მაშინ, როცა, სრულიად ქართული ინტერნეტსაზოგადოება ერთმანეთს ქალთა საერთაშორისო დღეს, 8 მარტს ულოცავდა, ქართველი პოლიტიკოსები თბილისში, აშშ-ის საელჩოს შენობაში, საპარლამენტო მანდატების თანაფარდობას ევროპელი დიპლომატების თანდასწრებით განიხილავდნენ. მმართველი პარტია “ქართულ ოცნების” ლიდერებსა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული მრავალრაუნდიანი შეხვედრა, ამჯერად შედეგიანი აღმოჩნდა. აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის ხელმძღვანელობით გამართული მოლაპარაკებები 120/30-ზე შედეგით დასრულდა. ახლა, მთავარია, აშშ-ს საელჩოში გაფორმებულმა მემორანდუმმა წარმატებით გაიაროს გამოცდა საქართველოს პარლამენტში. იმ პარლამენტში, სადაც მაჟორიტარმა დეპუტატებმა მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის დაპირება – 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარების იდეა ჩააგდეს.

მემორანდუმის ტექსტი აშშ-ის საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა, სადაც საუბარია იმაზე, რომ დოკუმენტის ხელმომწერები მხარს უჭერენ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამის დებულებაში ცვლილებას, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სისტემის შემდეგ მოდელს განსაზღვრავს. საქართველოს პარლამენტი შედგება პროპორციული წესით არჩეული 120 და მაჟორიტარული წესით არჩეული 30 დეპუტატისგან. შეთანხმება 1%-იან საარჩევნო ბარიერსა და ჩამკეტ მექანიზმს ითვალისწინებს, რომელიც გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პოლიტიკურმა სუბიექტმა საპარლამენტო მანდატების უმრავლესობა მიიღოს. ამასთან, დოკუმენტში ნათქვამია, რომ მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების და ვენეციის კომისიის რეკომენდაციის თანახმად დადგინდება.

აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი, ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი კარლ ჰარცელი და გერმანიის ელჩი ჰუბერტ კნირში

კონსენსუსის მიღწევის პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო აშშ ელჩის კელი დეგნანის, ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის კარლ ჰარცელის, გერმანიის ელჩის ჰუბერტ კნირშის და აშშ მისიის მოადგილის ელიზაბეტ რუდის წვლილი.

“პოლიტპატიმრები გათავისუფლდებიან, ყველა პოლიტიკური დევნისთვის, შეთითხნილი საქმეები გაჩერდება”, – განაცხადა პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძემ აშშ-ს საელჩოში შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ვაშაძე შეეცადა საზოგადოების დარწმუნებას იმაში, რომ ევროპელმა დიპლომატებმა ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობა დაადასტურეს. უხერხულობის თავიდან ასაცილებლად კი, “მცირე” განმარტების გაკეთება მოუწია, – მართალია მემორანდუმში ე.წ პოლიტპატიმრების გვარები არავის ჩაუწერია, მაგრამ შეთანხმება არსებობს და ამის გარანტი, შეხვედრის მონაწილე დიპლომატები არიანო.

სამწუხაროდ, კინზინგერის მსგავსად არ აღუფრთოვანებია 8 მარტის შეთანხმებას ქართველ ამომრჩეველთა ერთი ნაწილი. სოციალურ ქსელში უკმაყოფილო ადამიანები კომენტარებს წერენ და ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნების ყოველგვარ შესაძლებლობას გამორიცხავენ.

“პარლამენტში კიდევ გაევროპელებული ნაცები უნდა შევიდნენ ოპოზიციად? უკვე ყელში ამოვიდა ლოიალურობა და სხვა ქვეყნის დაკრულზე თამაში”;

“ცოლ-ქმრის ჩხუბი მეზობელს მართალი ეგონაო, ასე “ოცნების” და “ნაცების” საქმე! “ოცნებამ” ამომრჩეველს უღალატა! ისევ ხალხმა უნდა ვიმოქმედოთ. 2012 წელს სანაგვეზე გადაყრილი ნაცსექტის პოლიტიკური გვამები ისევ უკან, სანაგვეზე გადავყაროთ და თან სამუდამოდ!”;

“რატომ არ გვანებებს ამერიკა და ევროპა თავს? ასე თუ უნდათ, წაიყვანონ მიშა და ჰყავდეთ, ხალხს აღარ გვეკითხებიან გვინდა თუ არა? აქ ვერ დაბრუნდება”;

“მატროსოვზე ვიხილავდი. მისი ადგილი იქ არის! თუმცა ძალიან დამენანება მისთვის ის სერვისი, რაც ჩვენმა ხელისუფლებამ პატიმრებისთვის შექმნა!”

