საქართველოს შიდაპოლიტიკური რყევების ფონზე, რასაც თან ახლდა საპროტესტო აქციები და მოსკოვთან ურთიერთობის გართულება, ქართული ეროვნული ვალუტა ახალ ანტირეკორდს ხსნის. ამგვარად, 20 ივლისს, ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 6,6%-ით გაუფასურდა და 2,7871 ლარი შეადგინა, საბოლოო ანტირეკორდი კი 2,9718 ლარი დაფიქსირდა.

მთელი რიგი პოლიტიკოსების და ექსპერტების აზრით, ლართან დაკავშირებული ვითარება მკვეთრად ზრდის ქვეყანაში ინფლაციის დონეს, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკვები პროდუქტების და იმპორტის გაძვირებით დაგვირგვინდება. ქვეყანაში პურის და პურ-ფუნთუშეულის გაძვირებაზეც ალაპარაკდნენ. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ არსებული ვითარების შენარჩუნების შემთხვევაში, 2019 წელს ინფლაცია სამიზნე დონეზე (3% ) მაღალი დარჩება. მათივე პროგნოზით, მაჩვენებელი დაწევას 2020 წლის მარტიდან დაიწყებს და საშუალოვადიან პერსპექტივაში გამიზნულ დონეზე გაჩერდება.

ხელისუფლების და ეროვნული ბანკის პოზიცია

საქართველოს ეკონომიკის და მდგრადის განვითარების მინისტრს ნათია თურნავას მიაჩნია, რომ ქვეყნის ეროვნული ვალუტის ისტორიული გაუფასურება, 20 ივნისისა და მის შემდგომ განვითარებული პოლიტიკური კრიზისის ბრალია.

“ქართულ ეკონომიკაში შექმნილი ვითარება დიდწილად მათი ბრალია, ვინც 20 ივნისის კრიზისის პროვოცირება მოახდინა, რამაც შედეგად მთელი რიგი ინვესტორების დაეჭვება და ნეგატიური მოვლენები გამოიწვია. ვცდილობთ გავლენა მოვახდინოთ არსებულ ვითარებაზე და, შეიძლება ითქვას, პოზიტიურ მესიჯებს ვგზავნით, მაგრამ პოლიტიკური არასტაბილურობა ინვესტიციური არასტაბილურობის პროვოცირებას ახდენს, ეს კი, ცხადია, სავალუტო კურსზე აისახება”, – განაცხადა მინისტრმა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ არსებულ ვითარებაში ლარის კურსი მოსალოდნელზე ნაკლებად დაეცა. მან ამ პროცესს “საგარეო შოკი” უწოდა, რომელიც ტურისტების შემცირებას დაუკავშირა (საქართველოში შექმნილი ანტირუსული  რიტორიკის  ფონზე, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის – პუტინის გადაწყვეტილებით,  რუსეთსა და საქართველოს შორის 8 ივლისიდან  ავიაკავშირები შეწყდა, რამაც რუსი ტურისტების ნაკადი მნიშვნელოვნად შეამცირაDalma News).

“ახლა საქართველო საგარეო შოკის დაძლევის პირობებშია. ტურისტების მოსალოდნელი ნაკადი მნიშვნელოვნად შემცირდა. ბუნებრივია, რომ ეს ვალუტის გაცვლით კურსზე აისახება. რადგანაც შოკი ყოველთვის მოსალოდნელი მიმართულებაა, მნიშვნელოვანია დევალვაცია (საქართველოს ეკონომიკის – Dalma News). იმ შემთხვევაში, როდესაც შემოსავლები ეროვნულ ვალუტაში მიიღება, მაშინ კრედიტებიც ეროვნულ ვალუტაში უნდა  გაიცეს”, – აცხადებს გვენეტაძე.

საქართველოს მთავარი ბანკირის თქმით, ქვეყანამ 2014-2016 წლებში უკვე გადალახა მსგავსი პრობლემა, თუმცა  ბევრად უფრო გონივრული მასშტაბებით.

“იმ შემთხვევაში, თუ დავინახავთ, რომ კურსის განვითარება ინფლაციაზე მოქმედებს, ეროვნული ბანკი ჩაერევა და მის ხელთ არსებულ ბერკეტებს გამოიყენებს”, – დასძინა გვენეტაძემ.

მსგავსი მოსაზრება აქვს საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესაც, რომელმაც განაცხადა, რომ არსებულ ვითარებაში ძალზედ მნიშვნელოვანია ეროვნული ბანკის მიერ ქვეყანაში ინფლაციის დონის გაკონტროლება.

