საქართველოს სახელისუფლებო პარტია “ქართულ ოცნებას” რთული დრო უდგას. პარტიაში კრიზისია. არჩევანი გუნდურობასა და პრინციპულობას შორისაა გასაკეთებელი. პოლიტოლოგების შეფასებით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებმა მმართველი გუნდის არც თუ სახარბიელო მდგომარეობა, კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა. არსებობს მოლოდინი, რომ 2019 წელს “ოცნებაში” შესაძლოა, ძალთა გადანაწილება ვიხილოთ.

მმართველ გუნდში განხეთქილების მიზეზი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სია გახდა, რომლის მხარდაჭერაზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ უარი, საჯაროდ განაცხადა. დეპუტატის ტრიბუნიდან ხმაურიანი განცხადება გააკეთა და პროტესტის ნიშნად თანამდებობიდან გადადგა. პარლამენტს, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე მის შემცვლელად კი, გედი ფოფხაძის კანდიდატურა წარუდგინა, – ეს ყველაფერი წინასაახალწლოდ. სადღესასწაულო დღეების ჩავლისთანავე “ქართული ოცნების” წევრები სათათბიროდ შეიკრიბნენ. პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა უმრავლესობის სხდომა მოიწვია. შეხვედრას არ ესწრებოდა ეკა ბესელია, რომელიც ზუსტად იმ ხანებში, საზღვარგარეთ მივლინებით იმყოფებოდა.

ერთი დღით ადრე კი, ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ, მმართველ პარტიაში მოსალოდნელ წმენდასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში სკანდალური ინფორმაცია გაავრცელა და ბესელიას პარტიიდან გარიცხვა დააანონსა. ინფორმაციის წყარო არ დაასახელა, თუმცა განაცხადა, რომ “ნაღმი”, რომელიც ბესელიას წინააღმდეგ აფეთქდება, კორუფციაა.

კომპეტენტური წყაროს ინფორმაციით, წლებია არსებობს მოარული ხმები, რომ ბესელია “სტაჟიანი” მექრთამეა და ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან, როცა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ლადო ჭანტურია იყო, რაღაც-რაღაც საქმეებს აგვარებდა. ამჯერად კი ქრთამი კომპანია “ომეგა” ჯგუფის პრეზიდენტისგან აიღო. ამ უკანასკნელს სახელმწიფო ბიუჯეტის ათეულობით მილიონი ლარის ვალი დაუგროვდა და მათი ჩამოწერის მიზნით, “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, სხვადასხვა ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებით, სკანდალის აგორებას და პროცესების მის სასარგებლოდ წარმართვას ცდილობდა. წყაროს ინფორმაციით, ეკა ბესელიამ “ომეგას” მრავალმილიონიანი ვალის მოსაგვარებლად კომპანიის პრეზიდენტ ზაზა ოქუაშვილისგან ქრთამი აიღო, მაგრამ დავა ვერ მოგვარდა და ქრთამის ნაწილი უკან დააბრუნა.

“იმედგაცრუებული ვარ. არ მეგონა, რომ მოსალოდნელი თვითწმენდის პროცესი ასე დაიწყებოდა, “ქართული ოცნების” ერთ-ერთი თანადამფუძნებლის, სტაჟიანი პოლიტიკოსისგან”, – წერდა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გია აბაშიძე.

ბესელიასთან მსგავსი გარიგების შესახებ ინფორმაცია ზაზა ოქუაშვილმა მეორე დღესვე უარყო, ეკა ბესელია სკანდალური განცხადებისთვის მოემზადა. პოლიტიკურ კულუარებში კი ბესელიას პარტიიდან გარიცხვის შესახებ ინფორმაცია ჟონავდა. თანაპარტიელების ნაწილმა ის არაგუნდურ თამაშში დაადანაშაულა, მეორე ნაწილისთვის კი, ბესელიას გუნდისგან ჩამოცილება კატეგორიულად მიუღებელი იყო. არაგუნდურობასთან დაკავშირებული საყვედური ჯერ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძისგან, შემდგომ კი „ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისგანაც მოისმინა.

