საქართველოში შუალედური არჩევნები ჩატარდა. ხელისუფლება კმაყოფილია, ოპოზიცია – განრისხებული; “ქართული ოცნება” ქართველი ხალხის ნდობის მანდატზე საუბრობს, ხოლო “ნაციონალური მოძრაობა” რევოლუციით იმუქრება. ხელისუფლება ამაყობს ორტურიანი არჩევნებით, ოპოზიცია კი მას, ადმინისტრაციული რესურსის გულუხვად გამოყენებასა და ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებს. წინ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებია.

მარათონი, რომლის ერთგვარ რეპეტიციად 19 მაისის შუალედური არჩევნები განიხილებოდა, საქართველოს 1,5 წელიწადში ელის. რა შანსები აქვთ ქართულ პოლიტიკურ ძალებს და შეძლებს თუ არა “ქართული ოცნება” საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსვლას, დრო გვიჩვენებს. მანამდე, დიდი ალბათობით, ქართულ პოლიტიკურ სარბიელზე ახალი მოთამაშეები გამოჩნდებიან, თუმცა, მსგავსი კონტურები ჯერჯერობით მხოლოდ მკრთალად იკვეთება. შესაძლოა ეს ზაფხულისა და დასვენებების სეზონის ბრალია.

19 მაისს, საქართველოს მოქალაქეებმა 8 მუნიციპალიტეტში საკრებულოების წევრები და 5 ქალაქის – მარნეულის, ზესტაფონის, ჭიათურის, ზუგდიდისა და ხულოს მერები აირჩიეს. “ქართული ოცნების” მიერ წარდგენილმა კანდიდატებმა ყველგან პირველივე ტურში გაიმარჯვეს, გარდა თბილისისა, სადაც პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი უნდა აერჩიათ. მთაწმინდის სამაჟორიტარო ოლქში გამართულ მეორე ტურში, “ოცნების” კანდიდატ ლადო კახაძეს, მეტოქეობას ადვოკატი შალვა შავგულიძე უწევდა, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” ერთი ნაწილის ღია მხარდაჭერით წარსდგა. საბოლოო ჯამში, ის არჩევნებში დამარცხდა.

ლადო კახაძე

“ქართული ოცნების” მთავრობის მეთაურმა, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, 19 მაისის არჩევნები ქართველი ხალხის მხრიდან ხელისუფლებისთვის გამოცხადებულ ნდობად შეაფასა, რომელსაც 2020 წლამდე, კიდევ უფრო გამყარება სჭირდება. მისივე თქმით, მეორე ტური დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნებისთვის ბუნებრივი და დამახასიათებელი ნიშანია.

“მიუხედავად იმისა, რომ უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალები ცდილობდნენ ამ პროცესში დისონანსი შეეტანათ, მათ ეს არ გამოუვიდათ”, – განაცხადა ბახტაძემ.​

ექსპერტები მეორე ტურს ზუგდიდშიც ელოდნენ, სადაც, წინასაარჩევნოდ დუღილის მაღალი ტემპერატურა იქმნებოდა. ზუგდიდის მერის თანამდებობისთვის, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მეუღლე, სანდრა რულოვსი იბრძოდა. ის “ოცნების” კანდიდატმა, გიორგი შენგელიამ დაამარცხა. ექსპერტების ნაწილი მიიჩნევდა, რომ რულოვსის გამარჯვებით ზუგდიდი დამარცხდებოდა (Dalma News: “სანდრა რულოვსის გამარჯვებით ზუგდიდი დამარცხდება” – არჩევნები, როგორც რეპეტიცია 2020 წლისთვის). მთელს ამ შერკინებაში საყურადღებო ხმათა პროცენტული მაჩვენებელია, რომელიც “ნაციონალურ მოძრაობასა” და “ქართულ ოცნებას” შორის ნაწილდება. სადაც “ოცნება” იმარჯვებს, ნაციონალები იქ, 30-42% – ით ფეხდაფეხ მისდევენ.

გია აბაშიძე

ანალიტიკოს გია აბაშიძის შეფასებით, შუალედურმა არჩევნებმა პოლიტიკოსებს დაანახა, ის რომ საქართველოს მოსახლეობა კონსტრუქციულია. შესაძლოა მათ არ მოსწონდეთ “ქართული ოცნება”, მაგრამ ქვეყანაში სტაბილურობა სურთ და არა რევოლუციები. გამომდინარე იქიდან, რომ ნაციონალებმა ზუგდიდში, საკმაოდ ასწიეს ტემპერატურა, იქ მეორე ტურსა და მდგომარეობის გამწვავებას ელოდა. მაგრამ მიაჩნია, რომ სამართალდამცველებმა კარგად იმუშავეს და ქვეყანას დესტაბილიზაცია აარიდეს.

