საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ თამარ სანიკიძის ინფორმაციით, მასწავლებლის ხელფასი 34%-ით იზრდება და ის ორ ეტაპად განხორციელდება, კერძოდ, 14 სექტემბერს მასწავლებლები 50 ლარით მომატებულ ხელფასს აიღებენ, შემდეგ აპრილში, კიდევ 50 ლარით.

როგორც მინისტრმა სანიკიძემ ტელეგადაცემა “სხვა შუადღის” ეთერში განაცხადა, ხელფასების ზრდა გათვალისწინებულია არა მხოლოდ საბაზო ხელფასის დონეზე, არამედ კარიერული საფეხურების მიხედვით,
განათლების მინისტრმა გადაცემაში საჯარო სკოლებში სახელმძღვანელოები უფასოდ დარიგდებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ სახელმძღვანელოები გარკვეული კატეგორიების მიხედვით დარიგდება.

სანიკიძის ინფორმაციით, სახელმძღვანელოების პროგრამა გრძელდება და ყველა მოსწავლე საჯარო სკოლაში, პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით, ხოლო კერძო სკოლების მოსწავლეების გარკვეული კონტიგენტი, კერძოდ, ომში დაღუპულთა შვილები, სოციალურად დაუცველები და ა.შ. ყველა საგნის სახელმძღვანელოს მიიღებენ. წინა სასწავლო წლის მსგავსად, ამჯერადაც გამოყენებული და ახალი სახელმძღვანელოების ნაზავი იქნება, ხოლო სამუშაო რვეულები მოსწავლეებს ახლები დაურიგდებათ.

“არაერთგვაროვანი განცხადებები გაკეთდა ამასთან დაკავშირებით და რეალურად დაზარალდა საზოგადოება, რომელსაც სწორი ინფორმაცია ჯერ კიდევ არ აქვს. ყველა მშობელს განვუმარტავ, რომ არავითარი აუცილებლობა არ არსებობს წიგნის შეძენის, ყველა მოსწავლეს ექნება ისეთი სახელმძღვანელო, ისეთ მდგომარეობაში, რომელიც არის სასწავლო პროცესისთვის გამოსადეგი”, – განაცხადა განათლების მინისტრმა.