თხილის ფასმა ქართულ ბაზარზე წლეულს, წინა წლებთან შედარებით, მკვეთად დაიკლო, შესაბამისად დაიკლო ადგილობრივი ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმაც. საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს, თხილის ადგილობრივი ექსპორტით მიღებული შემოსავალი 11.8%-ით ნაკლებია წინა წლის მონაცემთან შედარებით. მიზეზებს შორის სახელდება თურქული ლირის გაუფასურება, უამინდობა, სოკოვანი დაავადებების ზრდა, გაძვირებული ფასები პრეპარატებზე, საწვავზე, მუშახელზე. ყოველივე ეს ხარისხზე აისახა. მიზეზებს შორის, ასევე, სახელდება რეგიონში არსებული დაძაბული პოლიტიკური ვითარება, რაც გამოწვეულია რუსეთ-უკრაინის შეიარაღებული კონფლიქტით.

2012 წელს 1 კგ. ხარისხიანი (გაუტეხავი) თხილის ფასი 6 და 7.5 ლარის ფარგლებში მერყეობდა და წინა წლის მაჩვენებელსაც აღემატებოდა. წლეულს ფასი მკვეთრად შემცირებულია. ბაზარზე ქართული თხილის ღირებულება 3.5 ლარია.

თხილი საქართველოს უმეტეს რაიონებში მოდის. თხილის სამრეწველო ჯიშებია, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში.

თხილის ნაყოფი გამოირჩევა მაღალი შენახვის უნარიანობით, ორი წლის განმავლობაში არ კარგავს სასაქონლო მაჩვენებლებს, კვების ღირებულებას. კარგი ტრანსპორტაბელურია. სწორად შენახვის შემთხვევაში გაუტეხავი თხილი 12 თვემდე ძლებს და ინარჩუნებს თვისებებს. მაგრამ თუ არასწორ პირობებში შევინახავთ, შეიძლება 3-4 თვეში გაფუჭდეს.

თხილის კულტურა თავისი ეკონომიური მნიშვნელობით და საერთაშორისო ბაზარზე ყოველწლიურად მზარდი მოხმარებიდან გამომდინარე დიდ ინტერეს იწვევს. მაღალი ხარისხის თხილის მოყვანა გაცილებით მომგებიანია, ვიდრე უხარისხო, დაბალი ღირებულების მქონე თხილის.

2017-2019 წლებში თხილის წარმოება დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას მასობრივმა გავრცელებამ მკვეთრად შეამცირა, მოსავლის 2/3 განადგურდა. ზარალის ერთ-ერთი მიზეზი თხილში სოკოვანი დაავადებაც იყო, რაც არადროული, არასწორად შეწამვლის ან საერთოდ შეუწამლაობის გამო გაჩნდა, ერთ-ერთ მიზეზად 2017 წლის მეტეოროლოგიური (ჭარბტენიანობა) პირობებიც სახელდება.

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს აქტიური ჩარევითა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დახმარებით მავნებელთან ბრძოლა წარმატებით განხორციელდა, დასავლეთ საქართველოში გლეხებს შარშანდელი და უკვე წლევანდელი მოსავალიც გასაყიდი დარჩათ.

საქართველოში გლეხები თხილს ერთ სეზონზე არ ყიდის, სოფლის მეურნეობის ამ პროდუქტს ლამის ფულადი ერთეულის ფუნქცია აქვს. თხილს, როგორც კახეთში, ასევე დასავლეთ საქართველოში, ოჯახები წლის განმავლობაში ინახავენ და 100-150 კილოგრამობით, ოჯახის საჭიროების გათვალისწინებითა და თხილის ფასის მატების მიხედვით ყიდიან.

როგორც წესი ზამთარში თხილის ფასი იმატებს, განსაკუთრებით კი ზამთრის პერიოდში. თხილი დიდი რაოდენობით გამოიყენება საკონდიტრო ნაწარმში. მაგრამ 2022 წელმა ამ მხრივ გლეხები ნამდვილად ვერ გაახარა. ჯერ კიდევ აგვისტოში, კახეთში, გაუტეხავი თხილის ჩასაბარებელი ფასი 5-6 ლარი იყო, თუმცა, სულ რაღაც 2 თვეში თხილის ფასმა 3,5-4 ლარამდე დაიკლო. ეს ფასი თვითღირებულებაზე ნაკლებიც კი არის, განსაკუთრებით ინფლაციის პირობებში, გაძვირდა მუშა-ხელი, იზრდება სხვადასხვა ხარჯი.

კახეთთან შედარებით დასავლეთ საქართველოში კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაა. დიდი ქარხნები,რომლებიც წლების განმავლობაში საქართველოდან თხილის ექსპორტს ახორციელებდნენ, ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ბევრი პატარა ზომის თხილის გადამამუშავებელი საწარმო გაჩერდა. მიზეზი ექსპორტიორის მიერ დიდი ოდენობით უკან მობრუნებული თხილია.