“მიშა ვერასდროს მობრუნდება, მაგრამ, რატომ არ ჩამოათრევენ, რომ აგოს პასუხი, რაც მისჯილია და ნაცსექტიდან ყველა დაისაჯოს, ვისაც რა დანაშაული აქვს ჩადენილი. შეიძლება სხვას დაავიწყდა, მე არ დავივიწყებ მაგათგან დახოცილ ახალგაზრდებს. “ოცნება” კოჰაბიტაციაშია გართული და ხალხის ხმას ყურს არ უგდებს. ერთგულებას არ აფასებს, აი, ეს არის მიზეზი”; – წერენ მოქალაქეები ფეისბუქში.

გია აბაშიძე

საარჩევნო სისტემაზე “ქართული ოცნების” კომპრომისთან დაკავშირებით Dalma News-ი ქართველი ექსპერტების მოსაზრებით დაინტერესდა. ანალიტიკოს გია აბაშიძის შეფასებით, როცა დაპირისპირებულ პოლიტიკურ მხარეებს შორის კომპრომისი მიიღწევა, პირველ რიგში ეს საზოგადოების გამარჯვებაა. მეორე მხრივ არსებობს რუბიკონი – პარლამენტში მყოფი მაჟორიტარები. სურთ კი, მათ ასეთი კომპრომისი ნაციონალებთან და მომავალ პარლამენტში მანდატების სხვისთვის დათმობა? ზოგიერთი მათგანი ღიად აცხადებს, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმებას მხარს არ დაუჭერს და კანონპროექტს კრახს უწინასწარმეტყველებენ. მემორანდუმის პირობების შესრულებას კი, 113 დეპუტატის ხმა სჭირდება. გვახსოვს 2019 წლის, 14 ნოემბრის მოვლენები, როცა ივანიშვილის მიერ დაანონსებული, სრულად პროპორციული სისტემის იდეას საპარლამენტო უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა.

როგორც Dalma News-ს გია აბაშიძემ განუცხადა, ასეთი საშიშროება ახლაც არსებობს. ამის წინაპირობა კი შესაძლოა, სწორედ ნაციონალებმა შექმნან.

“მემორანდუმის ჩავარდნის საშიშროებაზე როცა ვსაუბრობ, პირველ რიგში, დესტრუქციული, რევანშისტული ნაცმოძრაობის ქმედებებს ვუყურებ. მათ ურჩევნიათ ნეგატიურად წარიმართოს პოლიტიკური კამპანია და არ არის გამორიცხული, კვლავაც დაიწყონ მაჟორიტარების დამუნათება. შედეგად, მაჟორიტარების გაბრაზებას მოჰყვეს ის, რაც მოხდა 14 ნოემბერს. დასავლელი მეგობრების შუამავლობით ორივე მხარეს მოუწია კომპრომისზე წასვლა. ახლა, ამ ყველაფრის კონსტიტუციურად გამყარებაა საჭირო”, – განაცხადა გია აბაშიძემ.

მისივე განმარტებით, აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე, საუბარი არ ყოფილა ე.წ. პოლიტიკურ პატიმრებზე, რაც “ენმ”-ს ლიდერების მხრიდან საქართველოს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მორიგი მცდელობაა.

“მემორანდუმში მსგავსი რამ არ წერია. ნაციონალებმა ასე თუ განაგრძეს, თავს შეირცხვენენ, როგორც დასავლელი პარტნიორების, ასევე ქართველი ამომრჩევლის წინაშე”, – ამბობს აბაშიძე.

ქართველი ანალიტიკოსის მოსაზრებით, უკანასკნელი თვეების პოლიტიკურმა პროცესებმა ნათლად წარმოაჩინა ის, რომ ქართველი ამომრჩევლისთვის, მნიშვნელოვანია არა ის, თუ რა სისტემით აირჩევს 2020 წლის პარლამენტს. საზოგადოების ძირითადი წუხილი ის არის, რომ ნაციონალების ხელისუფლების დამნაშავე მაღალჩინოსნები დაუსჯელები არ დარჩნენ.

“ხაზინის ქურდი, პარლამენტში ძალით შეჭრის მსურველი, კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანი, რომელსაც ხელისუფლების იარაღით დამხობა სურს, პოლიტპატიმარი არ არის. ნაცმოძრაობა განაგრძობს ტყუილებს. ჩემი სუბიექტური შეფასებით, “ქართული ოცნება” იოლად გადალახავს ე.წ 40%-იან ჩამკეტს და მომავალ საპარლამენტო არჩევნებში დიდი ალბათობით გაიმარჯვებს, იმიტომ, რომ დესტრუქციული ოპოზიციის ფონზე, ამომრჩეველი ირჩევს სტაბილურ, კონსტრუქციულ მოთამაშეს”, – განუცხადა Dalma News-ს გია აბაშიძემ.

