Фото с ФБ страницы Арпи Бекарян

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების და საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობის მატების გამო, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ჯერ ვირუსის ე.წ. იმპორტიორ ქვეყნებთან (ჩინეთი, სამხრეთ კორეა, იაპონია, იტალია და ა.შ.) ავიამიმოსვლა შეზღუდა, შემდეგ აკრძალვები გაამკაცრა და მეზობელ ქვეყნებთან საზღვრები ჩაკეტა. ამის შემდეგ 21 მარტიდან 21 აპრილამდე, საგანგებო ვითარების რეჟიმი გამოცხადდა და საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო კავშირები და საქალაქთაშორისო რეისები შეწყდა; მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი გამოცხადდა.

აღნიშნული აკრძალვის შედეგად პირველი დარტყმა ტურისტულმა ბიზნესმა – სასტუმროების, რესტორნების, კაფე-ბარების, ტურისტული ტაქსების მფლობელებმა და ამ სფეროში მომუშავე ადამიანებმა იგრძნეს. შემდეგ საგანგებო ვითარების პირობებში მთავრობამ ყველა საზოგადოებრივი კვების, სხვადასხვა საოფისე კომპანიის და სავაჭრო წერტილების დაკეტვა გადაწყვიტა. დაიშვა მხოლოდ სახლში მიტანის სერვისების მომსახურება.

საქართველოს შრომისუნარიანი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი “სახლში დარჩენის” რეჟიმზე გადავიდა. გარდა ამისა, გამოცხადდა, რომ მოსახლეობის ბიუჯეტურ კატეგორიას სახლში ყოფნის პერიოდში ხელფასები არ დაეკარგება. თუმცა, კერძო იურიდიული პირების მიერ დასაქმებული მოსახლეობა შემოსავლის გარეშე დარჩა.

 

საქართველოს ეროვნული სტატისტიკური სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, 2019 წლის ბოლოს ქვეყანაში 1,6 მილიონზე მეტი შრომისუნარიანი მოქალაქე ირიცხებოდა, რომელთაგან სახელმწიფო სექტორში 300 ათასამდე იყო დასაქმებული, დანარჩენი – კერძო სექტორში. უფრო მეტიც, ამავე სამსახურის მონაცემებით, საქართველოს დასაქმებული მოსახლეობის 51%-ზე მეტი ე.წ თვითდასაქმებულია. ისინი ძირითადად მცირე მეწარმეები და მოვაჭრეები არიან, რომლებსაც ქალაქებსა და სოფლებში პატარა მაღაზიები, ან დიდ ბაზრებში დახლები ჰქონდათ. ყველაზე მეტად “სახლში დარჩენის” რეჟიმისგან სწორედ ისინი დაზარალდნენ, რადგან ყოველდღიური შემოსავლის ერთადერთი წყარო დაკარგეს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული პანდემიის შედეგად მძიმე ეკონომიკური ეფექტის გაანალიზებით, საქართველოს მთავრობამ ქვეყნის შიგნით ეკონომიკა სრულად არ გააჩერა. მუშაობას განაგრძობენ საკვები პროდუქტების დიდი მაღაზიები, ე.წ. სუპერმარკეტები, აფთიაქები, შიდა მუნიციპალური ტრანსპორტი და დედაქალაქის მეტროპოლიტენი. არ შეჩერებულა საკვები და გადამამუშავებელი მრეწველობა, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები, გზების და სასტუმროების მშენებლობა. საქართველოს ბოსტნეულის და მწვანილეულის მთავარი მწარმოებელი – მარნეულის და ბოლნისისთვის კარანტინის პირობებში სათესლე სამუშაოების განსაკუთრებული წესები შემუშავდა.

საგანგებო ვითარების რეჟიმი ლარის კურსზეც აისახა. აზიასა და ევროპაში კორონავირუსის გავრცელების პირველ ეტაპზე ლარმა მოულოდნელი გამყარება დაიწყო. თუმცა, ბოლო დღეებში თავის ანტირეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 27 მარტისთვის ერთი აშშ.დოლარი 3,4842 ლარი ღირდა.

