ძალიან მალე, ბაზარზე ქართული წარმოების პირველი ტელევიზორი გამოჩნდება. ქართველი სპეციალისტები ამ პროექტზე უკვე დიდი ხანია, აზერაიჯანელ კოლეგებთან ერთად მუშაობენ და აცხადებენ, რომ ქართულ-აზერბაიჯანული ერთობლივი პროდუქცია დღის სინათლეს უკვე აპრილში იხილავს. თავად ელექტრონული აპარატურის მწარმოებელი ქარხანა AG Microelectronics-ი თბილისთან ახლოს, ქალაქ რუსთავშია, რომელიც კომპანია AG Telekom-მა 2014 წელს, ქართველი და აზერბაიჯანელი ბიზნესმენების ერთობლივი ინვესტიციით დააფუძნა.

ტელევიზორები AG-ბრენდით გაიყიდება, ეს ქარხნის დასახელებაა. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ეს არ არის მხოლოდ ტელევიზორები, მოწყობილობის შიგნით ჩაშენებულია, რამდენიმე რესივერი, ციფრული რესივერი და ასევე რესივერი თანამგზავრული თეფშისთვის.

საწყის ეტაპზე ტელევიზორები საქართველოში გაიყიდება, თუმცა მომავალში მწარმოებლები მის ექსპორტზე გატანასაც აპირებენ. ამისთვის მოლაპარაკებებს მართავენ ევროპულ ქვეყნებთან და ცდილობენ ევროპული სერთიფიკატი მიიღონ. პირველი საცდელი 1200-იანი პარტია ქართულ ბაზარზე გამოვა, ხოლო შემდეგ აზერბაიჯანულზე.

AG-ის 81 სმ-იანი დიაგონალის მქონე ტელევიზორი 195 აშშ დოლარამდე ეღირება, ხოლო 102 სმ დიამეტრიანი 300 აშშ დოლარი

387_42734_229936_el2უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმო ორი წლის წინათ, საქართველოს აწ უკვე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც დაათვალიერა და კმაყოფილება გამოხატა, იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში ბევრი აზერბაიჯანული ინვესტიცია ხორციელდება.

მაშინ, ყოფილმა პრემიერმა დარწმუნებით განაცხადა, რომ კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია ცნობილ ბრენდებს ღირსეულ კონკურენციას გაუწევს. რამდენად გაამართლებს საქართველოს მთავრობის მოლოდინებს ახალი პროდუქცია, მომავალი გვიჩვენებს, მაგრამ თავად ფაქტი, რომ საწარმოში ადგილობრივი ნიჭიერი ახალგაზრდები ჰყავთ დასაქმებული, ძალზედ მნიშვნელოვანია. მათ შორის არიან მიკრო ელექტროინჟინრები, ამ დარგის განვითარება კი საქართველოს ხელისუფლებამ ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოაცხადა და საინჟინრო პროფესიების ბაკალავრიატი სახელმწიფო ბიუჯეტიდან სრულად ფინანსდება.

ვერავინ დამაჯერებს, რომ ქართველებს ვინმეზე ნაკლებად შეუძლია რამის წარმოება. ჩვენ ყოველთვის ვიყავით სათანადო სიმაღლეზე და დღეს არის ის პერიოდი, როდესაც ყველამ უნდა დავამტკიცოთ, რომ ვართ მართლაც გამორჩეული და ძლიერი ერი, რომელსაც შეგვიძლია გამარჯვება ერთად, – განაცხადა ღარიბაშვილმა

კომპანია “ეი ჯი ტელეკომის” საწარმო ტექნოლოგიური შესაძლებლობების გათვალისწინებით საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ციფრული სერვერის, სმარტფონების, პლანშეტური კომპიუტერების, ელექტრონული პლანშეტური სახელმძღვანელოებისა და სპეციფიური სამხედრო დანიშნულების ტექნიკის წარმოებასაც გეგმავს.

როგორც კომპანია “AG Telekom”-ის დირექტორი მიხეილ ღლონტი განმარტავს, ამ სახელწოდებით უკვე არსებობს ერთ-ერთი უდიდესი საკაბელო ტელევიზია და ისიც ქართულ-აზერბაიჯანულ კომპანიას წარმოადგენს. რუსთავის ქარხანაც იმავე წარმოების დაფინანსებულია. მრეწველობის წამახალისებელი სახელმწიფო პროგრამა “აწარმოე საქართველოში” ერთი პერიოდი იყო ჩართული ამ საწარმოს განვითარებაში, თუმცა, შემდგომ გამოეთიშა და დაფინანსებას, როგორც ასეთი, “აწარმოე საქართველოს” მხრიდან ვეღარ ღებულობენ. რაც შეეხება ინვესტიციას, ამ საწარმოში დაახლოებით 2 მილიონი აშშ დოლარი ჩაიდო.

