Леван Васадзе

დიდი ბიზნესიდან პოლიტიკაში გადასვლა საქართველოში ტრადიციად დამკვიდრდა. თუ მანამდე ბიზნესმენები საკუთარი პოლიტიკურ-ეკონომიკური ინტერესების გასატარებლად, რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ირჩევდნენ და მათ ლიდერებს აფინანსებდნენ, ბოლო წლებში, ბიზმესმენები თავად ხდებიან პოლიტიკოსები. 13 წლის წინათ, პოლიტიკაში მოსვლა განიზრახა ცნობილმა ოლიგაქრმა, ბადრი პატარკაციშვილმა. ის ექსპრეზიდენტ სააკაშვილს დაუპირისპირდა და 2008 წელს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე კენჭისყრაც გადაწყვიტა. ამ განცხადებიდან დაახლოებით თვენახევრის შემდეგ, პატარკაციშვილი მოულოდნელად გულის შეტევით გარდაიცვალა.

3 წლის შემდეგ პარტია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” შეურიგებელი ბრძოლა გამოუცხადა ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც მანამდე თავად ამ პარტიის ფინანსურ წყაროს წარმოადგენდა. 2012 წელს, ივანიშვილის მიერ შექმნილმა პოლიტიკურმა კოალიციამ სააკაშვილი ხელისუფლებიდან გაუშვა, თუმცა უამრავი დაპირება შეუსრულებელი დარჩა. ნაციონალებთან 9-წლიანი კოჰაბიტაციის შედეგად, საქართველოში იმატა პოლიტიკურმა პოლარიზაციამ, რაც საბოლოოდ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პოლიტიკურ კრიზისში გადაიზარდა. 6-თვიანი კრიზისის მეტ-ნაკლებად დაძლევა ევროპელი დიპლომატების ჩარევით გახდა შესაძლებელი. ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, ჩარლზ მიშელის დოკუმენტი ერთი მხრივ, საქართველოს ხელისუფლებას ოპოზიციასთან კომპრომისის მოძებნაში დაეხმარა, თუმცა, მეორე მხრივ, როგორც ქვეყნის საშინაო საქმეებში გარეშე ძალების ჩარევა, ბოლო წვეთი აღმოჩნდა აშშ-ში განათლებამიღებულ ბიზნესმენ ლევან ვასაძისთვის.

ლევან ვასაძე

როგორც ვასაძე აცხადებს, ქვეყანა შესულია პერმანენტული კრიზისის პირობებში, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური, კულტურული, სოციალური, იდეოლოგიური თვალსაზრისით. მოსახლეობის უკიდურესი ეკონომიკური გაჭირვება, უმძიმესი სოციალური ფონი, უიმედობის და უსამართლობის განცდა, “რომ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც სამართალი აღარ არსებობს და კანონი ამორჩევითია”, აიძულა მას უარი ეთქვა “კომფორტულ მდგომარეობაზე” და პოლიტიკაში შეებიჯებინა.

ლევან ვასაძის შეფასებით, ქვეყანაში ლეგენდარულ მასშტაბს მიაღწია სიძულვილის ენამ, დაპირისპირებამ, ორი პოლიტიკური ძალის მომხრეებს შორის ექსტრემისტულმა თავდასხმებმა.

მისივე თქმით, ქვეყანაში მოშლილია სახელისუფლებო გადაწყვეტილებების მიღების მწყობრი სისტემა, საფრთხის წინაშე საქართველოს სუვერენიტეტი. ვასაძე პრეზიდენტის ინსტიტუტის გაძლიერების მომხრეა. ხოლო საპარლამენტო რეფორმა, რომელიც საქართველოში განხორციელდა, “ნაცვლად ევროპის დაპირებული გამაოგნებელი დემოკრატიისა ქაოსში და გადაწყვეტილებების მიღების უუნარობაში გადაიზარდა”.

“ყველაფერი დაიწყო სააკაშვილის ხელისუფლების დროს და გრძელდება პოლიტიკური რეფორმა, რომლის შედეგადაც ჩვენ უარი ვთქვით ჩვენი ქვეყნისათვის ერთადერთ პროდუქტიულ სისტემაზე, ხალხის მიერ არჩეულ, უფლებამოსილ, პრეზიდენტის ძლიერ ინსტიტუტზე. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან ფორმალურად წასვლის შემდეგ შეუქცევადი ხასიათი მიიღო “ქართული ოცნების” ჩამოშლამ, რამაც ხალხში ხელისუფლების ჩუმი გადაბარების სახელი შეიძინა. ჩვენ უკვე ვხედავთ ამ დიფუზიას სახელისუფლებო სტრუქტურებში”, – აცხადებს ლევან ვასაძე და დასძენს, რომ რუსეთთან დიალოგის მომხრეა.