“ეკონომიკაში იყო მოლოდინები, რომ ტურიზმის სექტორში მეტი შემოსავალი მობილიზდებოდა. სამწუხაროდ, ბოლო მოვლენების გამო, ეს ასე არ მოხდა. თუმცა, ცხადია, ეს ერთადერთი ფაქტორი არ არის… მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულმა ბანკმა აკონტროლოს ინფლაციის მაჩვენებელი და აუცილებლად ჩაერიოს იმ შემთხვევაში, როდესაც პარამეტრები შეიცვლება. მე ასეთი მოლოდინები მაქვს და ეროვნულმა ბანკმა ეს დაადასტურა”, – განაცხადა ბახტაძემ.

საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელმა, ასევე იმედი გამოთქვა, რომ არსებული ვითარებიდან გამოსავალს მთავრობა და ბიზნეს სექტორი ურთიერთანამშრომლობით გამოსავალს მოძებნიან და ამ პრობლემასაც დაძლევენ.

ექსპერტების კომენტარები

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა, გეორგი ქობულიამ, ქართული ვალუტის გაუფასურების პროცესებზე საუბრისას განაცხადა, რომ  ამის მიზეზი  ქართულ ბაზარზე არსებული ვალუტის ნაკლებობაა.

“ლარის გაუფასურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ჩვენს ეკონომიკაში ვალუტის შემოდინების სიმცირე. კერძოდ, რუსეთიდან ტურისტული ნაკადის შეჩერება, პრაქტიკულად შეწყვეტა. ის უცხოელი ინვესტორები, რომლებიც ჩვენთან ინვესტიციებს ახორციელებდნენ, დაფიქრდნენ,  მომავალშიც განაგრძონ, თუ არა”, – განაცხადა ექსმინისტრმა ჟურნალისტებთან საუბარში.

განსხვავებული მოსაზრება აქვს ეკონომიკურ ექსპერტს აკაკი ცომაიას, რომელიც არ იზიარებს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის მოსაზრებებს და მათ “არაადეკვატურებს” უწოდებს.

“როდესაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მალავს ამ ფაქტს და არ მიიჩნევს ინვესტიციის გარემოს გაუარესებას ლარის გაუფასურების მიზეზად, ეს, სულ მცირე, სწორი შეფასება არ არის. აქედან გამომდინარე, ძნელია დაიჯეროთ ყველა შემდგომი განცხადება, როდესაც იგი  უცხოური ინვესტიციების შემცირების ფაქტორს არ ასახელებს. იგი ასევე არ ასახელებს იმ ფაქტს, რომ შეუძლებელია უცხოურ ვალუტაში 200 ათასამდე ლარის სესხად აღება და ეს ფაქტორიც ლარის გაუფასურებას იწვევს. აქედან გამომდინარე, ვერ ვიტყვი, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი თავის შეფასებებში ადეკვატურია. საგარეო შოკი ყოველთვის არსებობს. ის ადრეც არსებობდა, მაგრამ ლარი ისე მერყევი არასოდეს ყოფილა”, – განაცხადა ცომაიამ.

თავის მხრივ, საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტი, ივა ჭყონია, აცხადებს, რომ ლარის შემდგომმა გაუფასურებამ შესაძლოა ფასების კიდევ უფრო ზრდა გამოიწვიოს, რაც საშუალო ბიზნესის განვითარებას სერიოზულ დარტყმას მიაყენებს.

“ეროვნული ბანკი არაკომპეტენტურ განცხადებებს აკეთებს:  თუნდაც  ინფლაციასთან დაკავშირებით, როდესაც იგი აცხადებს, რომ  არსებული ინდიკატორი  ჩარევას  არ საჭიროებს. მარტივად რომ ვთქვათ, როდესაც ბიუჯეტში გაწერილი კურსი 2.63-ს შეადგენს, მაშინ მაქსიმალური კურსი, რომლითაც  ბიზნესმა უნდა ისარგებლოს, არის  2.70. დღეს ერთი  აშშ  დოლარი თითქმის სამი ლარი ღირს. როგორ წარმოგიდგენიათ,  მინიმალური ინფლაცია, რომელთან გამკლავებასაც ბიზნესი შეძლებს?”, – დასძინა ჭყონიამ.

მისივე განმარტებით, საქართველოში ფასები უკვე გაიზარდა და თუ მიმდინარე ტენდენცია  გაგრძელდება, შემოდგომის დასაწყისში ფასები კვლავაც მოიმატებს.

