მესამე თვეა მსოფლიო ეპიდემიას ებრძვის. ვირუსმა, რომელმაც 2019 წლის 31 დეკემბერს, ჩინეთში იფეთქა, საქართველომდეც მოაღწია. კორონავირუსი ქვეყანაში ძირითადად იტალიიდან შემოვიდა. დაინფიცირებული პაციენტები იტალიიდან შემოსული საქართველოს მოქალაქეები არიან. კლინიკურად დადასტურებულია 10-მდე შემთხვევა, 200-მდე პაციენტი კარანტინში რჩება, აქედან 45 სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ არის. საქართველომ, იმ ქვეყნებთან, სადაც დაინფიცირების მაღალი მაჩვენებელია – ჩინეთსა და ირანთან, საჰაერო და სახმელეთო მიმოსვლა შეზღუდა.

ეკონომისტები გრიპის ვირუსის გავრცელების ტემპის პარალელურად საქართველოს ეკონომიკისთვის მიყენებულ ზარალს ითვლიან. XXI საუკუნეში, როცა ქვეყნებს შორის თავისუფალი მიმოსვლა და ვაჭრობა მიმდინარეობს, ადამიანებისა და პროდუქტების გადაადგილების შეფერხება, ბუნებრივია პრობლემებს შექმნის. პირველი დარტყმა უკვე მიიღო ტურისტულმა ინდუსტრიამ, რიგში სამშენებლო ბიზნესი დგას.

პანდეემით გამოწვეულ ეკონომიკურ ზარალზე ჟურნალისტთან საუბრისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ პირველი 2 თვის განმავლობაში, რამდენიმე ქვეყნის მიმართულებით (ჩინეთი, ირანი) ტურისტული მიმოსვლის შეზღუდვის და შეწყვეტის გამო, პრაქტიკულად 30 მილიონ ლარზე მეტი იზარალა ქვეყნის ტურისტულმა ინდუსტრიამ. მინისტრმა იქვე დასძინა, რომ ეს ზუსტი ციფრი არ არის და ძალიან ბევრი რამ დამოკიდებულია ვირუსის გავრცელების დინამიკაზე და სხვა ქვეყნების გადაწყვეტილებებზე.

კორონავირუსის გავრცელების პარალელურად, საქართველოში მეტად საინტერესო პროცესები მიდის, მყარდება ეროვნული ვალუტა ლარი, მაგრამ პროდუქტზე ფასები იმატებს, მცირდება უცხოური ინვესტიციები.

ნიკა შენგელია

როგორც Dalma News-ს ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში ნიკა შენგელიამ განუცხადა, კორონავირუსი საქართველოში, პირველ რიგში სასტუმრო და ტურიზმის ბიზნესს მიაყენებს დარტყმას. ბიზნესს მინიმუმ 50% -ით შეუმცირდება შემოსავლები, რაც აისახება ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებზე. პრობლემები შეიქმნება უმუშევრობის ზრდის კუთხითაც.

მეორე დარტყმა მოვა სამშენებლო ბიზნესზე. ექსპერტის აზრით, დიდი ალბათობით დაეცემა გაყიდვების მოცულობა. რაც შეეხება პროდუქტისა და პირველადი მოხმარების საგნების გაძვირებას, ამაში მარტო კორონავირუსის დადანაშაულება არასწორი იქნებოდა. ამის მიზეზი ქვეყნის შიდა ფულად-საკრედიტო პოლიტიკაშიც მდგომარეობს.

“როგორც წესი, როდესაც პანდემიის გამო, მსოფლიო ეკონომიკა კლებას განიცდის, ინვესტიციები იზღუდება. ამიტომ ჩვენ ამასაც ვერ ავცდებით. ისედაც, 2019 წელს გვქონდა ინვესტიციების კუთხით კლება. ეს კი მოქმედებს, როგორც ეროვნული ვალუტის კურსზე, ასევე მთლიანად ეკონომიკაზე. ეს სახარბიელო ფაქტორი არ არის. ჩვენ გვაქვს სუსტი ეკონომიკა და ასეთი დარტყმა მისთვის გარკვეულ შოკს წარმოადგენს”, – აცხადებს ნიკა შენგელია.

მისივე თქმით, რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება პანდემიის გავრცელების პროცესი, მით უფრო იმატებს უმუშევრობა, პრობლემები შეექმნება ვალუტის კურსსაც, რომელიც დღეს, ხელოვნურად არის გამყარებული.