თურქეთის სახელმწიფო ორგანიზაცია TMO-მ, რომელიც თხილის ერთ-ერთი უდიდესი შემსყიდველია, მკაცრად განსაზღვრა შესასყიდი თხილის ხარისხის მინიმალური მოთხოვნები. კერძოდ, თხილში ტენის შემცველობა 6.5%-ს არ უნდა აღემატებოდეს, გულის გამოსავლიანობა – არანაკლებ 40%; დაჭმუჭნილი გულის წილი – არაუმეტეს 10%-ისა; ვიზუალური სიდამპლე – მაქსიმუმ 3%. თურქული მხარე წინა წლის მოსავლის წლევანდელ მოსავალში გადარევას კრძალავს.

ლია მუხაშავრია

პროფესიით იურისტი ლია მუხაშავრია ბოლო რამდენიმე წელია თხილის წარმოებით აქტიურად არის დაკავებული. მან კოოპერატივი ჩამოაყალიბა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სადაც ოჯახები 4 სოფლიდან არიან გაწევრიანებულნი.

როგორც ლია მუხაშავრიამ Dalma News-თან საუბრისას განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში საბედნიეროდ, თხილის დიდი ფართობის ბაღები გაჩნდა საქართველოში, თხილის მწარმოებლების დაახლოებით 80% მაინც მცირე მიწიანი ფერმერები არიან. მათი მცირე წლიური შემოსავალი კი, 300-500 კგ-ია. თხილზე დაბალი ფასიც, სწორედ მოსახლეობის ამ ნაწილს აზარალებს.

ამ დროის განმავლობაში, უფლებადამცველმა ლია მუხაშავრიამ თხილის ხარისხთან დაკავშირებული ნიუანსები შეისწავლა და ძალიან სწუხს იმის გამო, რომ სახელმწიფო სათანადო ძალისხმევას არ ახმარს სოფლებში გლეხებამდე საჭირო და სასარგებლო ინფორმაციის მიტანას. ეს მაშინ, როცა მეზობელი აზერბაიჯანი ქართულ თხილს სერიოზულ კონკურენციას უწევს. ქართველი გლეხი იმედგაცრუებულია. თხილი დასავლეთ საქართველოს ბევრი ოჯახისთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა, ამიტომ, გამოსავალს თხილის გაჩეხასა და სხვა კულტურების გაშენებაში ეძებენ, რაც, ერთმნიშვნელოვნად არასწორია.

“აზერბაიჯანი ბოლო წლებში, თხილის მნიშვნელოვანი მწარმოებელი გახდა. ძალიან კარგად უდგებიან ამ საკითხს, სახელმწიფო იძლევა ძალიან დაბალპროცენტიან კრედიტებს. სფეროში ჩართული ჰყავთ მეცნიერები და სპეციალისტები, რათა სწორად შეარჩიონ ნიადაგი, სად უნდა გაშენდეს, როგორ და რა ჯიშები. ძალიან კარგი შედეგები აქვთ აზერბაიჯანში, საქართველოში კი, ძალიან ნაკლებად მიდის საჭირო ინფორმაცია ფერმერებამდე, რაც უარყოფითად აისახება სოფელზე, ყველა თვალსაზრისით”, – აცხადებს ლია მუხაშავრია.

თხილი რამდენიმე კატეგორიად იყიდება, როგორც გაუტეხავი სახით, ისე გატეხილი, გარჩეული. დასავლეთ საქართველოში წლეულს დაბალია გარჩეული თხილის ფასიც – 1 კგ. 10-11 ლარი.

“თხილის სტანდარტის დაცვის პროცესზე მოქმედებს ამინდი, სეზონურობა, სხვადასხვა ფაქტორები. ამ მიმართულებით საქართველოში არ მიმდინარეობს სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა, რომ მოსახლეობამ და მწარმოებლებმა იცოდნენ, რა ახდენს გავლენას თხილის ხარისხზე. უხარისხობის მიზეზი შესაძლოა იყოს საწარმოში არასწორი შენახვის პირობები და ტრანსპორტირებაც”, – განუცხადა Dalma News-ს ლია მუხაშავრიამ.

მისივე თქმით, კახელები თხილს კარგად უვლიან, მათი თხილის ფასი წელსაც შედარებით მაღალი იყო. ამის მიზეზი ის არის, რომ კახელი ფერმერები ყველა კულტურას წამლავენ, დასავლეთში კი თხილის შეწამვლა ბოლო დროს დაიწყეს.