“სუსტი” ლარი და ფასების შესაძლო მომატება

ლარის კურსის დაცემამ, ზოგიერთი ქართველი ექსპერტის მოსაზრებით, შესაძლოა მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის და ელექტრო ენერგიის გაძვირება გამოიწვიოს. აღსანიშნავია, რომ გაზის და ელ.ენერგიის სამომხმარებლო ფასები მაშინ დადგინდა, როდესაც ლარის კურსი აშშ. დოლართან მიმართებაში 2,5-ს შეადგენდა 31 ივლისის მონაცემებით, ერთი აშშ.დოლარი 2,9507 ლარი ღირს.

“საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის” ვიცე-პრეზიდენტი, ნიკა შენგელია აცხადებს, რომ თუ ლარის კურსი ამჟამინდელ ნიშნულზე დარჩება, მიმდინარე წლის  აგვისტო-სექტემბრისთვის  ელ.ენერგიის და ბუნებრივი აირის ტარიფები გადაიხედება. გარდა ამისა,თუ ლარის კურსი აშშ.დოლართან მიმართებაში 2,85-ზე შენარჩუნდება, პირველადი საჭიროების სხვა დანარჩენი პროდუქტებიც 3,5%-ით გაძვირდება.

“დიდი ალბათობით, წლიური ინფლაცია მიზნობრიობისკენ გადაიხრება. ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ ხელისუფლებამ და ეროვნულმა ბანკმა ლარი ვერ დაასტაბილურეს. ინფორმაციისთვის: მყარდება თურქული ლირა და რეგიონში სხვა მეზობელი ქვეყნების  (საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების – თურქეთის და რუსეთის) ვალუტები”, – დასძინა ნიკა შენგელიამ.

ეკონომისტ ანდრია გვიდიანს თავის მხრივ, მიაჩნია, რომ ლარის გაუფასურება სულაც არ არის კომუნალური მომსახურების ტარიფების და საკვები პროდუქტების გაძვირების საბაბი.

“ლარის კურსი ერთ-ერთი ფაქტორია, რომლითაც კომუნალური გადასახადების ტარიფები დგინდება.  თუმცა, ის ერთადერთი არ არის. შესაბამისად, შესაძლოა, სხვა კომპანიებთან ერთად ელ.ენერგიის და გაზის ტარიფებიც გადაიხედოს, თუმცა ეს მხოლოდ ლარის კურსის გამო არ მოხდება”, – განაცხადა ანდრია გვიდიანმა.

მისივე  თქმით, სამომხმარებლო ფასების შემთხვევაში მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, თუ როგორია ლარის კურსი იმ ქვეყნების ვალუტებთან მიმართებაში, რომლებთანაც საქართველოს სავაჭრო ურთიერთობები აქვს.

“ლარი რუბლთან და ლირასთან მიმართებაში არ გაუფასურებულა და შესაბამისად, მისი დოლართან გაუფასურება სამომხმარებლო კრიზისზე არ აისახება. რაც შეეხება, აშშ-დან , ან ევროკავშირიდან  დოლარებში შემოტანილი პროდუქტი, ცხადია, გაძვირდება”, – დასძინა გვიდიანმა.

გამოსავალი

როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა განაცხადა, ეროვნული ბანკი არ დაუშვებს საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციური პროცესების განვითარებას. ამისათვის მას ყველა საჭირო ინსტრუმენტი აქვს.

31 ივლისის საღამოს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართ არსებული კრიტიკის ფონზე, ბანკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შიდა და საგარეო მიკროეკონომიკური დადებითი დინამიკის მიუხედავად, ტურიზმთან და ნეგატიურ მოლოდინებთან დაკავშირებული შოკების ფონზე, ლარის კურსმა დოლართან მიმართებაში ისეთ ნიშნულს მიაღწია, რომელმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ფასების სტაბილურობას. შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის სახით, პირველ აგვისტოს ქვეყნის მთავარმა ბანკმა  სავალუტო ინტერვენციის გადაწყვეტილება მიიღო და ამ მიზნით, აუქციონზე 40 მილიონი აშშ. დოლარი გაიტანა.  იმავდროულად, როგორც საქართველოს ეროვნულ ბანკში განაცხადეს, იმ შემთხვევაში თუ ლარის გაცვლითი კურსის გამო ინფლაცია შენარჩუნდება, მონეტარული პოლიტიკაც გამკაცრდება.

თარგმანი: ხათუნა პაპაშვილი