2019 წლის დეკემბერს, ჩინეთიდან დაწყებული კორონავირუსის მსოფლიო პანდემია, პლანეტა დედამიწაზე ჯერ კიდევ მძვინვარებს. ექსპერტთა ნაწილი ვარაუდობს, რომ კორონავირუსი დიდი ხნით, ან შეიძლება სამუდამოდაც დარჩეს და ადამიანებს მასთან ერთად ცხოვრების სწავლა მოუწიოთ, როგორც გრიპის, ან ადენოვირუსის დროს.

მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა მოსახლეობაში, ოფიციალური მონაცემებით სამ, ოთხ და ხუთნიშნა ციფრებში გამოისახება, ინფიცირებული კიდევ უფრო მეტია. საქართველოში, ვირუსით ინფიცირებული პაციენტის გარდაცვალების პირველი შემთხვევა 4 აპრილს დაფიქსირდა. 79 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზად, რომელსაც Covid-19 გარდა, სხვა, არანაკლებ მწვავე დაავადებები აღმოაჩნდა, ექიმები კორონავირუსს ასახელებენ. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული პაციენტი ე.წ მარნეულის კლასტერიდან იყო, თუმცა, Dalma News-მა საკუთარი წყაროთი დაადგინა, რომ გარდაცვლილი ქვემო ბოლნისში ცხოვრობდა და მისი მარნეულის კლასტერთან კავშირიც ძალიან მცირეა.

​როგორც თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა ამცნო საზოგადოებას, პაციენტი კლინიკაში 31 მარტს, კორონავირუსის დიაგნოზით შეიყვანეს. ის ბოლო 6 თვის განმავლობაში ანამნეზში იყო, ანუ წონის მკვეთრ დეფიციტს განიცდიდა. ჩატარებული კლინიკური კვლევების შედეგად, გამოვლინდა ორმხრივი პნევმონია, ასევე დადასტურდა პნევმოთორაქსი, მწვავე რესპირატორული დისტრესი. კლინიკაში შეყვანისთანავე დადასტურდა მწვავე სეფსისი ჰემოდინამიკის რღვევით. ამ კვლევების შემდეგ, პაციენტი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში, ჩაუტარდა სიმპტომური და პათოგენეზური მკურნალობა, მაგრამ ჩატარებული ღონისძიებები არაეფექტიანი აღმოჩნდა და 4 აპრილს, დილის 9 საათზე, სამწუხაროდ, ლეტალობა დაფიქსირდა. საქართველოში, იმ მომენტისათვის კორონავირუსით ინფიცირების 170-მდე შემთხვევა იყო დადასტურებული, მათგან 36 გამოჯანმრთელდა.

მარნეულის ე.წ კლასტერი

კორონავირუსის საქართველოში გამოჩენას, თან მოჰყვა ისეთი რეკომენდაციები, რომელიც საქართველოს ტიპის ქვეყნისთვის ცხოვრების წესის რადიკალურ ცვლილებას ნიშნავს. აიკრძალა ხალხმრავალი თავყრილობები – ქორწილები, გასვენებები და ქელეხები. მარნეულის კლასტერის გაჩენის მთავარ მიზეზად, სწორედ მსგავსი თავყრილობა სახელდება. კორონავირუსით ინფიცირებული აღმოჩნდა 62 წლის ქალი, რომელიც 200-კაციან სარიტუალო სუფრაზე, გარდაცვლილი დედის წლისთავზე იმყოფებოდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელებმა სასწრაფოდ დაითვალეს ინფიცირების შესაძლო მასშტაბები, რამაც 1700 პოტენციური ინფიცირებული შეადგინა. თუმცა რეალური მდგომარეობა, ჯერჯერობით განსხვავებულ ციფრებს იძლევა. კორონავირუსი აღნიშნული პაციენტის ოჯახის მხოლოდ 4 წევრს აღმოაჩნდა.

შიდა გადაცემის თავიდან აცილების მიზნით, ხელისუფლებამ მარნეულში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრები ჩაკეტა. მკაცრი კონტროლი დაწესდა ამ რეგიონში არსებულ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე. საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ამ პერიოდში სომხეთში სხვადასხვა მიზეზით (სასწავლებლად, ან სამუშაოდ) იმყოფებოდნენ, უკან დაბრუნების შემთხვევაში ორკვირიან სავალდებულო კარანტინს დაექვემდებარებიან.

“​როცა რეჟიმი გამკაცრდა, ვინც სომხეთში არის წასული სამუშაოდ, ან ნათესავებთან, კარანტინში მოხვედრას იქ დარჩენას ამჯობინებენ. თუნდაც ვირუსი არ ჰქონდეთ, საზღვარს რომ გადმოკვეთენ 14-დღიან კარანტინში ავტომატურად მოხვდებიან. გაზაფხულზე სოფელში ამ ადამიანებს ბევრი საქმე აქვთ, მაგრამ ამბობენ, უმჯობესია დაველოდოთ პროცესებს, ვნახოთ რა იქნებაო”, – განუცხადა Dalma News-ს ადგილობრივმა ჟურნალისტმა, ანა ტანდარიანმა.

