მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, მმართველი კოალიცია “ქართული ოცნება” რამდენიმე თვეში ძალებს საგარეჯოსა და მარტვილში მოსინჯავს. 2015 წლის ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის საგარეჯოსა და მარტვილიში კოალიციის მხრიდან მაჟორიტარ დეპუტატებად კენჭს თამარ ხიდაშელი და სოსო დანელია იყრიან. კანდიდატების ვინაოდა ოფიციალურად უკვე გამოაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და მათ წარმატებები უსურვა.

პრემიერის ინფორმაციით, პროფესიით იურისტმა თამარ ხიდაშელმა განათლება დიდ ბრიტანეთში მიიღო. ასევე აქვს არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობის დიდი გამოცდილება. ამჟამად კი ევროკავშირის პროექტში მუშაობს და ევროკავშირთან ასოცირების მიმართულებით არაერთი კვლევისა და ანგარიშის ავტორია. არტვილის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ სოსო დანელიას რაც შეეხება, იგი დიპლომატია, წლების განმავლობაში იტალიის რესპუბლიკაში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა. არის სამეცნიერო ნაშრომების ავტორი და სამეცნიერო ტიტულები აქვს მიღებული.

მარტვილისა და საგარეჯოს საარჩევნო ოლქებში შუალედური არჩევნების ჩატარების საჭიროება მას შემდეგ დადგა, რაც მაჟორიტარი დეპუტატი თინათინ ხიდაშელი თავდაცვის მინისტრად დაინიშნა, ხოლო დეპუტატი ნაული ჯანაშია გარდაიცვალა.

თავის მხრივ ყოფილ დეპუტატს, თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელს ეჭვი არ ეპარება, რომ საგარეჯოელები არჩევანს კოალიცია „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ გააკეთებენ და აცხადებს, რომ საგარეჯომ იმაზე გაცილებით აქტიური კანდიდატი მიიღო, ვიდრე პირველ მაისამდე მისი სახით ჰყავდათ. 

შუალედურ არჩევნებს ბოიკოტს 11 ოპოზიციური პარტია უცხადებს და ფართომასშტაბიან საარჩევნო რეფორმას მოითხოვენ. მათ შორის არიან: “მემარჯვენეები”, ნინო ბურჯანაძის “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა”, “ლეიბორიტული პარტია,” “თავისუფალი საქართველო” და სხვა.

მათი თქმით, 2010 წელს 8 ოპოზიციურმა პარტიამ მოამზადა და გამოაქვეყნა საარჩევნო კოდექსის ერთობლივი პროექტი, რომელსაც ხელს აწერდნენ დღევანდელი მმართველი კოალიციის წევრი პარტიებიც. “სამწუხაროდ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ დაივიწყა საკუთარი პროექტი და ბოლომდე უგულებელყო მისი პრინციპები, მათ შორის, საარჩევნო სისტემის რეფორმა, საარჩევნო ადმინისტრაციის პარიტეტი, ამომრჩეველთა ბიომეტრიული სიები, საარჩევნო არბიტრაჟი და სხვა,” – ვკითხულობთ 11 პარტიის მიერ ხელმოწერილ განცხადებაში, სადაც ოპოზიციონერი ლიდერები ხელისუფლებას მოუწოდებენ გააუქმოს პარლამენტის წევრის მაჟორიტარული სისტემით არჩევის წესი.

შუალედურ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს ყოფილი სახელიწუფლებო პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც” და მთავრობის გადადგომას მოითხოვს. მათი აზრის, საგარეჯოსა და მარტვილის მაჟორიტარულ ოლქებში დაგეგმილი შუალედური არჩევნები ამომრჩეველის შეცდომაში შეყვანა და საბიუჯეტო თანხების ფუჭი ხარჯვაა, რადგან “ორი ახალი პარლამენტარის არჩევა არ შეცვლის ვითარებას და ვერ გამოიყვანს ქვეყანას არსებული კრიზისიდან. შექმნილი კრიზისული ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი მთავრობის გადადგომა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებია,”- განუცხადა Dalma News -ს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო რატიანმა.

ამ ეტაპზე შუალედურ არჩევნებში კოალაცია “ქართული ოცნებისა” და “პატრიოტთა ალიანსის” კანდიდატები იბრძოლებენ.