამსახველი ნიმუშები, ის უდიდესი ინტელექტუალური საგანძური, რომელიც დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში – ვანის, გელათის, ალავერდის ოთხთავები, “ვეფხისტყაოსანი” და სხვა მნიშვნელოვანი ხელნაწერების ორიგინალები. ისინი მოწმობენ იმ დიდ კულტურასა და თვითმყოფადობას, რითაც ამაყობს ქართველი ერი. სხვადასხვა პერიოდის კულტურული ძეგლების დათვალიერებისას მნახველს საშუალება ჰქონდა თვალი ედევნებინა ქართული ხელნაწერი წიგნის განვითარების ისტორიისთვის, ქართული კულტურის მსოფლიო ცივილიზაციებთან თანაარსებობისთვის.

ღონისძიების საინტერესო და ამაღელვებელი ნაწილი იყო ვიდეოპროექტი – “ხელნაწერები არ იწვიან”, სადაც ნაჩვენები იყო ქართველი მწერლების და საზოგადო მოღვაწეების ვიდეოგამოსვლები ქართულ ანბანზე.

მეცნიერული ფესტივალის ფარგლებში მთელი კვირეული დაეთმო ქართველი რომანტიკოსი პოეტის, ნიკოლოზ ბარათაშვილის 200 წლის და საზოგადო მოღვაწის, მწერალ ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილეებს. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გამოიფინა მათი ავტოგრაფული ნუსხები. გაიმართა საჯარო ლექციების ციკლი და ილია ჭავჭავაძის პირადი არქივის საფუძველზე დიდაქტიკურ – სიმულაციური თამაშები მოსწავლეებისათვის – “არქივისტი”.

ფესტივალის ინტერესის სფეროში მოექცა ინკლუზიური განათლების საკითხებიც, თუ როგორ უნდა განვითარდეს უმაღლეს სასწავლებლებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტების მხარდამჭერი სერვისები. გაიმართა სემინარი თემაზე – “ინკლუზიური განათლება უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში” და მოეწყო შშმ პირების მიერ შექმნილი ნახატების გამოფენა. დღის ბოლოს ნაჩვენები იყო 19 წლის, ახალგაზრდა რეჟისორის, ირაკლი დონაძის მოკლემეტრაჟიანი დრამა, “ორი ბორბალი”. ფილმი ინკლუზიური ადამიანისა და საზოგადოების ურთიერთობას ეძღვნება. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს შშმ პირებს, იყვნენ მეტად თავდაჯერებულები და ინტეგრირებულები საზოგადოებაში. საზოგადოებას კი დაანახოს, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს და ყველა ადამიანს აქვს უფლება იყოს საზოგადოების სრულფასოვან წევრი.

მეცნიერებისა და ინოვაციის საერთაშორისო ფესტივალი 10 ოქტომბერს, თბილისში საზეიმოდ დაიხურა, რომლის ფარგლებშიც წლის საუკეთესო მეცნიერები დაჯილდოვდნენ. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაწესებული ჯილდო და საუკეთესო მეცნიერისა და სამეცნიერო ჯგუფის წოდება 8 ადამიანს მიენიჭა.

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ჯილდო წლის “საუკეთესო მეცნიერისა და მეცნიერთა ჯგუფისთვის” 8 მეცნიერს გადაეცა. ქართველოლოგიის დარგში მოღვაწე წლის საუკეთესო უცხოელ მეცნიერად, ამერიკელი ტიმოთი ბლაუველტი დასახელდა. საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებებში მოღვაწე 2017 წლის საუკეთესო მეცნიერი გახდა თამარ მახარობლიძე და ლევან ტიელიძე; გიორგი ტეფნაძე 2017 წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერად დასახელდა, წლის საუკეთესო მეცნიერის ტიტული კი რამაზ ქაცარავას მიენიჭა, გამოვლინდა წლის საუკეთესო სამეცნიერო კვლევითი ჯგუფი თემურ ზაქარაშვილის, ვასილ კუხიანიძისა და დავით ქურიძეს შემადგენლობით.

99dasdqwer2გამარჯვებულებს სიტყვით მიმართეს და წარმატება მიულოცეს ვიცე-პრემიერმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და საზოგადოებისთვის ცნობილმა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა.

​”ჩემი მიზანია მასწავლებლისა და მეცნიერების დღე ვაქციო საერთო სახალხო დღესასწაულად”, – განაცხადა  ცერემონიის მსვლელობისას ალექსანდრე ჯეჯელავამ. 

გამარჯვებულებს გადაეცათ, როგორც ფულადი, ასევე, მინის გრავირებული ჯილდოები და სერთიფიკატები.  წელს პირველად, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, საქართველოში სამეცნიერო დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დამსახურების სერტიფიკატები 24 მეცნიერს გადაეცა.​

შ. ქარჩავა