ომის ქარცეცხლში გახვეული უკრაინა, კვლავ საქართველოს საშინაო საქმეებისთვის იცლის. კიევიდან ისმის დაპირება, რომ ქართველ ხალხს ოლიგარქის მმართველობისგან დაიხსნიან და თავისუფალი საქართველო ევროკავშირს შეუერთდება. რომ არ ვიცოდეთ, რა მძიმე დღეები უდგას რუსეთთან მეომარ უკრაინას, ვიფიქრებდით, რომ პრეზიდენტ ზელენსკის საქართველოსა და მთლიანად სამხრეთ კავკასიის მიმართ იმპერიალისტური გეგმები აქვს. სხვას რას უნდა ნიშნავდეს დავით არახამიას (ქართული წარმოშობის უკრაინელი პოლიტიკოსი, რადას წევრი) სიტყვები, რომ ურტყამენ ივანიშვილის ფინანსებს, რათა შემდეგ იერიში მიიტანონ თავად ივანიშვილზე, თანაც ეს ამერიკელებისგან ვისწავლეთო.

“ბიძინა ივანიშვილის მთელი გარემოცვა დღეს პრეზიდენტის ბრძანებით დასანქცირდა. პირველ რიგში, მას ვურტყამთ ფინანსებზე, ვისწავლეთ ეს ამერიკელებისგან და შემდეგ იერიშს მივიტანთ თავად ივანიშვილზე”, – აცხადებს არახამია.

ამ პათოსის გაგრძელებაა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადება, რომ უკრაინას თურმე მალე ქართველების დახსნა მოუწევს და მას შემდეგ, რაც უკრაინა რუსეთთან ომში უპირატესობას მოიპოვებს, საქართველოს “შველაზე” გადაერთვებიან. ამას გააკეთებენ მშვიდობისმყოფელების ან ჰუმანიტარული ოპერაციების ეგიდით.

“მოგვიწევს ქართველების დახსნა, სომხების, მოლდოვეთის, ყველას შველა. ჩვენ გვყავს მილიონამდე ნაბრძოლი ადამიანი, რომელთაც პოსტსაბჭოთა სივრცეში საქმე გამოუჩნდებათ უახლოეს მომავალში”, – აცხადებს არესტოვიჩი.

მან ასევე საქართველოს საშინაო საქმეებს განიხილავს, რომ საქართველოში კორუფცია ყვავის, რომ ყველაფერი იყიდება, ქართველი პატრიოტები კი, სიმწრით თმებს იგლეჯენ. ამბობენ პატრიოტებს, გულისხმობენ “ნაციონალურ მოძრაობას”. ერთი სიტყვით, მეგობარმა უკრაინამ  მთლად ბიძინა ივანიშვილს ვერა, მაგრამ მისი სანათესაოდან 4 კაცს ფინანსური სანქციები დაუწესა, რაც გულისხმობს 10 წლის ვადით აქტივების ბლოკირება;  სავაჭრო ოპერაციების შეზღუდვა; უკრაინის ტერიტორიაზე რესურსების, ფრენების და ტრანსპორტირების ტრანზიტის შეზღუდვა; უკრაინის ეროვნული ბანკის ნებართვებისა და ლიცენზიების გაცემის აკრძალვა უცხო ქვეყანაში ინვესტიციებისთვის; უკრაინის სახელმწიფო ჯილდოების ჩამორთმევა; უკრაინის მიწებსა და წიაღისეულის შეძენის უფლების ჩამორთმევა და სხვა.

“ნაციონალური მოძრაობა” და მისგან წარმოქმნილი ქართული რადიკალური ოპოზიცია აღტაცებულია ზელენკის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, მმართველ პარტია “ქართულ ოცნებაში” კი აცხადებენ, რომ ეს არის არა მხოლოდ შანტაჟი, არამედ პასუხი უარზე, საქართველო ჩაერთოს სამხედრო მოქმედებებში და რუსეთთან ომში.