დემურ გიორხელიძე

ამ დროისთვის თხილშესყიდვა თითქმის არ მიმდინარეობს. გაჩერებულია პრაქტიკულად ყველა მცირე და საშუალო საწარმო. ფერმერები ეჭვობენ, რომ საქმე გაბატონებულ მონოპოლიასთან აქვთ. ამ მოსაზრებას იზიარებს ექსპერტი დემურ გიორხელიძეც. მისი აზრით, საქართველოში ყველაფრის მონოპოლიზაცია მიმდინარეობს. ბიზნესებს კლანი მართავს, ხელოვნურად იზრდება ფასები. სინამდვილეში კი თხილის პლანტაციებს მოვლა, რეგულარული ყურადღება, ნიადაგის, მცენარეების შემოწმება, სპეციალისტების ჩართვა სჭირდება.

„ქართული ბიზნესი ძალიან ცუდად იმართება, კარგად ვერ ითვლიან სავალუტო რისკებს. როდესაც ურთიერთობა გაქვს სხვა ქვეყანასთან, წინასწარ უნდა გათვალონ ყველა შესაძლო სცენარი და შედეგი, სწორად შეაფასონ, როგორც სავალუტო, ასევე მთლიანად რისკის ზომა. ამის მაგივრად, მხოლოდ ფული და მონოპოლიური უფლებებია გაბატონებული”, – აცხადებს გიორხელიძე.

მისივე თქმით, სავალუტო რისკების მოულოდნელი ცვლილების და თურქული ლირის სწრაფი ვარდნის გამო, თხილი დიდი რაოდენობით კი გადის საქართველოდან, მაგრამ შემოსავლები რეალურად იკლებს.

“თხილი არის კერძო სექტორი და არა სახელმწიფო პლანტაციები. კერძო სექტორისთვის არსებობს ორი მთავარი რამე: კანონიერი გარემო და ხელმისაწვდომი ფინანსები. ფინანსები კი ბიზნესისთვის საერთოდ კვდება, ეროვნული ბანკის კატასტროფული პოლიტიკის გამო. სახელმწიფომ აქ საერთო ფონი უნდა შექმნას და ხელი შეუწყოს მეურნეობის შესაბამისი პრინციპების დანერგვას. მაგრამ არა, ჩვენი მთავრობა კლანურ ეკონომიკას უჭერს მხარს. ამას ემატება თხილის სექტორშიც არაკვალიფიციური კლანური მართვა. შედეგი ვერ იქნება კარგი”, – აცხადებს ექსპერტი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო თხილის წარმოების ხელშეწყობის ახალ, ორეტაპიან სახელმწიფო პროგრამას იწყებს. პირველ ეტაპია პროგრამაში ფერმერების ჩართვა. პროგრამაში რეგისტრაცია 7 ნოემბერს დაიწყო და 2023 წლის 31 იანვრამდე გაგრძელდება. მეორე ეტაპზე, რომელიც 2023 წლის გაზაფხულზე დაიწყება, ფერმერებს კუთვნილი დახმარება აგრობარათებზე ქულების სახით ჩაერიცხებათ.

თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის დეტალები სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიისა და იმერეთის რეგიონების, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა შალამბერიძემ გააცნო.

მისი ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში, ყველა ფიზიკური პირი, რომელსაც 0,2 – 3 ჰექტარი თხილის ფართობი აქვს საკუთრებაში ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში, 1 ჰექტარზე 500 ლარის ოდენობით დახმარებას მიიღებს. 3 ჰექტრის, ან მეტი თხილის ფართობის მქონე ფერმერები მიიღებენ შეღავათებს და შეძლებენ ისარგებლონ შეღავათიანი აგროკრედიტით საბრუნავი საშუალებებისთვის. სახელმწიფო სესხის 8%-ს დააფინანსებს.

არსებობს ორგანიზაცია „მეთხილე ფერმერთა კავშირი“, რომელიც შეძლებისდაგვარად ცდილობს დარგის განვითარებაში მცირეოდენი წვლილი შეიტანოს. ისინი ფერმერებს გარკვეულ რჩევებს აძლევენ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გახდეს ქართული თხილი კონკურენტუნარიანი.

მათი განმარტებით, აზიური ფაროსანას შემდეგ, თხილის ხარისხის მეორე მტერი კრეფის პროცესის დროში გახანგრძლივებაა. ხარისხის პარამეტრები თხილის ტენიან ნიადაგზე დიდხანს ყოფნისას რადიკალურად უარესდება. კრეფის დროში გახანგრძლივებას თავის მხრივ იწვევს დეფიციტური და საკმაოდ ძვირი მუშა ხელი. როგორ შეიძლება თურქი ფერმერი თხილს ორჯერ უფრო ძვირად ყიდდეს, ვიდრე ქართველი, ხოლო კრეფა იგივე, ან უფრო იაფი უჯდებოდეს?!

შ. ქარჩავა