როგორც ეკა ბესელია აცხადებს, კეთილისმსურველები აფრთხილებდნენ, რომ მის წინააღმდეგ “რაღაც სიბინძურე” მზადდებოდა, თუმცა არ ეგონა თუ ეს ყველაფერი ასეთი დაუჯერებელი “ბოდვა” იქნებოდა.

“არ მინდა სახე დაკარგოს მან, ვისაც ვიცავდი და ვეფარებოდი. სააკაშვილის მეთოდების გამეორებით ცუდად დაასრულებთო”, – გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა ბესელიამ.

თანაგუნდელებმა ბესელიას დასჯა განიზრახეს. ჯერ მის თანამოაზრე გედევან ფოფხაძეს დაუხურეს კომიტეტის კარი და მისი კანდიდატურა გაიწვიეს, შემდეგ კი თავად ბესელიას უთხრეს უარი პარლამენტის ვიცე-სპიკერის თანამდებობის დაკავებაზე.

როგორც მოგვიანებით, თავად ბიძინა ივანიშვილმა განმარტა, ბესელიას იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეობიდან პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციამდე დაწინაურება მმართველ გუნდში, ჯერ კიდევ ზაფხულში გადაწყდა. ეს კი, იმ სირთულეებს უკავშირდებოდა, რომლებმაც “ოცნებაში” თავი, ჯერ კიდევ 2017 წელს იჩინა და რამაც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება განაპირობა. შესაბამისად, მისთვის გაუგებარია, ბესელიამ თანამდებობიდან წასვლა, რატომ დაუკავშირა პარლამენტის მიერ დასამტკიცებელი მოსამართლეების 10-კაციან სიას.

როგორც თავად დეპუტატმა, ეკა ბესელიამ განმარტა, გადადგომის გადაწყვეტილებით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის ნაჩქარევი და გაუმართლებელი პროცესი შეაჩერა. მისივე თქმით, სიაში არიან ადამიანები, რომლებიც “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროს მისი ოჯახის წევრებისა და თანამებრძოლების წინააღმდეგ აღძრულ, პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე იყვნენ მოსამართლეები.

“ჩემი მთავარი იდეალი ყოველთვის იყო და იქნება სამართლიანობისთვის ბრძოლა”, – განაცხადა ბესელიამ.

ბესელიას მხარდამჭერები უმრავლესობაშიც ჰყავს. თანაგუნდელების ნაწილი საქციელს უწონებს. მათი აზრით, ბესელიამ დუმილში არ გაცვალა თავისი პოზიცია და საკუთარი პრინციპები კაბინეტში არ გაცვალა.

“მოსამართლეების სიის განხილვა გადადებულია. ბესელიას გარდა, საკმაოდ დიდი რაოდენობის ხალხი ვართ, რომლებიც არ ვიზიარებთ ასე “ჰარი-ჰარალოდ” გამოგზავნილ სიას. ეს ხალხი, ანგელოზებიც რომ იყვნენ, მათი რეპუტაცია არის საკმაოდ გაშავებული. ჩვენ მივიღებთ იმ სიას, რომელიც საზოგადოებისთვის მისაღები იქნება”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ.

დეპუტატი არც იმას გამორიცხავს, რომ ეკა ბესელიას პარტიიდან წასვლით, “ქართულმა ოცნებამ” საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგოს.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილი არ გამორიცხავს, რომ ეკა ბესელიას წინააღმდეგ კომპრომატების ომი, 2020 წლის არჩევნებამდე გაგრძელდეს. თუმცა, მიაჩნია, რომ მის წინააღმდეგ გაკეთებული ნებისმიერი განცხადება, ბესელიას რეიტინგს მხოლოდ აამაღლებს.

პაატა ზაქარეიშვილი შეფასებით, ეკა ბესელიამ პოლიტიკური გამჭრიახობა გამოიჩინა და სიტუაცია სათავისოდ გამოიყენა.