Covid-19-ის პანდემიამდე, როდესაც 2020 წლის ბიუჯეტი მუშავდებოდა, ექსპერტები ეროვნული ვალუტის შემდგომი მოქმედების ორ ვარიანტს პროგნოზირებდნენ. ოპტიმისტური პროგნოზების თანახმად, 2020 წლისთვის აშშ.დოლართან მიმართებაში ლარის კურსის 5%-ით, ხოლო 2021 წლისთვის კიდევ 5%-ით გამყარება იგეგმებოდა. პესიმისტური პროგნოზებით, 2020-2012 წლებში ლარის კურსი საერთო ჯამში, 15%-ით დაეცემოდა. შექმნილ ვითარებაში ლარმა აღნიშნული მოლოდინები ვერ გაამართლა და თითქმის 25%-ით გაუფასურდა.

Covid-19-ის მძიმე ეფექტის შესარბილებლად, საქართველოს მთავრობამ საბანკო სექტორს თავიანთ კლიენტებისთვის გარკვეული შეღავათების დაწესებისაკენ მოუწოდა. შედეგად, ბანკებმა კრედიტების გადახდა 3 თვით გადაავადეს. გარდა ამისა, ქვეყანაში ახალი აკრძალვების და შეზღუდვების დაწესების პარალელურად, პანდემიის დამარცხების შემდეგ, ქვეყნის პოსტკრიზისული ვითარებიდან გამოყვანის გეგმაზე დაიწყეს მუშაობა და აცხადებენ, რომ მოსახლეობას სრულ ინფორმაციას აუცილებლად მიაწვდიან.

ოპოზიციის ანტიკრიზისული პაკეტები, როგორც შიდაპოლიტიკური ბრძოლის იარაღი

უსაქმოდ არც ქართული ოპოზიცია ზის. ცალკეულ პარტიებად დაშლილი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მომხრეები ერთმანეთის მიყოლებით მათ მიერვე შემუშავებულ ანტიკრიზისულ გეგმებს აქვეყნებენ. ამასთანავე, ეყრდნობიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს 2008-2011 წლებში მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დაძლევის საქმეს.

ამგვარად, „ევროპული საქართველო“, რომელიც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 2016 წლის პარლამენტის არჩევნებში წარუმატებელი შედეგების შემდეგ გამოეყო, მოქმედ ხელისუფლებას ანტიკრიზისული ღონისძიებებისთვის 5 მილიარდ 230 მილიონი ლარის დახარჯვას სთავაზობს. გეგმის ავტორების განმარტებით, ეს თანხა ვაუჩერების დაფინანსებას უნდა მოხმარდეს. მოსახლეობას უნდა დაურიგდეს ორი სახის ვაუჩერი. ერთი – 120 ლარიანი – კომუნალური გადასახადებისთვის, მეორე – 200 ლარი – ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით.“ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა ისიც განმარტეს, თუ საიდან უნდა მოხდეს ამ ფულის მოძიება: ბიუჯეტური ხარჯების შემცირება, საპენსიო ფონდში 8 თვით შენატანის შეჩერება და ასევე საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან ფულის მოზიდვა.

იხსენებენ რა, აგვისტოს ომში დამარცხების შემდეგ ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მთავრობისთვის ევროკავშირის ქვეყნების მიერ 4,5 მილიარდი ევროს გამოყოფას, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები, რატომღაც დარწმუნებულები არიან, რომ ამჯერადაც სწორედ ისინი შეძლებენ ევროკავშირის ქვეყნების დარწმუნებას ზემოთ აღნიშნული თანხის გამოსაყოფად. თუმცა, იმას არ ითვალისწინებენ, რომ დღეს ევროპის ქვეყნებს თავადაც უჭირთ და სულაც არ ისწრაფვიან, რომ ერთ დროს ერთ გაერთიანებაში მყოფ მეზობელ ქვეყნებს მაინც დაეხმარონ.

კრიზისის დაძლევის საბაბით მოსახლეობისთვის ვაუჩერების დარიგების გეგმებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ამჟამინდელი ლიდერებიც ისახავენ.