Заал Анджапаридзе

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ 120/30-ზე საარჩევნო სისტემაზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების მიღწევა არის დასავლელი დიპლომატების ზემოქმედების შედეგი და არა ქართველი ამომრჩევლის დაკვეთა. ამას მოწმობს ოპოზიციის მიტინგებზე ხალხის სიმცირეც.

მისივე თქმით, შიდა მხარდაჭერის დეფიციტის პირობებში, ოპოზიციამ დასავლელი მოკავშირეებისა თუ ლობისტების მეშვეობით, შეძლო საერთაშორისო წრეების მობილიზება და მათი მეშვეობით საქართველოს ხელისუფლებაზე ზემოქმედება. ამას მოწმობს “ენმ”-ს ლიდერების მხრიდან გაკეთებული ხისტი განცხადებები და მცდელობას, რომ 8 მარტის შეთანხმება საკუთარ გამარჯვებად და ხელისუფლების დამარცხებად გაასაღონ.

“ოცნებამ” კიდევ ერთხელ გადაარჩინა “ნაციონალური მოძრაობა”. 2012 წელს, როდესაც ქართველი ხალხის უმრავლესობა კოალიცია “ქართულ ოცნებას” აძლევდა ხმას, მათი მთავარი დაკვეთა დამნაშავეთა გასამართლება იყო. შემდგომაც, “ოცნებას” კოჰაბიტაციის გამო საყვედურობდნენ, რომ ეს მათი არჩევანი არ ყოფილა. რეალობა კი ასეთია, “ენმ” კვლავ მთავარი ოპოზიციური პარტიაა ქვეყანაში და დემოკრატიულობის საზომი. ეს პოლიტიკური ძალა კვლავ იბრძვის ხელისუფლებისთვის. “ენმ” -მ მიიღო სასათბურე პირობები, რისთვისაც იბრძვის.

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის მოსაზრებით, ერთი მხრივ კოჰაბიტაცია საერთაშორისო წრეების მიერ იყო თავსმოხვეული, მეორე მხრივ “ქართულმა ოცნებამ” ჩათვალა, რომ მისთვის გაცილებით მომგებიანი იქნებოდა მთავარ ოპონენტად დისკრედიტებული პოლიტიკური ძალის ყოლა, მაგრამ ვერ გათვალა, რომ თუ ამ ძალას სასათბურე პირობებს შეუქმნიდა, სხვა პრობლემების წინაშე აღმოჩნდებოდა. ეს ყველაფერი ვნახეთ 20 ივნისის და შემდგომი პროცესების სახით.

“მოსახლეობაში იგრძნობა უკმაყოფილების განცდა, რომ დამოუკიდებლობის 30-ე წლისთავზე, საარჩევნო სისტემას უცხოელების გარეშე ვერ ვადგენთ და წესებს გარედან გვკარნახობენ. ყველას გვინდა, ღირსეული, დამოუკიდებელი და თავისუფალი ქვეყნის მოქალაქეები ვიყოთ. გასაგებია, რომ ვართ საერთაშორისო თანამეგობრობის წევრი და გარკვეული ვალდებულებები გვაკისრია, მაგრამ ისეთ საკითხებში ჩარევა, რაც ჩვენი სუვერენული უფლებაა, მათ შორის საარჩევნო სისტემის არჩევა, მგონი არ არის მისასალმებელი. მეორე მხრივ, შესაძლოა არჩევნების შედეგები არ ეღიარებინა დასავლეთს, საქართველოს ხელისუფლებისთვის დაეწესებინათ სანქციები. წარმოიდგინეთ, რა პროცესები განვითარდებოდა აქ, თუ არჩევნების ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დადგებოდა? ფაქტობრივად, ქვეყანა დადგებოდა სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე. ამ შემთხვევაში საერთაშორისო ჩარევამ, კონფლიქტი აგვაცილა თავიდან. ეს მედლის ორი მხარეა”, – აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.

მისივე თქმით, ნაციონალებმა თავი დაირწმუნეს იმაში, რომ ხელისუფლება უკან იხევს, ახლა ცდილობენ ელექტორატი დაარწმუნონ, რომ 8 მარტის მემორანდუმით ხელისუფლების გადაბარების პროცესი დაიწყო.

ერთი რამ ფაქტია, პოლიტიკური ტემპერატურის დაწევის სანაცვლოდ “ქართული ოცნება” ვა-ბანკზე წავიდა და საკუთარი მხარდამჭერების იმედად დარჩა. ახლა მთავარია, მთელს ოპოზიციას “ნაციონალური მოძრაობა” დაერქვას. თუ ოპოზიცია თავად ირქმევს ამ სახელს, როცა ნაციონალებთან შედიან ალიანსში? ყველაფერს დრო გვაჩვენებს.

შორენა პაპაშვილი