აღსანიშნავია, რომ მილიონერი ბიზნესმენი, ლევან ვასაძე პოლიტიკაში წასვლას ჯერ კიდევ 2 წლის წინ აანონსებდა. თავის დროზე, ვასაძემ ივანიშვილს “ქართულ ოცნებასთან” ერთად პოლიტიკაში შესვლაზე უთხრა უარი. ქართული მედიის ინფორმაციით, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ვასაძეზე მას შემდეგ გაბრაზებულია.

ლევან ვასაძის საზოგადოებივი მოძრაობას დაერქვა “ერი”, – “ერთობა, რაობა, იმედი”. გამორიცხავს “ქართულ ოცნებასთან” და “ენმ”-სთან თანამშრომლობას, რადგან მიაჩნია, რომ ეს 2 პარტია ერთი მედლის 2 მხარეა.

“გამორიცხულია ჩემი თანამშრომლობა მათთან, როგორც პოლიტიკურ – ლიბერალურ ძალასთან. “ოცნება” არის დამღუპველი და არაპროდუქტიული ალიანსის ნაწილი. ჩვენ მთელი ამ პოლიტიკური ისტებლიშმენტის წინააღმდეგ ვართ, იმიტომ, რომ ისინი ერთ კალაპოტში სხედან, რაც არის პოლიტიკური გლობალიზაცია და საქართველოს სუვერენიტეტის დაკარგვა”, – განუცხადა ვასაძემ ჟურნალისტებს.

მისივე შეფასებით, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის ბევრი რამ ბიძინა ივანიშვილის პერსონალური ბრალია.

“9 წელი კაცი მმართველი იყო და მემკვიდრეობაში ქაოსს გვიტოვებს. მთავარი არის საქართველოს სუვერენიტეტი, მისი მაცხოვრებელი ყველა ერის, მოსახლეობის, კეთილდღეობა და გამრავლება, სხვა ყველაფერი არის შესაძლო ინსტრუმენტები ამ მიზნის მისაღწევად”, – განაცხადა ვასაძემ და ქვეყნის რეგიონების მოსახლეობასთან შეხვედრები დააანონსა.

არჩილ სიხარულიძე

პოლიტოლოგი არჩილ სიხარულიძე ლევან ვასაძის ბოლო გადაწყვეტილების შეფასებისას აღნიშნავს, რომ ახალი არაფერი ხდება, ვასაძე ისედაც დიდი ხანია პოლიტიკაშია. ჩართულია საზოგადოებრივ აქტივობაში. მისი ხედვები კონსერვატიულია, სათავეში უდგას საოჯახო ფორუმს, შესაბამისად მას ეყოლება საკუთარი ამომრჩეველი.

პოლიტოლოგის აზრით, საქართველოში არის მოთხოვნილება კონსერვატიულ პარტიაზე, თუ ის არ იქნება ანტინატოს და ანტიევროპული პარტია.

“ლევან ვასაძე მეტ-ნაკლებად ნაკითხი ადამიანია და, რაც მთავარია თანმიმდევრულია თავის პოლიტიკურ ხედვაში. თანმიმდევრულობა, ძალიან ხშირად, აკლია „პატრიოტთა ალიანსს“ და ნინო ბურჯანაძეს, ამის გამო ეს პარტიები კარგავენ ხმებს. თუ ვასაძე საკუთარ თავს წარმოაჩენს, როგორც მეოჯახე ადამიანი, ქართული ტრადიციების მოყვარული და იქნება პროქართული ძალა, ის შეაგროვებს 1%-ს ან მეტს, რაც საჭიროა იმისთვის, რომ გააგრძელოს პოლიტიკური მოღვაწერობა”, – აცხადებს არჩილ სიხარულიძე.

Dalma News-ის კითხვაზე, როდესაც მდიდარი ადამიანი პოლიტიკაში მოსვლის მიზეზად ასახელებს ქვეყანაში არსებულ მძიმე კრიზისულ ვითარებას და ამას, მისი მხრიდან ერთგვარად მსხვერპლის გაღებას უწოდებს, რამდენად მაღალია ასეთი ადამიანების მიმართ საზოგადოების ნდობა? არჩილ სიხარულიძის თქმით, საქართველოში ყოველთვის მეტ-ნაკლებად მდიდარი ადამიანები მოდიან პოლიტიკაში. სერიოზული პოლიტიკური პარტიის შექმნა, ფინანსური მხარდაჭერის გარეშე წარმოუდგენელია.

“ვასაძეს აწუხებს ის, რომ დღევანდელი ხელისუფლება, არ არის პროქართული და, რომ პროქართულობა გახდა დასაძრახი”, – ამბობს პოლიტოლოგი.

სიხარულიძის შეფასებით, ლევან ვასაძე არ არის ის ბიზნესმენი, რომელიც იძულებულია წავიდეს პოლიტიკაში, როგორც ეს მამუკა ხაზარაძის (TBC-ბანკის ყოფილი პრეზიდენტი) შემთხვევაში მოხდა, რომელსაც სურს თავისი პოლიტიკური დივიდენდები და ბიზნესი შეინახოს.