ანა ტანდარიანი

ანა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახკერპის მკვიდრია. აღნიშნული სოფელი მარნეულიდან 60 კმ-ის დაშორებით მდებარეობს, ის მუნიციპალიტეტის სულ ბოლო სოფელია. მოსახლეობის უმეტესობა სამუშაოს საძიებლად სომხეთში არის გასული. სოფელში 250-300-მდე ოჯახი ცხოვრობს. ადგილობრივების მთავარი შემოსავლის წყარო მარნეულის, ან თბილისის ბაზარია, სადაც საკუთარი პროდუქცია – რძის ნაწარმი, მწვანილი და ბოსტნეული გააქვთ. საგანგებო რეჟიმმა ისინი, შეიძლება ითქვას, გარესამყაროს მთლიანად მოწყვიტა. ამის მიუხედავად, მოსახლეობა ცდილობს სიმშვიდე შეინარჩუნოს და ხელისუფლების რეკომენდაციები ზედმიწევნით შეასრულონ იმ იმედით, რომ კარანტინი მალე დასრულდება.

“ორ დღეში ერთხელ ავტობუსი გადიოდა მარნეულის მიმართულებით. სოფელს ერთი მხრიდან სომხეთი ესაზღვრება, სადაც გასასვლელი არ არის, ერთადერთი გასასვლელი მარნეულისკენ არის. გზა რომ ჩაიკეტა, ვისაც მანქანა ჰყავს, დადიან პროდუქტის საყიდლად. უმეტესად ხალხი სახლიდან გასვლას თავს არიდებს. რეგიონების მოსახლეობა უმეტესად კანონს ემორჩილება”, – ამბობს ანა ტანდარიანი.

მისივე ინფორმაციით, სომხეთთან საზღვრის ჩაკეტვას ეთნიკურად სომხური მოსახლეობის მხრიდან წინააღმდეგობა არ მოჰყოლია. მარნეულსა და სადახლოში იყო პოლიციის მხრიდან მოქალაქეების დაჯარიმების ფაქტები, ისიც ისეთების, ვინც ავტომობილში 3-ზე მეტი ადამიანის აკრძალვის წესი არ დაიცვა. კომენდანტის საათის წესებს მოსახლეობა ემორჩილება და ამის გამო არავინ დაჯარიმებულა.

კარანტინის პერიოდში, საქართველოს მთავრობა მოსახლეობას კომუნალური გადასახადების დაფარვას დაჰპირდა. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახკერპის მოსახლეობამ დენის გადასახადთან დაკავშირებული დახმარება უკვე მიიღო. ბუნებრივ აირს რაც შეეხება, მუნიციპალიტეტის სოფლების უმეტესობა ჯერ კიდევ არ არის გაზიფიცირებული. აქაურებს თავი ნატურალური მეურნეობით გააქვთ. უმეტესობას ძროხა ჰყავს და ყველს ან რძეს ცვლიან პირველადი საჭიროების პროდუქტებში. სოფელში ფული არ ტრიალებს.

“ძალიან გვიჭირს. ბაღ-ბოსტანია ჩვენი შემოსავლის წყარო. გაზაფხული ის პერიოდია, რომ ყველსა და რძეს ქალაქში ვყიდდით და პირველადი საჭიროების პროდუქტები მოგვქონდა. ხალხში ფული არ ტრიალებს, თუ არ ჩავთვლით პენსიას. ახლა გზა რომ ჩაიკეტა, მარნეულში ბაზრობაც გაუქმდა, მოსახლეობას ცხადია პრობლემები შეგვექმნა – ყველი გვაქვს, მაგრამ ვერსად ვყიდით. სოციალური დახმარებები კარგია, ფასებზე მკაცრი კონტროლია საჭირო. თბილისი, მარნეული, სადახლო და მერე არის ჩვენი სოფელი, აქ ძალიან გაზრდილია ფასები”, – ამბობენ ადგილობრივები.

ამ პირობებშიც კი, მოსახლეობა ხვალინდელი დღის იმედს არ კარგავს. ცდილობენ, ყველა წესი შეასრულონ იმისთვის, რომ კარანტინი და კომენდანტის საათი მალე დასრულდეს და ისინიც ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდნენ. თბილისის მოსახლეობაც დაზარალდა მარნეულის ჩაკეტვით, პროდუქცია აღარ შემოდის.

საგაზაფხულო სამუშაოებს სოფლის მოსახლეობა, მათი შესაძლებლობებიდან გამომდინარე მაინც ასრულებს. მაგრამ აქაც პრობლემაა, სათესლე მასალის შეძენა ვერ მოასწრეს, ფასები კი, დღითი დღე იმატებს. ფასების სპეკულაციური ზრდის გამო, სადახლოსა და მარნეულში, რამდენიმე მაღაზიის მეპატრონეები დაჯარიმდნენ. გარდა ამისა, მარნეულის გარდა, სადეზინფექციო სამუშაოები მუნიციპალიტეტის სოფლებში არ ჩატარებულა.