რომან გოცირიძე

საპარლამენტო ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძის შეფასებით, კორონავირუსის გამო შექმნილი კრიზისი განსაკუთრებული ფორმით გამოირჩევა: ეკონომიკის დიდი სეგმენტი წყვეტს ფუნქციონირებას, შრომისუნარიანი მოსახლეობა თვითიზოლაციაშია, ხოლო ამ კრიზისის მთავარი ფაქტორის გამო – სამუშაო პროცესი იძულებით შეჩერებულია. შედეგად იქმნება სავალუტო კრიზისიც.

“ამაში მდგომარეობს კრიზისის განსაკუთრებულობა. მომაკვდინებელი ინფექციის გავრცელების მასშტაბების საფრთხის გამო მთელი ყურადღება ჯანდაცვაზეა გადატანილი. კორონავირუსი რომ არ ყოფილიყო, დღეს მთავარი საწუხარი ლარის კურსი და მოსალოდნელი დევალვაციის შედეგების თავიდან აცილება იქნებოდა. ამის გამოსწორება დაიწყებოდა აპრობირებული მეთოდებით, მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის გამკაცრების გზით. მაგრამ ვირუსმა განსხვავებული მიზნები დასახა – ბიზნესის და ხალხის გადასარჩენად ახალი ხარჯების წარმოება. ეს კი ერთი ხელით ქამრის შემოჭერას, ხოლო მეორეთი – მოშვებს ჰგავს”, – განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ეს არ არის კლასიკური ფინანსური კრიზისი, ამიტომ მისი დაძლევის რეცეპტების და გზების მოძებნა ძალიან რთულია.

გარდა ამისა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების აზრით, მოსახლეობისთვის უნდა გამოიყოს 400 ლარიანი ვაუჩერი 4 თვის განმავლობაში (თვეში 100 ლარი), რომელიც კომუნალურ გადასახადებს მოხმარდება. აღსანიშნავია, რომ “ენმ” თავისი მმართველობის დროს ამგვარად ეხმარებოდა მოსახლეობას. ანუ, ბიუჯეტიდან გამოიყოფოდა გარკვეული თანხა, რომელიც კომუნალური მომსახურებების კამპანიის ისევ ბიუჯეტში ბრუნდებოდა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების გათვლებით, უმუშევრად დარჩენილი 60 ათასი ოჯახისთვის კომუნალური ვაუჩერებისთვის გათვალისწინებული 25 მილიონი ლარის მოძიება შესაძლებელი იქნება მივლინებებისთვის გათვალისწინებული ხარჯებიდან. მით უფრო, რომ საგანგებო ვითარების პირობებში სახელმწიფოს წარმომადგენლები საზღვარგარეთ შეხვედრებზე და მივლინებებში აღარ მიდიან.

გიორგი ვაშაძე

თავიანთი ანტიკრიზისული გეგმები და კორონავირუსის პანდემიის შედეგად ქართული ეკონომიკის გამოჯანმრთელების გზები მიხეილ სააკაშვილის, რამდენიმე ყოფილმა თანამოაზრემ წარადგინა. მათ შორისაა პარტია “ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძე, რომელიც სოცქსელის და მედიის საშუალებით აქტიურად საუბრობს თავის სტრატეგიაზე – “აღმაშენებელი”. კიდევ ერთი ინიციატივა გაახმაურა “ენმ”-ის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ და ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა ნიკა გილაურმა, რომელიც ამჟამად საკონსულტაციო კომპანია Reformatics-ის სახელით საზოგადოებას თავის ანტიკრიზისულ გეგმას სთავაზობს.

ფაქტი ერთია, დღეს საქართველო, ისევე, როგორც მთელი მსოფლიო, თვალით უხილავი და არაპროგნოზირებადი მტრის – კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაშია ჩაბმული. ქვეყანა მთელ თავის შესაძლებლობებს და სახსრებს ვირუსის მასშტაბური გავრცელების თავიდან აცილებას ახმარს. „კორონაკრიზისის“ შედეგად მიყენებული ზარალს მაშინ დაითვლიან, როდესაც არსებული ვითარება დასასრულს მიუახლოვდება. ალბათ, ოდესღაც ყველაფერს თავისი ჭეშმარიტი სახელი დაერქმევა და მკაფიო და რეალური განმარტებაც მიეცემა…

ანა ხარაბაძე