ქართული კინოს ერთ-ერთი უდიდესი თაყვანისმცემელი იყო იტალიელი კინორეჟისორი ფედერიკო ფელინი: “ქართული კინო უჩვეულო ფენომენია, სპეციალური, ფილოსოფიური ნათება, რთული და ამავე დროს ბავშვურად წმინდა და უმანკო. მასში ყველაფერია, რაც მე მატირებს და მინდა გითხრათ, რომ ჩემი ატირება, არც ისე ადვილია”.

ფელინის ამ სიტყვებში თითქმის ყველაფერია ნათქვამი ქართული კინოს შესახებ.

ქართული კინო სათავეებს XX საუკუნის დასაწყისიდან იღებს. ის არსებობის 100 წელზე მეტს მოიცავს. ქართული კინოს დაბადების თარიღად 1908 წელი ითვლება, როცა ვასილ ამაშუკელმა, ბაქოში, ფილმების გადაღება დაიწყო. ჩვენს დღევანდელობამდე შემორჩენილი პირველი ფილმიც სწორედ მას ეკუთვნის – “აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში”, რომელიც 1912 წელს არის გადაღებული და რომელშიც შემონახულია მხცოვანი ქართველი მგოსნის, აკაკი წერეთლის სახე. პირველი მხატვრული ფილმი კი, გერმანე გოგიტიძის “ქრისტინეა”, რომელიც 1919 წელსაა გადაღებული.

ძველი ქართული კინო და თანამედროვეობა

ძველი საბჭოთა კინოს ვარსკვლავების მივიწყების უფლებას არ აძლევენ ინტერნეტსაზოგადოებას და-ძმა, გრიგოლ და მართა ბასილაიები. ძველი ქართული კინოსა და კინოვარსკვლავების სიყვარულით მათ შექმნეს ინტერნეტგვერდი “ქართული კინო უკვდავია”, სადაც ძველი ფილმებიდან ეპიზოდებს და იმ დროის ცნობილი მსახიობების ბიოგრაფიულ ცნობებს აწვდიან მკითხველს.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი გვერდები ქართულ სოციალურ ქსელში დიდი წარმატებით სარგებლობს. საბჭოთა ეპოქის მსახიობების: ლეილა აბაშიძის, სესილია თაყაიშვილის, ლია ელიავას, მედეა ჩახავას, დოდო ჭიჭინაძის, იპოლიტე ხვიჩიას, გიორგი შავგულიძის და სხვათა ფოტოები, ფეისბუქსივრცეში ხელიდან ხელში გადადის და ყოველთვის უამრავ მოწონებას ღებულობს.

“ყოველთვის მოხიბლული ვიყავი ამ ფილმებით და ძალიან მწყდებოდა გული, რომ ქართულ ტელეარხებზე ხშირად არ აჩვენებდნენ. ტელეეთერი სრულად დაიპყრო თურქულმა და ინდურმა სერიალებმა და მხოლოდ რამდენიმე არხი თუ უშვებს ქართულ ფილმებს”, – განუცხადა Dalma News-ს 23 წლის სტუდენტმა, გრიგოლ ბასილაიამ.

მიაჩნია, რომ ისეთ ბუმბერაზ მსახიობებს, როგორებიც იყვნენ ​სანდრო ჟორჟოლიანი, იპოლიტე ხვიჩია, სესილია თაყაიშვილი და სხვები, თანამედროვე ახალგაზრდები უნდა იცნობდნენ, რადგან ეს არის ჩვენი კულტურის წარსული, ხოლო მომავალი წარსულის ფესვზე შენდება.

ქართული კინოს გვერდის შექმნის იდეა და-ძმას ​დაახლოებით 2 წლის წინ გაუჩნდა. როგორც თავად ამბობენ, ჯგუფი თავიდან დიდი მოწონებით არ გამოირჩეოდა, მაგრამ დღეს უკვე 37 000 მომხმარებელი ჰყავს და უამრავ მადლობის შეტყობინებასაც ღებულობენ მისი ავტორები. გვერდის აქტიური სტუმარია, რუსეთში მოღვაწე, ცნობილი ქართველი მსახიობი ია ნინიძე, რომელიც გრიგოლს ხშირად აწვდის საინტერესო ფოტომასალას. დღემდე უცნობი ფოტოებისთვის გრიგოლმა ეროვნულ არქივსაც მიმართა, მაგრამ იქ, ერთ ფოტოში 15 ლარი მოსთხოვეს. ცხადია სტუდენტს ამ თანხის გაღება არ შეეძლო.