“საპრეზიდენტო არჩევნებმა “ქართულ ოცნება” კატასტროფული შედეგი მოუტანა. ძველი გვარდია უკვე მიდიოდა, ჩანდა, რომ მას მოიშორებდნენ ახლა თუ არა, არჩევნების წინ მაინც, სიების დადგენის დროს. ჭკვიანურად მოიქცა. როგორც ჩანს ბესელიას ძველი გვარდია გაჰყვება და ამით ის უფრო გაძლიერდება. ხოლო იმ შემთხვევაში თუ მოსამართლეთა ეს სია დარჩება, ბესელიას რეიტინგი აიწევს”, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

მისივე თქმით, დაიწყება კომპრომატების ომი, ფარული ჩაწერების გამოქვეყნება, მოსმენები.

თავად ეკა ბესელია პროგრამა მინიმუმს მიღწეულად მიიჩნევს და აცხადებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილი სიის განხილვა შეჩერებულია. ახლა მნიშვნელოვანია მეორე ეტაპი – სამართლიანი, დამოუკიდებელი მართლმსაჯულების შექმნა. რომ უვადოდ გასამწესებელ მოსამართლეთა შორის არ იყვნენ ექსპრეზიდენტ სააკაშვილი “ძალადობრივი რეჟიმს” მსახური მოსამართლეები. საპარლამენტო უმრავლესობიდან გასვლას რაც შეეხება, როგორც ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს საკითხი მისთვის უმნიშვნელოა, თუმცა ბევრი რამ არის დამოკიდებული მმართველ გუნდზე, იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ მოსამართლეების სიასთან დაკავშირებით.

“გავაგრძელებ ბრძოლას თანამოაზრეებთან ერთად იმისთვის, რომ მაშინ, როცა არ ვიქნებით ხელისუფლებაში, ჩვენს ქვეყანას დავუტოვოთ გამართული მართლმსაჯულება”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ეკა ბესელიას ხმაურიანად დაანონსებული პრესკონფერენცია, არც ისეთი სკანდალური გამოდგა. ანალიტიკოსების შეფასებით, დეპუტატი ბესელია ბიძინა ივანიშვილთან მისასვლელ გზებს არ ჭრის, ან გარკვეულ კოზირს მომავლისთვის ინახავს. მაგრამ ერთი რამ ცხადია, ეკა ბესელია დიდი ხანია “ქართული ოცნების” ერთი ნაწილისთვის მიუღებელ ფიგურად იქცა, ამიტომ ცდილობს, საზოგადოების თვალში გარკვეული ქულები ჩაიწეროს. მას თითი ბიძინა ივანიშვილმაც დაუქნია და გუნდურობის პრინციპის დაცვისკენ მოუწოდა. ამასთან დაკავშირებით კი, პროფესიონალმა იურისტმა განაცხადა, რომ არ განეკუთვნება იმ ადამიანების კატეგორიას, ვინც შიდა თემებზე გარეთ საუბრობს და მაგრამ, არც ის ადამიანია, ვინც საკუთარ მოქალაქეებს ატყუებს.

“უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისგან, რა არის გუნდურობა და რა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხი. ეს არის საქართველოს პარლამენტი, ხალხის წარმომადგენლობითი ორგანო, სადაც ჩვენმა მოქალაქემ უნდა იცოდეს მისი წარმომადგენელი რა გადაწყვეტილებას იღებს და რატომ. ოთახში ვერ გამოიკეტება და ყურში ჩურჩულით ვერ გადაწყდება ისეთი საკითხები, რომელიც თითოეულ მოქალაქეს ეხება”, – აცხადებს ეკა ბესელია.

ვინ დაიჭერს შავ კატას ბნელ ოთახში, თუ ის იქ არ იმყოფება, საკითხავია. შეინარჩუნებს თუ არა “ქართული ოცნება” საკონსტიტუციო უმრავლესობას, თუ მაინც დაიშლება მარტივ მამრავლებად, უახლოესი მომავალი გვიჩვენებს. მანამდე კი უნდა გვჯეროდეს, რომ პოლიტიკოსისთვის მისი მორალური სახე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფარული პოლიტიკური გარიგებები პირადი კეთილდღეობისთვის.

გიორგი ქართველი