“ეს, ეროვნული ბანკის მიერ ჩატარებული ფოკუზია. როდესაც ეროვნულმა ბანკმა გაამკაცრა რეგულაცია და საპროცენტო განაკვეთი 9% -მდე ასწია, ამით წაახალისა უცხოელი არარეზიდენტი ფინანსური ინსტიტუტები და ისინი დააინტერესა საქართველოში შეეძინა სამთავრობო ობლიგაციები, რომლის შემოსავლიანობა მაღალი იყო. ასეთი სახის ფასიანი ქაღალდების შეთავაზება ხდება ლარებში. ამიტომაც არარეზიდენტების მიერ შემოტანილი უცხოური ვალუტა გადახურდავდა ლარებში და შეიძინეს ფასიანი ქაღალდები. იანვარში არარეზიდენტების მხრიდან ასეთი ოპერაციები გაოთხმაგდა, ამიტომაც ლარზე მოთხოვნა გაიზარდა, სავალუტო ბაზრიდან გაქრა ლარები და გაცვლითმა კურსმა დაიწია”, – აცხადებს ნიკა შენგელია.

მისივე თქმით, ეს ფული არ წავიდა რეალურ ეკონომიკაში, ის წაიღო მთავრობამ, რათა წინასაარჩევნო პერიოდში გაწიონ ხარჯი. აღნიშნული ქმედებით ბანკებში შემცირდა ძვირიანი კრედიტები, მარტო იპოთეკური სესხები გაიზარდა წლიური 14%- მდე.

ექსპერტის განმარტებით, პანდემიას მაქსიმუმ 6 თვეში თუ ვერ უშველა მსოფლიომ, დაიწყება რეცესიული მოვლენები. ეს უკვე დაეტყო ჩინეთის და იაპონიის ეკონომიკას.

კითხვაზე, თუ პანდემია გავრცელდა და უცხოელებმა საქართველოში შემოსვლა და აქ, კერძო საკუთრების შეძენა ვერ შეძლეს, რა მოხდება? ნიკა შენგელია აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქეებს გაუჭირდებათ ბინების შესყიდვა, შედეგად, გაიაფდება უძრავი ქონება, ხოლო სამშენებლო სექტორი გაჩერდება.

“ის შელამაზებული სტატისტიკური მონაცემები უმუშევრობის და სხვა მაკროეკონომიკური მაჩვენებლების შესახებ, რომლის საფუძველზეც იღებს ეროვნული ბანკი გადაწყვეტილებას და მთავრობა თავს იქებს, შეიძლება, ძალიან ცუდად შემოუტრიალდეს ქვეყანას. იმ შემთხვევაში, თუ 18 მარტს, ეროვნული ბანკი არ შეამცირებს საპროცენტო განაკვეთს, ქართული ბიზნესი ცუდ დღეში აღმოჩნდება და განვითარების პერსპექტივა ფაქტიურად აღარ ექნება”, – განუცხადა Dalma News-ს ნიკა შენგელიამ.

ვახტანგ ჭარაია

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე განგაშის საფუძველს ჯერჯერობით ვერ ხედავს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, ვახტანგ ჭარაია, თუმცა, ამბობს, რომ ინფიცირების შემთხვევების მზარდი დინამიკის შენარჩუნებით, საქართველოში ყოველთვიური დანაკარგი 25-დან 130 მილიონ ლარამდე იზრდება.

მისივე შეფასებით, კორონავირუსის ქართულ ეკონომიკაზე გავლენის მასშტაბი, ამ ეტაპზე, მცირეა, მაგრამ მაინც სჯობს ვიცოდეთ, რა გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდებით.

როგორც ვახტანგ ჭარაია ვარაუდობს, კორონავირუსის გამო, იტალიაში, რუსეთში, საბერძნეთსა და გერმანიაში დასაქმებული ქართველების ფულადი გზავნილები შესაძლოა 10 მილიონი აშშ დოლარით შემცირდეს. ვირუსისა და მასთან ერთად საარჩევნო წლის ფაქტორის გათვალისწინებით, დაახლოებით 40 მილიონ აშშ დოლარამდე შემცირდება უცხოური ინვესტიციები (ბოლო 7 წლის პირველი კვარტლების გასაშუალოებული მონაცემების საფუძველზე).