“ერთ-ერთი სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა მზიამ, რომელიც ჩვენი გვერდის აქტიური მკითხველია, გვერდზე გამოქვეყნებული სტატუსებით სკოლაში ქართული კინოს პრეზენტაცია – საღამო მოაწყო. ​მარტო სესილია თაყაიშვილის 140 როლზე მეტი აქვს შესრულებული და დღეს გამოკითხვა რომ ჩავატაროთ, ბევრმა შესაძლოა, არც კი იცოდნენ ვინ იყო იპოლიტე ხვიჩია, სანდრო ჟორჟოლიანი, სამაგიეროდ ყველამ იცის ანჯელინა ჯოლი, ბრეტ პიტი. ამაზე გული მწყდებოდა. ამიტომ შევქმენი ეს გვერდი”, – გვითხრა გრიგოლმა.

გვერდის მომხმარებელი ძირითადად 40 – 45 წლის ასაკის ადამიანების არიან, თუმცა ზოგჯერ, ახალგაზრდებიც აქტიურობენ.

“დღეს ძალიან აქტუალურია ემიგრანტების თემა. ასეთი ფილმი გვაქვს “ფესვები”, რომელსაც შეუძლებელია ემოციის გარეშე უყურო. უცხოეთში გადახვეწილი ადამიანი, შუა პარიზის ქუჩებში ქართულად ამღერებს თავის შვილიშვილს. ბავშვებს თავიდანვე რომ გავაცნობთ ამ ფილმებს, ისინი აუცილებლად აიღებს მაგალითებს და მათში მეტ სულიერებას შევიტანთ. თუნდაც “ჯარისკაცის მამა”, ამ ფილმის ემოციის გარეშე ყურება შეუძლებელია, თავისი კომედიური თუ ტრაგიკული ეპიზოდებით”, – ამბობს გრიგოლ ბასილაია.

ქართული საბჭოთა კინოს შედევრები

ქართული კინოს მთელი ეპოქა იწყება XX საუკუნის 20 – იანი წლებიდან. განათლების სახალხო კომისარიატში იქმნება კინოს სექცია, რომელიც 1923-1928 წლებში საქკინომრეწველობად მოიხსენიებოდა. უკვე ამ პერიოდში გადაღებული ქართული ფილმები გადის ლიონის საერთაშორისო კინოფესტივალზე, სადაც ეწყობა ივანე პერესტიანისა და ვლადიმერ ბარსკის ფილმების “არსენა ჯორჯიაშვილის”, “სურამის ციხესიმაგრესა” და “გამზრდელის” პირველი კინოჩვენება.

როგორც კინოთმცოდნე გოგი დოლიძე აცხადებს, მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში, ფილმების უმეტესობა ლიტერატურულ ნაწარმოებებს ეფუძნებოდა. ალექსანდრე წუწუნავამ და კოტე მარჯანიშვილმა გაუკვალეს გზა ახალი თაობის ქართველ კინემატოგრაფებს: მიხეილ კალატოზიშვილს, მიხეილ ჭიაურელს, კოტე მიქაბერიძეს, ნიკოლოზ შენგელაიას და სხვებს. ამ რეჟისორებმა თავიანთი ფილმებით ხელი შეუწყეს ქართული კინოს აღმავლობას. 1928 წლიდან შემდგომი ოთხი წლის განმავლობაში შეიქმნა ისეთი ცნობილი ფილმები, როგორიცაა ნიკოლოზ შენგელაიას “ელისო” , კოტე მიქაბერიძის “ჩემი ბებია” , მიხეილ კალატოზოვის “ჯიმ შვანთე” და მიხეილ ჭიაურელის “ხაბარდა”.

ახალგაზრდა რეჟისორებმა ჩამოაყალიბეს კინემატოგრაფიის ახალი და ორიგინალური ფორმები. ზოგიერთი ფილმი მიუღებელი იყო საბჭოთა ხელისუფლებისთვის და მათი ჩვენება იკრძალებოდა. აკრძალვა შეეხო მიხეილ კალატოზიშვილის ფილმს – “ლურსმანი ჩექმაში”, მიუხედავად იმისა, რომ ის საბჭოთა კინემატოგრაფიის მინისტრის მოადგილე იყო. თითქმის 27 წლის შემდეგ, ის გადაიღებს ფილმს “წეროები მიფრინავენ”, რომელიც კანის კინოფესტივალის მთავარი ჯილდოს მფლობელი გახდება.

