მსოფლიოში ცნობილი კომპანია ELBIT Systems – Cyclone საქართველოსთან თანამშრომლობას იწყებს. პროექტის მთლიანი საინვესტიციო მოცულობა 85 მლნ აშშ დოლარია. საქართველოს საპარტნიორო ფონდისა და ისრაელის კომპანიის პარტნიორობით აშენდება თვითმფრინავის ნაწილების დამამზადებელი საწარმო, რომელშიც პროდუქციას მსოფლიოში ცნობილი ELBIT Cyclone ბრენდის ქვეშ დაამზადებენ, რომლის მომხმარებლები მსოფლიო საავიაციო ლიდერი კომპანიები იქნებიან.

თბილისში საავიაციო ნაწილების საწარმოს მშენებლობას საფუძველი დღეს ჩაეყარა.

მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კომპანიის პრეზიდენტ ბეჟალელ მაჩლისს და ELBIT- ის წარმომადგენლებს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა და კმაყოფილება გამოთქვა კომპანიის საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით. კომპანია ELBIT Systems-ს წლების წინ პრობლემები შეექმნა საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებასთან, რისთვისაც სააკაშვილის მთავრობას ისრაელის კომპანიისთვის კომპენსაციის გადახდა მოუხდა.

“ჩემთვის პირადად და ჩემი მთავრობისთვის ბევრს ნიშნავს, ვინაიდან ეს თქვენი ნდობის გამოცხადებაა ჩვენი მთავრობისა და ქვეყნისადმი. ჩემთვის პირადად ძალიან სასიხარულოა ასეთი დონის პროექტის დაწყება. ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ხელს უწყობს ბიზნესს, ინვესტორებს და ნაყოფიერად მუშაობს მათთან, ვისთან თანამშრომლობასაც ჩვენი ქვეყნისთვის კონკრეტული შედეგები მოაქვს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადია”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ELBIT Systems-ის საქართველოში დაბრუნება იმას ნიშნავს, რომ ორ ქვეყანას შორის ნდობა აღდგენილია.

თავად საწარმოს რაც შეეხება, პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, საწარმოში წარმოებული პროდუქცია მთლიანად ექსპორტზე გავა. საწარმოს მშენებლობაზე 300 ადამიანი დასაქმდება, რომელთაც ისრაელიდან მოწვეული სპეციალისტები გადაამზადებენ.