ვახტანგ ჭარაია იზიარებს მოსაზრებას, რომ საგარეო შოკს ყველაზე მეტად, ტურიზმის ინდუსტრია დაექვემდებარა. ყოველთვიურად, საქართველოს, მარტო სახმელეთო გზით, მეზობელი ქვეყნებიდან ნახევარ მილიონამდე ვიზიტორი სტუმრობს, რაც მათი საშუალო დანახარჯის შემთხვევაში დაახლოებით 40 მილიონიან დანაკარგს უდრის. ამას თუ დავუმატებთ იტალიასთან ფაქტობრივად შეჩერებულ ავიამიმოსვლას, ირანსა და ჩინეთთან ჩაკეტილ საზღვრებს, დანაკარგი კიდევ 40 მილიონით იზრდება. საერთო ჯამში, მარტო ამ 7 ქვეყნიდან დანაკარგი 80 მილიონ ლარს მიაღწევს.

“თუმცა, მეორე მხრივ არსებობს ამ დანაკარგების გარკვეული ნაწილის კომპენსირების შესაძლებლობაც. მათ შორის პირველ რიგში გამოვყოფდი გამავალ ტურიზმს. მარტო შარშან, ქართველმა მოგზაურებმა საზღვარგარეთ 2.1 მილიარდი ლარი დახარჯეს (ყოველთვიურად საშუალოდ 175 მილიონი), რაც ნაწილობრივ მიღებული შემოსავლების უკან გატანაც არის და თან 100%-ით მაინც ვერ შემცირდება, თუმცა მაინც. ტურიზმის შემცირების გამო, იკლებს იმპორტზე დამოკიდებულებაც, ხოლო ქართველი ტურისტების საზღვარგარეთ არწასვლა ნაწილობრივ ადგილობრივ ტურიზმს და წარმოებასაც წაახალისებს”, – მიაჩნია ვახტანგ ჭარაიას.

შემცირებული ტურისტებისა და გაუქმებული ჯავშნის შესახებ, ამ სფეროში დასაქმებული ადამიანებიც საუბრობენ. მათი თქმით, მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. ძირითადად უქმდება ერთი წლის ადრე გაკეთებული ჯავშნები ჩინეთიდან, სამხრეთ კორეადან და ტაილანდიდან. მას მიჰყვა ევროპული ბაზრები – საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი. ბიზნესმენების აზრით, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ, გარკვეული პერიოდით მათთვის საგადასახადო შეღავათები დააწესოს.

“მარტსა და აპრილში 700 ღამისთევა გაუქმდა. გუდაურისთვის ეს საკმაოდ დაბალი სეზონია და მაგ პერიოდისთვის ამდენი ჯავშნის გაუქმება, ფაქტობრივად სასტუმროსთვის მინუსზე გასვლაა. ქვეყანა მობილიზებული უნდა იყოს, რომ კორონავირუსის საფრთხე ნაკლები იყოს, რომ ისევ დავიბრუნოთ ტურისტები”, – აცხადებს სასტუმრო “გუდაური ლოფტის” წარმომადგენელი მაია მურაჩაშვილი.

კორონავირუსის გავრცელების წყარო, ძალიან მარტივად, შესაძლოა ფულიც იყოს. მაშინ, როდესაც ექიმები გამუდმებით გვირჩევენ ხელები ხშრად დავიბანოთ და სანიტარული წესები დავიცვათ, ფულის კუპიურები ხელიდან ხელში გადადის. მას კი ვერც გარეცხავ და ვერც დეზინფექციას ჩაუტარებ. ამიტომ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, მოსახლეობას ურჩევს, მაქსიმალურად ეცადონ ანგარიშსწორება ელექტრონულად აწარმოონ, ფულის კუპიურების მოხმარების შემდეგ კი, ხელები აუცილებლად დაიმუშაონ სადეზინფექციო საშუალებებით. ბანკებს კი მოუწოდებს, ყველა ფილიალში მოაწყონ ხელის სადეზინფექციო კუთხე, სადაც განთავსდება დეზინფექტორები.

“ჩინეთი, ამ პერიოდში, მთლიანად გადავიდა ვირტუალურ ვალუტაზე, ყველა ანგარიშსწორება ელექტრონულად ხდება. იქ, სადაც აუცილებელია ნაღდი ფული, სასურველია, ნაღდი ფულის გამოყენების შემდეგ, მაქსიმალურად დავიმუშაოთ ხელები”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. კორონავირუსის მეორე შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 28 თებერვალს, მესამე 29 თებერვალს. 4 მარტს, ცნობილი გახდა, რომ ვირუსით იტალიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე დაინფიცირდა. 4-დან 25-დე კი 5-12 მარტს დადასტურდა. ბოლო მონაცემებით, COVID-19-ს მსოფლიოს მასშტაბით 4940 ადამიანი ემსხვერპლა (131 621-დან), 68500 კი გამოჯანმრთელდა.

შორენა პაპაშვილი