გასული საუკუნის 30-40-იანი წლების ქართულ კინოს საბჭოთა სახელმწიფოებრივი იდეოლოგია, სოციალისტური რეალიზმი განსაზღვრავდა. ამ პერიოდის ფილმებს ხშირად პროპაგანდისტული, სააგიტაციო ხასიათი ჰქონდათ. ასეთ ფილმებს შორის აღსანიშნავია მიხეილ ჭიაურელის ეპიკურ-ისტორიული ფილმები “არსენა”, “დიადი განთიადი”, “ფიცი”, “ბერლინის დაცემა”, “დაუვიწყარი 1919 წელი”. იმავდროულად, 30-40-იან წლებში იქმნებოდა კომედიური ფილმები “ჟუჟუნას მზითევი”, “დაკარგული სამოთხე”, “ქეთო და კოტე”.

აღსანიშნავია, რომ მეორე მსოფლიო ომის წლებში, როდესაც მთელი საბჭოთა კავშირი ფაშისტურ გერმანიასთან ომის ცეცხლში იყო გახვეული, საბჭოთა კავშირის ლიდერის, სტალინის დავალებით საქართველოში ფილმის გადაღებები დაიწყეს.

კინოკრიტიკოსების აზრით, ამ ფილმით სტალინი პარალელს ავლებდა მასსა და გიორგი სააკაძეს შორის და ფილმს მძლავრი იდეოლოგიური დატვირთვა უნდა ჰქონოდა. ფილმი, რომელშიც მთავარ როლს, ქართული კინოსა და თეატრის ლეგენდა, აკაკი ხორავა ასრულებს, ანა ანტონოვსკაიას რომანის “დიდი მოურავის” მიხედვით არის გადაღებული. ორსერიანი ფილმის I სერიას 1942 წელს იღებდნენ, II -ს გადაღებები კი 1943 წელს დასრულდა.

ფილმში გაცოცხლებულია თურქეთისა და სპარსეთის სათარეშო ასპარეზად ქცეული, სამთავროებად დაქუცმაცებული, XVII საუკუნის საქართველო. სახალხო ლაშქარს სათავეში გიორგი სააკაძე ჩაუდგება და თავგამოდებით იბრძვის მტრის წინააღმდეგ. ის ქართლის მეფე ლუარსაბ II-ს სამთავროების გაერთიანებისკენ მოუწოდებს. მეფე სააკაძის დას ირთავს ცოლად. მოურავის აღზევების გამო შურით აღვსილი თავადი შადიმანი და სხვა დიდგვაროვნები, მის წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობენ. სააკაძე იძულებული ხდება თავი სპარსეთის შაჰის კარს შეაფაროს, სადაც დიდ სახელს, პატივსა და სიმდიდრეს მოიხვეჭს. შაჰ – აბასის ბრძანებით სააკაძე სპარსეთის ლაშქარს საქართველოსკენ გამოუძღვება. მას მოღალატედ აცხადებენ, მაგრამ სააკაძეს სპარსელთა დახმარებით ურჩი ფეოდალების განადგურება და საქართველოს გაერთიანება აქვს ჩაფიქრებული. მარტყოფის ველზე სპარსეთის მრავალრიცხოვანი ლაშქრის განადგურების შემდეგ, სააკაძე შელახულ სახელს და ღირსებას აღიდგენს. დიდი მოურავი გამარჯვებას ზეიმობს, მაგრამ ამ დროს ის შაჰის საჩუქარს – შაჰის კარზე მძევლად დარჩენილი ვაჟის, პაატას მოკვეთილ თავს ღებულობს. თავადები ერთიანდებიან და სულიერად გატეხილ სააკაძეს ამარცხებენ.

“გიორგი სააკაძის”, საკმაოდ მასშტაბურ პროექტს თუ არ ჩავთვლით, 40-იან წლებში, დიდი სამამულო ომის დროს შემცირდა ფილმების წარმოება. ქართული კინოს აღორძინება დაიწყო 50-იან წლებში. გამოჩნდა რეჟისორების ახალი ტალღა. 1953 წელს სახკინმრეწვის ბაზაზე შეიქმნა სახელმწიფო კინოსტუდია “ქართული ფილმი”, სადაც იღებდნენ ყველა ქართულ ფილმს. საეტაპო ფილმი იყო რეზო ჩხეიძის და თენგიზ აბულაძის “მაგდანას ლურჯა”, რომელიც ეკატერინე გაბაშვილის მოთხრობის ეკრანიზაცია იყო. მას, ისევე როგორც აბულაძის სხვა ფილმს “სხვისი შვილები” იტალიური ნეორეალიზმის გავლენა იგრძნობოდა.