“არანაირი საომარი მოქმედებები არ იქნება, ვერავინ გვაიძულებს, ეს ქვეყანა დავღუპოთ”, – აცხადებენ “ოცნები” ლიდერები და უკრაინას საქართველოს მიმართ მტრული გადაწყვეტილებების მიღებაში ადანაშაულებენ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე ივანიშვილის გარემოცვაზე დაწესებული სანქციების შემდეგ, უკრაინის ხელისუფლებისგან აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას ელოდება.  დეპუტატი ირაკლი ზარქუა კი მეგობარ უკრაინას ძებნილი სააკაშვილისა და მისი გარემოცვის მფარველობას საყვედურობს:

“გვახსოვს ძებნილი სააკაშვილი, რომელიც გუბერნატორად ჰყავდათ და შემდეგ თმებით ათრიეს, ახლა ადეიშვილი ჰყავთ, რომელიც იმ რეჟიმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თანამონაწილე იყო”.

ირაკლი კობახიძე

მმართველი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ყველაფრის მიუხედავად უკრაინასთან ცალმხრივი მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნების მომხრეა, თუმცა სანქციებზე შესაბამისი რეაგირების პრეროგატივას საქართველოს პარლამენტს და პრემიერ-მინისტრს უტოვებს.

“მე მაინც დავრჩებოდი ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, ერთი მარტივი მიზეზის გამო – ჩვენ გვაქვს მეგობრული ურთიერთობები უკრაინელ ხალხთან, ეს ერთი, მეორე – ეს ხალხი და ეს ქვეყანა არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, იმიტომ, რომ არის ომი უკრაინაში”, – აცხადებს კობახიძე.

რაც შეეხება ოპოზიციას, ხელისუფლების ოპონენტები მიესალმებიან ივანიშვილის გარემოცვის წევრების დასანქცირებას და მოითხოვენ, სანქციები თავად ივანიშვილსაც დაეკისროს. სანქციებს, არც “ოცნების” გადამდგარი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიაში – “საქართველოსთვის” მიესალმებიან და ქვეყნისთვის დამაზიანებლად მიიჩნევენ.

ექსპერტი ნინო ფოჩხუა ოლექსი არესტოვიჩის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ოპოზიცია, რომელსაც არესტოვიჩების  და არახამიების დახმარებით სურს საკუთარ ხალხთან ბრძოლა, ცუდად დაამთავრებს.

“ვინ დაარწმუნა უკრაინის დღევანდელ ხელისუფლება და ვინ მიანიჭა სამყაროს გადამრჩენელის სტატუსი ამ უსამშობლო ადამიანებს? არესტოვიჩების დასახსნელი რა ჭირს ჩვენს ქვეყანას? რა ვაწყენინეთ ასეთი, ასე რომ ეზიზღება საქართველო და ქართველები?”, – აცხადებს ნინო ფოჩხუა.

გელა ვასაძე

ორგანიზაცია “სტრატეგიული ანალიზის ეროვნული ცენტრის” ექსპერტის გელა ვასაძის მოსაზრებით, სანქციები დაუწესეს არა საქართველოს, არამედ რამდენიმე ფიზიკურ პირს და დააწესა არა უკრაინა, არამედ აშშ-მ, რომელიც კიევთან “მჭიდრო კონტაქტში მუშაობს”. მისივე აზრით, ეს სანქციების პირველი ეტაპია, რასაც აუცილებლად ექნება გაგრძელება იმ შემთხვევაში, თუ “საქართველოს მთავრობა გონს არ მოეგება”.

Dalma News-ის კითხვაზე, თუ რა იგულისხმება ამ სიტყვებში და რა მოხდება წინააღმდეგ შემთხვევაში, გელა ვასაძემ განმარტა, რომ “საქართველომ უნდა გააკეთოს სწორი არჩევანი, დაეხმაროს უკრაინას სამხედრო ძალითა და სამხედრო ტექნიკით”. გაწყვიტოს დიპლომატიური ურთიერთობა ირანთან, რომელიც, როგორც ამბობენ რუსეთს კამიკაძე დრონებს აწვდის.