სოფლის მოსახლეობა შიშობს, რომ ამის გამო სოფლებში ვირუსი თუ გავრცელდა, მათი მშველელი აღარავინ იქნება, რადგან ინფიცირებულები თვითმკურნალობას დაიწყებენ და საკუთარ ავადობას არ გაამხელენ.

კორონავირუსით დაინფიცირებული 62 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლის გამო მარნეულში კარანტინი გამოცხადდა, კრიზისული აღარ არის. ის ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს და ჩვეულებრივ პალატაში გადაიყვანეს.

“იმ ქალის შესახებ, არასწორი ინფორმაცია გავრცელდა. მაღაზიაში მუშაობას ძალიან დიდი ხნის წინ დაანება თავი, რადგან ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს არ უწყობდა. ის თვითონ მივიდა კლინიკაში გულის უკმარისობით. როგორც თქვა გაციებულიც იყო და ორმხრივი პნევმონია განუვითარდა. მერე თქვეს, რომ 1700 ადამიანთან ჰქონდა სავარაუდოდ კონტაქტიო. დედის წლისთავთან დაკავშირებით 200-კაციანი სუფრა ჰქონდა. ალბათ, აქედან გადათვალეს შესაძლო ინფიცირებულებიც”, – გვითხრა რადიო “მარნეულის” დირექტორმა კამილა მამედოვამ.

მისივე ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით პრევენციული ზომების გადატარება დაიწყო, მარნეულში რელიგიური დღესასწაულები გაუქმდა. “ნოვრუზ ბაირამს”, რაც შეეხება, ის საქართველოში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელების სახალხო დღესასწაულია, თუმცა პანდემიის საშიშროების გამო, ისიც ოჯახებში აღნიშნეს.

კამილა მამედოვა

როგორც კამილა მამედოვამ გვითხრა, სოფლებში სერიოზული პრობლემაა პენსიის მიღებისას სოციალური დისტანციის დაცვა. არ არის ბანკომატები, ბევრ სოფელში არ არის აფთიაქი, სასურსათო მაღაზიები, ბაზარი, შეინიშნება ფასების ზრდა, ამიტომ ასაკოვან მოსახლეობას, რომლებიც ასევე, მაღალი რისკის ჯგუფს წარმოადგენენ, მარნეულში უწევთ თავმოყრა.

“მუნიციპალიტეტში 84 სოფელია. წარმოიდგინეთ, ყველა სოფლიდან პენსიონერები 2 ბანკომატთან რომ მივლენ. მანამდე მობილური ბანკომატები არსებობდა, მაგრამ კარანტინამდე გაუქმდა. ახლა ისევ აღადგინეს იმისთვის, რომ ხალხმა ქალაქში არ იაროს. დეზინფექციას რაც შეეხება, ის მხოლოდ მარნეულში ჩატარდა”, – აცხადებს კამილა მამედოვა.

კორონავირუსმა საქართველოს რეგიონებში არსებული ბევრი პრობლემა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა. სახლში რჩებიან შშმ პირები, სმენადაქვეითებული ადამიანები, რომლებიც ვერ დარეკავენ ცხელ ხაზზე და ვერავის მიაწვდენენ ხმას. სერიოზული პრობლემაა მოსახლეობის არაინფორმირებულობა, ეთნიკურად არაქართული მოსახლეობის მიერ სახელმწიფო ენის არცოდნა და სხვა.

“ეს ხომ არ არის მხოლოდ კორონავირუსის დროს წარმოქმნილი პრობლემა? არიან ასაკოვანი ადამიანები, რომლებმაც არ იციან ქართული, არ აქვთ წვდომა არანაირ სერვისებზე. ტრანსპორტი დადის ისე, როგორც მუნიციპალიტეტს აწყობს და არა ისე, როგორც ხალხს სჭირდება. ეს ძალიან კომპლექსური პრობლემებია, რომლებიც კორონავირუსის დროს გამოვლინდა. დღეს, როცა ადამიანების სიცოცხლეს ეხება საქმე, მტკივნეულად იჩინა თავი ენობრივმა ბარიერმა”, – აცხადებს კამილა მამედოვა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დიდი ნაწილი არ უყურებს ქართულ სატელევიზიო არხებს. მათ უმეტესობას სატელიტური ანტენები აქვთ, სადაც დიდი ალბათობით უცხოური არხები აქვთ ჩართული. ამჟამად მარნეულის მერიის მანქანა დადის სოფელ-სოფელ და სთხოვენ მოსახლეობას დაიცვან სოციალური დისტანცია. რაც შეეხება რეგიონში პოლიციისა და სამხედრო ნაწილების გამოჩენას, მოსახლეობა ამ ფაქტს გაგებით შეხვდა. სამხედროები ქალაქში არ მოძრაობენ, ისინი საგუშაგოებზე არიან განაწილებულნი. ქალაქში კი, მხოლოდ პოლიციის მანქანები პატრულირებენ. რომ არ ვიცოდეთ, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების უხილავი საფრთხე არსებობს, სხვა მხრივ მარნეულში სიმშვიდეა.

შორენა პაპაშვილი