პირველ სექტემბერს მთავრობაში საკადრო ცვლილებები იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი “ქრონიკა” ავრცელებს. კერძოდ საუბარია საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის ადგილას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილის დანიშვნაზე. რაც შეეხება კვირიკაშვილის შემცვლელს, “ქრონიკის” ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა საუბარია რამდენიმე კანდიდატზე. მათ შორის, განიხილება ბიზნესსობუდსმენსა და ეკონომიკური საბჭოს მდივნის გიორგი გახარიას კანდიდატურა.

თავად საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი აცხადებს, რომ თანამდებობის შესაძლო დატოვების შესახებ ინფორმაცია არ აქვს: “ჩემთვის ეს ინფორმაცია ცნობილი არ არის, ამიტომ ვერ დაგიდასტურებთ და ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. როგორც ყველა სხვამ, პრესიდან გავიგე”, – განუცხადა ჟურნალისტებს გუშინ, პრეზიდენტის სასახლეში საზეიმო ღონისძიებაზე ბერუჩაშვილმა.

თავის მხრივ, საკითხის კომენტირებისას გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ მსგავს საკითხებზე გადაწყვეტილებებს პრემიერი იღებს და კითხვაც მას უნდა დაუსვან.

მანამდე Dalma News-ი წერდა, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობაში ახალ საკადრო ცვლილებებს, უახლოეს ხანებში არ გეგმავდა.

მთავრობაში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ ინფორმაცია მედიიდან შეიტყო ასევე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემაც და აცხადებს, რომ თავად მსგავსი ინფორმაცია ოფიციალური წყაროებიდან არ აქვს.

მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პირადად არანაირ კონსულტაციებში არ მონაწილეობს და ნამდვილად იცის რომ მსგავსი არაფერი მზადდება. “ნამდვილად ვიცი, რომ არაფერი მზადდება. არანაირ კონსულტაციებში არ ვმონაწილეობ. ჩემამდე არავითარი ინფორმაცია არ მოსულა, თუ რამე შეიძლება შეიცვალოს”, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

გაზეთ “ქრონიკა”-მდე მთავრობაში შესაძლო საკადრო ცვლილებების შესახებ წერდა გაზეთი “ალიაც”, სადაც გამოაქვეყნებული სტატიის მიხედვით ფინანსთა, იუსტიციის, სოფლის მეურნეობისა და საგარეო საქმეთა მინისტრების თანამდებობიდან მოხსნა იგეგმებოდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ მთავრობაში ბოლო საკადრო ცვლილება გაზაფხულზე, ეროვნული ვალუტა ლარის გაუფასურებას დაემთხვა. მაშინ პოლიტიკური ოპოზიციაცა და საზოგადოებაც სავარაუდო ცვლილებებს მთავრობის ეკონომიკურ გუნდში ელოდა, თუმცა პრემიერმა განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღო და სპორტის, თავდაცვისა და გარემოს დაცვლის მინისტრები შეცვალა.