ანალიტიკოსის აზრით, ქართულ საზოგადოებას უნდა არა რევოლუციური, არამედ ევოლუციური სცენარი. საქართველოში სტაბილურობა სურთ უცხოელი ინვესტორებისთვისაც, რადგან არასტაბილურ ქვეყანაში გრძელვადიან ინვესტიციაზე არავინ მოდის.

კიდევ ერთი, რაც მაისის არჩევნებმა ცხადყო, გია აბაშიძის აზრით, არის ის, რომ დამოუკიდებელი კანდიდატებისთვის გარკვეული შესაძლებლობები და ფანჯარა იხსნება.

რომ საჭიროა ქართული პოლიტიკური ელიტა განახლდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანას, ათწლეულების განმავლობაში, ეყოლება პოლიტიკოსები, რომლებიც, თავიანთი პოლიტიკური და კომერციული ინტერესების გათვალისწინებით, კალიებივით გადახტებიან ერთი პარტიიდან მეორეში. რაც შეეხება მეოთხე და მესამე ძალას, როგორც გია აბაშიძემ Dalma News-ს განუცხადა, ის არ ჩანს და დიდი ალბათობით არც გამოჩნდება.

“თავისუფალ კანდიდატებს შეუძლიათ, მაჟორიტარულ ოლქებში, საერთო კანდიდატი დააყენონ. მაჟორიტარული სისტემა ჯერ არ გაუქმებულა და დიდი ალბათობით, 2020 წლისთვისაც არ გაუქმდება, არც ხალხის განსაკუთრებული პროტესტი ვლინდება ამასთან დაკავშირებით, არც საგარეო ზეგავლენა იკვეთება. ქართულ პოლიტიკაში ჩნდებიან ახალი პარტიები ახალი სახელებით, მაგრამ ძველი სახეებით, რომლებიც ვერ შეცვლიან ვითარებას. უბრალოდ მათ დაუდგებათ არჩევანი, რომელიც პოლიტიკური გრავიტაციის ცენტრისკენ იქნებიან – “ქართული ოცნებისკენ” თუ “ნაციონალური მოძრაობისკენ”. ვგულისხმობ ირაკლი ოქრუაშვილს, თაკო ჩარკვიანს, ეკა ბესელიას, დავით ჭიჭინაძეს და სხვებს. პარტიები ასობით გვყავს, მაგრამ გრავიტაციული პოლიტიკური ცენტრები სამწუხაროდ ორია”, – აცხადებს გია აბაშიძე.

რაც შეეხება “პატრიოტთა ალიანსს”, ისინი თავის ერთგულ ამომრჩეველს ერთგულად ინარჩუნებენ და კრიზისულ ვითარებებში ხელისუფლების მხარდამჭერად გვევლინებიან. ექსპერტების აზრით, დიდი ალბათობით, პატრიოტებს არა აქვს ილუზია, რომ მათი ფასეულობათა სისტემა იმდენად მოთხოვნადი გახდება, რომ ხელისუფლებაში მოვლენ.

გია ხუხაშვილი

“ეს შეზღუდული და კრიტიკული სეგმენტია. “პატრიოტთა ალიანსი” ფაქტობრივად ახდენს ამომრჩევლის კონსოლიდაციას, რომლის ზომაც, პოლიტიკური ვითარების მიხედვით, იცვლება და დაახლოებით 15% -ია. ისინი აქტიურობენ, რომ თავისუფალი სეგმენტის კაპიტალიზაცია მოახდინონ და ულტრაკონსერვატიულ ფრთაზე სხვა არ გაებლანდოთ ფეხებში. ისინი საკმაოდ რეალისტურად უყურებენ პროცესს და სურთ თავისი სეგმენტი მთლიანად აითვისონ, ეს არის მათი დღის წესრიგი”, – განუცხადა Dalma News-ს ექსპერტმა გია ხუხაშვილმა.

მისთვის არაფერი ყოფილა ახალი 19 მაისის არჩევნებში. ისევ სახეზეა აშკარად გამოკვეთილი მტრობა; კვლავ ორი პოლიტიკური პარტია იყოფს ძალაუფლებას და ისეთ ვირტუალურ სურათს ქმნიან, თითქოს ისინი ავსებენ სამყაროს.

“სინამდვილეში, მათი ჯამური რეიტინგი არის, ჯოხით მიყრილი ადამიანები, ადმინისტრაციული რესურსი და სხვადასხვა ტიპის სატყუარა”, – ამბობს იგი.

გია ხუხაშვილის მოსაზრებით, ეს ორი ძალა, ქართული საზოგადოებისთვის, აღარ არის ლეგიტიმური და მოთხოვნადი, შესაბამისად,ამომრჩეველი ირჩევს არა უკეთეს მომავალს, არამედ არჩევანს აკეთებს ცუდსა და უარესს შორის, რომ ნაკლები უბედურება იყოს მომავალში. ამგვარად მანკიერ, დახშულ წრეში ტრიალებს ქვეყანა.