“არც ბიძინა ივანიშვილი და, არც ნიკა მელია, არ არიან პოლიტიკოსები. საქართველოს მოსახლეობა სწორედ ეძებს ადამიანს, რომელიც იქნება პროფესიონალი პოლიტიკოსი, ექნება მკაფიო იდეოლოგია. ბიძინა ივანიშვილი სულ სხვა დროს მოვიდა პოლიტიკაში. 2012 წელს, სააკაშვილის პოლიტიკის გამო, ქვეყანა და ერი უმძიმეს მდგომარეობაში იყო. დღეს კრიზისი არის რეალურად აზროვნებაში. ქართველი ინტელექტუალების კრიზისია, ვერავინ მკაფიოდ ვერ აყალიბებს იმას, რა არის ქართული იდეა, საით მივდივართ, სად უნდა ვიყოთ ხვალ, ზეგ, მაზეგ. ყველა არის მიბმული აშშ-ს და ევროკავშირის ფინანსებზე. ყველა ერთხმად ყვირის, – შევალთ ევროკავშირში და ნატო-ში და ისტორია ამით დასრულდება! რაც არის სრული უვიცობა”, – აცხადებს სიხარულიძე.

მისივე თქმით, ძნელად წარმოსადგენია ლევან ვასაძის საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა იქცეს ქვეყანაში მესამე ძალად. არსებულ ვითარებაში ის ვერ შეძლებს საზოგადოების შეკვრას.

“ამას 2 მიზეზი აქვს: პირველი – მიშიზმი, როგორც მოვლენა. “ენმ”-ს უახლოესი 10-15 წლის განმავლობაში ეყოლება საკუთარი მიმდევრები – მიშისტები, ხოლო “ქართულ ოცნებაში” ძალიან დიდი ფინანსური რესურსია აკუმულირებული. ლევან ვასაძეს გააჩნია მოსახლეობაში არსებული უკმაყოფილება, მაგრამ კონსერვატიზმი და პროქართულობა არ არის იმდენად მძლავრად საზოგადოებაში, რომ ხალხი ნებისმიერ ძალას გაჰყვეს”, – ამბობს არჩილ სიხარულიძე.

გია აბაშიძე

მესამე ძალიან პერსპექტივას ლევან ვასაძის “ერთობას”, არც ერქსპერტი გია აბაშიძე უწინასწარმეტყველებს. მისი შეფასებით, ვასაძე არ არის შესაბამისი პოლიტიკური წონის ფიგურა, რომ ხვალ ხელისუფლებაში მოვიდეს. მას მხარდამჭერების საკუთარი სეგმენტი ჰყავს, მაგრამ ქართულ ოპოზიციურ სივრცეში, არ ექნება გადამწყვეტი ხმა.

“გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება ამ ქვეყანაში დაცულია, მთავარია კანონს არ გასცდნენ ის და მისი წრე. თუ ისევ ძალმომრეობას და რადიკალურ საჯარო აქტივობებს განაგრძობს, რაც მანამდე ჰქონდა, ამას პასუხს გასცემს კანონი, თუმცა როგორი პოლიტიკური გემოვნება აქვს, – მედასავლეთეა, პრორუსია, ულტრანაციონალი, თუ სხვა, ამას მისი მომავალი საქმიანობა გვიჩვენებს”, – განუცხადა Dalma News-ს გია აბაშიძემ.

ცხადია, კონსერვატიზმი აპრიორი არ ნიშნავს. მემარჯვენე და ტრადიციული განწყობები კი, საქართველოში შესამჩნევად მაღალია. გია აბაშიძის აზრით, მანამდე ეს პოლიტიკური ნიშა “პატრიოტთა ალიანსს” ეკავა, ამდენად, საინტერესოა, ითანამშრომლებს, თუ არა ეს ორი პოლიტიკური ძალა.

“მომავალში გაძლიერდება, თუ არა კონსერვატორული ფრთა, დამოკიდებულია თავად ლევან ვასაძეზე, თუ რა პოლიტიკურ პროგრამებსა და დაპირებებს შესთავაზებს საზოგადოებას. დეკლარაციები ერთია, კონკრეტული დარგობრივი პროექტები და პროგრამები კი, სხვა საკითხია”, – ამბობს გია აბაშიძე.

ანალიტიკოსის აზრით, ვასაძის მოძრაობა კონკურენციას ვერ გაუწევს ექსპრემიერ გიორგი გახარიას ახალ პარტიას, რომელიც მაისში გამოჩნდება. მას ვასაძის ორგანიზაციისგან განსხვავებული ფასეულობები და პოლიტიკური პლატფორმა აქვს და შეიძლება გაცილებით მეტი მხარდაჭერაც ჰქონდეს.

ექსპერტების აზრით, ამ 2 ახალი პარტიის გამოჩენა წინასაარჩევნოდ, მართლაც საინტერესო იქნება. 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები არანაკლებ საინტერესო იქნება ვიდრე 2020-ის – საპარლამენტო. ბიზნესიდან პოლიტიკამდე ხომ, სულ რაღაც, ერთი ნაბიჯია.

შ. ქარჩავა