მიუხედავად ყველაფრისა საწარმოს განვითარებაში პროგრამამ “აწარმოე საქართველოში” მაინც გარკვეული წვლილი შეიტანა, თუმცა იყო გაუგებრობებიც. კერძოდ, როგორც მიხეილ ღლონტი განმარტავს, იმ ხანებში, როდესაც ქარხანა უკვე გამართული იყო, მიმდინარეობდა განხილვები, იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო ძირითადი საშუალებების დაფინანსების 20%-80%-ზე პრინციპით ითხოვდა, რასაც არ დათანხმდა კომპანია.

ასეთი პროცენტული გადანაწილება ძირითად საშუალებებზე არ გვაწყობდა, რადგან ამის პრობლემა არ გვქონდა. ჩვენი ერთადერთი საჭიროება ნედლეულის შესაძენი თანხა იყო. თუმცა, ამ მიმართულებით დაფინანსება არ გვაქვს, რადგან ბანკს აწყობს შეიძინოს ძირითადი საშუალება, მაგალითად არა ნედლეული. “აწარმოე საქართველოში” კი კომპანიის მიერ მოპოვებული კრედიტის დაფინანსებაა იმ შემთხვევაში, თუ 80% არის ძირითადი საშუალება. ჩვენ კი არ გვაწყობს, რომ 80% კიდევ ახალი ძირითადი საშუალებები დავამატოთ და ნედლეული არ გვქონდეს საწარმოებლად, – განმარტავს მიხეილ ღლონტი.

10694262_790043294474122_1907396628076716362_oრამდენიმე დღის წინათ საწარმოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძეც ესტუმრა და ქარხანაში ენერგოეფექტური (LED) ნათურების წარმოების პროცესი დაათვალიერა. როგორც კალაძემ განაცხადა, ამიერკავკასიის რეგიონის მასშტაბით პირველი მიკროელექტრონული საწარმო, ქართველი და აზერბაიჯანელი ბიზნესმენების მიერ განხორციელებული 3 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად აშენდა. ასევე, “აწარმოე საქართველოში” პროგრამის ფინანსური მხარდაჭერის კომპონენტის ფარგლებში 167 ათასი დოლარით დაფინანსდა, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა წარმოების გაფართოება.

წარმოებაში დასაქმებულია 50 ადამიანი, რომლებიც უზრუნველყოფილნი არიან შრომის ღირსეული ანაზღაურებითა და თანამედროვე მოთხოვნებით გათვალისწინებული პირობებით. ქარხანამ, ენერგოეფექტური ნათურების წარმოება 2015 წლის ოქტომბრიდან დაიწყო და დღეისთვის თვეში 20 000 სხვადასხვა სიმძლავრის ნათურას აწარმოებს. აღნიშნული პროდუქცია მთლიანად ადგილობრივ ბაზარზე იყიდება. უახლოეს მომავალში წარმოების გაფართოებასაც გეგმავენ და წლის განმავლობაში მილიონამდე ნათურის წარმოება იქნება შესაძლებელი, რომლის დიდ ნაწილს ექსპორტზე გაიტანენ.

არსებული სანათი საშუალებების (ვარვარა) ენერგოეფექტური ნათურებით (LED) ჩანაცვლება ქვეყანას 20 წლის განმავლობაში დაახლოებით 10 მლრდ.კვტ.სთ ელექტროენერგიის დანაზოგს მისცემს, რაც წლიურად საშუალოდ 500 მლნ.კვტ./სთ-ს შეადგენს.

AG Microelectronics-სთან პარტნიორობით უკვე დაინტერესდნენ ისეთი ცნობილი კომპანიები როგორებიცაა Microsoft, Fujitsu, Intel, Iberiasat, AG telekom. ისინი ინტერესდებიან, როგორც უკვე მზა ნაწარმის შეძენით, ასევე ახალი ერთობლივი მაღალტექნოლოგიური პროდუქტების შექმნით.

თანამშრომლობის ინტერესი დანიის მთავრობამაც გამოხატა, რომელთა დახმარებით იწყება ახალი პროექტი სახელწოდებით “ენერგოეფექტურობისა და მდგრადი ენერგიების განვითარება საქართველოში”. პროექტი სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად ითვალისწინებს სადემონსტრაციო ენერგოეფექტური პროექტის განხორციელებას საქართველოს ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში. თუმცა ეს მომავლის საქმეა, მანამდე კი ადგილობრივი საზოგადოება დიდი ინტერესით ელოდება პირველი ქართული AG ტელევიზორის გამოშვებას.

შ. ქარჩავა Dalma News-თვის