“ამ ხელისუფლებისთვის, ისევე როგორც მისი წინამორბედისთვის, მთავარია თანამდებობის შენარჩუნებაა და არა სახელმწიფოებრივი წინსვლა. შესაბამისად ისინი რესურსების (ფინანსური ნაკადების, ადმინისტრაციული რესურსის) მონოპოლიზებას ახდენენ და არაფრის შეცვლას არ აპირებენ. ხელისუფლების შეცვლის ყველაზე მარტივი ტესტია პროპორციული არჩევნები, რომელიც 2024 წლისთვის გადაავადეს. მაჟორიტარული სისტემა, ზოგადად, ცუდი კი არ არის, უბრალოდ საქართველოში მიიღო ძალიან მანკიერი სახე. ჩვენ ვნახეთ ადამიანები, რომლებიც ათეული წლების განმავლობაში, ფაქტობრივად ყიდულობენ რაიონებს, შემდეგ კი პარლამენტში სხედან იმისთვის, რომ თავიანთი ბიზნესები დაიცვან. ადამიანების ეს კასტა პარტიიდან პარტიაში გადადიან იმის მიხედვით თუ ვინ არის ხელისუფლებაში, მათ აინტერესებთ ხელისუფლება და არა პარტია და მისი იდეოლოგია”, – აცხადებს გია ხუხაშვილი.

მისივე თქმით, ეს მანკიერება ​სასწრაფოდ მოსაშორებელია. არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შემთხვევაში, ხელისუფლებას ძალაუფლების შენარჩუნების შანსი არ აქვს, ამიტომ ეპოტინება ამ სისტემას. ამგვარი მიდგომით ქვეყანა, რა თქმა უნდა, ვერ ვითარდება, ვერ შენდება და რაც მთავარია, თავად ხელისუფლებას ექმნება სისტემური პრობლემა, რაც ძალიან მკაცრი წესებით მთავრდება. ამ სიჯიუტით, “ოცნება”, რევოლუციას თავისდაუნებურად ამზადებს. როდესაც საზოგადოებას არ უნდა ხელისუფლება, მაგრამ რწმუნდება, რომ არჩევნების გზით მისი მოშორება შეუძლებელია, იწყება რევოლუციური მოძრაობები. ეს იქნება რევოლუცია ორი პოლიტიკური ძალის წინააღმდეგ და მისი ლიდერი ვერ იქნებიან ნაციონალები, ეს კი ხელისუფლებას ურთულებს საქმეს.

“ამომრჩეველს არ მოსწონს დღევანდელი ხელისუფლება, მაგრამ მის თვალში არანაკლებ დაზიანებულია “ნაციონალური მოძრაობა”. წინა რისკებისგან განსხვავებულია დღევანდელი რევოლუციური რისკები. ამ შემთხვევაში, ხალხს მთლიანად წარსულზე უნდა უარის თქმა. ამომრჩევლის 75% დღეს, ამბობს, რომ არჩევანი არ აქვს, რომ არც “ოცნება” უნდა და არც ნაციონალები. “ნაციონალური მოძრაობა”, როგორც რევოლუციის ლიდერი, ისევ “ქართული ოცნების” წისქვილზე ასხამს წყალს. ასე რომ, ამოცანა ბევრად უფრო რთული და არაორდინალურია, ვიდრე ადრე იყო. მაშინ იყო ბოროტება და სიკეთე. ახლა გვაქვს ორი ბოროტება და სიკეთე არ ჩანს. ამ სიკეთეს ელოდება საზოგადოება რომ ეს ორივე ბოროტება მოიშოროს”, – განუცხადა Dalma News-ს გია ხუხაშვილმა.

ექსპერტები დიდი ხანია თანხმდებიან მოსაზრებაზე, რომ რაც არ უნდა უარყოფდნენ “ოცნების” ლიდერები, მმართველ გუნდს აწყობს მოწინააღმდეგის სახით მიხეილ სააკაშვილი. მომავალი პარლამენტი იქნება თუ არა კოალიციური ეს დამოკიდებულია არა მხოლოდ “ნაციონალურ მოძრაობასა” და “ქართულ ოცნებაზე”, არამედ სხვა პარტიებზე, რომლებიც ორივე მათგანს გაემიჯნებიან და ერთიანი ძალეთ ეცდებიან ამომრჩევლის გულის მოგებას. ექსპერტების აზრით, ივანიშვილის ჩამოგდების სცენარზე მეტად მომგებიანი რეცეპტი მათთვის, ამომრჩევლებისთვის თავის მოწონება იქნება.

შორენა პაპაშვილი