ფილმი “მაგდანას ლურჯა”, კანის ფესტივალის მთავარი ჯილდოს მფლობელია. ქვრივი მაგდანას შვილები, მიხომ და კატო შარაზე მომაკვდავ სახედარს პოულობენ. კარგი მოვლით ფეხზე დააყენებენ და “ლურჯას” დაარქმევენ. ლურჯა წვრილშვილიან ქვრივს შრომას უმსუბუქებს, მაგდანა მაწვნით სავსე ქილებს ქალაქში, ლურჯას დახმარებით ეზიდება. მაგრამ ოჯახის სიხარული ხანმოკლე გამოდგება, თავის მიტოვებულ სახედარს იცნობს ვაჭარი მიტუა და მოსამართლის მოსყიდვის გზით, ლურჯას უკან იბრუნებს.

პოპულარობით სარგებლობდა რეზო ჩხეიძის ჰეროიკული დრამა „ჯარისკაცის მამა“ და მთავარი როლის შემსრულებელი სერგო ზაქარიაძე. ფილმი, ისევე როგორც საბჭოთა ეპოქაში შექმნილი ბევრი ქართული ფილმი, დღესაც არ კარგავს პოპულარობას. მას სიამოვნებით უყურებენ სკოლის ასაკის ბავშვები.

60-70-იანი წლებიდან ქართულ კინოში რეჟისორების კიდევ ახალი ტალღა გამოჩნდა. ეს პერიოდი ქართული კინოს აღორძინების პერიოდად არის მიჩნეული. ამ დროს მოღვაწეობდნენ ელდარ და გიორგი შენგელაიები, ოთარ იოსელიანი, მერაბ კოკოჩაშვილი და სხვები. ამ პერიოდის საუკეთესო ქართული ფილმები გამოირჩეოდა საბჭოთა კინოპროდუქციისგან. ქართველი კინემატოგრაფისტები თავს არიდებდნენ ოფიციალურ პროპაგანდას და ცდილობდნენ საზოგადოებაში იმ დროს არსებული აქტუალური სოციალური და ზნეობრივი პრობლემები გამოეტანათ დღის სინათლეზე. ამიტომაც ქართულ კინოში იგავური ფორმა დამკვიდრდა.

ფილმები “თეთრი ქარავანი”, “ალავერდობა”, “გიორგობისთვე”, “დიდი მწვანე ველი”, “არაჩვეულებრივი გამოფენა”. იმ ეპოქაში არსებული სოციალური სისტემის შეფარული კრიტიკა იყო. 60-იანი წლებში, რეჟისორმა მიხეილ კობახიძემ სათავე დაუდო ქართული მოკლემეტრაჟიანი კინოს სერიას. მან ორიგინალურად გაიაზრა მუნჯი კინო. 70-იან წლებში ბევრი მოკლემეტრაჟიანი კომედიური ფილმი შეიქმნა: ბაადურ წულაძის “ფეოლა”, ირაკლი კვირიკაძის “ქვევრი”, გურამ პატარაიას “რეკორდი”.

დიდი პოპულარობით სარგებლობდა 1975-1978 წლებში გამოსული მრავალსერიანი ფილმი “დათა თუთაშხია”, რომელიც გიგა ლორთქიფანიძემ და გიზო გაბესკირიამ ჭაბუა ამირეჯიბის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით გადაიღეს. აბრაგის როლს ოთარ მეღვინეთუხუცესი ასრულებდა. 80-იან წლებში კი გამოჩნდნე რეჟისორები: თემურ ბაბლუანი, ნანა ჯორჯაძე, დიტო ცინცაძე, ტატო კოტეტიშვილი, ლევან ზაქარეიშვილი, გოგიტა ჭყონია, ალეკო ცაბაძე და სხვები.

ქართულმა საბჭოთა კინომ, საქართველოს ბევრი კინოვარსკვლავი აჩუქა და ბევრ ახალგაზრდა რეჟისორს მისცა განვითარების საშუალება. იმ ეპოქის მსახიობების დიდი უმრავლესობა ცოცხლები აღარ არიან. 15 მაისი ქართული კინოს დღეა საქართველოში და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ეს თარიღი, ისევე, როგორც ძველი ქართული კინო, დავიწყებას ეძლევა.

გიორგი ქართველი