“არავინ საუბრობს იმაზე, რომ აქ მეორე ფრონტი გავხსნათ. უნდა გამოცხადდეს უკრაინის მიმართ უპირობო მხარდაჭერა, უპირობო ყოფნა “რამშტაინის ბანაკში”, სამხედრო თანამშრომლობა იარაღის გადაცემა, იგივე ვთქვათ ქართული წარმოების ჯავშანტრანსპორტიორების გადაცემა, “ლაზიკის” ან “დიდგორის”.  წლების განმავლობში ვაშინგტონი მხარს უჭერდა ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენს სუვერენიტეტს და გვიცავდა. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ჩვენი ვალია ვიყოთ დღეს ჩვენი ახლო მეგობრის, უკრაინის გვერდით”, – აცხადებს გელა ვასაძე.

გელა ვასაძის პროგნოზით, რუსეთს დღეს აღარ გააჩნია, არც სამხედრო და არც პოლიტიკური რესურსი საიმისოდ, რომ საქართველოს რამე სერიოზული დაუშავოს.

“რუსეთი მიდის სამხრეთ კავკასიიდან და საქართველო ამისთვის მზად არ არის”, – ამბობს იგი.

არჩილ სიხარულიძე

პოლიტოლოგი არჩილ სიხარულიძე არ იზიარებს მოსაზრებას, რომ სანქციები აშშ-ს დავალება იყო. მისი აზრით, ეს არის, უკრაინის ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის გაგრძელება, რომელიც 2012 წელს დაიწყეს, როდესაც საქართველოდან გაქცეულ სააკაშვილსა და მისი პარტიის წევრებს იქ პოლიტიკური პლატფორმის შექმნის საშუალება მისცეს. ხოლო “ქართულმა ოცნებამ” კი, ამ მიმართულებით არაფერი გააკეთა. საბოლოო ჯამში ყველაფერი იქეთკენ წავიდა, რომ უკრაინა ახლა პირდაპირ ერევა საქართვლოს საშინაო საქმეებში და ამას ქართული ოპოზიციის მხარდაჭერით აკეთებს.

არჩილს სიხარულიძის თქმით, უკრაინა დღეს არის არაადეკვატური სახელმწიფო, რომელიც “დაარწმუნეს” იმაში, რომ შეუძლია მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში დამრტყმელი ძალა იყოს.

“ამას მოწმობს არესტოვიჩის სიტყვებიც, რომ გაათავსუფლებს  საქართველოს, სომხეთს, მოლოდველებს. მას აქვს პრეტენზია ჩაანაცვლოს რუსეთი და თურქეთი. უკრაინა არ წარმოადგენს არანაირ რეგიონალურ ძალას, არც ზე-სახელმწიფოს. სამწუხაროდ, ის არის ნახევრად დანგრეული სახელმწიფო, რომელსაც, რატომღაც ჰგონია, რომ უნდა გადაწყვიტოს რეგიონალური საკითხები. მათი დაღვრილი სისხლი არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ახალი პატრონები გვესაჭიროება”, – განუცხადა Dalma News-ს არჩილ სიხარულიძემ.

მისივე თქმით, სამხრეთ კავკასიის რეგიონში სწორედ საქართველოა ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც შეუძლია გაატაროს აშშ-ს ინტერესები, ამიტომ ამერიკა არ დაუშვებს, რომ საქართველოსთან სერიოზული პრობლემები ჰქონდეს. ამ ფონზე, უკრაინის სანქციები სასაცილოდ გამოიყურება.

“უკრაინა არ არის რეგიონალური ჰაბი. წარმოუდგენელია დღეს უკრაინაში ვინმემ ფული შეინახოს, არც ივანიშვილს აქვს შენახული. სანქციები არის მცდელობა რომ კიევი ჩაერიონ საქართველოს საშინაო საქმეებში”, – აცხადებს არჩილ სიხარულიძე.

გიორგი ქართველი